„მთავრობას არ უნდოდა ომის მოგება, სწორედ იმიტომ გამოიყვანეს აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია“

„მთავრობას არ უნდოდა ომის მოგება, სწორედ იმიტომ გამოიყვანეს აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია“

სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. სამხედრო დაპირისპირება ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს, ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებულ მებრძოლებს, კაზაკთა მილიციისა და გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალებს შორის 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა.

1993 წლის16 სექტემბერს სოხუმისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო, რასაც წინ უძღოდა 27 ივლისს სოჭის ცნობილი შეთანხება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რაც სეპარატისტებმა დაარღვიეს. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც, წესით, რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე როგორც ზღვიდან, ასევე ჰაერიდან და ხმელეთიდან.

აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა. მძიმე შეიარაღების გარეშე დარჩენილმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა სოხუმის დაცვა მხოლოდ 11 დღე შეძლეს. 27 სექტემბერს დილის 9 საათზე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჟიული შარტავამ ტრადიციული თათბირი ჩაატარა, თანამშრომლებს დავალებები მისცა და მუშაობას შეუდგა. თუმცა, 12 საათზე მოწინააღმდეგემ მთავრობის სახლის იერიში დაიწყო.

რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ, სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია, მამია ალასანია, რაულ ეშბა და მინისტრთა საბჭოს 30-მდე თანამშრომელი, რომლებიც სეპარატისტებმა დახვრიტეს. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, 29 სექტემბერს ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

27 სექტემბერს, გვიან ღამით დატოვა სოხუმი, თავდაცვის სამინისტრის სპეცდანიშნულების ბატალიონის წევრმა, მაიორმა, მაიზერ გელოვანმა, რომელიც for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სოხუმის აღებაში ძირითადი როლი ბაგრამიანის ბატალიონმა შეასრულა.

თქვენ როგორ გაიხსენებდით 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს?

მაიზერ გელოვანი: 27 სექტემბერს ბოტანიკური ბაღის მიმადებარე ტერიტორიასთან ვიყავით გამაგრებული. ჩვენ ბატალიონში 160 კაცი ირიცხებოდა, ჩვენი ბიჭების უდიდესი ნაწილი გაგრის დაცემის დღეს დაიღუპნენ, ბევრი ტყვედ ჩავარდა. 27 სექტემბერს, დღის 3 საათამდე მიდოდა ბრძოლები, უკვე გაფანტული იყო ჩვენი ჯარი. არტილერია გვბომბავდა,ზღვიდან, ჰაერიდან, ხმელეთიდან ყველა მხრიდან იყო შეტევა დაწყებული. ასევე, ტყიდან შემოსული იყვნენ დაქირავებული მებრძოლები - რუსები, ჩრდილოეთ კავკასიელები, ნაკლებად - აფხაზები. ძირითადად, წინა ხაზზე სომხები და კერძოდ ბაგრამიანის ბატალიონი მოდიოდა. სოხუმის აღებაში ძირითადი როლი ბაგრამიანის ბატალიონმა შეასრულა.

27 სექტემებერს გაფანტული იყო ქართული შეიარაღებული ძალები, ყველა მხრიდან დაიწყო შეტევა სოხუმზე, ამის მიუხედავად ფიქრობდით, რომ სოხუმი დაეცემოდა?

- არა, ჩვენ არც გაგრის დაცემას ველოდებოდით, მაგრამ მოხდა ისე, რომ მაშინდელი მთავარსარდლის და სამშობლოს მოღალატის, შევარდნაძის ბრძანებით მძიმე შეიარაღება, არტილერია და სატანკო ნაწილები გაყვანილი იქნა აფხაზეთიდან. ავტომატებისა და ტყვიამფრქვევების ამარა ვიყავით დარჩენილი. ფაქტიურად შიშველი ხელებით ვიბრძოდით, ამან განაპირობა 27 სექტემბერი. მძიმე შეიარაღების არსებობის შემთხვევაში ჩვენ შევძლებდით პოზიციების შენარჩუნებას, შეიძლება ბოლომდე ვერ გავმკლავებოდით, რადგან უკვე რუსეთის რეგულარი ჯარი ჩაერთო ომში, მაგრამ ასე ადრე არ მოხდებოდა სოხუმის დაცემა.

