„ოცნების“ გამოწვევა და ნაციონალების პასუხი

„ოცნების“ გამოწვევა და ნაციონალების პასუხი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ მემორანდუმს „სადღეგრძელოდ“, „წინასაარჩევნო ხრიკად“ და ფარატინა ქაღალდად მიიჩნევენ, თუმცა დოკუმენტს მაინც უერთდებიან და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

8 ოქტომბრის არჩევნების მშვიდობიანი გზით ჩატარებისთვის მემორანდუმის გაფორმების იდეა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რომლის წინააღმდეგაც, გასულ კვირას, „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდა. უფრო სწორად, პარტიაში აცხადებდნენ, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდნენ, რადგან ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა მხოლოდ „ოცნებას“ აწყობს და კორცხელისა და თეთრიწყაროს ინციდენტებს იშველიებდნენ, რადგან ირწმუნებიან, რომ მათ უკან სწორედ ხელისუფლება იდგა.

როგორც ჩანს, ნაციონალებმა გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგან ისინი დოკუმენტის ხელმოწერას აპირებენ. თუმცა, ამის თაობაზე პარტიის ყველა წევრს სხვადასხვა ინფორმაცია ჰქონდა.

for.ge-სთან საუბარში სერგო რატიანმა განაცხადა, რომ მას ინფორმაცია არც მემორანდუმის ტექსტზე ჰქონდა და არც მის მხარდაჭერაზე.

„ოთხი წლის განმავლობაში, თავად აწიოკებდნენ ყველაფერს, დარბეულია „ნაციონალური მოძრაობის“ 60 ოფისი. ამას კიდევ აგრძელებდნენ და მათგან მემორანდუმზე საუბარი საერთოდ თვალთმაქცობა და უსინდისობაა“, - დასძინა რატიანმა.

რატიანის მსგავსად, პარტიის პოზიციის გაცნობის მიზნით, დავით დარჩიაშვილმა for.ge პარტიის პრესსამსახურში გადაამისამართა, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ „ოცნების“ მხრიდან ცოტა ცინიზმია განცხადებების კეთება მაშინ, როცა მათი საქმე სრულიად სხვა არის.

ზემოთ აღნიშნული დეპუტატებისგან განსხვავებით, პარტიის პოზიციის საქმის კურსში ლევან თარხნიშვილი იყო, რომელმაც for.ge-ს განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მემორანდუმს მხოლოდ იმიტომ უერთდება, რომ მათ მიმართ შეთქმულების თაობაზე ინსინუაციები არ იყოს, თორემ როცა ხელისუფლება მემორანდუმზე საუბრობს, ოპოზიციას მათი არც გულწრფელობის სწამს და არც იმის სჯერა, რომ ეს მემორანდუმი რაიმე დადებით ცვლილებას მოახდენს.

კანონმდებელის მოსაზრებით, „ოცნება“ ცალი ხელით მემორანდუმს აფრიალებს, მეორე ხელით კი, სპორტსმენთა დაჯგუფებებს ქმნის და ოპოზიციურ პარტიებს პრობლემებს უქმნის.

„როგორც კი, მემორანდუმზე საუბარი დაიწყეს, მეორე დღეს თეთრწყაროსა და გამარჯვებაში ინციდენტი მოხდა, ამაში კი, ადგილობრივი ხელისუფლება მონაწილეობდა. ამ დაჯგუფებებს სწორედ კახი კალაძე ხელმძღვანელობს და კორცხელის ინციდენტის არც ერთი მონაწილე არ დასჯილა. მემორანდუმს იმის გამო ვუერთდებით, რომ ინსინუაციები არ იყოს იმაზე, თითქო, ჩვენ საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება არ გვინდა. ეს მათ არ უშველით, რადგან 8 ოქტომბერს, ამომრჩეველი თავის არჩევანს გააკეთებს და ივანიშვილს იმ ტყუილებისთვის უარს ეტყვის, რაც ოთხი წლის მანძილზე გააჟღერეს“, - დასძინა თარხნიშვილმა.

ნაციონალების მსგავსად, მემორანდუმს უერთდებიან „თავისუფალი დემოკრატები“, ხოლო „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მემორანდუმი სუსტია, რადგან დოკუმენტში პრაქტიკულად არაფერი წერია.

„თავისუფალი დმეოკრატების“ ლიდერის ცნობით, დოკუმენტში არ არის აღწერილი და აღნიშნული რა პასუხისმგებლობა აქვს მმართველ გუნდს და ხელისუფლებას პროცესების მშვიდობიან მართვაზე.

„პარლამენტში ამგვარი დეკლარაციის ინიციატორები თავად ვიყავით, რომელიც უფრო ყოვლისმომცველი იყო“, - დასძინა ალასანიამ, რომლის მსგავსად, პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი გაიხსენა დავით უსუფაშვილმა.

