„რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის პოლიტიკური ნაპრალი დღითიდღე ღრმავდება, რესპუბლიკელები შიდა წერილების გასაჯაროვებასაც აღარ ერიდებიან, მმართველი ძალა კი, ყოფილი თანაგუნდელების უზნეო საქციელზე მიუთითებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ყოფილი და მოქმედი პრემიერებისთვის გაგზავნილი წერილი ღია ეთერში წაიკითხა, მანამდე კი, „ქართული ოცნება“ ერთპარტიული პარლამენტის დაკომპლექტების სურვილში ამხილა და მისი მმართველობა „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდს როგორც „გაჭრილი ვაშლი“, ისე შეადარა.
დავით უსუფაშვილი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო პრესის ფურცლების საშუალებით აქებდა და მას ერის მხსნელად მოიაზრებდა, დღეს ღიად უპირისპირდება და იმ წერილის პათოსზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ გააქტიურებას სთხოვს.
უსუფაშვილი წერილში წერს, რომ მას პრაქტიკულად „დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი“ ამოეწურა, რის გამოც სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი.
პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, წერილის შინაარსს რესპუბლიკელებიც ეთანხმებიან და ისინი ყურადღებას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებულ მსგავსებაზე ამახვილებენ.
for.ge-სთან საუბარში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მას შთაბეჭდილება რჩება, „ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ გზას დაადგა.
თუ რაში გამოიხატება „ერთსა და იმავე გზაზე“ დადგომა, ამის თაობაზე ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს „ერთპარტიულობაში“ გამოიახტება.
„ოცნება“ ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბების გზას ადგას, რომელიც უპერსპექტივოა და ცუდია. დარწმუნებული ვარ, ამას არჩევნებზე ვერ მიაღწევენ. ცოტა ტვინი გაანძრიონ“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომელსაც კითხვით მივმართეთ - რესპუბლიკელებმა „ოცნებას“ ერთპარტიული მმართველობის სურვილი დღეს შეამჩნიეს, თუ 37 წლის პარტია ამას მაშინაც ხვდებოდა, როცა კოალიციაში იყო.
ბერძენიშვილი განმარტავს, რომ ერთპარტიული მმართველობის ნიშნები ახლა გაჩნდა. ანუ, მას შემდეგ, რაც კოალიცია დაიშალა.
„ამას გუშინ კი არ აკეთებდნენ, დღეს აკეთებენ და ეს ნიშნები გაჩნდა არჩევნებზე, რადგან მანამდე ვერ გაჩნდებოდა. თავს ნუ მოიკატუნებენ, რადგან ძალიან კარგად ესმით, რასაც აკეთებენ. ქალბატონ ეკას და მანანას თავები მოაზროვნე ხალხი რომ ჰგონიათ, ვეტყვი - გენაცვალეთ, ეს ნიშნები ახლა გაჩნდა. მანამდე კოალიცია იყო და ეს ნიშნები როგორ იქნებოდა?“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
ძმის მსგავსად, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი „ოცნებას“ ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებს და for.ge-სთან საუბარში სააკაშვილ-ივანიშვილს ერთმანეთს ამსგავსებს.
ბერძენიშვილის განცხადებით, ზოგიერთს წარმოდგენა არ აქვს, წლების განმავლობაში, რა პროცესები მიმდინარეობდა.
„ზოგიერთი ლიდერის ლოიალობის დადასტურება ხდება ივანიშვილის მიმართ, რაც მათი პრობლემაა და ეს ღიმილის მომგვრელია. ჩვენი განცხადებები სიახლეა? - ბევრჯერ მითქვამს, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი დაღლილ, გახუნებულ აბაშიძესა და შევარდნაძეს მაგონებენ, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ერთმანეთისგან მტრის ხატს შექმნიან, ამ დროს კი, ამომრჩევლისთვის საინტერესო სხვა პოლიტიკური ძალები არიან და არა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. 2003 წელს, არჩევნები როგორც შევარდნაძე-აბაშიძემ წააგეს და სხვა ძალებმა მოვიგეთ, ასე მოხდება ახლაც“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელის თქმით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს მრავალპარტიული პოლუსი შექმნა და არჩევნები მოიგო, რომლის მთავარი შედეგი და შემდეგი ნაბიჯი მრავალპარტიულობა უნდა ყოფილიყო.
„აქ ივანიშვილმა წაიფორხილა, ისევე როგორც თავის დროზე სააკაშვილმა წაიფორხილა, რომელმაც ერთპარტიული მმართველობა დააპირა. ივანიშვილმა ერთპარტიული მმართველობა დააპირა და ამბობს, 100 კაცი მინდაო. რა თქმა უნდა, სააკაშვილს ამაშიც ჰგავს. მსგავსება და ტოლობა შედეგში გამოიხატება, არჩევნები როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო, ისე წააგებს ივანიშვილიც. როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მიიღო უმრავლესობა, ისე ვერ მიიღებს ივანიშვილიც“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ბერძენიშვილი განსაკუთრებულ აქცენტს „ოცნების“ ახალ სახეებზე აკეთებს და ამბობს, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში ის ხალხი შემოიყვანა, რომელიც მათი წარმომადგენელი 2011-2012 წლებში არ იყო.
