„სსკ-ის 315 მუხლი - შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.
ა. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
ბ. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
გ. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, - საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი, თბილისი, 2007 წლის 27 აპრილი.
სსკ-ის 315-ე მუხლს იყენებდა სააკაშვილის ხელისუფლება ყველაზე ხშირად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით საპატიმრო დაწესებულებაში ამწესებდა. მიხეილ სააკაშილის ხელისუფლება მოღალატეებისა და სახელმწიფო გადატრიარების თემას, პოლიტიკური ვითარების შესაბამისად ანახლებდა.
ამის ერთ-ერთი მაგალითია უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ კოდორის ყოფილ გუბერნატორს ტელეფონით უთხრა: „გამაგრდით“. ფარული სატელეფონო საუბარი შსს-მ გაავრცელა. ამ სიტყვის გამო ბათიაშვილს ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებები წაუყენეს.
315-ე მუხლი და შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, აქტიური იყო 2007 წლის 7 ნომებერს. სწორედ ამავე მუხლით დასდეს ბრალი რამდენიმე ჩინოვნიკს - ლევან ბერძენიშვილს, გოგა ხაინდრავას, შალვა ნათელაშვილს და კოკო გამსახურდიას.
ე.წ. გადატრიალების სქემა გენერალური პროკურორის მოადგილემ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფილმში „ნოემბრიდან-ნომებრამდე“-ში „გამოააშკარავა“, რასაც გაურკვეველი ფარული სატელეფონო საუბრით ამაგრებდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო გადატრიალებაში „ბრალდებულებისთვის“ გვარამიას უწყებას კითხვებით არ მიმუმართავს.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და გვარამიას ფილმის ერთ-ერთი „გმირი“ ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი სანამ ცოცხალი იქნება, თავში სხვა არაფერი მოუვა, იფიქრებს გადატრიალებაზე, არეულობაზე და ხელისუფლების დაბრუნებაზე.
„ფიქრს მას ვერავინ დაუშლის. რაც შემეხება მე, ოთხი ადამიანი დაგვასახელეს იმ ფილმში „ნოემბრიდან-ნოემბრამდე“, ჩვენ სიტყვიერად ვიყავით ნახსენები, მაგრამ არანაირი მუხლი, არანაირი დაკითხვა და გამოძიება არ ყოფილა, რაც კიდევ უფრო უარესია. იმიტომ, რომ ჩვენ მოგვაყენეს შეურაცხყოფა ისე, რომ მუხლიც კი არ მოუყენებიათ და არც კი შეუწუხებიათ თავი ისე გამოგვაცხადეს წინასწარ ყველაფერში დამნაშავედ.
ჩემს შემთხვევაში არაფერი ჰქონდათ გარდა იმისა, რომ მე სატელეფონო საუბარში მკითხა რუსეთის საელჩოს წარმომაგენელმა კონკრეტული კანონი გავიდა თუ არა სესიაზე, რაზეც ვუთხარი, რომ სამწუხაროდ არ გააქვთ. კერძოდ, ჩვენი პარტია გულშემატკივრობდა საქართველოს დსთ-დან გამოსვლას და სააკაშვილი იქიდან ცოცხალი თავით არ გამოდიოდა. ეს ლაპარაკი ჩამითვალეს სამშობლოს ღალატად, მერე თქვეს, რომ ეს ხუმრობა იყოო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა.
მაშ ასე, სწორედ სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, აღძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ.
როგორც სუს-ში აცხადებენ, მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარების უწყებები მიიტანეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სუს-ის თანამშრომლების მიერ მიტანილი დაკითხვის უწყებები არ ჩაიბარეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ისინი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ, თუმცა, მზად არიან ყველა კითხვას უპასუხონ, მაგრამ არა სუს-ში, არამედ პარტიის ოფისში.
შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2014 წელს დაიწყეს. ასევე, გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერი გიგა ბოკერიასთან, ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან, რომლის მიხედვით სააკაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია აქცია არ დაიშალოს „რუსთვი 2“-ის ეზოში და აუცილებელია, რომ იყოს მსხვერპლი და ისიც ქალი უნდა იყოს, რომ პროტესტი უფრო მწვავე გახდეს.
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა, რადგან, ეს არის დანაშაულებრივი გეგმა სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელმძღვანელობით.
„ამ ქმედებებისთვის პასუხი მოეთხოვება ყველა პირს, მათ შორის სააკაშვილსაც. ყველა კითხვა უნდა დაისვას, უნდა დაიკითხოს ყველა პირი, რადგან, სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული არის დასჯადი და ყველა პასუხს აგებს. არავითარი საფუძველი არ აქვს ქვეყანაში გადატრიალებას, რევოლუციებს, საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ხელისუფლებას აქვს ყველა პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ აღიკვეთოს ყველანაირი მცდელობა რაიმე ტიპის დესტაბილიზაციის“, - აცხადებს მანანა კობახიძე.
უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე აცხადებს, რომ სახეზეა ანტიკონსტიტუციური საუბარი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. შესაბამისად, ეს პირები აყვანილი უნდა იქნან ოპერატიულ დამუშავებაში. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, უნდა აღიძრას საქმე.
„არ ვიცი რამდენი მასალა არსებობს, მაგრამ თუ არსებობს ისეთი მასალა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას და თუ ეს მასალები დაუგროვდა პროკურატურას, რა თქმა უნდა, უნდა აღიძრას საქმე და სისხლის სამართლის პასუხისგებლობაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფო გადატრიალებაში“, - აცხადებს ანზორ მაისურაძე.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ ამგვარ მოწოდებებს, თუ მას კონკრეტული მოქმედებები არ მოჰყვა, დასჯადი არ არის.
„მხოლოდ სიტყვის გამო ვერ დავსჯით, მაშინ ჩვენ დავემსგავსებით წინა ხელისუფლებას, რომლებმაც მხოლოდ ერთი სიტყვის - „გამხნევდით“ - გამო ციხეში ჩასვა ირაკლი ბათიაშვილი. დემოკრატიულ ქვეყანაში მკაფიოდ არის გამიჯნული სიტყვა და მოქმედება. მაგალითად, თუ ვინმე იტყვის, რომ პრეზიდენტი უნდა მოკლა, შეიძლება ის მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანო, მაგრამ თუ მან იარაღი შეიძინა, ეს უკვე მოქმედებაა და უნდა მოხდეს პრევენცია“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.
მისივე თქმით, თუ ასეთი ინფორმაცია იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს წევრები კონტროლზე უნდა ყოფილიყვნენ აყვანილი, კანონიერად უნდა ისმინებოდეს მათი ტელეფონი და დაწესებული უნდა იყოს გარე თვალთვალი.
„ეს არ უნდა იყოს საჯარო განხივლის საგანი - „ახლა რა ვქნათ?“. ჩვენ უსაფრთხოების სამსახურს იმიტომ ვაფინანსებთ, რომ ეს საქმე გააკეთოს, პრევენცია მოახდინონ მანამ, სანამ საფრთხე რეალური გახდება. ისე არ გამოვიდეს, რომ მერე სუს-ის და სხვა სამართალდამცავები სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ისევე როგორც, როდესაც გაზსადენის აფეთქების მცდელობა ტერორისტულ აქტად და სახელმწიფო გადატრიალებად მონათლეს და შედეგი ჯერ კიდევ არ ვიცით. როდესაც „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების პარალელურად გავრცელდა სააკაშვილის ჩანაწერი, მაშინაც ითქვა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღიძრა საქმეო, მაგრამ შედეგი არ არის“, - ამბობს ბესიკ ალადაშვილი.