იმის მიუხედავად, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წინასაარჩევნო კლიმატი უფრო ნაკლებად დაძაბულად შეაფასა, ვიდრე ის წინა არჩევნების დროს იყო, აუცილებლად მიიჩნია, ხაზი გაესვა, რომ ყველა პარტიამ უნდა დაგმოს ძალადობა და საჯაროდ მოუწოდოს მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, არჩევნების დემოკრატიული ხასიათი დაარღვიოს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდების მიუხედავად, წინასაარჩევნო პროცესი პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს. საარჩევნო პროცესში იარაღიანი აქტივისტებიც გამოჩნდნენ.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს. „ქართული ოცნების“ წევრებმა პროვოკაცია აღკვეთეს და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. სამართალდამცავებმა კი დაადგინეს, რომ შეიარაღებული ახალგაზრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, კერძოდ სევდია უგრეხელის საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა „ქართული ოცნების“ მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. მისივე თქმით, თავდაპირველად ისინი კომუნიკაციაში შევიდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმდენად შეშინდნენ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოახერხეს იმ პროვოკაციის გაგრძელება, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ.
„ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სამართალდამცველები ადგილზე მისვლისას სიტუაციაში გაერკვნენ, მოხდა პირთა იდენტიფიცირება, მათ შორის პარტიული კუთვნილების დადგენა. ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბილეთი, რომელიც 2016 წელს არის გაცემული. აღნიშნულ პირებს იარაღიც გაფორმებული ჰქონდათ.
„სამართლებრივად გაფორმებული ჰქონდათ იარაღი და ამ კუთხით სამართალდარღვევასთან, ანუ, იარაღის უკანონო ტარებასთან საქმე არ გვაქვს. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბინძურ პროვოკაციაზე. ანუ, ძალიან მარტივად იკვეთება სურათი - „ქართული ოცნების“ მაისურებში ჩაცმული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები შედიან ჩვენს შტაბში, ამას იღებენ გარედან და მეორე დღეს სატელევიზიო სივრცეში ვხედვათ, რომ ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში იკრიბებიან კრიმინალური მიდრეკილების მქონე შეიარაღებული ადამიანები.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროვოკაციის მოწყობაში ჯერ კიდევ ძლიერები არიან ნაციონალები, მაგრამ ამის აღსრულების რესურსი არ აქვთ. ჩვენ რა ინფოირმაციაც გვაქვს დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით, უფრო მძიმე ნიშნებს ატარებს ეს ყველაფრი. ჩვენი ამოცანაა, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები, რომ არც ერთი პროვოკაცია არ განხორციელდეს. ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.
დაგეგმილ პროვოკაციებს უარყოფენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სევდია უგრეხელიძის განცხადებით, ყველა აქტივისტს არ იცნობს, მაგრამ ამბობს, რომ ეს ახლაგზარდები შემოგზავნილი წევრები იყვნენ, რატომაც შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ.
„ისინი აგენტურაში გამომჟღავდნენ. სწორედ შტაბიდან გაშვების შემდეგ დაგეგმეს მათ პროვოკაცია და თავს დაესხნენ „ოცნების“ შტაბს. თუმცა ამ დროს მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი აკავშირებდათ. რაც შეეხება მანდატებს, ჩვენთან მარტივად, ელექტრონულადაა გაწევრიანება შესაძლებელი. შესაბამისად, არც მანდატის გაცემაა სირთულესთან დაკავშირებული“, - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განმარტებით, პროვოკაციების ეს ნაწილი აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მაისურების ჩაცმულობით და მისი მხარდაჭერის იმიტაციით, ნაცმოძრაობის აქტვისტებს შეეძლებათ არჩევნების დღეს ჩხუბი, საარჩევნო ყუთების გატაცება, ეს ყველაფერი გადაიღონ და მერე შემოგვთავაზონ, როგორც ფაქტი.
„ანალოგიური სქემით შეიძლება მოაწყონ გაყალბება „ქართული ოცნების“ სასრგებლოდ, ოღონდ მერე ეს გამოავლინონ და ატყდეს ხმაური. ანუ, იმიტირება „ქართული ოცნების“ და ამ იმიტაციაში ისეთი ქმედების ჩადენა, რაც დანაშაულად ითვლება. ეს არის ამ ინციდენტის სქემა და ალბათ, სხვა სქემაც არსებობს. თუ განვაზოგადებთ ამ სქემას, შეიძლება იმ ვარიანტამდე მივიდეთ, რაც სავარაუდოა, რომ მოხდება არჩევნების დღეებში, კერძოდ - გაყალბება „ქართული ოცნების“ სახელით.
