მორიგი დარტყმა რესპუბლიკელებისგან და მანანა კობახიძის გულდამშვიდება, რომ რესპუბლიკელებს კოალიციაში ყოფნის დროსაც მათთვის სერიოზული დარტყმები მიუყენებიათ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს, სადაც ადრესატებს ატყობინებს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა.
წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები მმართველი გუნდიდან. ზაქარია ქუცნაშვილი თვლის, რომ უსუფაშვილის წერილის დედაზრი არცთუ მომგებიანია, რადგან, არც მეტი, არც ნაკლები, პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ორპარტიულ კოალიციას სთავაზობს, რაზეც უარს იმსახურებს.
სრულებით განსხვავებულია თავად „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის ხედვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გასაჯაროებული წერილის თაობაზე. ლევან ბერძენიშვილი ასკვნის, რომ ამ წერილით ირკვევა, კოალიციის ერთ-ერთი წევრი დავით უსუფაშვილი რაოდენ მეტად ზრუნავს კოალიციასა და ქვეყანაზე, ვიდრე საკუთარ პარტიაზე.
რეალურად, რა იყო უსუფაშვილის მიერ ეპისტოლარული ჟანრის გამომზიურების დედაზრი? ამის შესახებ For.ge ექსპერტ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
უსუფაშვილი „ამის მოთმენას აღარ აპირებს! საზოგადოება იმსახურებს, სიმართლე იცოდეს“. სწორედ ამ სიტყვებით ეპაექრება დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს. არის კი ეს ის სიმართლე, რასაც საზოგადოება ივანიშვილ-უსუფაშვილის დაპირიპირების ფინალში ელოდა?
- დავით უსუფაშვილზე, როგორც მხოლოდ პოლიტიკოსზე, მსჯელობა შეუძლებელია. ის სერიოზული მოღვაწეა. დაახლოებით 20-30 წელია ვადევნებ თვალს მის საქმიანობას და ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, პოლიტიკური ხედვით პრობლემებთან და სიტუაციასთან მიმართებით. ამიტომაც ლოგიკურად მივიჩნიე, როდესაც ის გახდა წინა პარლამენტის სპიკერი. თავისთავად ცხადია, რომ პოლიტიკოსები არჩევნების კონტექსტში ფერისცვალებას განიცდიან ხოლმე და ტრანსფორმირდებიან, რაც მიზნის მისაღწევი საუკეთესო გზის ძიებიდან გამომდინარეობს. ამ შემთხვევაში, ამ წერილის გამოქვეყნება საუკეთესო ნაბიჯი არ მგონია არც უსუფაშვილისთვის, არც „რესპუბლიკური პარტიისთვის“, რადგან ეპისტოლარული ჟანრი ივანიშვილსა და მისი გუნდის წევრებს (და ამ გუნდში მოიაზრებოდა უსუფაშვილიც) არ სჭირდებოდათ და არც სჭირდებათ. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაიწერა ეს წერილი, რა ოფიციალური სტატუსი ჰქონდა წერილის დაწერის დროს ივანიშვილს, რა მიზანს ისახავდა უსუფაშვილის იმდროინდელი შეხედულებების დოკუმენტირება. მთავარი უცნაურობა მდგომარეობს პოლიტიკური მართლწერის ლოგიკაში.
არ შეიძლება, ოთხი წელი მთავრობის, კოალიციის ურყევი წევრი იყო და ასეთ წერილებს აქვეყნებდე. რაც შეეხება ივანიშვილს, ის გახლავთ ყველაზე გავლენიანი პირი, შეიძლება ითქვას, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსიც კი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, რეალურად ის პოლიტიკიდან არ წასულა თავისი საქმიანობით, განცხადებებით, ხედვებით და, ბოლოს და ბოლოს, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ხასიათით. ივანიშვილი ჩემთვის დღესაც პოლიტიკაშია და ამას ეჭვქვეშ არ ვაყენებ. რახან ქართველი ხალხი ამის წინააღმდეგი არ არის, ვერც მიუღებელს ვხედავ ამაში ვერაფერს. თუმცა მიმაჩნია, არაფორმალური მმართველობის ნიშნები საუკეთესო გამოსავალი არ არის და უკეთესი იქნება, კულუარული ხმები გამართლდეს და არჩევნების შემდეგ ივანიშვილი რეალურადაც წავიდეს პოლიტიკიდან, ხელისუფლებიდან და ეს საქმე მათ მიანდოს, ვისაც ხალხი აირჩევს. აქედან გამომდინარე, დავით უსუფაშვილის მხრიდან ურთიერთობის ასეთი სტილი ჩემთვის უცნაურია.
