სსსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად, რომელიც მოწმის უფლება-მოვალეობას განმარტავს, აღნიშნულია, რომ მოწმეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საგამოძებო მოქმედების ჩატარებაში. მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწმე იძულებით უნდა იქნას მიყვანილი დაკითხვაზე. რაც შეეხება პარლამენტის წევრს, ამავე კანონის თანახმად, დეპუტატი არ შეიძლება მოწმედ დაიკითხოს მხოლოდ იმ ფატქის გამო, რომელიც გაანდეს როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც პირთა წრე საუბრობს დანაშაულებრივ სქემაზე. შესაბამისად, დღეს არსებული მოწმეები, ხვალ შესაძლოა, მონაწილეებიც აღმოჩნდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში.
შესაბამისად, for.ge-სთან საუბრისას სამართალმცოდე თემურ მონიავა განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტის წევრი ვალდებულია გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში. „ისინი სარგებლობენ 49-ე მუხლის ჩანაწერით, სადაც არ არის მითითებული, რომ დეპუტატი ვალდებულია გამომძიებლის დაბარების შემთხვევაში დაკითხვაზე მივიდეს. ამ და სხვა კონკრეტულ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კანონმდებლობაში არსებული სერიოზული ნაღმებით სარგებლობენ“, - აცხადებს თემურ მონიავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო. დაკითხვაზე დაბარებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თუმცა ისინი უარს აცხადებენ დაკითხვაზე მონაწილეობის მიღებაზე, რასაც გადატვირთულობით ხსნიან და საგამოძიებო უწყებას ნაციონალების ოფისში ეპატიჟებიან.
„ნაციოანლური მოძრაობის“ მხრიდან ეს ნაცნობი ისტორიაა. 4 წლის განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატის - კობა სუბელიანის, დავით სიხარულიძის, გიორგი ღვინიაშვილის, როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, თუმცა, არც ერთი მათგანი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადებულა, მოტივად დეპუტატის იმუნიტეტი დაასახელეს და ამ შემთხვევაშიც საგამოძიებო უწყება პარლამენტში დაიბარეს, თუმცა, პროკურატურის წამომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდნენ, შესაბამისად, ამ საქმეებს ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია.
ექსპერტების შეფასებით, სწორედ წარსულის გამოცდილებამ მისცა საშუალება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ტონალობაში ესაუბროს საგამოძიებო უწყებას. თემურ მონიავას განცხადებით, პირს, რომელსაც იცავს იმუნიტეტი, არ შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, თუ მას დანაშაულზე არ დაიჭერ.
„მაგრამ აქ საუბარია მოწმის სახით ამ ადამიანების დაბარებაზე. შესაბამისად, კანონი არ ზღუდავს საგამოძიებო ორგანოებს, მიმართონ სასამართლოს, რომ გამოიტანოს დადგენილება, საგამოძიებო ორგანოში პირთა იძულების წესით წარდგენის შესახებ. ამისთვის საჭიროა გადაწყვეტილების მიღება და გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს საგამოძიებო ორგანო.
როდესაც არ ცხადდებიან დაკითხვაზე, მაშინ უნდა მოხდეს იძულების წესის გამოყება და ამის უფლება აქვს საგამოძიებო ორგანოს, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატია, რადგან ამ შემთხვევაში ის იკითხება მოწმედ. აქ საუბარი არაა პატიმრობის შეფარდებაზე, ან სისხლის სამართლის საქმის შეფარდებაზე, დეპუტატის ვალდებულებაა უპასუხოს გამოძიების კითხვებს. თუ საგამოძიებო ორგანოს არ უნდა გაამწვავოს ვითარება, ასეთ შემთხვევაში ერთი კომპიუტერი მიიტანონ მათ ოფისში და ელექტრონული ფორმით დაკითხონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მონიავა.
უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დაკითხვაზე გამოძახებული პარლამენტის წევრები ვალდებულნი არიან მივიდნენ დაკითხვაზე, რადგან ისინი დაიბარეს მეტად მძიმე მუხლით აღძრულ საქმეზე დასაკითხად, რაც მასობრივ არეულობას და ხელისუფლების დამხობას გულისხმობს.
„აქ აპელირება იმაზე, რომ ისინი პარლამენტარები არიან, პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა. უბრალოდ, ისინი ფორმალურად სარგებლობენ კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რადგან იძულებით მიყვანა ფაქტიური დაკავების გარეშე შეუძლებელია და დაკავება კი, თუნდაც, პარლამენტის თანხმობას საჭიროებს, რაც დღევანდელ პირობებში შეუძლებელია“, - აცხადებს ვალერი ხაბურძანია.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზები, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა მიხეილ სააკაშვილს, აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს, პეტრე ცისკარიშვილს, აკაკი ბობოხიძეს და ირმა ნადირაშვილს. პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში.
სასჯელაღსრულების მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მაგრამ აუცილებელია, ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ. მისი თქმით, ზოგადად, ასეთი ტიპის საქმეებზე, ინიშნება ფონოსკოპიური ექსპერტიზა - მონტაჟის კვალთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით.
„რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებამ ეს ექსპერტიზები დანიშნა. შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, ვინაიდან, ეს პასუხი არის ერთ-ერთი საფუძველი ასეთი ტიპის საქმეებში გამოძიების მიმართულების მიცემის. ზოგადად კი, საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია, ექსპერტიზის პასუხებს დაველოდოთ, ვინაიდან საკვანძო მიმართულებას ასეთი ტიპისა და კატეგორიის საქმეებზე, ექსპერტიზის დასკვნა იძლევა“, - განაცხადა კახი კახიშვილმა
რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო დაკავებას, მინისტრის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შემთხევაში, უწყება მზადაა აღსრულებისთვის.
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის სასჯელის აღსრულების სამინისტრო და შესაბამისად, თუ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, მას აღვასრულებთ. მით უმეტეს, ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა აღარ არსებობს. ასე რომ, ამ კუთხით პრობლემა მოხსნილია“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები სერიოზულ პრობლემად შეიძლება გაუხდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მისივე თქმით, ნაცმოძრაობას ამ ტონში საუბრის საშუალებაც მისცა ხელისუფლებამ, მაგრამ მეორე მხრივ, სხვა ტონში საუბარი წამგებიანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
„ახლა ცდილობენ პოლიტიკური სარჩული დაუდონ მასალების გამოქვეყნებას, რაც გარკვეული თვალსაზრისით ოდიოზურია, მაგრამ ამავე დროს მიუთითებს იმ შიშზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ განიცდის და ამასვე ადასტურებს ბრიფინგი იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს ურჩიეს მიბაძოს ნაცმოძრაობას და მშვიდიანად წავიდეს პოლიტიკიდან. ისტერიკის ნიშნები ნამდვილად არის. გარდა იმისა, რომ აქ შეიძლება თავხედობაც ამოიკითხო.
გარდა ასეთი სიმძიფარის შემოტანისა, სხვა საშუალება თითქმის აღარ აქვთ დარჩენილი. როგორც ჩანს, არ ელოდნენ ამ მასალების გამოქვეყნებას, რომელიც სერიოზულ პრობლემად შეიძლება გაუხდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. უწყებაში არმისვლა პირველი არ არის და ამავე დროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, ქვეყანას რახან სჭირდება, ამიტომ შეიძლება ამ დათმობაზე წავიდეს გამოძიებაო. შეეჩვივნენ ასეთ ურთიერთობას. ცნობილი ანეკდოტია - რატომ ტირიხარო და გამდის და იმიტომო, დაახლოებით ეს სიტუაციაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.