„რომელ კომპეტენციაზე მელაპარაკებიან, მაგათ, ანეკდოტებს რომ ვუყვები და ვეღადავები, ვინ ვგონივარ?“

„რომელ კომპეტენციაზე მელაპარაკებიან, მაგათ, ანეკდოტებს რომ ვუყვები და ვეღადავები, ვინ ვგონივარ?“

სოსო ჯაჭვლიანი ამ მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო, მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი, აღარ იქნება, რადგან საქმიანობას კურორტ „თეთნულდის“ განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს.

მმართველმა გუნდმა დააწინაურა თუ პოლიტიკას გაარიდა დეპუტატი, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც სოსო ჯაჭვლიანთან ჩავწერეთ:

თქვენს ახალ თანამდებობას საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ნაციონალებმა საკუთარი კადრები - მოქმედი დეპუტატები თბილისის მერიის სიპებში დაასაქმეს. „ოცნებაცამ გზას ხომ არ ადგას?

- ჩემს ამ თანამდებობაზე დანიშვნას ქილიკი მოჰყვა. მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, სოსო პარლამენტში არ უნდა იყოს და არც კინოსტუდიაშიო. კიდევ კარგი, ესენი თენგიზ აბულაძის ასისტენტები არ იყვნენ, თორე, „ნატვრის ხე“-ში ვინ გადამიღებდა? საუბარია კომპეტენციაზე, გიჟი სააკაშვილი გამოვარდა და თქვა, პრეზიდენტობის შემდეგ, ამ პოსტზე მე უნდა ვყოფილიყავიო. მიშა, ყველამ თავის სოფელს, ჯიშს და ჯილაგს მოუაროს. მე ჩემს სოფელს მოვუვლი. იქეთაც არ მიშვებენ? - სადაც გუნდი დაგაყენებს, იქ უნდა იყო, ეს ან უნდა მიიღო ან - არა. ახალკაცი გენიოსი იყო და როცა დიუსელდოლფში თასი აიღეს, მაშინ მანუჩარ მაჩაიძე გუნდიდან გამოიყვანა. როცა გამოცდილებასა და კომპეტენციაზე აქვთ პრეტენზია, შემიძლია, ჩემი წარსული შეგახსენოთ.

თქვენ ფიქრობთ, რომ იმ დონის გამოცდილება გაქვთ, რითაც კურორტის განვითარებას უზრუნველყოფთ?

- 1989 წლიდან მკლავჭიდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვარ. 2009 წელს, მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტად წარმადგინეს, მაგრამ მაშინ ფილმს ვიღებდი და ჩემს მიერ დასახელებული კანდიდატი დღემდე მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტია. ამას გარდა, 50-ზე მეტ მხატრულ ფილმში ვარ გადაღებული და პირადად მე, ოთხი მხატრული ფილმი გადავიღე, რომელიც 30 საერთაშორისო ფესტივალზე წარვადგინე და რეკლამა გავუკეთე. ამ ყველაფრისთვის არავინ არ დამჭირვებია, ფილმი - „სვანი“ კი, ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი იყო. ფილმი ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე წარვადგინე და ჩემი ფილმის რეკლამაც პირველ გვერდზე იყო. სხვათა შორის, საქართველოში მკითხეს, ჩააწყვეო? - ვენეციაში რომ ჩამეწყო, რა მაგარი ვიქნებოდი და რომ არ ჩამეწყო - ისედაც. ასევე „ქართულ ფილმში“ 2600 ადამიანის ხელმძღვანელი ვიყავი და რომელ კომპეტენციაზე მელაპარაკებიან? მაგათ, ანეკდოტებს რომ ვუყვები და ვეღადავები, ვინ ვგონივარ? - ეს ის საზოგადოებაა, რომელიც „იბიარდს“ დღემდე აპიარებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ხუთი დღე სამუშაო კაბინეტები დავუთმეთ და არ ვიცოდი, EBRD რა იყო? - მათ წერილი უნდა მივწერო.

წერილში რის მიწერას აპირებთ?

- მათ ჩემნაირი ადამიანი ძალიან აწყობთ, რატომ? - სახელმწიფომ „იბიარდი“-ს გაპიარებისთვის 27 მილიონი ლარი გამოყო და რა იყო, ვერავის ვერ გააგებინა. ხალხს ჩემი „რეჟისორულ ტრიუკით“ ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში გავაგებინე.

თუმცა, ოპონენტებმა უცოდინრად მიგიჩნიეს...

- ვისაც გვჯერა, გაგვატარონ! სანამ პარლამენტში შემოვედი, მაშინაც სოსო ჯაჭვლიანი ვიყავი, პარლამენტშიც სოსო ვიყავი და აქედან რომ წავალ, ისევ სოსო ჯაჭვლიანი ვიქნები. როცა პოსტზე ოფიციალურად გავფორმდები, იმაზე ვილაპარაკოთ, ვინ რას გააკეთებს. საქართველოში კომპეტენტური ვინ არის? - მითხარით, ვის რა გაუკეთებია და რეებს საუბრობთ? იურისტებირა პოლიტიკოსები მყვანან, 30 წლის განმავლობაში ქვეყანა დაღუპეს. ნუ ლაპარაკობენ, „ჩვენ დიდი პოლიტიკოსები“ ვართო, რისი პოლიტიკოსები არიან? - მსოფლიო პოლიტიკას ერთი რეიგანი ეყოფა.

პოლიტიკოსებს თქვენს გუნდშიც ვერ ხედავთ?

- ჩემი გუნდი ყველაზე მაგარია.

რითი?

- როცა გუნდი გეტყვის, სათადარიგოზეც უნდა დაჯდე. თუ გეტყვიან, ნახევარმცველიც უნდა იყო, ან - კარში დადგე. ყველაფერი დღევანდელი დღით კი არ წყდება. თქვენ რა გგონიათ, 30 წლის განმავლობაში, პარლამენტი რას აკეთებდა? - მხოლოდ საშვების გამოწერა ხდებოდა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თქვენი ხელისუფლების პირობებში, რა გააკეთა?

- ამ პარლამენტმა ის მოიტანა, რომ ადამიანები თავისუფლად ლაპარაკობენ. განა ვერ ვიტყვი, ხალხი რას გვედავება? - ე.წ. სამართლიანობის აღდგენას, ქონების დაბრუნებას, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. დისკრიმინაცია არ შეიძლება და კანონი უნდა მიგვეღო, მაგრამ მღვდელთან კი არ წავედი და ყურში კი არ ჩავჩურჩულე მაპატიე-თქო, გამოვედი და ოთხი მილიონი ადამიანის წინაშე ბოდიში მოვიხადე. საზოგადოებას საერთოდ არ ვიყავით შეპირებული, რომ C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობა უფასო იქნებოდა. ათასი კაცი რომ დავიჭიროთ, საქართველო ხომ დამშვიდდება, მაგრამ ამ ეტაპზე, ამას ის არ სჯობს, 200 ათასს ადამიანს ვუმკურნალოთ? - ყველა უნდა დაისაჯოს და ამას არ შევეგუები. ამ გუნდის წევრი ვარ და ვრჩები, მაგრამ უმადური არ უნდა იყო, რაც ამ ქვეყანას ღუპავს. შეიძლება, გუნდის რაღაც პოზიციები არ მოგწონდეს, მაგრამ მაშინ, ადექი და რაღაც გააკეთე. დახურულ შეხვედრებზე მკაცრი და შეუპოვარი ვიყავი, რომელსაც ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. ჩემს აზრს ყოველთვის ვაფიქსირებდი და უკან არასოდეს დამიხევია.

თეთნულდისხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის თაობაზე შეთავაზება ვისგან მიიღეთ?

- ბავშობიდან ნატვრა მქონდა, რომ „თეთნულდის“ ინფრასტრუქტურა გაკეთდეს. რომელ კომპეტენციაზე მელაპარაკებიან? - ფელიქს ქუმსიაშვილი და მე დაბადებიდან თხილამურებზე ვდგავართ. მთელი ცხოვრება ნატვრა მქონდა, რომ ნეტა, იქ რამე გაკეთებულიყო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შემომთავაზა? „რუსთავი 2“-მა სვანეთში ხალხი გადაიღო, იქნებ, ვინმემ ცუდი თქვასო. სვანებმა უთხრეს, სოსო გვიყვარსო და იქაურმა ნაციონალმაც კი თქვა, სოსო მაგარი ბიჭიაო.

ანუ, „ოცნებამოცნება თქვენ აგისრულათ?

- არა, შეიძლება, ჩემთვის მისაღები სულ სხვა რაღაც იყო და ამას საქმე გვაჩვენებს.

რას გულისხმობთ, სხვა პოსტი გსურდათ და სხვა მიიღეთ?

- არა, ამას არ ვგულისხმობ. ოთხი წლის მანძილზე, ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიყავი და პრეზდიუმში არასოდეს არ ვიჯექი, რადგან ჩემთვის თანამდებობა არაფერს არ წარმოადგენს. ზოგი პარლამენტში ვიღაცეებს იღებს და ამით თავს იწონებს.

ხშირად ხმაურიანი განცხადებებით უმრავლესობას პრობლემებს უქმნიდით და არ ფიქრობთ, რომ თქვენმა გუნდმა ამ თანამდებობაზე დანიშვნით პოლიტიკას გაგარიდათ?

- ეს მათ ჰკითხეთ. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები არ მომწონდა და ბევრს პირშიც ვეუბნებოდი, ეს ჩვენი ოჯახია. მაშინ, უნდა გამოხვიდე და ცოტა სხვანაირად წახვიდე. როცა არჩევნებია, არ შეიძლება, რომ გამოხვიდე და ვიღაცას ნოტაციები უკითხო. გულში რა და როგორ მაქვს, ეს ჩემი საქმეა, მაგრამ საკუთარი სათქმელით ოჯახი არ უნდა დააზიანო. ყველაფერი კი არ მომწონს.

თქვენ გუნდის ერთობაზე აპელირებთ, გუნდის მოქმედი დეპუტატები კი განაწყენებული არიან, რომ სიაში აღარ იქნებიან. გუნდში თქვენი დარჩენა იმანაც ხომ არ განაპირობა, რომ გუნდმა რაღაც პოსტი შემოგთავაზათ?

- ერთი გრამი გადაცდომა რომ მქონდეს და საქმის კეთება არ შემეძლოს, პოსტზე ერთი დღე არ გავჩერდები. იქ რა მინდა, ხელფასის გამო წავიდე? - თეთნულდი ჩემი და საქართველოს შვილების მომავალია. ამ კურორტის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

მერვე მოწვევის პარლამენტში თქვენი მუშაობით კმაყოფილი ხართ?

„საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ“ 73 დეპუტატიდან სამივე ნომინაციაში გამიყვანა, თუ როგორ ვმუშაობდი ბიუროში. წარმოუდგენელი იყო, რომ 150 ათას ადამიანს შევხვედროდი და იმ მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი, ვისაც ვერ შევხვდი. რომ ვთქვა, ხუთი მეტრის სიმაღლეზე ვხტებიო, დამიჯერებთ? - ეს ვიღაცამ უნდა თქვას.