„ნიკანორ მელია ხელისუფლებაში მოდის და ბიძინა ივანიშვილი უნდა გაიქცეს?“

„ნიკანორ მელია ხელისუფლებაში მოდის და ბიძინა ივანიშვილი უნდა გაიქცეს?“

„ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების გადაბარებაზე აპელირებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ რჩევას აძლევს: „არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნუ დატოვებს“ და მათ მსგავსად, ოპოზიციაში გადავიდეს.

მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ მსგავსი ტიპის „რჩევები“ გიგა ბოკერიამ და ნიკა მელიამ არ დაიშურეს, რომელთა მტკიცებითაც, მათ პარტიას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების თაობაზე ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა.

ბოკერია-მელიას ცნობით, 8 ოქტომბრის არჩევნებში „არადამაკმაყოფილებელი“ შედეგის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დატოვებს.

ბოკერიას მოსაზრებით, ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ საქართველო არ უნდა დატოვონ, რადგან ეს ქვეყნის განვითარებას სჭირდება.

„გვინდა, ივანიშვილს და მის გარემოცვას მოვუწოდოთ, რომ არჩევნებში მარცხის შემდეგ, საქართველო არ უნდა დატოვონ და უბრალოდ ოპოზიციაში გადავიდნენ. ეს მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ეს „ოცნებისთვის“ კარგია და „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ნორმალურ განვითრებას სჭირდება. ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში, ხელისუფლებები მარცხის შემდეგ დევნილობაში კი არ მიდიან, ოპოზიციაში გადადიან. ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშუალის მიუხედავად, მკვლელობას და მძიმე დანაშაულს არ ვგულისხმობ, მათზე სისხლის სამართლის დევნა არ უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიამ 2012 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს მისი პარტიისთვის უსიამოვნო იყო, მაგრამ ქვეყნის დემოკრატიული განვითრებისთვის აუცილებელი იყო, რომ ოდესღაც ხელისუფლება შეცვლილიყო.

„მაშინ, ეს ტესტი საქართველომ ჩააბარა, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მეორე ტესტი ვერ ჩააბარეს, შეგუებოდნენ იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება და ახალი ოპოზიცია ბუნებრივი ნაწილი არიან მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისა, მინიმუმ - მომავალ არჩევნებამდე. 8 ოქტომბრის მარცხის შემდეგ, ჩვენ ხელისუფლებას ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით მეორედ შევცვლით და საქართველო მეორე ტესტსაც ჩააბარებს. ანუ, ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში გვეყოლება და არა ციხეში“, - დასძინა ბოკერიამ, რომლის ინფორმაციასაც მმართველ გუნდში „უნიჭო ხუმრობად“ ან სკანდალური ფარული ჩანაწერების გადაფარვის მცდელობად აფასებენ.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ნაციონალებს ვითომ სენსაციური ინფორმაციით იმის გადაფარვა უნდათ, რომ დესტაბილიზაციას და სისხლისღვრას აპირებდნენ.

„ეს მათი წამგებიანი პოლიტიკაა და ახლა ამ ვითარების გადაფარვას ცდილობენ. სრული ანეკდოტია. როცა სააკაშვილი ხელისულების ზენიტში იყო და როცა ხალხი დატერორებული ჰყავდათ, ივანიშვილი პოლიტიკაში მაშინ მოვიდა და არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ დაამარცხა. თურმე, ივანიშვილი ქვეყნიდან გაქცევას ახლა აპირებს, რაც სასაცილო და ანეკდოტური პასაჟია. უსუსური მცდელობაა, ის ნეგატიური ვითარება გადაფარონ, რაც მათივე ანტისახელმწიფოებრივი განზრახვებიდან გამომდინარე შეიქმნა“, - აცხადებს ძიძიგური.

თანაგუნდელის მსგავსად, ზაქარია ქუცნაშვილი ნაციონალების დასახულ ამოცანაზე საუბრობს, რომ 37 ხმა მოიპოვონ, რათა ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდეს.

for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი ინტერესდება, ივანიშვილი საქართველოდან მაშინ არ წასულა, როცა ნაციონალები ხელისუფლებაში იყვნენ და როცა მისი დაფუძნებული „ოცნება“ ხელისუფლებაშია, ახლა რატომ წავა?

„ეს ინფორმაციები მათი მინდორიდან არის. მათ კარგად იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. ნახავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ მცხეთა-მთიანეთში რამდენ ხმას მიიღებს, რადგან ჩვენ ეგ ხალხი ამოვძირკვეთ და არ ვაპირებთ, რომ უკან დავაბრუნოთ. თავისი ამომრჩევლის გულის გამაგრებისთვის მყვიარალა განცხადებებს აკეთებენ. იციან, რომ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, მაგრამ ამოცანა აქვთ, რომ იმდენი ხმა მოიპოვონ, რამდენიც კონსტიტუციურ რეფორმას ხელს შეუშლის. მათი ამოცანაა, 37 მანდატი მოიპოვონ, რომ კონსტიტუციურ რეფორმას ხელი შეუშალონ“, - დასძინა ქუცნაშვილმა.

კოლეგების მსგავსად, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ ნაციონალების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია აბსურდია, რადგან ნაციონალები ყველანაირ სისულელეს ლაპარაკობენ, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ეჭვის ნატამალიც არ არსებობს, რომ „ქართული ოცნება“ დიდ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. ბიძინა ივანიშვილი არსად წამსვლელი არ არის, პირიქით, ხელისუფლებაში არ არის, მაგრამ მისი პროექტები საჯაროა უნივერსიტეტიდან დაწყებული, საკონცერტო დარბაზებით დამთავრებული. პრაქტიკულად, სახელმწიფოებრივ პროექტებს ახორციელებს და მას სხვა ბიზნესმენებმაც რომ მიბაძონ, კარგი იქნება. ირაციონალურ რაღაცეებს საუბრობენ, დაიბნენ და თვითონაც არ იციან, რა ილაპარაკონ“,- განუცხადა for.ge-ს ჟორჟოლიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ბოკერია-მელიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას უნიჭო ხუმრობად, ან ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფარული ჩანაწერების გადაფარვის მცდელობად აფასებს.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, მას არ ეგონა, რომ მედია ამ ინფორმაციას ყურადღებას მიაქცევდა, თუმცა, როგორც ჩანს, ნაციონალებმა გათვალეს, რომ მედია ამ თემით დაინტერესდებოდა.

„ნიკანორ მელია ხელისუფლებაში მოდის და ბიძინა ივანიშვილი უნდა გაიქცეს? ეს უნიჭო ხუმრობაა, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფო მნიშვნელობის თემის გადაფარვა ხდება, ნიკანორ მელია და მისი მეგობრები თუ რის განხორციელებას გეგმავდნენ. ამის თაობაზე სააკაშვილი ღია ინტერვიუებს იძლეოდა. ეს ის თემაა, რომელიც მოსახლეობას აღელვებს. უნიათო ხუმრობები წამოიწყეს, მაგრამ როგორც ჩანს, სწორი პიარსვლა გააკეთეს, რადგან ყველა მედიასაშუალება ამ თემაზე საუბრობს. მიზანი რა იყო? - ეს კითხვა დასმულიყო“, - დასძინა ვოლსკიმ.