„ვინც ბეჭზე დასადებია, ბეჭზე აღმოჩნდება“

„ვინც ბეჭზე დასადებია, ბეჭზე აღმოჩნდება“

„ბევრმა იმ ადამიანმა, რომელიც ახლა პოლიტიკაში ყელყელაობს, უნდა დატოვოს პოლიტიკური სარბიელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა პაპუაშვილი, რომლის განცხადებით, ბრძოლა არ დამთავრებულა და ამ თვალსაზრისით ეს ურთულესი არჩევნებია.

for.ge ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა.

ხელისუფლება ამბობს, რომნაციონალური მოძრაობაგეგმავს პროცესების რადიკალიზაციას და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მოძრაობა - „საქართველის ერთგულების სახელით“. ბატონო ზაზა, ვინ არიან ეს ადამიანები და რა არის მათი მოქმედების მიზანი?

ზაზა პაპუაშვილი: წარმოდეგნა არ მაქვს, ვინ არიან და რას აკეთებენ, მაგრამ ძალიან კარგია ასეთი რაღაცეები რომ ხდება, რადგან ეს უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს მოსახლეობას, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და თვალნათლივ დაინახონ ვის უნდა დაუჭირონ მხარი. ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ უალტერნატივო ძალაა. ეს არის ურთულესი არჩევნები, ყოფნა-არყოფნის საკითხია.

ანუ, ამბობთ, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა?

- ბრძოლა არ დამთავრებულა. მე პირადად იმიტომ შემოვტრიალდი ამ ბრძოლაში, რომ ეს ბრძოლა კვლავ არ დამთავრებულა, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ. უამრავ ადამიანთან ერთად, მე ვარ იმ ბრძოლების თანამონაწილე, რომელმაც ის ჯოჯოხეთური მმართველობა დაამთავრა ამ ქვეყანაში. ამიტომ, მე არ ვაპირებ ჩემი ტრიბუნის ასე იოლად დამთავრებას, ამ ტრიბუნას გამოვიყენებ სწორედ სახელმწიფოებრივი მშენებლობისთვის. ამიტომ, არც ერთ ჩვენთაგანას არ გვაქვს უფლება, ექსპერიმენტები ვატაროთ.

თუმცა, „ნაციონალური მოძრაობაამბობს, რომ ამ ბრძოლის შედეგად დაბრუნდება ხელისუფლებაში...

- მტერი მოტრიალდეს ისე, როგორც ისინი მოტრიალდებიან. ადამიანები გაცხელებული გონებით, რომ ქვეყანა ისევ უფსკულისკენ გადაჩეხონ - ასეთი ადამიანები პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა შემოვუშვათ. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი. უმარავი ადამიანია, რომლებიც პოლიტიკაში სათავისოდ ყელყელაობენ და მათ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ქვეყნის სადავეები ჩაიბარონ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ასეთი რაღაცეები თუ ხდება, ეს უფრო გაგვაძლიერებს და საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ასეთი შემთხვევითი ადამიანების გამოჩენას, არა მარტო პოლიტიკაში.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ იყო საპრეზიდენტო და მერის არჩევნები - ვერც ერთი ხინჯი ვერ დაინახეს, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ეს იყო სამაგალითო არჩევნები, როგორც კანონის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით. დიახ, ასე ვაპირებთ ახლაც. არანაირი არეულობა, დაპირისპირება, კბენა და ღრენა ჩვენს ამოცანებში არ შედის. ასე მშვიდად დავამთავრებთ ამ არჩევნებს და ვინც ბეჭზე დასადებია, ბეჭზე აღმოჩნდება. ვფიქრობ, რომ აჩქარებულ ტემპებთან ერთად, კანონის შესაბამისად მკაცრი უნდა ვიყოთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უნდა კონსტისტუციური წყობის არევა ქვეყანაში.

ვის, რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა კონსტიტუციური წყობის არევა ქვეყანაში და როცა ამბობთ, რომ ბეჭზე დადებთ, „ნაციონალურ მოძრაობასგულისხმობთ?

- მათ და მათ სატელიტ პარტიებს, ვინც მათი ენით გველაპარაკება, ადამიანები და პოლიტიკური პარტიები, რომელთა საუბარი ნაცმოძრაობის საუბრისგან არ განსხვავდება, სხვაობას ვერ ვხედავთ. ეს არის იგივე ლუსტრაცია, თვითგამოაშკარავება, ვინ არიან ისინი და რა სურთ. ვფიქრობ, რომ მათ ამ არჩევნებით საკადრისი პასუხი უნდა გაეცეთ და ვფიქრობ, რომ გავცემთ საკადრის პასუხს.

ჩვენი დევიზია - საქართველო უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობა, სწრაფი განვითარება და ადამიანების სიდუხჭირიდან გამოყვანა - იმ სიდუხჭირიდან, რომელშიც დამნაშავე ნაციონალ-ბოლშევიკურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტმა პარტიებმა ჩააგდეს. ეს საქმე გასაკეთებელია და ეს ბრძოლა კვლავ მოსაგებია.

ამ ბრძოლაში 2012 წელს მთელი ოპოზიციური სპექტრი იყავით ერთად, დღეს ამ ბრძოლაშიქართულო ოცნებამარტოაა. კოალიციის ყველა წევრი დღეს ოპოზიციაში გყვათ, შესაბამისად, შეძლებთ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას? ანალიტისკოსები ამბობენ, ეს არის რთული ბრძოლა, რადგან 2012 წელს ნაცმოძრაობა შეგუებული იყო მარცხს, მაგრამ დღეს ცდილობს არჩევნების გზით პროცესების რადიკალიზაციას...

- შეგეკამათებით, აღნიშნეთ, რომ თქვენ მარტო ხართ ამ ბრძოლაში და როგორ მოიგებთ ამ ბრძოლასო. მცდარი აზრია, მარტო როგორ ვართ, როდესაც ჩვენს უკან მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა დგას, რომელიც ამ პოლიტიკურ ბრძოლაში გააფორმებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას?! ჩვენ მარტო არ ვართ.

რაც შეეხება კოალიციას, იმ დროს გარდაუვალი მოცემულობა იყო, აუცილებელი იყო, რომ პოლიტიკური ცხოვრება განახლებულიყო, ამიტომ პოლიტიკურ პარტიებს თავის გამოჩენის და მათი დამოკიდებულების საშუალება მიეცათ.

ამ 4 წლის განმავლობაში მოსახლოებამ შესანიშნავად დაინახა ამ კოლიაციაში ვინ როგორ იღწვოდა. 4 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონებია მიღებული კოალიციურ რეჟიმში და რასაკვირველია, ამის გამო ყველას მადლობა ეკუთვნის, მაგრამ კოალიცია დაიშალა, ადრეც ვფიქრობდი, რომ დაიშლებოდა და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.

კოალიციის ეს წევრები დღეს თქვენთან ოპონირების რეჟიმში არიან...

- ახლა ვართ ოპონირების რეჟიმში. მე მომეწონებოდა, რომ ამ ოპონირების რეჟიმში ყველას გაეწია კონტროლი რას და როგორ საუბრობენ, არ დაევიწყებინათ ის მადლი და სიკეთე, რომელიც მათ და მათ პოლიტიკურ პარტიებს წილად ერგოთ 2012 წლის არჩევნების შემდეგ. არავიან არ უნდა დაივიწყოს გუშინდელი დღე, არც ის დაივიწყონ ამ 4 წელიწადში როგორი საბოტაჟის და არანორმალურ პირობებში გვიხდებოდა მოღვაწეობა, რომ ქვეყანა არ ჩამოშლილიყო, მშვიდობა ყოფილიყო, ინსტიტუციები გამაგრებულიყო და სახსარი გასჩენოდა ქვეყანას.

ბევრი რამ მიღწეულია, მაგრამ ჩვენ თვითკმაყოფილებას ვერ მივეცემით. ეს ტემპები და ის რეფორმები, რაც დაწყებულია, უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება ამ რეფორმების შეჩერება, რასაც დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის გუნდის წევრი ვარ. ვიზიარებ ამ გუნდის ფასეულობებს - ქვეყნის ნომერ პირველი საზრუნავი ხდება ადამიანი, ადამიანი უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა უპირველეს ყოვლისა. ჩვენი ოთხპუნქტიან გეგმაში ეს მიმართულებებია ჩამოყალიბებული. როგორც ბნელ ადამიანს ეშინია სინათლის, ასე ეშინიათ ამ ჭიაღუებს დღის სინათლის და კეთილი საქმეების კეთების.

ამიტომ არის ამდენი გინება ბიძინა ივანიშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, პატრიარქის და ნებისმიერი ჩვენთაგანის. იმიტომ, რომ არ უნდათ სინათლესთან, წინსვლასთან, პროგრესთან, განათლებასთან და ქვეყნის სიყვარულთან ვიყოთ დაკავშირებული. აი, ეს შურთ, რითაც ადამიანებს თავი შეაძულეს. ახლა კი, ეს ყველაფერი ჩვენსკენ უნდათ მომართონ. ვერ გამოვა ეს! არ გამოვა ეს!. ეს იქნება შესანიშნავი არჩევნები, თავის სამართლიანობით, თავისი სიტყვის უფლების, შეკრების უფლებისა და საარჩევნო კოდექსის დაცვით. დიახ, ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო არჩევნები და თქვენ ნახავთ რამდენი პოლიტიკოსი და პარტია გაკოტრდება.

უნდა ვიფიქროთ, რომ პროფესიონალ და სუფთა ადამიანებს გავუკვალოთ ხელისუფლებაში მოსასვლელად გზა. იმიტომ, რომ ბევრმა იმ ადამიანმა, რომელიც ახლა პოლიტიკაში ყელყელაობს, უნდა დატოვოს პოლიტიკური სარბიელი.

ვის გულისხმობთ? მაგალითად ივანიშვილი აქცენტს რესპუბლიკელებზე აკეთებს და თვის მხრივ, დავით ბერძენიშვლმა აღნიშნა, რომ თუ ივანიშვილი არ შეწყვეტს უსაფუძვლო ბრალდებას, ისინი ფაქტებს გაასაჯაროებენ...

- მე ვურჩევ ყველას, ამ თავიანთი კლიპში შპალერებს რომ ხევენ და რაღაცისგან გათავისუფლება რომ უნდათ, პირველ რიგში ჯერ თვითონ გათავისუფლდნენ ამ ქედმაღლობისგან, ნარცისიზმისგან, ასეთი უდიერი დამოკიდებულებებისგან და მერე მოუწოდონ სხვას გათავისუფლებისკენ. მოვუწოდებ, რომ ამ საარჩევნო მარათონში თავი დავანებოთ უკადრებელი საქციელის კადრებას. ვაჟკაცურად და მშვიდად მივცეთ ხალხს საშუალება მივიდნენ საარჩევნო ურნასთან და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც სურს ქვეყნის მოსახლეობას.