"ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ სანდრა რულოვსის მეუღლეს - გამართული საკნები გვაქვს"

„ნაციონალურ მოძრაობას“ აკო მინაშვილი თუ გადაარჩენს, მეტი არაფერი საშველი აღარ დარჩათ“, - აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებით, ნაციონალებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, ისინი ერთმანეთს ამ არჩევნებით ამაგრებდნენ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდგომ მივიღებთ იმას, რასაც 2012 წელს ხალხი ელოდებოდა-დაბალანსებულ ქვეყანას, სადაც ნაციონალები იძულებულები იქნებიან კანონს დაემორჩილონ.

„ვერ დაისვენა საზოგადოებამ, 4 წელი ემოციებზეა, რადგან ხედავენ მათ თავხედურ გამონათქვამებს, თავხედურ პოზიციებს. ომი ახლა სრულდება. ამ ტერმინს სიმბოლურად ვიყენებ. 2012 წელს ჩვენ ბრძოლა მოვიგეთ, 9 დღის შემდეგ სრულდება ომი, დასრულდება ყვარყვარიზმი. ისევ არიან ყვარყვარეები და ცდილობენ უკან შემობრუნებას. სააკაშვილს ვუთხარი, გამოდი, გადადექი, ბოდიში მოიხადე და გაპატიებს ქართველი ხალხი-თქო. სად ჰქონდა მაგის კაცობა მაგას, მშიშარაა, იმ წუთში მუხლები მოეკვეთა. პირველად, როცა პრეზიდენტის სასახლეში შევხვდი, თავს ზემოთ ვერ წევდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, საზოგადოება ვერ დაწყნარდა, რადგან ნაციონალები ისევ ძალადობენ. თუმცა, ამბობს, რომ არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ამდენი მაღალი თანამდებობის პირი დასჯილიყოს. ყოფილმა პრემიერმა ევროპაში ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა, სადაც რამდენიმე ევროპელი ლიდერი ყოფილი ხელისფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით მოუწოდებდა მას, რომ არცერთ შემთხვევაში არავის არ გაეკარო, მხოლოდ წინ იყურეთო.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მაღალჩინოსანი დაჭერილია, ზოგი დევნაშია, ყველა მაჩვენებლით ქვეყანა წინ მიდის. გარდა ამისა, ივანიშვილი პირობას აძლევს სანდრა რულოვსს, რომ მის მეუღლეს ჯურღმულში და გვირაბში არ აცხოვრებენ.

„ეს ბელადი, გაქცევაში მყოფი ყვარყვარე უკრაინიდან იმოძღვრება და წარღვნა სიტყვებს  იყენებს. რაღაც გვირაბებს უთხრის მეუღლე. სხვათა შორის, ჩვენ არც ისე შორს ვართ უკვე ევროპიდან ამ მხრივ, სასჯელაღსრულებას მოვიყვან მაგალითად. ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ სანდრა რულოვსის მეუღლეს, კარგი, გამართული საკნები გვაქვს. თავის დროზე სოზარ სუბარმა ააშენა, როცა მინისტრი იყო. ძალიან მძიმე და ცუდ მდგომარეობაში არიან. იციან რეიტინგები, იციან რეალობა, რაც ხდება, იციან, რომ არავინ არაფერს არ გააყალბებს. ისიც იციან, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე არიან, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო.

„ამაზე 10-ჯერ სუსტი სახელმწიფოც რომ იყოს, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ გარდა ასეთი მუქარისა, შეურაცხყოფებისა, რასაც ისინი ცდილობენ თავიანთ ოპონენტებზე, ხელისუფლებაზე. ნუ გაავლებთ პარალელს, მე არ ვიტყოდი, რომ პარალელი გავავლოთ იმაზე, რამდენად ძლიერი ხელისუფლებაა, თუმცა ძლიერი ხელისუფლება და ძლიერი მთავრობაა დღეს, მაგრამ მის სიძლიერეში ნუ მოვძებნით თავშესაფარს, რომ გვიშველიან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.