„ივანიშვილის კარზე სხვა ხალხის ჟრიამული ისმის. ისინი შევარდნაძე-სააკაშვილის მედროვეები არიან - „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს ხალხია“. „ოცნების“ ახალი სახე აკაკი ზოიძეა, რომელიც შევარდნაძის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. ის შევარდნაძის კადრია და არა ახალი სახე. ასევე ხულოს მაჟორიტარს გვერდიგვერდ ხუთ ნომრიანი და 41 ნომრიანი პლაკატები აქვს გაკრული, რის გამოც მას ხალხი დასცინის. ივანიშვილმა შევარდნაძისკენ დაიხია და არა მხოლოდ სააკაშვილისკენ. როგორც ხედავთ, მე და დათო უსუფაშვილი ივანიშვილის მიმართ ერთსა და იმავე აზრებს გამოვთქვამთ, უბრალოდ სხვადასხვა ფორმებითა და ტემპერამენტით“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
დეპუტატი პროგნოზირებს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილს პარლამენტიდან პოლიტიკის გაძევება უნდა.
„მან პოლიტიკა ვერ ისწავლა. მის გარშემო შეკრებილი ადამიანები პოლიტიკის მიღმა არიან თოჯინებად ჩამოტარებეული დიპლომების ანაბარა. ანუ, მათ პოლიტიკოსის დიპლომები არ აქვთ, თორემ, ჩვენი პოლიტიკოსები კარგი დიპლომიანები არიან. პარტიაში ქართული და ამერიკული დიპლომების გასაჭირი არ არის“, - დასძენს ბერძენიშვილი.
ყოფილი ოპონენტების ბრალდებებს „ოცნებაში“ პასუხობენ, სპიკერის მიმართ წერილის გამოქვეყნებას წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებენ, ხოლო „ოცნების“ ნაციონალებთან შედარებას უზნეობად მიიჩნევენ.
როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განუცხადა, უსუფაშვილის მხრიდან ცოტა უცნაური განცხადება გაკეთდა, როცა მან „ოცნება“ ნაციონალებს შეადარა.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს ცოტა უზნეობაც არის, რადგან მმართველობის სტილს და მეთოდებს ხომ გააჩნია? ნაციონალებთან პარალელის გავლება უზნეობაა, რადგან აქ მმართველობის სტილსზე, მეთოდებზე და იმ საშინელ მემკვიდრეობაზეა საუბარი, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით. იმედი მაქვს, რომ ეს არ უგულისხმიათ, მაგრამ როგორც ჩანს, ნაციონალებთან პარალელის გავლება უნდოდათ, რათა ეს თემა წინ წამოეწიათ. ნაციონალების მმართველობის პერიოდი ადამიანების დაწიოკებით და მძიმე კვალის დატოვებით ხასიათდება“, - აცხადებს ვოლსკი.
კანონმდებელი ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რესპუბლიკელების შეფასებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარლამენტი როგორ დაკომპლექტდება, ეს დამოკიდებული საზოგადოების ნებაზე იქნება, ქვეყანას კი, სტაბილურობა სჭირდება, რისი წინაპირობაც სტაბილური მთავრობაა, რომელიც პოლიტიკურ გარიგებებზე არ არის შექმნილი.
„ამერიკაში რესპუბლიკელებს, ან დემოკრატებს ვალდებულება არ აქვთ, რომ ქვეყნის ერთობლივი მართვა მოახდინონ. საუბარია იმაზე, რომ „ოცნება“ ისეთი უმრავლესობით მოვიდეს, რითაც საშუალება ექნება მთავრობა დააკომპლექტოს და ის არ ჰქონდეს ვალდებულება, რომ პოლიტიკური გარიგების და სპეკულაციების მსხვერპლი გახდეს. მთავრობის სტაბილურობა ქვეყანას სჭირდება. ნებისმიერი პარტია ცდილობს ისეთ უმრავლესობაში მოვიდეს, რითაც მთავრობას დააკომპლექტებს. აუცილებელია, მთავრობა იყოს სტაბილური და იმ პარტიამ დააკომპლექტოს, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია უნდა იყოს, რომელიც თავის ფუნქციებს შეასრულებს და მაკონტროლებელი იქნება.
„პარლამენტი როგორ დაკომპლექტდება, ეს საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული. ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება, ამას კი სტაბილური მთავრობა განაპირობებს, რომელიც პოლიტიკურ გარიგებებზე არ იქნება შექმნილი და ამაზე ნაციონალების მიმსგავსება უზნეობაა. თუნდაც იმ პერიოდის შეურაცხყოფაა, როცა ერთად მოვდიოდით. თუ პარტიას უმრავლესობა სჭირდება და ამას ხალხის მიერ მოიპოვებს, ამაში გასაკვირი არაფერია. 100 ხმის მოპოვება თუ გვინდა, ამაში ცუდი რა არის? საზოგადოება როგორც გადაწყვეტს, ისე უნდა იყოს. საზოგადოებას უფრო მეტად ესმის, რომ სტაბილური მთავრობაა მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს რესპუბლიკელებს და სხვებს ესმით“, - დასძენს ვოლსკი.
რაც შეეხება პოლიტოლოგების განწყობას, ექსპერტები კოალიციის ყოფილ წევრებს შორის არსებულ პოლიტიკურ ვითარებას დაბალ პოლიტიურ კულტურად აფასებენ. როგორც for.ge-ს სოსო ცინცაძემ განუცხადა, ეს ყველაფერი კოალიციის ყოფილ წევრებს აზიანებს, მაგრამ ეს ყველაფერი ქართული პოლიტიკური სპექტრის დაბალი პოლიტიკური კულტურაა და მეტი არაფერი.
მისი თქმით, პირადული კინკლაობები ღირსებას არც ერთ მხარეს არ მატებს და ამით ყველა ზარალდება, მაგრამ ყველაზე მეტად მმართველი ძალა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია ყოველთვის ტანკში ზის და ამბობს - იძულებული იყო, რომ ასე ეთქვა.
„ძლიერს ყოველთვის მეტი პასუხი მოეთხოვება. როცა სამოქალაქო ომი და დესტაბილიზაციაა, ყველა იმას ამბობს, ეს ხელისუფლებამ როგორ დაუშვა“, - დასძენს ცინცაძე.