„ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, თუმცა, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი და აკაკი ბობოხიძე დეპუტატის უფლებამოსილებით სარგებლობენ და დაკითხვაზე გამოცხადებას საკუთარი დღის წესრიგის შესაბამისად აპირებენ.
ბოლო ორი წლის მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის 315-ე მუხლით საქმე მეორედ აღიძრა, ბრალდება კი, ისევ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ან ხელში ჩაგდების მცდელობაა.
ვახტანგ გომელაურის უწყებამ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთნ დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო და ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენას გეგმავს, თუმცა, სუს ზემოთ აღნიშნული დეპუტატების დაკითხვას თუ რა ფორმატში და როდის შეძლებს, ამის პროგნოზი რთულია, რადგან ნაციონალები დატვირთულ გრაფიკსა და საარჩევნო კამპანიაზე აპელირებენ.
აკაკი ბობოხიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან გამართული ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილეა, for.ge-ს არწმუნებს, რომ ის ყოფილ პრეზიდენტს ოთხი-ხუთი თვის წინ ესაუბრა, საუბრის თემა კი, ჩვეულებრივი, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები იყო.
ბობოხიძის მტკიცებით, ჩანაწერები ნაგლეჯ-ნაგლეჯ არის აკინძული, თუმცა, ტრაგედია არც მისი შინაარსიდან ირეკლება.
„ყოფილ პრეზიდენთან საუბარი ოთხი-ხუთი თვის წინ მქონდა, რომელიც ჩვეულებრივ, მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა. აბსურდული ჩანაწერებია და ვერ მიხვდები, ერთი მთლიანია თუ ნაგლეჯ-ნაგლეჯ სხვადასხვა ნალაპარაკების კომბინაციაა. სანამ სუს ამის გარკვევას დაიწყებს, მანამდე უპრიანია, ის გაარკვიოს, ჩანაწერები და მონტაჟი ვინ გააკეთა, რადგან მაინც და მაინც შინაარსში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ავთენტური რომც იყოს. რაზეა ლაპარაკი, მიტინგი რომ მოეწყოს? ამას 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ხელისუფლება გვეუბნება? გალიების მომწყობი ხელისუფლება გვეუბნება, რომ მიტინგის მოწყობა უკანონოა? პირველ რიგში, უკანონო მოსმენებია და სჯობს, სუს ამით დაკავდეს“, - აღნიშნავს ბობოხიძე.
კანონმდებელი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაკითხვაზე გამოცხადდეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო შეხვედრებს გამართავს.
„ვაპირებ, რომ დაკითხვაზე გამოვცახდდე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებთან შეხვედრას მოვრჩებით. მზად ვარ, კითხვებს ვუპასუხო, მაგრამ სუს-სგან პასუხს იმაზეც მოვითხოვ, რა ჩანაწერებია, სად გაკეთდა, ვის მიერ გაკეთდა. საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებ, დილის საათებში მცალია და შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და პრობლემა არ მაქვს, კითხვებს ვუპასუხო. თუ არადა, საარჩევნო შეხვედრებს რომ მოვრჩები, ჩამოვალ. ხელისუფლებას იმ თამაშში ვერ ავყვები, ამას რისთვისაც აკეთებს - ყურადღება არჩევნებიდან რაღაც სისულელეებზე გადაგვატანინონ“, - აცხადებს ბობოხიძე.
თანაგუნდელის მსგავსად, ფარული ჩანაწერების მეორე მონაწილე გიგი წერეთელი მზად არის, სამართალდამცავების კითხვებს უპასუხოს, თუმცა, ამავე დროს, ის დაკითხვაზე მისვლას წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლად მიიჩნევს.
როგორც for.ge-ს წერეთელმა განუცხადა, წინა არჩევნებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას გამოცდილება აქვს, რომ ამგვარი ფაბრიკაციებით გარკვეულ შედეგს მიაღწიოს, თუმცა, ახლა სხვა ვითარებაა და ხალხს ასეთი მიდგომების არ სჯერა.
წერეთელის თქმით, მისი გუნდი აბსოლუტურად კონსტიტუციურ და კანონიერ ჩარჩოებში საქმიანობს.
„ხალხი ხედავს, ჩვენ რას ვაკეთებთ. ქუთაისში ვარ, საარჩევნო კამპანიას ვატარებ, ასობით ოჯახს და ადამიანს ვხვდები. ვსაუბრობ როგორც სიღარიბეზე, ასევე ქვეყნის პერსპექტივაზე. არასოდეს არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ხელისუფლება დავამხოთ და რაღაც ძალისმიერი გაკეთდეს. პოლიტიკური კამპანია ზოგჯერ აქციასაც გულისხმობს, გამოსვლასაც და მიტინგსაც. ეს ნორმალური პროცესია. გარდა ამისა, იმაზეც ვსაუბრობთ, რომ ჩვენს ხმებს და ჩვენს მხარდამჭერებს დავიცავთ, რომლებიც ზეწოლის ქვეშ არიან. ხელისუფლება ხედავს, რომ არჩევნებს აგებს. რა უნდა მოხდეს, რომ არჩევნები სხვანაირად დამთავრდეს და ჩემს მაჟორიტარულ ოლქში მე არ გავიმარჯვო?! ხელისუფლებისთვის მძიმე სურათია და ხელისუფლება წყობიდან იმ შეხვედრებმა გამოიყვანა, რომელიც ხალხმა სამეგრელოსა და აჭარაში გამართა“, - ამბობს წერეთელი.
დეპუტატის მოსაზრებით, ხელისუფლების მიზანია, ხალხი დააშინოს, ნაციონალები საარჩევნო პროცესს მოწყვიტოს და დაკითხვებზე ატაროს.
„სისხლის სამართლის საქმე საბურავების მოგროვების ბრალდებით აღიძრა, მაგრამ მერე რა მოხდა? ეს ყველაფერი დაძაბულობის შექმნას ემსახურება, რასაც სამწუხაროდ, ხელისუფლება აკეთებს. ეს ჩვეულებრივი ფაბრიკაციაა, სადღაც რაღაც ამოგლეჯილი და მიკერებულია. სააკაშვილთან საუბარი ბოლოს არ მქონია, ორი თვეა ქუთაისში ვარ. სუს ყველა ჩვენს ნაბიჯს აკონტროლებს, იწერენ, უსმენენ. როგორმე საარჩევნო პროცესი შეაფერხონ. ცივილიზებულ, დასავლურ კამპანიას ვაწარმოებთ“, - განაცხადა წერეთელმა.
დეპუტატი ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ხელისუფლება მშვიდობიანად შეცვალოს.
„კონსტიტუციურ ჩარჩოებში ყოველთვის ვიქნებით. თანამედროვე სამყაროში შეიძლება ზიმბამბვეზე საუბრობდეთ, მაგრამ სიტყვებს მიაბამ-მოაბამენ და რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ. საქმე განცხადებაზე აღძვრეს, რომ საბურავებს აგროვებენო და მეტი სისულელე რა უნდა ყოფილიყო? არჩევნებამდე დარჩენილია ათი დღე და რაიმე ისეთი უნდა მოიმოქმედოს, რომ სიტუაცია დაძაბონ და ხალხი დააშინონ. სისულეებს თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ. თუ ამ სისულელეზე დამკითხავენ, კი ბატონო, მკითხონ. თუ მათი მიზანია, რომ დაკითხევზე ვიარო და არა შეხვედრებზე, მაგ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ“, - აცხადებს წერეთელი.
კანონმდებელი მისი გუნდის მიმართ პარლამნეტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ კობახიძე ქართულ პოლიტიკაში სამარცხვინო პიროვნებაა, რომელიც ისტორიას ასე შემორჩება.
„მის სხვა საქმეებზე არაფერს არ ვიტყვი, რადგან მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. როგორც ჩანს, გონება ისე აქვს არეული, რომ ვერ არჩევს, ვინ რას ამბობს, ან რამდენიმე ჩანაწერი აქვთ, სადაც მე სხვა სიტყვებს ვლაპარაკობ, სხვა სხვას. კობახიძეს ისეთი რაღაცეები აქვს ნაკადრები, ტყუილი რაა? მოსახლეობას ვხვდები და ეს ხელისშეშლა იქნება საარჩევნო კამპანიის, რის თაობაზეც ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას ვაცნობებ. მანანა კობახიძემ ეუთოზე ლაპარაკს თავი დაანებოს. ჩემს თავს პრეზიდენტი კი არ სთავაზობდა, არამედ - ევროპული პოლიტიკა. ხელისუფლებამ კობახიძის მონაწილეობით სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. კობახიძის სახელი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ადგილას იქნება“, - დასძენს წერეთელი.
ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, დაკითხვაზე უარს არ ამბობს ნუგზარ წიკლაური, თუმცა, თანაგუნდელების მსგავსად, მან უწყება არ ჩაიბარა.
for.ge-სთან სუაბარში წიკლაური აცხადებს, რომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს დაკითხვაზე მივიდეს, რადგან მსგავს დაკითხვაზე არაერთხელ ყოფილა და ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი მასკარადისთვის არის მოწყობილი.
„იმ შემადგენლობით, რაც ჩანაწერებშია, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა არ შემდგარა. ყველა ამბობს, რომ სრულიად უნიჭო კონფიგურაციაა ცალკეული ფრაზების, სიტყვების. ასეთი შეხვედრა არასოდეს არ ყოფილა. ეს საუბარი გაყალბებულია, ასეთი შეხვედრა უბრალოდ, არ ყოფილა. მათ იმაზე საუბარი არ შეუძლიათ, რომ ხალხისთვის რაიმე გააკეთეს და თავიანთი დაპირებები შეასრულეს. მათ ასეთი ტაქტიკა აირჩიეს. ვითომდა, ვიღაცას ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაციის მოწყობა სურს. მთელი ეს კამპანია სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ დაგეგმილია. კალაძეც ამის ნაწილია. სასაცილოა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიღაც კალაძესთან დესტაბილიზაციის გეგმებს განიხილავს. ეს ყველა ზღვარს სცდება და სრულიად დაუჯერებელი ამბავია“, - აცხადებს წიკლაური.
კანონმდებელის შეფასებით, ხელისუფლების მიზანია, ნაციონალებს დესტაბილიზაცია ბრალად დასდონ და ამ ფონზე თავიანთი ზონდერჯგუფები გაააქტიურონ, ისეთი როგორიც კორცხელში ჰყავდათ.
„მათი მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს არა პროგრამების შეჯიბრება, არამედ მუდმივი ქაოსი ადამიანების ტვინებში. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების გასულელებას ვერ შეძლებენ“, - დასძენს წიკლაური.