სამწუხაროდ, ჩვენთან დასჯადი არაა ამ ტიპის პროვოკაცია, როდესაც იარაღი არის გაფორმებული, მაგრამ აქ იარაღშიც არ არის საქმე. ჩემს ყურდაღებას სხვა სქემა იწვევს - „ოცნების“ იმიტაცია და დანაშაული „ოცნების“ სახელით. ეს შეიძლება იარაღის გარეშეც გაკეთდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ხელისუფლება დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს, რომლის მთავარი ავტორები აგვისტოში დაფუძნებული ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“ წევრები არიან. შეგახსნებთ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართება და არსებობს პროცესების რადიკალიზაციის გეგმაც. გიორგი კვირიკაშვილმა გეგმის ნაწილიც დააკონკრეტა - საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაცია, მათ შორის შესასვლელ-გასასვლელების მანქანებით დაბლოკვა.
ორგანიზაციის, რომელსაც ხელისუფლება ღიად ადანაშაულებს პროცესების რადიკალიზაციაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იდეოლოგი და ხელმძღვანელი მწერალი მამუკა ხერხეულიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხანაში ზონდერ ჯგუფის ხელმძღვანელად სახელდებოდა.
გარდა ამისა, როგორც ნაცმოძრაობასთან დაახლოებული ერთ-ერთი პირი ამბობს, ორგანიზაციის წევრები ჩნდებიან პარტიის ოფისშიც და ინფორმაციას მოქმედების სტრატეგიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან იღებენ. ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საყრდენია, დასტურდება იმითაც, რომ ამ ორგანიზაციის წევრები მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციებზე.
უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ ხელწერაა. ეს არის „კმარა 2“ - მაგრამ ამოცანების შესაბამისად, უფრო საშიში და მეტ სისასტიკეზე წამსვლელი. მისი თქმით, როდესაც „კმარა“ ფუნქციონირებდა, მაშინ პოლიტიკურ ოპოზიციას საქმე ჰქონდა თითქმის, ლეგიტიმაცია დაკარგულ ხელისუფლებასთან, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის უსაფრთხოებას, მატერიალური და სოციალურ პრობლემების მოგვარებას.
„დღეს, საქართველოს მართავს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით და ხალხის უმრავლესობის ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება, მათთან პროვოკაციით გამკლავებას, უბრალო პირტიტველა აქტივისტები რომ არ ეყოფიან, ეს გამოცდილმა კრიმინალებმა, ვინც ჩაიფიქრა, აღჭურვა და ვინც ახლა მართავს ამ ორგანიზაციას, ჩვენზე კარგად იციან. ამოცანების და მიზნების შესაბამისად, ეს ორგანიზაცია მიმაჩნია გაცილებით უფრო საშიშად, ვიდრე ოდესმე „კმარა“ იყო“, - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლებას მართებს სიმტკიცე და გონიერება, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მეთოდებით გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას.
როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ხელისუფლების განცხადებები, მოსალოდნელი დესტაბილიზაციის წყაროსთან დაკავშირებით, ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთდა.
„ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება და შესაძლოა, ამ პროპაგანდით ტვინგარეცხილი აქტივისტების ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანაც მოხდეს. ერთი რამე ფაქტია, ნაცმოძრაობას დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს. შესაბამისად, მხოლოდ პროვოკაციის შედეგად შექმნილი ქაოსი არის ის გარემო, რომელშიც მათ პოტენციური შანსი აქვთ იმისა, რომ რამე წარმატებას მიაღწიონ. „ნაციონალური მოძრაობის“ კეთროვნად ქცეულ ბირთვს, ზნეობრივი დაცემის ქვედა ზღვარი არ გააჩნია. ამიტომ, შეიძლება ისეთ სიბინძურეზე წავიდნენ, რომელსაც ნორმალური ადამიანი ვერ მოიფიქრებს. ამიტომ, მთავარია სიფხიზლე. ვითარება არ არის მარტივი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ძალუძს ამის გამკლავება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილმა.