„პროკურორი მოვიდა და მითხრა - რა ვქნა, ვასილ სანოძე მირეკავს - 10 წელი მიუსაჯეთ თორემ დაგბრიდავო“

„პროკურორი მოვიდა და მითხრა - რა ვქნა, ვასილ სანოძე მირეკავს - 10 წელი მიუსაჯეთ თორემ დაგბრიდავო“

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გამოძიებით უტყუარად იქნა დადგენილი უდანაშაულობა, მტკიცებულებათა ფაბრიკაციისა და გაყალბების გზით, ბრალდებამ ზვიად კვარაცხელიას ე.წ. ბრალეულობა „დაასაბუთა“, მოსამართლემ მთლიანად გაიზიარა ბრალდების პოზიცია და კუდ-ის თანამშრომელს სასჯელის ვადად 3 წელი და 11 თვე განესაზღვრა, რომელიც სრულად ე.წ. კრიტში მოიხადა.

მიზეზი, რატომაც კუდ-ის თანამშრომელი სისტემისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კუდ-ის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაცია გადხა, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იქნა სამი ახალგაზრდა - მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე. როგორც ცნობილია, პროკურატურამ ამ საქმეზე დამნაშევდ ცნო კუდ-ის მაღალჩინოსნები - დათა ახალაია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი.

რა გახდა დათა ახალაიასთან დაპირისპირების მიზეზი და რას ითხოვდა მისგან ვასილ სანოძე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge კუდ-ის ყოფილ თანამშრომელს ზვიად კვარაცხელიას ესაუბრა.

თქვენ მუშაობდით კუდ-ში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავად გახდით იმ ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც ეს უწყება იყენებდა სისტემისთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ. რა მოხდა რეალურად თქვენთან დაკავშირებით?

ზვიად კვარაცხელია: ჩემი დაკავების რეალური მიზეზი დათა ახალაიასთან დაპირისპირება გახდა. მასთან ვმუშაობდი, ე.წ. ოდეერი ვიყავი, კერძოდ გარემოს დაცვის სამინისტროში, უშიშროების საკითხებში მერაბ ტყეშელაშვილის მრჩეველი ვიყავი. სწორედ მაშინ მომივიდა კონფლიქტი დათასთან და კუდ-ის სპედანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილესთან, შალვა თათუხაშვილთან.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?

- გახსოვთ ალბათ, ციხის ბუნტს წინ უძღოდა 2006 წლის 12 იანვარს სამგორის მეტროსთან სამი ახალგაზრდა ბიჭის ჩაცხრილვა. ეს სპეცოპერაცია გახდა კონფლიქტის მიზეზი. დათას ვუთხარი, ეს როგორ გააკეთე-თქო! ამით დაიწყო კონფლიქტი და ჩხუბი მოგვივიდა.

ახლო ურთიერთობა გქონდათ ახალაიასთან?

- ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა იმ არაკაცთან. როდესაც ვუთხარი ეს რატომ გააკეთე-თქო, მომიბრუნდა და მითხრა - ვერ გავიგე, ჩვენს წინააღმდეგ მოდიხარ, თუ რა ხდებაო? ვუპასუხე - უსამართლობას ვერსად ვერ ავიტან, არ შეიძლება უადანაშაულო ადამიანების ჩაცხრილვა და ასეთი უსამართლობა-თქო. ამით დაიწყო ჩვენი კონფლიქტი და დაახლოებით ერთ კვირაში, დაიწყო ის, რაც მოხდა.

დაპირისპირება მიზეზი გახდა ხმაურიანი სპეცოპერაცია, მაგრამ ამის შემდეგ როგორ განვითარდა პროცესი, თქვენ გააგრძელეთ .. ოდეერის სტატუსით მუშაობა?

- დიახ, როგორც გითხარით ვმეგობრობდი დათასთან, ძალიან ახლოს ვიყავით. სიმართლე გითხრათ, მჯეროდა „ნაციონალური მოძრაობის“, მართლა მეგონა ქვეყანას ააშენებდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ დაიწყო ისეთი უსამართლობა, რასაც საკუთარი ოჯახის წევრს არ ვპატიობ. დათამ ამითვალისწუნა, ისევე როგორც თათუხაშვილმა. მეუბნებოდნენ, რომ შენ ჩვენიანი არ ხარო.

სამსახურში არ დავდიოდი, საშინელი პროტესტი მქონდა იმისა, რაც მოხდა. დათა მირეკავდა და მეუბნებოდა, სამსახურში გამოდიო. ვუთხარი, ასეთ სამსახურში არ ვიმუშავებ-მეთქი. გავამზადე საბუთები და უკვე ერთ კვირაში ინგლისში სასწავლებლად მივდიოდი. როგორც ჩანს, ტელეფონზე მისმენდნენ და გაიგეს, რომ ქვეყნიდან მივდიოდი. შესაბამისად, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დამაკავა. ჩემს დაკავებას ვასილ სანოძე ხელმძღვანელობდა.

რა ბრალდებით დაგაკავეს?

- ნარკოტიკების მოხმარება, ეს მაშინ, როდესაც სიგარეტსაც კი არ ვეწეოდი. ეს მოხდა 2007 წლის 17 იანვარს. ვაკის პარკთან მაშინ დამაკავეს, როდესაც მეგობრის სახლიდან ვბურნდებოდი. გადამიყვანეს ნარკოლოგიურში, მაგრამ სუფთა აღმოვჩნდი.

ჩემს დაკავებას ჰყავდა თვითმხილველები, რომლებმაც წინასწარ გამოძიებაში მისცეს ჩვენება როგორ ჩამიდეს შარვლის უკანა ჯიბეში რაღაცა ნივთიერება, სასამართლოშიც იგივე გაიმეორეს.

იმდენად აშკარა იყო ჩემი უდანაშაულობა, რომ მოსამართლეც და პროკურორიც ჩემს მხარეს იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, საქმის პროკურორი მოვიდა და მითხრა, რა ვქნა ვასილ სანოძე მირეკავს, ახლაც დამირეკა და მითხრა 10 წელი მიუსაჯეთ თორემ დაგბრიდავ იცოდეო. პროკურორმა მითხრა, რომ მე 7 წელს მოვითხოვ და მერე მოსამართლე ნაკლებს მოგისჯისო. მით უმეტეს, რომ არ მქონდა აღიარება, ვასახელებდი იმ ადამიანებს, ვინც ჩამიდო ნარკოტი.

ვინ იყო ეს პროკურორი?

- ეს იყო დათო ფერაძე, რომელიც დაახლოებით ხუთჯერ იყო ჩემთან მოსული ციხეზე და მეუბნებოდა, აღიარე და ეგრევე გაგიშვებთო. მანამდე ვასილ სანოძემ მითხრა, რომ კუდ-დან ვიღაცეები ჩაუშვი და გაგიშვებთო. ამაზე, ამ სიტყვის პირადპირი მნიშვნელობით, გავგიჟდი - აზრზე თუ ხარ რას მეუბნები-თქო! არ იყო ეს ჩემი ცხოვრების წესი, როგორ უნდა ჩამეშვა თანამშრომელი, ან რატომ უნდა ჩამეშვა?!

სასამართლოდან თქვენ გადაგიყვანეს ციხეზე, .. კრიტში, სადაც მოიხადეთ სასჯელი. რატომ კრიტში?

- ეს იყო წამების ერთ-ერთი ფორმა. ხან ტუპერკულოზით დაავადებულებთან გადამიყვანეს, ხან შიდსიანებთან და ხანაც C ჰეპატიტით დაავადებულებთან. გამაწამეს, წარმოიდგინეთ, რომ გადამდები ტუპერკულიოზიანების კამერეში შეგიშვებენ, მადლობა უფალს, რომ არ გადამედო. ყველასთვის ცნობილია, რომ ე.წ. კრიტში იყო ცხოვრებისთვის შეუსაბამო და ყოვლად არაადამიანური პირობები - გაუმართავი წყალ-კანალიზაცია, ნესტი, ბაღლინჯოები და ა.შ.

ასევე ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზემოქმედებას - წამება, ცემა, შუაღამით, თითქოს შემოწმების მიზნით, ზამთრის პერიოდში, ყინვაში წელს ზემოთ გახდილებს 3-4 საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ გაუნძრევლად დგომას გვაიძულებდნენ. საჭიროების შემთხვევაში, საერთოდ უცნობ პატიმარზე სასურველი ჩვენების მიღებას ითხოვდნენ, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ იღებდნენ. ამას მოყვებოდა მრავალფეროვანი, უამრავი სასჯელი, რის შესახებაც საზოგადოებამ კარგად იცის.

ღამის საათებში შემოვიდოდნენ ბადრაგის წევრები, ვითომ „შმონი“ უნდა ჩაეტარებინათ, ამ ჩემს ტანსაცმელს საპირფარეშოში ყრიდნენ და მაწამებდნენ. რამე რომ მეკითხა, მარტო მე არ მომთხოვდნენ პასუხს, არამედ ყველა პატიმარს. ეს ხდებოდა დათა ახალაიას და ვასილ სანოძის დავალებით.

როგორც ვიცი, თქვენ მიმართეთ პროკურატურას, რა ეტაპზეა თქვენი საქმის გამოძიება?

- ველოდები, რომ საქმეს სასამართლოში გადააგზავნიან. მინდა, რომ სამართლიანმა სასამართლომ განიხილოს ჩემი საქმე, იქნებ, 25 წელი მეკუთვნოდა?! თქვენ წარმოდგინეთ, პატიმრობიდან რომ გამანთავისუფლეს, სახლში მოვიდა ჩემი მეგობარი, რომელიც სანოძესთან მუშაობდა. მითხრა - სანოძემ გამომიშვა იმის გასაგებად, რამეს ხომ არ აპირებ ისეთს, რომ მათ დაუშავოო, თუ რამე, იცოდე, რომ დიდ პრობლემებს შეგიქმნიანო. შემდეგ დამიბარა პოლიციის უფროსმა და გამაფრთხილა, არ გაინძრე თორემ დიდი პრობლემები შეგხვდება, პირდაპირ მითხრა დედას გიტირებთო. ამიტომ ვიბრძვი ჩემი სიმართლისთვის. არარსებული დანაშაული რომ მეღიარებინა და ვიღაცეები ჩამეშვე, მაშინვე გამომიშვებდნენ და არაფერი პრობლემა არ მექნებოდა.