სპიკერის მტკიცებით, რესპუბლიკელებისთვის სამართლიანი, თავისუფალი და არაძალადობრივი არჩევნები არის არა პიარაქცია, არამედ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების კრედო.

უსუფაშვილის თქმით, შეუძლებელია, ასეთი არჩევნების გარეშე ჩატარებულ პროცესს არჩევნები ეწოდოს.

„ამ ქვეყანაში ასეთი არჩევნები წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და არაძალადობრივი არ იყო. თავისუფალი არჩევნების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, რაც კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის მონაპოვარი იყო. ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება, ძალადობის პრევენცია და დამნაშავეთა დასჯა სჭირდება“, - დასძინა უსუფაშვილმა.

პარტია -„სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა კი, დოკუმენტი „სადღეგრძელოდ“ და „წინასაარჩევნო ხრიკად” მიიჩნიეს.

პოლიტიკოსების მსგავსად, მემორანდუმის გაფორმებაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას ვერ ხედავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მემორანდუმები არაფერს ცვლის და საჭიროა კანონის ამოქმედება.

ცინცაძის განცხადებით, კორცხელის ცემა-ტყეპაზე ვითომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც მიჩუმათებულად მიდის და ნაციონალებს სცემენ, პეტრეს თუ ივანეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ხულიგნობა ხულიგნობაა დ ამას „ოცნების“ აქტივისტები აკეთებენ.

„თუ რატომ აკეთებენ, ესეც გასაგებია, რადგან 2012 წელს, მანანა კობახიძე ნიანგის ცრემლებს ყრიდა, როცა პირველი ძალადობა დაიწყო და ამბობდა, რომ ისინი ამას გმობდნენ, მაგრამ ხალხი იყო გაცოფებული. კობახიძე ფაქტს თან გმობდა და თან ამართლებდა. ხალხი მიხვდა, რომ დამნაშავეები არ დაისჯებოდნენ. გარდა ამისა, სამართალდამცავ ორგანოსთან იძახდა, მოდი, ვნახოთ, თუ დაიჭერო. როგორ შეიძლება, რიგით მოქალაქეს ეს ეპატიოს? ხელისუფლებას ეუბნებოდნენ - ფეხებს მომჭამ, დამნაშავეს არ დაგაჭერინებთო. მათ ეს ხახვივით შერჩათ და არც არავინ დაუჭერიათ. საქმეს მემორანდუმი არ შველის, თუ კანონმა არ იკანონა, მემორანდუმი ფარატინა ქაღალდია“, - აცხადებს ცინცაძე.

პოლიტოლოგი ნაციონალების პოზიციის ცვლასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი დოკუმენტის ხელმოწერით საკუთარი თავის დაცვას ცდილობენ, რომ მათ არაფერი დაბრალდეთ.

„ნაციონალებმა თავიდან თქვეს, რომ ხელს არ მოვაწერთო. მათი პოზიცია იყო, ვინც დამნაშავეა, ისინი დაისაჯონ და შემდეგ მემორანდუმი დავწეროთო. ვინაიდან, გამოდის, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია ნაციონალებს აწყობთ, ისინი თავს იზღვევენ, რომ მათ არაფერი დაბრალდეთ. მგონი, დესტაბილიზაცია არავის არ უნდა აწყობდეს, მაგრამ თუ მიზეზებს ვეძებთ, გეტყვით, რომ დესტაბილიზაციის ყველაზე სერიოზული მიზეზია ცესკო, რომელმაც თოფაძის გაერთიანებას რეგისტრაცია ჯერ მოუხსნა, შემდეგ საასამართლომ აღუდგინა. რა გამოდის, ან სასამართლო ტყუის ან - ცესკო. ვინაიდან, ჩვენთან სასამართლო არასოდეს არ ტყუის, ამიტომ, ცესკო ტყუის. ნებისმიერი დამარცხებული პარტიისთვის, ეს ხომ საბაბია? დამარცხებული პარტია რომ ვიყო, ვიტყოდი, ცესკო-მ ივანიშვილის მეგობარ თოფაძეს რა უყო და მე რას მიზამდა-თქო. ცესკო-ში ან არაკვალიფიციური ხალხია, ან სხვა ინტერესები იკვეთება. უფრო არაკვალიფიციური ხალხია, ვისაც ვერ გაურკვევია, ვინ უნდა იყოს და ვინ არა. ამიტომ, ცესკო-ს დათვლილ ხმებს როგორ უნდა ვენდო, სადაც ასეთი დილეტანტები და არაპროფესიონალები სხედან? დამარცხებული ძალა მიზეზებს ეძებს და ჟვანიამ ნებისმიერ დამარცხებულს ასეთი „სატოპკე“ აუწია“, - დასძენს ცინცაძე.

რაც შეეხება მემორანდუმის შინაარს, დოკუმენტის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ მათი აქტივისტების დისტანცირებას უზრუნველყოფენ სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა გამართული ღონისძიების ხელშეშლა არ დაუშვან.