რა ვითარებაში დაეცა სოხუმი, რა ხდებოდა 27 სექტემბერს?

- სამწუხაროდ, არ იყო ერთობლივი მართვა. ყველა ქვედანაყოფს თავისი მეთაური ჰყავდა, ყველა ქვედნაყოფი თავისით მოქმედებდა. არ იყო ერთიანი შტაბი და შტაბიდან არ იმართებოდა ბრძოლები. არ იყო გეგმა, ოპერატიული ინფორმაციები, რადგან ბრძოლას სჭირდება ვითარების განსაზღვრა, ოპერატიული ინფორმაცია, დაგეგმარება და ამის მიხედვით მოქმედება.

იქნებ იმიტომ, რომ ეს იყო წინასწარ გაყიდული ომი?

- ჩვენს მთავრობას არ უნდოდა ომის მოგება, სწორედ იმიტომ გამოიყვანეს აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკა და არტილერია. ასე მოხდა გაგრაშიც, შეამცირეს ქვედანაყოფები, მხოლოდ რამდენიმე ბატალიონი შეგვატოვეს მტერს პირისპირ. 1-ელ ოქტომბერს სასწავლო პროცესი განახლდა, ქალაქში მოძრაობა აღდგა, მეორე დღეს, 2 ოქტომბერს კი, გაგრა დაეცა. ასეთი მოღალატეობრივი პოლიტიკა იყო მაშინ. აფხაზეთის ომს წინ უძღოდა სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, მაშინ არ იყო ერთიანი საქართველო. მეომრების ნაწილი სამეგრელოში იდგა, არ შემოდიოდნენ აფხაზეთში. რამდენჯერაც შემოვიდნენ, იმდენჯერვე უკნიდან შევიდა „მხედრიონი“ და ვიცით რაც მოხდა.

თქვენი ქვედანაყოფი ვისგან ღებულობდა დავალებას 27 სექტემბერს, თუ თავად მეომრები ღებულობდით გადაწყვეტილებას?

- დავალება შტაბიდან მოდიოდა, მაგრამ ერთი დავალება რომ მოვიდოდა, უცბად იცვლებოდა და უკვე მეორე დავალება მოდიოდა. პოზიციების მიმართულებით წინ წავიწევდით, მერე ისევ უკან გამოვდიოდით, უმართავი სიტუაცია იყო, ვერ გაიგებდი ვინ სად იდგა და რატომ იდგა, პოზიციებს ტოვებდნენ.

იმ დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან გქონდათ კონტაქტი?

- არა, 27 სექტემბერს არავინ არ გვინახია სოხუმში. ჩემი პოზიციიდან ვიტყვი, ჩვენი ბატალიონი განლაგებული იყო გაგრაში, გუმისთის ერთ მხარეს რუსები იყვნენ, მეორე მხარეს ქართველები, ფაქტიურად აფხაზები შუაში იყვნენ მოქცეულები, მაშინ იმ ტერიტორიის აღებას უნდოდა ერთი დღე, ჩავდგებოდით ლესელიძეზე, შევძლებდით საზღვრის გაკონტროლებას და ფაქტიურად ვერ შემოვიდოდნენ დაქირავებული მებრძოლები.

მოგეხსენებათ, რომ მაშინ არ კონტროლდებოდა შემოსასვლელ-გასასვლელი, შემოდიოდა სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება, ეს ინფორმაცია მიდოდა შტაბში, მაგრამ ყურადღება არ ექცოდა და განსაკუთრებით ეს ხდებოდა სოხუმში. ინფორმატორს ეუბნებოდნენ, რომ ნუ პანიკიორობო, არ იყო რეაგირება და შედეგად მივიღეთ ის, რომ აიღეს სოხუმი.

სამწუხარო ის არის, რომ შეფასება არ მიეცა აფხზეთის დაკარგვას, რა თქმა უნდა, დროებით და იმედი მაქვს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს და ცხინვალს. მაშინ მთავრობა პატრიოტებით რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული, არათუ აფხაზეთის დაცემა, არამედ ომიც არ დაიწყებოდა აფხაზეთში. გაგრა რომ დაეცა, აი მაშინ დაეცა აფხაზეთი. მართალია, იყო პოზიციური ბრძოლები, მაგრამ თვითდინებაზე იყო მიშვებული სიტუაცია.

შევარდნაძე თავის წიგნში წერს, რომ არ ელოდა თუ 27 ივლისის ხელშეკრულება დაირღვეოდა...

- ერთხელ არ ელოდა, მეორედ, მესამედ და რამდენჯერ არ ელოდა? ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა შეიარაღებული ძალების გაერთიანება და ერთიანი საქართველო რომ ვყოფილიყავით, აფხაზეთს არ დავკარგავდით, მაგრამ მაშინ გახლეჩილები ვიყავით ზვიადისტებად და შევარდნაძისტებად. ჩვენი გახლეჩვით მტერმა იხეირა.

მეომრები, რომლებიც ჯერ კიდევ სოხუმში იყავით დარჩენილი, იცოდით, რომ აფხაზებმა შეძლეს სოხუმზე კონტროლის აღება და ჟიული შარტავას ტყვედ აყვანა?

- არა. ისეთი ვითარება იყო, ვერაფერს ვერ იგებდი. ორი ადამიანი გარბოდა, როცა ვკითხეთ რა ხდებოდა, გვითხრა, რომ სოხუმი დაეცაო. სიმართლე გითხრათ ჩვენ არ დავუჯერეთ, იმიტომ, რომ პოზიციაზე ვიყავით, მაგრამ უკვე ვხედავდით, რომ ქალაქი ყველა მხრიდან იბომბებოდა. საშინელი ქაოსი იყო ქალაქში. სოხუმი უკვე აღებულიყო და ჩვენ, მეომრებს ინფორმაცია არ გვქონდა. შემდეგ უკვე გადავინაცვლეთ ოჩამჩირეში, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მივიღეთ ბრძანება, რომ დავბრუნებულიყავით თბილისში.

რაც შეეხება ჟიული შარტავას, ძლიერი პიროვნება იყო. შარტავა იყო ლიდერი, მან იგრძნო, რომ ყველამ დატოვა და უღალატეს. რატომ არ დარჩა ედუარდ შევარდნაძე, ან სხვები და რატომ დარჩა შარტავა? იმიტომ, რომ განწირული იყო, გაწირეს. მოგეხსენებათ, შევარდნაძეს არ მოსწონდა ძლიერი პიროვნებები და ასეთი მეთოდებით იშორებდა. გაიხსენთ ვინ დაესხა თავს გენერალ გია ყარყარაშვილს მოსკოვში. შევარდნაძისთვის საშიში იყო, ძლიერი, პატრიოტი და ღირსეული ადამიანი. ერთ-ერთი ასეთი ძლიერი, ღირსეული და პატრიოტი პიროვნება იყო ჟიული შარტავა, რომელიც ჩატოვა სოხუმში.

ყველა ომს აქვს თავისი ისტორია და მოგონებები, შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი ფაქტი, რომელიც ქართველისა და აფხაზის ურთიერთობას ასახავს?

- იყო ასეთი შემთხვევა, მოწინააღმდეგის პოზიციიდან გამოვიდა აფხაზი და დაგვიძახა, ერთ-ერთი ჩამოდითო. მე და ერთი თანამებრძოლი ჩავედით, ამ აფხაზმა არაყი გამოიტანა და ერთად დავლიეთ მშვიდობის სადღეგრძელო. დაახლოებით ნახევარი საათი ვისაუბრეთ, ამ ბიჭებმა პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ რა გვაქვს ერთმანეთთან საბრძოლო, რამდენი ხანია ამ თხრილიდან ვერ გამოვედით, ახლაგაზრდები ვართ, განვითარება, განათლება და წინსვლა გვინდაო.

იცით, ისტორია არ იცნობს ფაქტს, ომის დროს დაკარგული, მშვიდობით დაბრუნებულიყოს. უნდა მოვძლიერდეთ ეკონომიურად, უნდა გავაძლიეროთ ჯარი, სახელმწიფო უნდა გახდეს ძლიერი, რომ ოსებს და აფხაზებს მოუნდეთ ამ ძლიერ საქართველოში ცხოვრება. უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ. აუცილებლად უნდა აღდგეს ხალხთა შორის ურთიერთობა.