„დათა ახალაია მეუბნებოდა, სანდრო გირგვლიანის საფლავი უნდა ავაფეთქო, ამოვიღო სასახლე და მივუგდო ბადრი პატარკაციშვილსო“, - ასეთი ჩვენება მისცა სასამართლოს კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, საქმეზე ერთ-ერთმა ყოფილმა მსაჯვრდებულმა, მიხეილ ბიბილურიძემ, რომლის განცხადებით, კუდ-ის მაღალჩიონსნების მიერ ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე გაჩუმების სანაცვლოდ დათა ახალაია მიხეილ ბიბილურიძეს და გერონტი ალანიას თანხას უგზავნიდა.
როგორც მიხეილ ბიბილურიძემ აღნიშნა, ახალაიას მიერ შეგზავნილმა თანხამ საერთო ჯამში დაახლოებით 100 ათასი დოლარი შეადგინა. ამბობს, რომ მნახველების შესვლა შეზღუდული არ იყო. თუმცა, 4-თვენახევარის განმავლობაში დათა ახალაია მხოლოდ ერთხელ მივიდა მათთან. რაც შეეხება ოქროყანაში განვითარებულ მოვლენებს, ბიბილურიძე ამბობს, რომ ისინი გია ალანიას სატელეფონო ზარის შემდეგ გაემგზავრნენ მთაწმინდისკენ.
„მივედით ოქროყანის სასაფლაოსთან. ადგილზე დავინახეთ, რომ დავით ქოქიაშვილს ერთ-ერთი პირი ძირს ჰყავდა დაგდებული. პირით ზევით დაწვენილი იყო. ქოქიაშვილი თავთან იყო და ზედ ფეხი ედგა. დავალებებს პირადად დათა ახალაიასგან ვიღებდი. მე და სამმართველოს ერთ-ერთ თანამშრომელს ავთანდილ აფციაურს, ლევან ბუხაიძე გვებარა, დავით ქოქიაშვილს და რამდენიმე სამართალდამცავს კი სანდრო გირგვლიანი.
ბუხაიძეს და გირგვლიანს ერთმანეთთან რამდენიმე ათეული მეტრი აშორებდათ. გასროლის ხმა გავიგეთ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ქოქიაშვილს გაუვარდა იარაღი. მერე ისმოდა გაურკვეველი ხმები. შემდეგ ჩამოვიდა და თქვა, რომ გაიქცა ის ნაბიჭვარიო. ჩვენ მეორე დილას საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგეთ ოქროყანაში მომხდარის შესახებ“, - ამბობს მიხეილ ბიბლურიძე.
მისივე თქმით, დეტალების გასარკვევად ალანიას დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ მათ მიერ დაკავებული პიროვნება გაქცევისას ხევში გადავარდა და გაიყინა. როგორც მოწმე ამბობს, მოგვიანებით გაიგო, რომ დათა ახალიას და ერთ-ერთ პიროვნებას შორის რესტორანში უთანხმოება მოხდა. მას გია ალანიამ უთხრა, რომ ახალაიამ სთხოვა ამ პიროვნებისთვის ჭკუა ესწავლებინათ. როგორც ბიბილურიძე აცხადებს, მომხდარის შემდეგ ის და ალანია მოდულის შენობაში დათა ახალაიას შეხვდნენ, სადაც ახალაიამ მათ განუცხადა, რომ ციხეში უნდა ჩამჯდარიყვნენ და რამდენიმე თვეში შეიწყალებდნენ.
„დათა ახალაიას გარდა, ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილსაც შევხვდით. დათამ მითხრა, მინისტრი უნდა გავხდე, ეს ყველაფერი რომ გამოვიდეს, თქვენი ციხეში წასვლაა საჭიროო. დავდექით ჩვეულებრივ, წინ ოპერატორი დაგვიდგა კამერით, იქ იდგნენ სპეცრაზმის ბიჭები, ხელბორკილები დავიდეთ, ჩვენ თვითონ, ფორმალურად. კარები გაიღო, ბიჭებმა ხელი გადამხვიეს სახეზე რომ არ გამოვჩენილიყავი და წავედით პროკურატურაში, სადაც დაგვაკავეს“, - განაცხადა მიხეილ ბიბილურიძემ.
ბიბილურიძემ სასამართლოზე ასევე გაიხსენა დათა ახალაიას რეაქცია ტელეკომპანია „იმედში“ სანრდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე.
„ეს სიუჟეტები გადიოდა, „დროებაში“. ჩვენი მანქანა პატარკაციშვილის კამერამ რომ დააფიქსირა, შეხვედრაზე დათა ახალაია მეუბნება, რომ გირგვლიანის საფლავი უნდა ავაფეთქოო, აღარ და აღარ მთავრდება სიუჟეტები ყოველდღე გადისო. საფლავი უნდა ავაფეთქო, ამოვიყვანო სასახლე და უნდა მივუგდო პატარკაციშვილსო. იგივე ელის მერე პატარკაციშვილსაცო“, - აღნიშნა სასამართლო დაკითხვაზე მიხეილ ბიბილურიძემ.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. ექსპრეზიდენტი ბრალდებულია გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვაში, გამოძიების გაყალბებაში, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარებასა და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში.
გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას მიმართ. რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ ბრალდებულს, დათა ახალაიას, მის წინააღმდეგ საბრალდებო საქმე სასამართლო წარმოებაშია.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვია, რომელმაც გამოძებას ჩვენება მისცა დათა ახალიას და თაკო საალაყაიას წინააღმდეგ და სწორედ, მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე გამოიკვეთა სალაყაიას ბრალეულობა.
მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ დადგება თუ არა მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე თაკო სალაყაიას პასუხისმგებლობის საკითი, თუმცა ამბობენ, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ პროცესში გაირკვევა, ვის მიმართ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.
როგორც ცნობილია, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე და კერძოდ, ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით სკანდალური ჩვენება მისცა სასამართლოს შსს-ს ყოფილმა მაღალჩიონსანმა ოლეგ მელნიკოვმა, რომელიც გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის. მელინიკოვი აცხადებს, რომ მან ხელი მოაწერა ჩვენებას, რომელიც დათა ახალაიამ დაწერა.
„გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია ჯერ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს შეხვდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. მათ შეიმუშავეს გეგმა და დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში არსებული პროტესტი ჩაეხშოთ შსს-ს 4 თანამშრომლის დაკავებით. ამაზე თანხმობა არსებობდა როგორც ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილისგან.
შეთანხმების მიხედვით დაკავებიდან მალე, მათ გაათავისუფლებდნენ. დათა ახალაიას თხოვნით ხელი მოვაწერე მის დაწერილ ჩვენებას, დათა დამპირდა, რომ სასამართლოში აღნიშნულ ჩვენებას დაადასტურებდა“, - აღნიშნა ოლეგ მელნიკოვმა, რომლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ხელფასი ყოველთვიურად ერიცხებოდა.
მელნიკოვის გარდა, პროკურატურის მოწმეები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი მერაბ ბაღათურია, რომელმაც საქმე მესამე დღეს გახსნა. მისი თქმით, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ადგილზე, გარდა კუდ-ის დაკავებული თანამშრომლებისა, უნდა ყოფილიყვნენ ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია. გარკვეული გეგმაც ჰქონდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა მათი დაკავება, თუმცა შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, საქმე სასწრაფოდ ჩაოართვეს და ქალაქის პროკურატურას გადაეცა.
„სხვადასხვა საშუალებებით დავადგინეთ რა მოხდა „შარდენ-ბარში“. დავადგინეთ სუფრის წევრების ურთიერთკავშირი გირგვლიანის და ბუხაიძის გამტაცებლებთან. ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებით შესაძლებელი გახადა დანაშაული არ დამალულიყო. რაც შეეხება ახალიას და სხვების მონაწილეობას, მათ დაკითხვაზე და სხვა სახის ღონისძიების გატარებაზე კონტროლი დაწესებული ჰქონდა უშუალოდ შსს-ს ხელმძღვანელობას და პროკურატურას.
საშუალება რომ მომცემოდა სუფრის წევრებს დავაკავებდი, რადგან მქონდა ოპერატიული გეგმაც. როდესაც უკვე გახმაურდა ეს საქმე, პიკი იყო ის, რომ დამევალა შევხვედროდი ქალბატონ ირინე ენუქიძეს. შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა ირინემ საჯაროდ განაცხადა, რომ ერთადერთი ადამაინი, ვისაც ვენდობი, ბაღათურია არისო. ამ განცხადებამ სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია უკვე ხელმძღვანელობასთან. ამის შემდეგ ხდება ისე, რომ საქმე წაიღო ქალაქის პროკურატურამ“, - აცხადებს მერაბ ბაღათურია.
კითხვაზე, მთავარი, რის გამოც ეს საქმე გადაეცა პროკურატურას, იყო თუ არა თაკო სალაყაიას ფაქტორი და ცდილობდა თუ არა მერაბიშვილი, რომ ამ დანაშაულში მისი მეუღლის კვალი წაშლილიყო, ბაღათურია ამბობს, რომ პროკურატურას მიეცა საშუალება ამ საქმის დეტალები და მონაწილე პირები არ გამოჩენილიყვნენ.
„სასწრაფოდ ჩამოგავცილეს იმიტომ, რომ სხვანაირად დასრულებულიყო გამოძიება. ეს დანაშაული მესამე დღესვე გახსნილი იქნა თბილისის პოლიციის მიერ, რის შემდეგაც, საქმე სასწრაფოდ ჩამოერთვა ქალაქის პოლიციის საგამოძიებოს და პროკურატურას გადაეცა. ამის შემდეგ ჩვენ არავითარი შეხება საქმესთან არ გვქონია. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, თვითონ ბუხაიძეც მალავდა ინციდენტის დეტალებს. რა მოხდა ოქროყანაში, უკვე, ეს ჩვენთვის უცნობი იყო. როგორც გითხარით, ამის გარკვევის საშუალება ჩვენ უკვე აღარ გვქონდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მერაბ ბაღათურიამ.