„კარგი იქნება, მთავარი ოპოზიციური ძალა „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ“

„კარგი იქნება, მთავარი ოპოზიციური ძალა „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ“

„ნუ იღელვებთ, მშვიდობა იქნება“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი და გვარწმუნებს, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს ძალა, ვისაც შეუძლია სიტუაციის აყირავება. ყოფილმა პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას მივიდნენ არჩევნებზე და ამით მოქალქეობრივი პასუხისმგებლობა გამოავლინონ.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, არეულობასა და გადატრიალებაზე ერთადერთ მეოცნებედ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა თავისი უკრაინელი ლიდერით. მისივე თქმით, სახელმწიფო ძლიერია და ყველანაირ გამოწვევას შეუძლია, უპასუხოს.

„ძირითადად აქცენტს გავაკეთებდი იმაზე, რომ ესენი არიან გაკოტრებული და არაფრის თავი არ აქვთ. ესენი მართავდნენ ქვეყანს, როდესაც სოდი და მთელი პოლიცია ხალხის დათრგუნვის იარაღი იყო. როგორი მეთოდებით მართავდნენ, როგორ ხოცავდნენ ახალგაზრდებს... დღეს აღარაფერი არ აქვთ, გაკოტრებულები არიან აბსოლუტურად, არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვთ უცხოეთიდან. ჭორებს თვითონვე ავრცელებენ შეგნებულად. ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, არჩევნებზე სერიოზული შედეგი მიიღონ, მოგებაზე საუბარი ზედმეტია. 46 კაცი ჰყავდათ, 10 კაცი შეიძლება, შეიყვანონ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, არავითარი არეულობა არ იქნება, მაგრამ თუ მაინც ხელი წაუცდა ვინმეს, ზარბაზანი არ აქვთ და თუ რიყის ქვას გაისვრიან, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებენ.

„რომელიმე ბრიყვი ან ბრიყვული ჯგუფი გაბედავს, რომ რამე გამოწვევა დაიწყონ, რამე პროვოკაცია, თვითონვე მიიღებენ მძიმე შედეგს და თვითონვე დაიღუპავენ თავს. რატომ აკეთებენ ამას, ხომ ხედავენ რომ არ გამოდისდით?! აბა, რა ქნან, სად წავიდეს ის უკრაინელი კაცი, სხვა წასასვლელი არ აქვს. როგორც ვიცი, უკრაინიდანაც სთხოვენ, რომ როგორც კი არჩევნები დამთავრდება, წავიდეს. 4 საქმეა სააკაშვილზე. ხავსს ეჭიდება. კიდევ რამე უარესს არ გადაეყარონ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ გაჩნდა შანსი, „ქართული ოცნების“ შემდეგ, მეორე ადგილზე „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ და ეს არის ძალიან კარგი შანსი. მის თქმით, ბოლო 2 კვირაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი თავის მარგინალიზება მოახდინა.

„პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, ჩემი აზრით 5-6 პარტია შევა. „იმედის“ ბოლო კვლევებში 31 პროცენტი ამბობს, არ ვარ ჯერ მზად. 10% არ ამბობს. 40-41% იყო ჩამოუყალიბებელი, 59%-დან რომლებმაც თქვეს, რომ მივდივართ არჩევნებზე 32,7 აძლევდა „ქართულ ოცნებას“ - ნახევარზე მეტი და შემდგომ მოდიოდა რამდენიმე პარტია. ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდათ „თავისუფალ დემოკრატებს“.

აგონიაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველ რიგში ძალიან გამოააშკარავა საკუთარი თავი და სახე ძალიან კარგად აჩვენა. გაჩნდა შანსი იმისა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მეორე ადგილზე გავიდნენ. კარგი იქნება, მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ. ასეთი სცენარით „ნაციონალური მოძრაობა“ 5 კაცით გავა ალბათ, მიიღებს თავის მინიმუმს, შეიძლება საერთოდაც ვერ შევიდეს. ვნახოთ, დარჩენილ 3 დღეში შეიძლება ახლებურად აჩვენონ კიდევ საკუთარი სახე. თუ ამას გააგრძელებენ, რაც ბოლო 2 კვირაში ხდება, არ გამოვრიცხოთ, რომ პარლამენტის გარეშეც დარჩნენ. ისე, კარგი იქნება რომ პარლამენტში 5 კაცით მაინც იყვნენ წარმოდგენილი, რომ ხალხს არ დაავიწყდეს ვინ არიან ესენი და რას წარმოადგენენ“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები ვერსად გაიმარჯვებენ, მათ შორის ვერც ზუგდიდში.

