ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებულად აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებზეა კონცენტრირებული. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ხელისუფლების ამოცანა პროვოკაციების აღკვეთა და მათი პრევენციაა. „ოცნების“ ხელისუფლების ბრალდებას არ იზიარებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აცხადებენ, რომ სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში ხელისუფლება არჩევნებს აგებს და შესაბამისად, მარცხის აღიარება არ სურთ.
თუმცა ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების განსაკუთრებული კონცენტრაცია აჭარასა და სამეგრელოში შეინიშნება, მათ შორის პროვოკაციების კუთხითაც ამ ორ რეგიონში აქტიურობენ. უმრავლესობის წევრის, დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, ვინც სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობას დაემუქრება, კანონის ძალით უნდა დაისაჯოს.
„მტერი რაც არ უნდა ძლიერი ყოფილიყო, ქართულ სულს და ბრძოლისუნარიანობას ვერ ტეხდა და ვერ ასამარებდა. ამიტომ ვლაპარაკობ, რომ ქვეყნის შიგნით მომძლავრებულია ძალები და არა ხელისუფლების მოძულე, არამედ სახელმწიფოს მოძულე ადამიანები. ვინც სახელმწიფოს, მის სიმშვიდეს და კონსტიტუციურ წყობას ხელს შეუშლის, ყველა კანონის ძალით უნდა დაისაჯოს. ვფიქრობ, რომ აუცილებალდ უნდა შეფასდეს „ნაეროვნულ-ნაციონალურ-ბოლშევიკური მოძრაობის“ საქმიანობა და მას უნდა მიეცეს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილი
რატომ სამეგრელო და აჭარა - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ეს არის რეგიონები სადაც ნაცმოძრაობას შედარებით ძლიერი პოზიციები აქვს.
„აჭარაში, კერძოდ ბათუმში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და ამას ნაცმოძრაობის მმართველობას უკავშირებენ. სამეგრელოში კი, ხელისუფლებამ ვერ იმუშავა სათანადოდ ნაციონალების ადრინდელი გავლენების გასანეიტრალებლად. პროვოკაციის შექმნა ყველა თემაზე შეიძლება, რაც კი სენსიტიურია და მოსახლეობას აწუხებს. ნაციონალებს ამის დიდი გამოცდილება აქვთ, ხელისუფლება კი ახლა იძენს ამასთან გამკლავების გამოცდილებას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
აჭარისა და სამეგრელოს რეგიონში პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურებას, მიზანმიმართულს და წინასწარ დაგეგმილს უწოდებს, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომლის განცხადებთ ამ ორ რეგიონში დაძაბულობის კერის შექმნა, „ნაციონალური მოძრაობის“ სპეციალური ღონისძიებების გეგმის ნაწილია.
„მოგეხსენებათ, რომ აჭარაში ცხოვრობენ მაჰმადიანი ქართველები, შესაძლოა, პროვოკაცია წამოვიდეს მაჰმადიან ქართველთა სეპარატიზაციის კუთხით. არანაირი სეპარატიზმის და მაღალი ხარისხის ავტონომიის საფრთხე აჭარაში არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პროვოკაციული მოძრაობა, უკვე სპეკულირებს და გააგრძელებს სპეკულირებას ამ აღმსარებლობითი იდენტობის ფაქტორებზე“, - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.
რაც შეეხება სამეგრელოს, ნაცვლიშვილის ინფორმაციით, აქ „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს სპეკულირებას სამოქალაქო ომის ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარებით და ზვიად გამასახურდიას წარმომავლობით.
„შესაბამისად, ნაცმოძრაობა და მისი პროვოკაციული რგოლი, პროვოკაციების კუთხით ნოყიერ ნიადაგს ხედავს სწორედ აჭარაში და სამეგრელოში. მათი ეს გეგმა არის სამშობლოს ისტორიის და მომავლის ღალატი. ეს არის ყველა ჩვენთაგანის ღალატი, რომ გააღვივოს ის იარები, რომელიც 300 წლის წინ მოხდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნაცმოძრაობას 8 ოქტომბერს სამუდამო უარი უნდა ეთქვას პოლიტიკურ საქმინაობაზე და ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ამომრჩეველმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილი.
რელიგიურ ნიადაგზე ვითარების რადიკალიზაციის საფრთხეზე საუბრობს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია და ფიქრობს, რომ აჭარის მიმართულებით შესაძლებელია გამოყენებული იქნას კავშირები ჯიჰადისტურ ქსელებთან. მისივე თქმით, მიხიელ სააკაშვილს ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდში კავშირები ჰქონდა ჯიჰადისტურ ქსელთან და ამის ერთგვარი მტკიცებულებაა ლაფანყურის ოპერაცია.
„აშკარაა, რომ მცდელობა აქვთ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ აჭარაში რამე გამოუვიდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად სააკაშვილს. არა მგონია, რომ აჭარის მოსახლეობა და იგივე ქართველი მუსლიმები აყვნენ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას. ვნახეთ, რომ ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლის მიუხედავად, ვერ შეძლეს მდგომარეობის გარდატეხა. ამიტომ, აჭარის ფაქტორს გამოვრიცხავ“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.
რაც შეეხება სამეგრელოს, იმის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ რეგიონში მომხრეების სოლიდური რაოდენობა გააჩნია, მაისაია არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციის კუთხით სწორედ სამეგრელო იქნას გამოყენებული.
„ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ სამეგრელოში ჯერ კიდევ არის ე.წ. სამალავები, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა აღმოჩენილი. ბუნებრივია, და როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებს გამოიყენებს შეიარაღებული ფორმირების სახით და შეიძლება უკვე ჰყავდეთ კიდეც. ასევე, არ გამოვრიცხავ ამ პროცესში აფხაზეთში მოქმედი სეპარატისტული სპეცდანიშნულების წევრების ჩარევას, რომლებიც ბუნებრივია დაინტერესებული არინ დესტაბილიზაციით.
სამეგრელოში დიდი ალბათობაა ასეთი სცენარის განვითარებისათვის, ესეც გარკვეულ რეგიონებში და არა მთლიანად სამეგრელოში. ამიტომ, შეიძლება მივიღოთ საშიში სახის პროვოკაცია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს იყოს მასშტაბური. ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია, რომელიც ჩვენი სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.