„ნაციონალები არ შემოგვიერთდნენ, როგორც ჩანს, რაღაც განზარხვა აქვთ და არეულობა სურთ“

„ნაციონალები არ შემოგვიერთდნენ, როგორც ჩანს, რაღაც განზარხვა აქვთ და არეულობა სურთ“

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პროპორციულად ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს და მმართველი გუნდი ოპონენტებს მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, წინასაარჩევნოდ თამაშის წესებზე შეთანხმებას ყველა პარტია მიესალმება.

„ოცნებას“ მემორანდუმის ტექსტი ჯერჯერობით არ წარუდგენია და მხარეებს შინაარსზე შეთანხმებას ჰპირდება, თუმცა, ნაციონალები კორცხელის ინციდენტზე აპელირებენ და მმართველი პარტიის მიერ მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებენ, „თავისუფალი დემოკრატები“ კი, ხელისუფლებას პარლამენტის მიერ მიღებულ ეთიკის კოდექსს ახსენებენ და მისი დაცვისკენ მოუწოდებენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტის მიერ მიღებულ და ვიქტორ დოლიძის მიერ მომზადებულ დოკუმენტს პოზიტიურად აფასებს, თუმცა, for.ge-სთან საუბარში ყურადღებას ხელისუფლების მიერ მემორანდუმზე ამახვილებს. კანონმდებელი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ადგილი პოლიტიკურ კეკლუცობას არ აქვს და პრემიერ-მინისტრი ინიციატივით გამოდის, რომ საზოგადოება ბოღმისგან და აგრესიისგან გათავისუფლდეს.

ვოლსკის თქმით, საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პარტიის მხარდამჭერებმა პათოსს მხარი აუბან.

„მთავარია, საზოგადოება იმ მდგომარეობიდან გამოვიდეს, რაც ათეული წლების მანძილზე 2012 წლამდე ხდებოდა. ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები ჩავატარეთ. ჩვენი დოკუკენტი ფარატინა ქაღალდი არ არის, როგორც ამას ზოგიერთები უნამუსოდ გაიძახიან. ეს არის დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების განწყობას აჩვენებს. ამ განწყობის დამკვიდრება უკვე დათესილია და გაძლიერება ხდება, ეს დოკუმენტი კი ამისთვის ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება“, - აცხადებს ვოლსკი.

„თავისუფალი დემოკრატები“ მზადყოფნას გამოხატავენ, რომ მემორანდუმს ხელი მოაწერონ. როგორც for.ge-ს გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, რადგან პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არსებობს, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება და ის სავალდებულოა. ცაგარეიშვილის განცხადებით, საფრთხეები ნაციონალებიდან და „ოცნებისგან“ მოდის და სასაცილოა, როცა ოპონენტებს მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობენ.

„ჩვენ არც კორცხელი დაგვიგეგმავს და არც სხვა ძალადობრივი აქტი. ახალი დადგენილება რა საჭიროა, რომელიც არც კანონია და არც საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ხელისუფლება გვაჩეჩებს. ეს ყველაფერი ისედაც არსებობს, მაგრამ კონსტიტუციით დადგენილიa წინასაარჩევნო წესები და სჯობს, ნაციონალები და „ოცნება“ ამ თამაშის წესებს დაექვემდებარონ, რადგან სიტუაციის ამრევები ისინი არიან და არა რომელიმე სხვა გაერთიანება. მოწოდებები ღიმილის მომგვრელია, თუმცა, მზად ვართ, ამ მემორანდუმს ხელი მოვაწეროთ“, - აცხადებს დეპუტატი.

ცაგარეიშვილი ნაციონალების გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობისა და პროვოკაციის მოწყობაში გაწაფულია.

„დადგენილების პროექტს ნაციონალებმა მხარი არ დაუჭირეს, რაც ამ პოლიტიკური ძალის რეალურ არსს ნამდვილად წარმოადგენს“, - დასძენს ცაგარეიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი ზურაბ აბაშიძე.

for.ge-სთან საუბარში აბაშიძე აცხადებს, რომ მისი გუნდი კონფრონტაციაში შესვლას არ აპირებს, რადგან სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოლეს და დაამარცხეს, ახლა კი, უკეთესი მომავლისთვის და ცხოვრებისთვის იბრძვიან. აბაშიძის ცნობით, ზაფხულში, პარლამენტმა ქცევის კოდექსი იმისთვის მიიღო, რომ მშვიდობა შენარჩუნებულიყო.