„ვერსად ვერ მოიგებენ, ეს არის ორჯერ ორი - ოთხი. მათ შორის ვერც ზუგდიდში ვერ მოიგებს ის ქალბატონი. რთული იქნება პირველ ტურში 50% მოაგროვო. ბარიერი აწია „ქართულმა ოცნებამ“ 30-ის ნაცვლად 50-მდე. ძველი ბარიერი რომ დაგვეტოვებინა, პირველ ტურშივე გაირკვეოდა გასარკვევი. მეორე ტურებს ხატავენ ტრაგიკულად.

ამ მეორე ტურებშია სწორედ დემოკრატიულობა. როდესაც 50%-იან ბარიერზე იყო საუბარი, ამბობდნენ, რომ მეორე ტური გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამას აქვს თავისი ხიბლი. ჩვენ დამატებით გამოცდილებას მივიღებთ და მკვეთრად დაფიქსირდება მოსახლეობის პოზიცია. ნუ აკნინებენ მეორე ტურებს. ბოლოს ორი კანდიდატი რჩება და უპირატესობა აქვს „ოცნებას“. პარტიულ სიაში 48-54%-ს „ქართული ოცნება“ მიიღებს.

ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებში მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს „ოცნებამ“. ვიღაცები აკეთებენ განცხადებებს, რომ მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ პარლამენტში გასვლაო. „ქართული ოცნება“ არის დომინანტი, დიდი უპირატესობით უგებს ყველაზე ახლოში მყოფ მიმდევარს, 2,5-ჯერ და 3-ჯერ უსწრებს“, - განაცხადა ბიძინა ვანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი არ თვლის, რომ მისი მხარდაჭერის ფონზე, სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით „ქართული ოცნება“ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.

„ქართული ოცნების“ დამხმარედ არ ვითვლები, ქვეყანაზე ვზრუნავ. მიშაც მადლობებს მიხდიდა, რომ ვაკეთებდი, მე ვეუბნებოდი ამას შენ არ გიკეთებ, ქვეყანას ვეხმარები ამით და სანამ პოზიტიურად ხარ ჩემს ქვეყანასთან მხარს დაგიჭერ-თქო, მაგრამ საკმარისია ცუდი მიმართულებით წაიყვანო ჩემი ქვეყანა, პირველი მე დაგიდგები წინ-თქო. საუბედუროდ, ეს ცუდიც ახდა და მომიწია წინ დახვედრა.

„ოცნებასაც“ იგივეს ვეუბნები, „ოცნებას“ და კვირიკაშვილს არ ვეხმარები. აჩვენეს, რომ ხალხის სამსახურში არიან და არა ხალხი იმსახურონ, აწამონ. „ეროვნულმა ფორუმმა” მთხოვა, არავის არ დაეხმაროო და როგორ, ეს ჩემი ქვეყანაა, როგორ არ დავეხმარო-მეთქი“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისვე განცხადებით, თუ გადავზომავთ და პროპორციებს შევადარებთ, ყველაზე მეტს პირველი 3 წელიწადი „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარებოდა.

„ვეხმარებოდი პირდაპირი მნიშვნელობით არა, ვერც გამიბედავდა სააკაშვილი და არც არასდროს მაგისთვის პირადი ფული არ მიმიცია, ვეხმარებოდი ქვეყანას და ხელისუფლებას. ჩემი ფულით ვაფინანსებდი, ოღონდ არ იცოდა არც ხელისუფლებამ და არც საზოგადოებამ ამის შესახებ. ნათელაშვილი ამბობდა, მთავრობას რომ ეხმარება, ამიტომ არის საზიზღარიო. 400 სკოლა გარემონტდა, 80 მილიონი გადავურიცხე. ვეხმარებოდი ადრეც, ახლაც და მომავალშიც რაც შემეძლება დავეხმარები სახელმწიფოს“,- განაცხადა ივანიშვილმა.