8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, მმართველი გუნდი კი, მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს და ნაციონალებს აფრთხილებს. ყოფილი სახელისუფლებო პარტია ირწმუნება, რომ საქართველოში არც წარღვნა იქნება და არც რევოლუცია არ მზადდება.
თუ რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა, ამასთანავე, ირაკლი კობახიძე მოსახლეობას ამშვიდებს, რომ თქვენ არეულობის მოწყობის უნარი არ გაქვთ. თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ძალადობაზეა დაფუძნებული?
- თუ შესრულების უნარი არ გვაქვს, მაშინ ამ საკითხზე ყოველ დღე არ უნდა ლაპარაკობდნენ. „ქართული ოცნება“ ისეთ ადამიანს მაგონებს, რომელიც გაღიზიანებს და გეუბნება, არ შეგიძლია, რამე გააკეთოო. მსგავსი რაღაც არ დაგვჭირდება, რადგან ხელისუფლებას პასუხს ქართველი ხალხი გასცემს. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე კონსულტაციებს და წვრთნებს მამამისთან გადის ხოლმე, რომლის მოქმედებები არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება, რადგან გია კობახიძე „ედპ“-დან აბაშიძესთან წავიდა, შემდეგ კი, პრორუსულ პარტიაში. როგორც ჩანს, ეგ ოჯახი უპრინციპობის ჯაჭვია.
მოსალოდნელ არეულობაზე „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრებიც საუბრობენ, რომელთაც პროტესტის ნიშნად, ეს ორგანიზაცია დატოვეს...
- „თავისუფალი ზონის“ ყოფილ წევრებს ჰკითხეთ, სააკაშვილთან ბოლოს როდის იყვნენ. თუ აღმოაჩენთ, რომ ისინი დიდი ხნის წინ იყვნენ, ამ შემთხვევაში, მათ ეს განცხადება ერთი-ორი თვის წინ უნდა გაეკეთებინათ. ანუ, მაშინ, როცა სააკაშვილისგან ჩამოვიდნენ. ეს ბავშვები მეცოდებიან, რადგან როგორც ჩანს, მათ უშიშროებასთან ურთიერთობა ერთჯერადი საქმე ჰგონიათ. სამწუხაროდ, უშიშროების „ხაფანგში“ აღმოჩნდნენ და მთელ ცხოვრებას იქ გაატარებენ. მათ ვერავინ ვერ გამოიყენებს, რადგან „გაშიფრული“ ტიპები არიან. მათ მთელი ცხოვრება ინფორმაციების გამტანის როლი დაეკისრებათ, რადგან ამ ბავშვებმა თავი დიდ უბედურებაში გაყვეს. ეს ადამიანები მეცოდებიან, რადგან უშიშროების ხაფანგში გაბმული ადამიანები თავს მთელი ცხოვრება ხაფანგში ატარებენ. ისინი იმ მძიმე საქმისთვის მეცოდებიან, რაც თავის თავზე აიღეს.
რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „რუსთავი 2“-ის საპირწონედ ეგზიტპოლების გაყალბებას წარღვნა მოჰყვება? ყოფილი პრეზიდენტი რას აანონსებს?
- არანაირი წარღვნა არ იქნება. თუ 8 ოქტომბრის არჩევნებს მოვიგებთ, მაშინ დამნაშავე ის პოლიტიკური ჯგუფი იქნება, რომელიც დამარცხების შემთხვევაში, ხელისუფლებას არ დათმობს და ქართველი ხალხის ნებას არ დაემორჩილება. თუ არჩევნებს წავაგებთ... ხალხო, პოლიცია და ჯარი ჩვენი იყო და არჩევნების წინააღმდეგ, მაშინ არ წავსულვართ. ახლა ან რანაირად უნდა წავიდეთ, ან რატომ? - ყველაფერს 8 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს. საქართველოს მოსახლეობა ან ივანიშვილის მმართველობას დაასრულებს, ან ისევ ჭაობში ყოფნას გააგრძელებს. ჭაობიდან ამოყვანაში ტირილი არავის არ უშველის, შველა მხოლოდ მოქმედებასა და მოძრაობაშია.
თქვენი გუნდი არჩევნების მოგებაზე აპელირებს და ეს ამბიცია გაქვთ, მაგრამ ამის რა შესაძლებლობა გაქვთ?
- რას ჰქვია, რა შესაძლებლობა გვაქვს? - 120 კილოს ვწევ. ეს ამომრჩეველს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ 8 ოქტომბერს დაველოდოთ. იმედი გვაქვს, რომ ამას ქართველი ხალხი გააკეთებს, მაგრამ თუ არ იზამს, მაშინ ისხდნენ და იწუწუნონ. როგორც ივანიშვილი იტყოდა, „იჯდე რაო“. რას ნიშნავს, რა შესაძლებლობა გვაქვს? თუ გონიერება გვეყოფა, ამ შანსს გამოვიყენებთ, თუ არადა, დავსხდეთ და ვიტიროთ იმის თაობაზე, რომ ქვეყანა მძიმე დღეშია.
ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ თქვენ არაფრის თავი არ გაქვთ და „საცოდავ სააკაშვილს ლიფტში შესვლის შიშიც კი აქვს“...
- მართალია, ჩვენ ლიფტში შესვლის გვეშინია. ჩვენ დახურული სივრცის ადამიანები არ ვართ, ივანიშვილს კი, პირიქით, გარეთ გამოსვლის ეშინია. ის დახურული სივრცის ადამიანია, რომელსაც ადამიანებთან მხოლოდ ვირტუალური კომუნიკაცია აქვს და დაცვით დადის. ამდენ ტყუილში ერთი სიმართლე ხომ უნდა თქვას? - იმაშიც ვეთანხმები, რომ სააკაშვილი ჯავახიშვილის ყვარყვარეს ჰგავს, ხოლო თავად - კაკაბაძისას. ეს არის უწიგნური კაცი, რომელსაც ფულის შოვნის ნიჭი აქვს. ეს არის კაცი, რომელსაც საუბრის და გამართული წინადადების ჩამოყალიბების უნარი არ აქვს. მისი რვა მილიარდი გონებას ე.წ. წითელ ინტელიგენციას უზღუდავს, რომელიც ქართულ სოფლებში ხუთ-ხუთ მილიონს არიგებდა, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ 3000 სოფელს მინიმუმ 15 მილიარდი დასჭირდებოდა, რასაც ათი ბიძინას ქონება არ ეყოფოდა.
ივანიშვილს „ყვარყვარე თუთაბერის“ ავტორი შეეშალა, მაგრამ ამ მხრივ გამორჩეული არც სააკაშვილი არ იყო, რომელიც ზოგჯერ, ციტატებსაც კი ურევდა...
- ჩვენ გვეშლებოდა და მან ასე იცის. გავიწყდებათ, რომ ივანიშვილი „კავკასიელ ტყვე ქალზე“ 40 წლიან დაკვირვებას ახორციელებს?
წინასაარჩევნო კამპანია 2012 წელს რომ შეადაროთ, შეგიძლიათ, გვითხრათ, ახლა რა პრობლემები იკვეთება?
- 2012 წელთან შედარებით შეიძლება უფრო მშვიდი საარჩევნო პროცესია, რადგან საქართველოს ისეთი მშვიდი ოპოზიცია ჰყავს, რომელიც გადატრიალებაზე არ ფიქრობს. აგრესიულ მოქმედებებს სად ხედავთ? დღეს, რევოლუციები არ მზადდება. ჩვენ არ გვიკადრია, რომ მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებსა და ლექტორებს შევხვედროდით. ამათი საარჩევნო პოლიტიკა ფული და სახელმწიფო რესურსია. ეს ბერკეტები ჩვენც გვქონდა, მაგრამ დღე-ღამე ვშრომობდით. მოსახლეობას ვხვდებოდით, ესენი პირდაპირ კოლექტივებს ხვდებიან, რაც კანონით აკრძალულია.
მოსახლეობასთან შეხვედრას რას უწოდებთ, ადგილებზე „ტაშის მკვრელი“ ხალხი რომ მიჰყავდათ?
- არა, ძვირფასო. დახურულ შენობებში კოლექტივებს ხვდებიან.
ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ის საკუთარ ქვეყანაში ისეთ საარჩევნო პროცესს ისურვებდა, როგორიც საქართველოშია. ოპოზიციას ის ხომ არ გაღიზიანებთ, რომ საარჩევნო პროცესი მეტ-ნაკლებად მშვიდად მიმდინარეობს?
- გაღიზიანებას, რაში მატყობთ? როცა ხელისუფლებაში ვიყავით, სახელისუფლებო ბერკეტი და ფინანსებიც გვქონდა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობდით, ესენი კი მხოლოდ სახელისუფლებო რესურსის და ფულის იმედად არიან.
„ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში თქვენც ფიგურირებთ. ადასტურებთ, მასალების სანდოობას?
- ივანიშვილს უნიჭო შემსრულებლები ჰყავს, მაგრამ რაც შემკვეთია, ის შემსრულებლებია. ელემენტარული რაღაც იყო საჭირო, რომ შედარებით სიმართლისთვის მიემსგავსებინათ, ან „ოცნების“ უნიჭო მომხრეებზეა გათვლილი, რომლებიც ლოგიკას უჩივიან. საქართველოდან უკრაინაში ეს შემადგენლობა არ გავსულვართ და ამ ტექტის დამწერს შეეძლო, ენახა, წიკლაური, მელია, ვაშაძე და ნადირაშვილი საქართველოდან ერთად იყვნენ თუ არა გასულები.
რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს?
- სააკაშვილი საქართველოში ან ჩამოვა, ან არა. ამაში გაუგებარი რა არის? ივანიშვილი დამარცხდება და ცხადია, ყველა ადამიანს საშუალება ექნება, საქართველოში ჩამოვიდეს.
ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში ჩამოსვლას გაბედავს? ყოფილმა პრემიერმა ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა, ქვეყანაში ჩამოვიდეს და კანონმდებლობას პატივი სცეს...
- კაი ერთი-თქო... კანონმდებლობას პატივი ივანიშვილმა სცეს და სხვებს შემდეგ მოუწოდოს. საქართველოს მოქალაქეობაზე თავს იგიჟებდა, მაგრამ დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა. ფეხს დაკრავს და თავს აწყობილ ქვეყანას შეაფარებს, ჩვენ კი დანგრეულ ქვეყანას დაგვიტოვებს. თურმე, ანალიზის უნარი არ გვყოფნის, თორე, ყველაფერი კარგად არის და თავს გადასარევად ვგრძნობთ, რასაც ვერ ვხვდებით. სჯობს, ივანიშვილმა ანალიზის ნაცვლად, საქმე აკეთოს. ივანიშვილს ქართველი ერის წინაშე ერთადერთი დამსახურება ექნება, რაც „მიჯირყვნის“ მოგონებას ეხება. მან ამ სიტყვას სათავე დაუდო და პროცესს ძალიან ზუსტად ასახავს. ის, რაც საქართველოს ივანიშვილი უკეთებს, ეს სამწუხაროდ, მიჯირყვნაა.
ის, რაც საქართველოს თქვენმა ხელისუფლებამ და სააკაშვილმა დამართეს, მას რა სიტყვას დაარქმევდით?
- ჩვენმა ხელისუფლებამ 21-ე საუკუნის ქართული სახელმწიფო ჩამოაყალიბა, რაღაცას დაამსგავსა და მომავალ ხელისუფლებებს შანსი მისცა, რომ რაღაც გააკეთონ.
21-ე საუკუნის ის სახელმწიფო ჩამოაყალიბეთ, სადაც ხალხს ბიზნესს ართმევდნენ და ადამიანის უფლებებს არღვევდნენ?
- არავის არაფერს არ ვართმევდით. ადამიანებს ბიზნესის კეთების საშუალება მივეცით და მათ ვთხოვდით, რომ საქართველოს სასარგებლოდ ფული დაებანდებინათ. ვისაც სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასახადებს აკისრებდნენ, კი ბატონო, ქონება უკან დავუბრუნოთ, მაგრამ მათ ის პრეტენზიაც წავუყენოთ, რაც ქონების არჩამორთმევის შემთხვევაში, სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა.