პოლიტიკური სარკაზმი - ნაციონალების აქცია ცოცხმობმულმა დრონმა აღბეჭდა

პოლიტიკური სარკაზმი - ნაციონალების აქცია ცოცხმობმულმა დრონმა აღბეჭდა

მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ოდესიდან, სანდრა რულოვსის მისასალმებელი სიტყვა სცენიდან და ცინიზმის ნიშნად, ცოცხმობმული დრონით აღბეჭდილი კადრები - ასე წარიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული წინასაარჩევნო აქცია, რომელიც „ვარდების მოედანზე“ სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა და „თავისუფლების მოედანზე“ განაწყენებული ხალხით დასრულდა.

საკუთარი მხარდამჭერების გამხნევების მიზნით დანიშნული აქცია, 57 წუთის დაგვიანებით დაიწყო და „თავისუფლების მოედნამდე“ მსვლელობით წარიმართა, რომლის მთავარი ლაივმოტივი 8 ოქტომბერის არჩევნებში  გამარჯვება იყო.

პარტიის სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე ირწმუნება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „წარსულის შეცდომები“ გაიაზრა და არჩევნების მოგებას „გულით, გონებითა და პატრიოტიზმით“ გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მოგებას რა რესურსით და რა ძალით გეგმავს, ამის თაობაზე ლიდერებს არ უსაუბრიათ, თუმცა, მათ ხალხს „სამი დღით გაძლება“ ურჩიეს.

მხარდამჭერების მიმართ რჩევა-დარიგება ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტრადიციად ქცეული ჩართვით არ დაიშურა და „დიდი ქოციანობის“ დასრულება  ზუსტად სამ დღეში იწინასწარმეტყველა.

გამოსვლისას სააკაშვილმა მთავარ კონკურენტს, ბიძინა ივანიშვილს „ახირებული რუსი ოლიგარქი“ უწოდა და სახელმწიფო სახსრებით სასწავლებლად წასვლა შესთავაზა.

„მან ერის დაქუცმაცება, გათიშულობით, გადაკიდებით, ჭორებით, ბრალდებებით, ერთმანეთთან ხალხის მუდმივი ქიშპობით გადაწყვიტა. ცხრა თვის ბავშვის მკვლელობით და ცოცხებით მოსული ხელისუფლების მიერ გამოწვეული დაპაუზებისა და უკუსვლის პოლიტიკა ზუსტად სამ დღეში შეჩერდება“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ცაზე კი, ცოცხმობმული „დრონი“ გამოჩნდა. აქციის თავზე ცოცხმობმული „დრონის“ გამოჩენამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გააღიზიანა, თუმცა, მათი განაწყენება მხოლოდ ამით არ ამოიწურა, რადგან მათ ცოცხმობმული დრონის ატანა და ყურება „თავისუფლების მოედნამდე“ მსვლელობისას მოუწიათ.  თბილისის საკრებულომდე, ნაციონალების მხარდამჭერებს ცოცხმობმულმა „დრონმა“ მიასწრო და მართვის პულტით, „დრონის“ მანევრები ნაციონალების ნერვებზე ნოტებივით უკრავდა. იყო შეძახილი - „ნაძირლებმა, „დრონი“ გამოუშვეს“, მოგწონთ, არა?“.

„დრონით“ დაგეგმილი „სიურპრიზი“ ვის როგორ მოეწონა, ამის თქმა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ავტორებს პოლიტიკური სარკაზმი გამოუვიდათ, რადგან მედიის მთავარი დაკვირვების საგანი სწორედ „დრონი“ იყო.

სანამ აქცია „თავისუფლების მოედანზე“ დასრულდებოდა, მანამდე მხარდამჭერებს სცენიდან საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა მიმართა.

რულოვსი ფიქრობს, რომ ქვეყნის მართვას გული უნდა და არა ფული.

„სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ პროგრესის გზას დავუბრუნდეთ და საქართველო გავაძლიეროთ. გამარჯვებამდე სულ ცოტა დღეები და საათები დაგვრჩა. 8 ოქტომბერს გადამწყვეტი არჩევნებია. მათი მმართველობის ოთხი წელი საკმარისი იყო, ქვეყანას ვერ მიხედეს.  ქვეყანა უკუსვლას და არნახულ გაჭირვებას განიცდის“, - დასძინა რულოვსმა.

საქართველოს ყოფილმა პირველი ლედიმ ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნება დაანონსა, თუმცა, არა რევოლუციით, არამედ ახალი მთავრობის პირობებში.

„მიხეილ სააკაშილი ქართული მიწაზე დაბრუნდება არა რევოლუციური სცენარით, არამედ ახალი მთავრობის პირობებში, როდესაც სასამართლო პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდება“, - აღნიშნა რულოვსმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციას, რომელიც „ლექ-სენის“ სიმღერით გაიხსნა, „მიშა, მიშას“ ძახილით წარიმართა, უკანა ფონად კი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამა და კახი კალაძისა და გიორგი კვირიკაშვილის მომღიმარი სახეები სდევდა.  

„ნაციონალურ მოძრაობას“ „დაკარგული დიდება“ დაუბრუნდება თუ არა, ამას 8 ოქტომბრის არჩევნები აჩვენებს, მაგრამ უმჯობესია, პარტია ისეთ ადამიანებს არ უნდა დაეყრდნოს, როგორიც რეპერი - ლექსენია, რადგან ისაა ადამიანი, რომელმაც ნაციონალების მმართველობის დროს კარიერა მოიწყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ ლანძღვა და წარსულის გახსენება დაიწყო.