რატომღაც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ დევიზად აქცია ყოფილი პარტიების, „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის მძაფრი კრიტიკა. ამ ორი მხარიდან ვინ, სად და რა შეცდომა დაუშვა, ეს ცალკე განხილვის საგანია. ამის დროც დადგება და პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები იმსჯელებენ ამის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში განებივრებულნი არ ვართ მსოფლმხედველობის, პლატფორმის, სტრუქტურიზებული ორგანიზმის მქონე, გამოწრთობილი პარტიების არსებობით. რასაც შეიძლება პარტია ვუწოდოთ საქართველოში, ასეთი სულ რამდენიმეა. ერთი მხრივ, ამას განაპირობებს ადამიანური რესურსის სიმწირე, მეორე მხრივ, ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები.
ადამიანები პოლიტიკაში რომ წავიდნენ, ოჯახები და საკუთარი თავი შიმშილისთვის უნდა გაწირონ, თუკი არჩევნებიდან არჩევნებამდე პაუზის პერიოდში საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ფონდები არ შეივრდომებენ და არ დაუფინანსებენ სახელდახელოდ ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ მისცემენ სერიოზულ ხელფასებს. ამის შემდეგ ეს ადამიანები ისევ პარტიაში ბრუნდებიან, ან პარალელურ რეჟიმში, პარტიაშიც არიან და არასამთავრობოებშიც. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკური მოღვაწეობისთვის საქართველოში არანაირი პირობები არ არის და პარტიები უკიდურეს შეჭირვებაში არიან. კვალიფიციური სუბიექტებისთვის ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავლები აშკარად არასაკმარისია რეგიონალური ორგანიზაციების, ოფისების დასაქირავებლად, პარტიული აქტივის ხელფასებისთვის. ამიტომ ყველა, ვინც პერსპექტივაში ნიჭიერი პოლიტიკოსია, პოლიტიკურ კარიერას არ იკეთებს. ამიტომაც ხშირად ვართ დროებითი მოღვაწეებისა და პოპულისტების ანაბარა, რომლებიც პარალელური საქმიანობით შოულობენ ლუკმა-პურს.
მართალია, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს თავისი პრინციპები, ის თანმიმდევრულია ამ პრინციპების გატარებაში, მაგრამ ამ პარტიას არ აქვს მაღალი რეიტინგი, არც არასდროს გამოირჩეოდა დიდი რეიტინგით, თუმცა მოქნილი მანევრებით ხშირად ახერხებდა ხელისუფლებაში (მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში) ყოფნას. ამიტომ უსუფაშვილის ეს ტაქტიკა მიკვირს, არ მომწონს და ვფიქრობ, უკეთესი ტაქტიკის შერჩევა შეეძლოთ ისეთ პროფესიონალ პოლიტიკოსებს, როგორებიც არიან „რესპუბლიკურ პარტიაში“, რადგან მათ, ბოლოს და ბოლოს, პრინციპების ერთგულებასთან ერთად, უნდა ისწავლონ ხალხის გულის მოგებაც, ხალხის ინტერესების სამსახურიც და გარკვეული რეიტინგის მიღწევაც არჩევნებიდან არჩევნებამდე. ასე რომ, ამ პინგ-პონგს მე არშემდგარ პინგ-პონგს დავარქმევდი. ახლა პინგ-პონგების დრო ქართულ პოლიტიკაში არ არის, იმდენად რთულია ვითარებაა ქვეყანაში და მის გარშემო, რომ პოლიტიკოსებს პინგ-პონგებისთვის არ უნდა ეცალოთ. მაინტერესებს, ხომ არ არის ეს არსებითი პრობლემებიდან დაძაბულ საუბრებსა და სკანდალებზე ყურადღების გადატანის მცდელობა?!
თქვენ პინგ-პონგი ახსენეთ, მაგრამ დავით უსუფაშვილს არ ხიბლავს ცალ კარში თამაში. ამიტომაც გადაწყვიტა, გაასაჯაროოს მიმოწერები და ეს, ალბათ, ამ მიმოწერების დასაწყისია. ამის პარალელურად, მანანა კობახიძე თვლის, ყველამ რომ „მეილების“ გასაჯაროება დაიწყოს, საეჭვოა, ქვეყნის ინტერესს წაადგეს.
- რაც შეეხება ქვეყნის ბედს, ქვეყანასთან დაკავშირებულ საკითხებს, პოლიტიკას, აქ პარტიებისა და გავლენიანი ფიგურების ურთიერთობაში არ შეიძლება იყოს რაიმე დაფარული. ადრე გამოვთქვი რამდენიმე შენიშვნა, არის ქვეყნები, სადაც პრემიერ-მინისტრის დღის წესრიგი ყოველდღიურად ქვეყნდება და გაწერილია, ვის ხვდება, რაზე საუბრობენ, ყველა შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას. ასეთი სინამდვილისგან შორს ვართ და არ მოვითხოვ ასეთი დახვეწილი დემოკრატიული გარემოს არსებობას საქართველოში, მაგრამ, თუ ვინმეს ისეთი რამ აქვს სათქმელი და არ ამბობს, ეს მიუღებელია. ეს ეხება როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე დავით უსუფაშვილს. მათი ურთიერთობის პრინციპები, თანამშრომლობაზე შეთანხმების დეტალები შესაძლოა, არ აინტერესებდეს საზოგადოებას, მაგრამ რაც ეხება პოლიტიკას, ქვეყნის მართვას, აქ უმჯობესია, სათქმელი ითქვას.
ამ წერილით დავით უსუფაშვილი ხაზს უსვამს, რომ მას ამოეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი. მართალია, უსუფაშვილი ამბობს, ბისმარკები არ ვართო, მაგრამ, ეტყობა, ბისმარკის როლშია, როცა მთელი ქვეყნის დამბალანსებლის ფუნქციას ითავსებს. არ არის ეს მტკივნეული ქვეყნისთვის, როცა მხოლოდ ერთ კაცზეა მორგებული ეს ხმამაღალი ეპითეტები-დამბალანსებელ-მომრიგებელი?
- არ არსებობს ადამიანი, რომელზეც შეიძლება დამოკიდებული იყოს ქვეყნის მომავალი, პოლიტიკური ცხოვრება. თუმცა ნებისმიერი ნიჭიერი და გონიერი პიროვნების როლი ამ პროცესში შეუფასებელია. უახლოეს წარსულში ჩვენ გვყავდა გმირები, ადამიანები, რომლებიც განასახიერებდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდელობისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას 80-90-იან წლებში. მათი ტრაგიკული აღსასრულის მიუხედავად, ცხოვრება მაინც გრძელდება და ქვეყანა იბრძვის მომავლისთვის. ჩვენ მათ გარეშე შევძელით ცხოვრების გაგრძელება. ის კი არა, სატრაპებს, მეფისნაცვლებსა და მთავარმმართებლებს გვინიშნავდნენ და იმ პირობებშიც ვაგრძელებდით ცხოვრებას. განუზომელია ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მაგრამ ის არ აღემატება ერთი პატრიოტისა და შეძლებული კაცის როლს, რომელსაც ჩვენ ვერ შევაფასებთ, მას ისტორია შეაფასებს. მნიშვნელოვანია დავით უსუფაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, ის გონიერი პოლიტიკოსია, მაგრამ არც მას შეუძლია განსაზღვრავდეს ქვეყნის ბედსა და მომავალს. ყველანი ერთად, ქართველები და საქართველოს ხალხი, ვართ ამ ქვეყნის ბედის გამგებლები. ეს კინკლაობები ჩვენი პოლიტიკური კულტურის გამოხატულებაა, თუ რას მივაღწიეთ ჩვენი ისტორიული წარსულითა და დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში. ამდენი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპს ხშირად ვარღვევდით. ყველა არჩევნები, გარკვეულწილად, გაყალბებული ან კორექტირებული მაინც იყო, რადგან, როდესაც დამოუკიდებლობამოპოვებულმა ერმა დაპირისპირებები დაიწყო, თუნდაც გარე ძალების წაქეზებით, თუნდაც შიდა ძალების აქტიურობით, ჩვენმა საზოგადოებამ ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ქართველი ხალხისთვის არჩევანი ქვეყნის შიგნითა და გარეთ გავლენიან ძალებს შეეთავაზებინათ.
