ე.წ. კაბელების საქმეზე პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება

ე.წ. კაბელების საქმეზე პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარის საჩივრის განხილვა დაიწყო. საჩივარში სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული ისეთი პოზიცია, რომლითაც საქმის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები უნდა გამართლდნენ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავს, სახალხო დამცველის დასკვნა მტკიცებულებად დაუშვა. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარის ადვოკატებმა მიმართეს. ასევე მათი შუამდგომლობა ეხებოდა, რომ ამ დასკვნასთან დაკავშირებით, მათ მიერ წარმოდგენილ დასაკითხ მოწმეთა სიაში ყოფილიყო უჩა ნანუაშვილი. თუმცა სასამართლომ შუამდგომლობის ეს ნაწილი არ გაიზიარა და განმარტა, რომ დასკვნის ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს.

დღესვე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის აცილების შესახებ შუამდგომლობა. როგორც კოლეგიის ხელმძღვანელმა, ნათია ბარბაქაძემ განაცხადა, კაპანაძის აცილების საფუძველი არ არსებობს და ის აკმაყოფილებს საქმის განხილვისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ზეპირი მოსმენით მიიღეს. მსჯელობაში არ ყოფილა ჩართული თავად მოსართლე კაპანაძე. ამასთან, კაპანაძემ აღნიშნა, რომ ის არ ეთახმება წარმოდგენილ შუამდგომლობას და საქმის მასალებს, მათ შორის მტკიცებულებებს ობიექტურად განიხილავს.

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ მოსამართლე კაპანაძე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე ზეწოლას ვერ უძლებს და გადაწყვეტილებებს ხელისუფლების სასარგებლოდ იღებს.

„მას განხილული აქვს და გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ აღნიშნული მოსამართლე საქმეს ობიექტურად განიხილავს. მან შეიძლება სხვა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს და ობიექტურად განიხილოს, თუმცა ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს მის ძალებს აღემატება“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ე.წ. კაბელების საქმეზე განმარტებები გააკეთა ქვეყნის ექსპრემიერმა, რომლის განცხადებით, იმ ბრალდებებიდან, რაც ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით მის მიმართ კეთდება, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას არც ერთი არ დაუსაბუთებია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ამ საკითხზე ვრცლად საუბარი არ სურს.

„არ მინდა, ამ თემას დავუბრუნდე. საარჩევნო პერიოდია და არ მინდა, გადავაჭარბო კრიტიკაში ჩემი ყოფილი თანაგუნდელების და მათ რიცხვში „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ. რამდენჯერმე მივანიშნე, რომ იმ ბრალდებებზე, რაც გაკეთდა მათი ლიდერის მხრიდან, თითქოს ვარ ჩარეული, ირაკლი ალასანიას არც ერთი საბუთი არ მოუტანია. ამავდროულად, გაკეთდა ძალიან დაუსაბუთებელი განცხადებები, რომ ზეწოლა არის ექსპერტზე, შემდგომ ითქვა, თითქოს მოიტაცეს ექსპერტი.

არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, არსად არ იყო ის კაცი მოტაცებული, განცხადებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. ითქვა ისიც, რომ მოსამართლეზეა ზეწოლა დ თავშესაფარს ეძებს უცხო ქვეყანაშიო. ესეც არც ერთი მხრიდან არ დასაბუთდა. შესაბამისად, ჩემს მიმართ მათი მხრიდან გაკეთებული ბრალდებები ძალიან მსუბუქდება, რამეთუ განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ დასაბუთდა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა არ იკვეთება. ივანიშვილის განცხადებით, სასამართლოს დასრულებამდე ასეთი განცხადება, სასამართლოს საქმეში ჩარევას ნიშნავს.

„სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრებს გამოთქვამს სასამართლოს დასრულებამდე, ძალიან ცუდია, ერევა სასამართლოს საქმეებში, ასწრებს სასამართლოს. მე არ მინახავს და არ მომისმენია ეს განცხადებები. არამიზნობრივად არის დახარჯული, თუ გაფლანგული 5 მილიონი ლარი, ჩემი აზრით, ეს სერიოზულ კითხვებს იწვევს, მაგრამ მე სულაც არა ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნების გაკეთებას. დაველოდოთ სასამართლოს“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმესთან არავითარ კავშირში არ არის. თავდაცვის ყოფილ მინისტრს კი, ამ ადამიანების დაკავების გამო ევროატლანტიკური კურსი კი არ უნდა დაეყენებინა ეჭქვეშ, არამედ პროკურატურას უნდა დახმარებოდა გამოძიებაში.

თავად ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ მაღალჩინოსნების განცხადებები მითითებაა სააპელაციო სასამართლოსთვის, რომ ობიექტური გადაწყვეტილება არ მიიღოს.

„ისინი არიან ჯარისკაცები, რომლებიც ემსახურებოდნენ თავის სამშობლოს. დიახ, ისინი „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ გამოყენებისთვის ჩასვეს ციხეში. კარგად ვხედავთ ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან, ასევე ივანიშვილის მხრიდან განცხადებებს, რაც არის მითითება სააპელაციო სასამართლოსთვის და მურუსიძისთვის, რომ ობიექტური გადაწყვეტილება არ მიიღონ“, - ამბობს ირაკლი ალასანია.

მისივე თქმით,ე.წ. კაბელების საქმეზე ივანიშვილი საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანს და დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან.

„ისინი არიან პატრიოტები, რომლებიც გახდნენ სწორედ პოლიტიკური შეტევის მსხვერპლნი. ეს იყო შანტაჟი ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ იმისთვის, რომ მე ხელი ამეღო და შეთანხმებულ შეთანხმებაზე არ მომეწერა ხელი. ეს იყო ასევე შეტევა სწორედ ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე და ეს განხორციელდა პოლიტიკური მოტივით.

საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს და შეცდომაში ვერ შეიყვანს ივანიშვილი, როგორი განცხადებები გააკეთა მან კაბელების საქმესთან დაკავშირებით, როდესაც წესით, მას და მის პოლიტიკურ გუნდს არც ერთი დეტალი გასაიდუმლოებული გამოძიების არ უნდა სცოდნოდათ“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.