„ბურჭულაძის გადაბირების ეპოქა დასრულდა“

„ბურჭულაძის გადაბირების ეპოქა დასრულდა“

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პაატა ბურჭულაძე და ნიკა გვარამია დაკითხნენ. მხარეები ამტკიცებენ, რომ სატელეფონო საუბრის ჩაწერა და გამოქვეყნება სუს-ის მხრიდან მოხდა. საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს სახალხო დამცველი და მიიჩნევს, რომ ასეთი შემთხვევები მძიმედ აღიქმება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანსაღი მედიაგარემოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განმაპირობებელი ფაქტორების არსებობა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ამ სატელეფონო საუბრის შინაარსსა და მის გავრცელებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს, რომელის განცხადებით, სატელეფონი საუბრიდან ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ფორმირებაში ნიკა გვარამია მონაწილებოდა.

რა აკავშირებს ბურჭულაძეს და ნაცმოძრაობას და ვის სასარგებლოდ დასრულდა ბურჭულაძის გადაბირების ეპოქა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო საუბრის შინაარსიდან თუ ამოვალთ, მივდივართ იმ დასკვნამე, რომ ბურჭულაძე სააკაშვილის პროექტია?

ვახტანგ ძაბირაძე: არჩევნები მოვიდა და შესაბამისად, ნებისმეირ პოლიტიკურ პარტიას დღეს ტელევიზია ჰაერივით სჭირდება. მაგრამ, გვარამია- ბურჭულაძის საუბრის თემა და ტონი, ვფიქრობ მთლად მისაღები და ლამაზი ვერ იქნება პაატა ბურჭულაძისთვის. რადგან, გვარამიას საუბარს თუ გადავხედავთ, ეს იყო იმ ადამიანის ტონი, რომელსაც ხელში აქვს ძალიან ქმედითი და რეალური მექანიზმი, როგორის არის ტელევიზია. პრონციპში, გასაკვირი აქ არაფერი არ არის. ორივე მხარე გრძნობს ამ მექანიზმის ძალას და შესაბამისად, ყველაფერი მომდინარეობს აქედან. თუმცა, სხვაგვარად ვუყურებ იმას, რაც მოხდება - ვფიქრობ, ბურჭულაძის გადაბირების ეპოქა დასრულდა.

ვის სასარგებლოდ დასრულდა ბურჭულაძის გადაბირების ეპოქა?

- როგორც ნაციონალების, ასევე, ხელისუფლების მხრიდან გადაბირების ეპოქა სრულდება. როგორც ჩანს, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს არ აძლევთ პარლამენტში მესამე ძალის შეყვანა.

სად და რა ნაწილში ჩანს ხელისუფლების ჩართულობა ბურჭულაძის გადაბირების პროცესში?

- თვითონ შინაარსიდან გამომდინარე.

ანუ?

- ამ საუბრის შინაარსს თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ბურჭულაძის პარტიას ჰქონდა ჯამური ხმები. თავად ბურჭულაძეს მოჰქონდა „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ამომრჩევლის ხმები, ისევე, როგორც „გირჩს“ და ვაშაძეს მოჰქონდა ნაციონალებზე განაწყენებული ამომრჩევლების ხმები. აი, ეს ჯამური ხმები იყო ბურჭულაძის ელექტორატი.

როდესაც საუბარია, რომ ნაციონალების დანამატია, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ამომრჩევლის ხმები ბურჭულაძეს მოშორდება, ისევე როგორც განაწყენებული ნაციონალების ხმები ჩამოშორდა „გირჩს“ და ვაშაძეს, რადგან პარალელურ რეჟიმში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბურჭალაძის პროექტი თურმე ივანიშვილის დაფინანსებულია.

საარჩევნო კამპანიაში ორი პოლიტიკური სუბიექტების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა?

- ასე გამოდის. იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს, რომ სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ბარეირი ვერ გადალახონ, ისევე როგორც ნაციონალებს, რადგან ის 77 მანდატი შეიძლება, ნაციონალებისთვის არც თუ სასურველი პროპორციით განაწილდეს. ნაციონალები კარგად ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში მომსვლელები არ არიან. ამიტომ, ურჩევნიათ, რომ დარჩნენ ერთადერთ ოპოზიციურ საპარლამენტო ძალად.

ბურჭულაძის პარტია უკვე არც ერთს არ სჭირდება, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. „რუსთავი 2“-ს საარჩევნო გადაცემაში 6 პარტიის ლიდერებთან საუბრის მთავარი თემაა, თუ ბარიერს გადალახავენ, ვისთან იქნებიან ბლოკში, ან ითანამშრომლებენ თუ არა „ქართულ ოცნებასთან“. პარტიებიდან ვინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ და ეს საკითხი ნამდვილად აწუხებს ნაცმოძრაობას, რაც ბუნებრივია.

გვარამიას სატელეფონო საუბარი ბურჭულაძესთან ერთგვარად ადასტურებს, რომნაციონალურ მოძრაობაშიარის არაფორმალური მმართველობის პრობლემა, რაც ამ პარტიისთვის არის წამგებიანი?

- გვარამიას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გავლენები აქვს, ამის ყველაზე კარგი დასტურია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორობა, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის რუპორია. თუ წარსულს გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ კომუნისტური და ფაშისტური რეჟიმის დროს, წამყვანი გაზეთების რედაქტორები, ლამის, პოლიტბიუროს წევრები იყვნენ, ასე მარტივად არ იყო საქმე. იყო იმ მედიის გენერალური დირექტორი, რომელიც პარტიის კუთვნილებაა, ეს უდიდესი თანამდებობაა. უკეთესი გზა, იმოქმედო საზოგადოებასთან, მსოფლიოში არავის მოუგონია. ამიტომ აქ საუბარი არ უნდა იყოს იმაზე, რომ აქვს თუ არა გვარამიას გავლენა ნაცმოძრაობაში. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წამყვანი არის გვარამია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ამომრჩეველი, რომელზეც ჯერჯერობით აგიტაცია და საზოგადოებრივი განწყობა არ მოქმედებს. არ ვიცი, რა იქნება არჩევნების შემდეგ, მაგრამ დღეს ასეა. ამიტომ, ტონს არც გვარამია უფრთხილდება და როგორც ჩანს, არც ბურჭულაძე. ეს ყველაფერი კი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „რუსთავი 2“ არის მხარე, რაც თავად გვარამიამაც დაადასტურა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ერთი მმართველი და ჯერჯერობით, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ვერც გვარამია და ვერც ბაქრაძე, სააკაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მაგრამ ვნახეთ, რომ გვარამიას უდიდესი გავლენა აქვს ნაცმოძრაობაზე, რაც ნიშნავს, რომ სააკაშვილის გავლენით არის გამოწვეული.

იმაზე მეტი, ვიდრე სიის ათეულს?

- შიდა სამზარეულს არ ვიცნობ, მაგრამ გარედან ჩანს, რომ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. როგორც ჩანს, გვარამია მონაწილეობდა ნაცმოძრაობის სიის შედგენაში. ყოველ შემთხვევაში, პირველი ათეულის ფორმირებაში.