2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული, დადგა დრო, რომ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს. ამ თვალსაზრისით, თამარ ჟვანიას ინიციატივა ძალიან მომწონს, რომ არჩევნების შედეგების შეჯამებას ღია ეთერში ვიხილავთ. გარკვეული თვალსაზრისით, ეს ჩემს ეჭვებს ცვლის (თუმცა მთლიანად არა), რომ დადგა დრო, ქართველი ხალხის არჩევანს აბსოლუტურად ვენდოთ. ამაზე თანახმანი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენი მტრები და მოყვრები? როგორც ჩანს, სერიოზული გამოცდის წინაშე ვდგავართ, რომ ისეთი არჩევანი გააკეთოს ქართველმა ხალხმა, სანანებლად არ გაუხდეს არჩევანი. სხვა ქვეყნების რეალობას დავაკვირდეთ, სად რა პრობლემა შექმნილა არასწორი არჩევანისა და საზოგადოების ბრბოსკენ წაყვანის გამო? სადაც ადამიანი არჩევანს აკეთებს კოლექტიური ხმის მიცემით? ეს ხომ არ მოხდება? როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში არჩევანი ხალხისთვის შეთავაზებულია სწორად, არჩევნები არის კონკურენტუნარიანი და წინსართ „პრო“-ს მიმართ შიში არ გვაქვს. ვგულისხმობ პრორუსული ან პროდასავლური ძალების გამარჯვებას. არადა, გვახსოვს დრო, როცა პროდასავლურად წოდებულმა და უფრორე პრორუსულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასავლეთის ნდობა ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად გამოიყენა, ხოლო შევარდნაძემ კორუფციის ჩიხში შეიყვანა ქვეყანა. ახლა, ეტყობა, ამისგან გავთავისუფლდით და თავისუფალ არჩევანს ვბედავთ. სხვათა შორის, ჩვენს ახლო და შორეულ სამეზობლოში ამას ბევრი ქვეყანა ვერ ბედავს. არ ვგულისხმობ ევროკავშირის ქვეყნებს. ნახეთ, საარჩევნო კამპანიის დროს რამდენი ზეწოლაა ხალხზე, რამდენი აპელირებს სიდუხჭირეზე იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, რუსეთთან გარდაუვალი ურთიერთობის მოწესრიგება გაასაღონ პრორუსულად, ხოლო, მეორე მხრივ, რეალურად პრორუსული ძალები ამ სიდუხჭირეს ამოეფარონ და ისტორიულ არჩევანზე მოსახლეობას უარი ათქმევინონ. ამას ემატება დასავლეთიდან მოჭარბებული მცდელობები, რომ უცხო თარგზე გამოჭრან ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება.
სხვათა შორის, ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილის საყურადღებო, სენსაციური და სკანდალური განცხადება გავრცელდა არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით. ათი წელია, მეც ვაყენებ ამ საკითხს, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, რათა გავერკვიო, რა არის სამოქალაქო სექტორი?! როდესაც „რუსთავი-2“ ან სხვა ტელევიზიები ამბობენ, „სამოქალაქო სექტორის აზრით, ეს პრობლემაა“, მაინტერესებს, ვის გულისხმობენ? გარკვეული ფონდების მიერ კარგად დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც მათი გავლენის გაფართოების მაჩვენებელია, თუ ობიექტურ არასამთავრობოებს, რომელთაც დაფინანსება, როგორც წესი, ხშირად არ აქვთ ხოლმე და ენთუზიამზე აკეთებენ დიდი მოცულობის საქმეს?! სჯობს, ამაზე იმსჯელონ და იკამათონ პოლიტიკოსებმა, რადგან სამოქალაქო სექტორში ათასობით ორგანიზაციაა.
ანუ უნდა გაიშიფრონ ე.წ. პაგონებიანი არასამთავრობოები?
- არ უნდა გაიშიფრონ, უნდა გაანალიზდეს, რას წარმოადგენს დღეს სამოქალაქო სექტორი, რომლის არსებობის გარეშეც შეუძლებელია ცივილიზებული და ეროვნული ახალი დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირება. ამ დროს რაზეა საუბარი? მე ის ვუთხარი, იმან ეს მითხრა. რატომ იმ წამსვე არ გასაჯაროვდა ასეთი წერილები? ჩვენთან ხომ კულუარული მოლაპარაკებები პოლიტიკაში მიუღებელია? ჩვენ ხომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ?
ალბათ, იმიტომ არ გასაჯაროვდა, რომ რესპუბლიკელები ფიქრობენ - „რამდენჯერაც შეგვაგინებს ბიძინა ივანიშვილი, იმდენ ახალ ხმებს მოგვიტანს“. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი. საუბარია წინასაარჩევნო პერიოდზე.
- არ ვიცი, ვის უფრო აძლევს ხელს ეს კრიტიკა. იქნებ, რესპუბლიკელებისთვის ივანიშვილის მკვეთრი განცხადებები ხმების მომტანი იყოს?! რაშიც ეჭვი მეპარება. იქნებ, ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იყოს ხმების მომტანი, რომ მათ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები აკრიტიკებენ?! ეს კიდევ საკითხავია და აქ მსაჯული უნდა იყოს ხალხი. ვინ ვის უჭერს მხარს ამ პოლემიკაში, ამას 8 ოქტომბერს ვნახავთ. იმასაც ვნახავთ, რა ღირს რეალურად ამდენი ძალა და ენერგია, რასაც ნაციონალები ხარჯავენ მომავალ არჩევნებში წარმატების მისაღწევად? იმასაც დავინახავთ, დაუჯერა თუ არა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ და სათანადოდ დააფასა თუ არა მისი გაკეთებული? მთავარია, ხალხის არჩევანი სწორად დაფიქსირდეს და არ გაყალბდეს, ხალხმაც პასუხი აგოს თავისი არჩევანისათვის.
დღეს სირიის ხალხი თავისი წარსულისთვის, თავისი ხელისუფლებების შეცდომებისა და თავისი წინა ცხოვრებისთვის ისჯება. საოცარი ნგრევაა ამ ქვეყნაში. იგივე შემიძლია ვთქვა იემენზე. თქვენ გახსოვთ კომუნისტური იემენი, საბჭოთა კავშირის სატელიტი, და დღეს იემენის დავიწყებული ომი, სადაც უამრავი ადამიანი იღუპება. ესეც იემენის ხალხის წარსულის არასწორი ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების შედეგია. საბოლოო ჯამში, ხალხი ისჯება მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამიტომ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება. ხოლო, როცა გონივრული გადაწყვეტილება არ არის და მოვლენები ისე არ ვითარდება, როცა დემოკრატიის ანბანის თანახმად, მარტივი, მშვიდობიანი გზით არ დასტურდება შედეგები, მაშინ ადამიანებმა მკვეთრი პროტესტი უნდა გამოთქვან. აქედან გამომდინარე, თითოეულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი არა ისე, რომ მე ველოდი ქვეყნის აყვავებას ოთხ წელიწადში, რაც არსად არ მომხდარა, არა ისე, რომ მე მინდა ისევ ძველი რეჟიმი დაბრუნდეს, სადაც ერთ საპყრობილედ იყო ქცეული საქართველო, სადაც 300 ათასი პრობაციონერი და 28 ათასი პატიმარი იყო და საშინელი ამბავი ხდებოდა. ასე რომ, ჩვენს თანამემამულეებზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება საქართველო. 8 ოქტომბერი უკვე მოვიდა.