„მაშინ, ნაციონალები არ შემოგვიერთდნენ და როგორც ჩანს, ხელის მოწერას არ აპირებენ. როგორც ჩანს, რაღაც განზარხვა აქვთ და არეულობა სურთ. სამწუხაროდ, დესტრუქციული ქმედებებისგან ვერ გათავისუფლდნენ და ხელზე კორცხელის ინციდენტი აქვთ დახვეული“, - აცხადებს აბაშიძე.

ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი ადასტურებს, რომ მისი პარტია მემორანდუმის პათოსის გაზიარებას არ აპირებს, რადგან მისი თქმით, ქვეყანაში არეულობა მხოლოდ „ოცნებას“ აწყობს.

for.ge-ს მაჭავარიანი არწმუნებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების მოგება აქვს დაგეგმილი და არა არეულობა. დეპუტატის მოსაზრებით, საარჩევნო გარემოზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ვინ როგორ იქცევა, ეს კორცხელში ძალიან კარგად გამოჩნდა.

„ზონდერჯგუფები ვისი დავალებით მოქმედებდნენ, ძალიან კარგად ვიცით. იმ ძალადობაზე პასუხი არავინ არ აგო. შერჩევითი სამართალია და ამის დასტურია ის, რომ მარტვილში, ჩვენი წარმომადგენელი ქალბატონის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამ ქალბატონმა დაინახა, რომ „ოცნებას“ წინასწარ ჰქონდა გამზადებული სია, საუბნო კომისიებში ვინ უნდა აერჩიათ. კორცხელის მოძალადეების მიმართ საქმე რომ აღძრულიყო, რა დრო დასჭირდათ, კი იცით“, - აღნიშნავს დეპუტატი.

მაჭავარიანის მოსაზრებით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მოსახლეობა დააშინოს და შიშში ამყოფოს.

„როცა საბურავებზე იყო საუბარი, ხელისუფლების მიზანი იყო, რომ ხალხი დაძაბული ჰყოლოდა. არაფერი არ იგეგმება გარდა იმისა, რომ არჩევნებს „ოცნება“ წააგებს. ლევან იზორია ტრიბუნასთან დადგა და გვამცნო, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა. ჩანაწერები საიდან მოიპოვეს, კანონიერი გზით თუ უკანონოდ დღემდე უცნობია, მაგრამ შეიძლება, რომ ასეთ მძიმე დანაშაულზე გამოძიებას ბრალდებული არ ჰყავდეს? არ შეიძლება, რომ საკუთარი მოქალაქეები დაძაბული ვარაუდებით გყავდეს. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკასა და ქვეყნის წინსვლაზე ვილაპარაკოთ, ისინი დაძაბულობაზე საუბრობენ. ყველაზე მეტად თუ ვინმეს დაძაბულობა აწყობს, ეს „ოცნებაა“. ისინი თავს როგორც თევზი წყალში ისე გრძნობენ“, - ამბობს მაჭავარიანი.

კანონმდებელი რეგიონალური შეხვედრებისთვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მთავრობის ხელმძღვანელი ოპოზიციას დათვურ სამსახურს უწევს.

„ივანიშვილი რეგიონალურ შეხვედრებს მართავს, ჟურნალისტებს ჭკუას ასწავლის, თურმე, ხალხს იმის ანალიზში ეხმარება, როგორი საამური ცხოვრებაა. ამბობს, ყველა დაპირება შევასრულეო და მადლობა ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ გვეხმარება და მოსახლეობას იმ დაპირებებს ახსენებს, რომელიც უხვად დაარიგა და ხალხი ასევე უხვად მოატყუა“, - დასძენს მაჭავარიანი.

რაც შეეხება რესპუბლიკელების განწყობას, „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, დოკუმენტის ხელმოწერას ისინიც აპირებენ. როგორც for.ge-ს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, „რესპუბლიკური პარტია“ მემორანდუმს ხელს მოაწერს.

„ყველაფრის მიუხედავად მზად ვართ, რომ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ. არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ პარტიამ საკითხზე იმსჯელა და მხარდაჭერა გადაწყვიტა. იმ შემთხვევაში, თუ პარტიები გულწრფელები არიან, დოკუმენტს ხელს აწერენ და პროცესი იცვლება. როცა განწყობა ნეგატიურია, ეს პროპაგანდის გარდა, არაფერს არ იძლევა. ხელს იმიტომ ვაწერთ, რომ ვინმემ რამე არ თქვას“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

პარლამენტმა ვიქტორ დოლიძის მიერ მომზადებული ქცევის კოდექსი ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიაზე მიიღო, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში ქცევის ნორმები პუნქტობრივად იყო განსაზღვრული. ამ დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა, რადგან უმცირესობა პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა.