ბობოხიძემ დაიგინა: „მტყუანის დედა მ.....ნ, მტყუანის მკვდარი მ.....ნ, მტყუანის ცოცხალი მ.....ნ“

ბობოხიძემ დაიგინა: „მტყუანის დედა მ.....ნ, მტყუანის მკვდარი მ.....ნ, მტყუანის ცოცხალი მ.....ნ“

“არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად და გეგმები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ვერ იქნება რეალიზებული, რადგან, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ არეულობა აღკვეთოს“ - აცხადებენ უმრავლესობის წევრები ინტერნეტში გავრცელებულ მორიგ აუდოჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ჩანაწერს სოციალურ ქსელით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და ამტკიცებს, რომ „ივანიშვილს ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება, მაგრამ ხალხის გასულელება არ გამოუვა“. ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა ჯეჯერობით დადასტურებული არ არის, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი ამბობს, რომ გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ოდესის გუბერნატორი არ ეთანხმება.

„ბოკერია ამბობს, რევოლუციური სცენარი არ გამოდის, ხოდა უნდა მოვემზადოთ მერე კოალიციებისთვის. ვისაც კოალიციები უნდა, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს კოალიციების მომზადების. მაგისთვის არ ვიბრძვი. ვისთან უნდა დავიტოვოთ კოალიცია? მაშინ გავაკეთოთ კოალიცია კახი კალაძესთან, ალასანიასთან, იმასთან ამასთან და ვიქნებით მაგარი ხალხი. „პროსტა“ იმათაც უნდათ, ღიად ახლა ცხვირში მოვადოთ. ახლა ეგრე არ არის, კაცო. ხოდა, რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ოდესის გუბერნატორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდებს, აიღონ ინიციატივა და აკაკი ბობოხიძეს დაუჯერონ.

„მე მგონი, კაკოს უნდა დავუჯეროთ. შექმენით ჯგუფი. აი, კაკო, ბეჟაშვილი, ვიღაცეები, ვინც არის რადიკალურად განწყობილი და პირდაპირ უნდა „შევაჯდეთ“ მაგ თემაზე. რევოლუციური სცენარი უნდა, სხვა კაკოს ინტუიციას ვენდობი მთლიანად. გამოვიყურებით, როგორც დამარცხებულები და ამიტომ გვჭირდება ბევრი ხალხის მობილიზება“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე ჩანაწერის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ახლანდელი ხელისუფლების წევრებს ისე უნდა მოექცნენ, როგორც კადაფის მოექცნენ. 

„ესენი ისევ მოიგებენ. იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და ....... აქ ჯერ კიდევ „ვასტოკია“. აქ მოხდება დე......ნა უნდა მოექცე როგორც კადაფი. უნდა გამოათრიონ და მ.......ა“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

აუდიოჩანაწერში ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პარტიის ამოცანაა რევოლუციური ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კარვების ქალაქის იდეაზეც საუბრობენ და გიგი წერეთელი ამბობს, რომ რუსთაველს 200 კაცი გაავსებს.

ჩანაწერის ერთ-ერთი „გმირი“გიგი წერეთელი არასერიოზულს უწოდეს გავრცელებულ ჩანაწერს და აცხადებს, რომ მასალა, რომელიც გავრცელდა, დამონტაჟებულია.

„ამ ვიდეოს გავრცელება ხელისუფლების განწირული ნაბიჯია. სუს-ის შეთხზულია. რა სცენარზე, თოფებზე, საბურავებზეა, თუ ავტომატებზეა საუბარი?! რადიკალური პოლიტიკური ბრძოლა ყოველთვის არის მაშინ, როდესაც ხელისუფლება ცუდად იქცევა და რადიკალური პოლიტიკური ბრძოლა ეს არ ნიშნავს რევოლუციას. აგერ არის ჩვენი კამპანია, რას ვლაპარაკობთ, სუს-ი, მუსი, პუსი, ყველა გვიყურებს, იწერს, გვისმენს“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

„სრული უნიჭობა გათვლილია უწიგნურ, ბრმადმორწმუნე ქოცებზე“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობიხიძე და ამტკიცებს, რომ წელს სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი საერთოდ არ ჰქონია და არც ამ შემადგენლობით ყოფილან სააკაშვილთან. ბობოხიძე რევოლუციისთვის მზადებას უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ პარტია საარჩევნოდ ხმებს დაიცავს, ისევე როგორც ამას ყველა სხვა ოპოზიციური პარტია გააკეთებს.

„სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი არ მქონია, აქედან გამომდინარე, დასკვნები გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ლოგიკურად აზროვნება შეუძლია. გარდა ამისა, როცა კაცი შეიგინები, უზრდელი ხარ, არადა, ამ ჩანაწერის კომბინაციის გამკეთებელს, ვითომ ჩამწერს და დამვალებელს დიდი სიამოვნებით ვეტყოდი: მტყუანის დედა მ.....ნ, მტყუანის მკვდარი მ.....ნ, მტყუანის ცოცხალი მ.....ნ და ასე შემდეგ. ამათთან სხვანაირი არგუმენტებით საუბარს აზრი არა აქვს. არავის არა აქვს იმის ნება კი არა, იმის ძალა, რომ არ დაემორჩილოს ხალხის გადაწყვეტილებას. ხალხის გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება მოუწევს ყველას - პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს“, - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა გადის საარჩევნო ყუთთან, სხვა ყველა მეთოდი არალეგიტიმურია. ელჩის განცხადებით, ნებისმიერი სახის დაშინება პოლიტიკური პარტიების თუ მთავრობის მხრიდან ყოვლად მიუღებელია.

„ყველამ უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს დაცული. აქამდე წინასაარჩევნო გარემო საქართველოში მშვიდი იყო“, - აღნიშნა იან კელიმ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ გარკვეული პროვოკაციების გეგმა გააჩნია, ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მმართველ გუნდში. for.ge-სთან საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ დესტაბილიზაციის შესაძლო მცდელობაზე უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია და შესაბამისი უწყებები ამ თემაზე მუშაობენ.

„სააკაშვილი თავის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გეგმავს გარკვეულ პროვოკაციებს არჩევნების შემდგომ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ გაკოტრებულნი არიან პოლიტიკურად და მათი მარცხი გარდაუვალია, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად, რომ თვითგადარჩენის გზა იპოვონ, ეს რა თქმა უნდა, ილუზიის ნაწილია, ცდილობენ მოაწყონ დესტაბილიზაცია და ქვეყნის წინააღმდეგ წავიდნენ. ყველა კონკრეტულ ფაქტზე მოხდება ადეკვატური, კანონისმიერი რეაგირება“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით,  ამ თავქარიან ადამიანს, რომელიც დღეს ოდესის გუბერნატორია, სხვა შანსი, გარდა საქართველოში არეულობის მოწყობისა, არ აქვს.

„ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ჩვენი შვილების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი თავქარიანი ლიდერი რეალობასაა მოწყვეტილი. სააკაშვილი ამ სცენარზე დეტალურად საუბრობს 2014 წლიდან და ამ პერიოდში მის სცენარს ნაცმოძრაობის არცერთი წევრი არ გამიჯვნია. ახლა წამოწიეს სანდრა რულოვსი, რომელიც ზღაპრებს გვიყვება გათხრილი და გასათხრელი გვირაბების შესახებ. ახალმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვერ არიან ჯანსაღ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში“, - აცხადებს გია ვოლსკი.