საქართველო განახლებული ე.წ. შეჩერების მექნიზმის ჩამოყალიბების მოლოდინშია

საქართველო განახლებული ე.წ. შეჩერების მექნიზმის ჩამოყალიბების მოლოდინშია

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 11 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ. საკითხის განხილვა ევროკავშირის იუსტიციისა და შიდა საქმეების მინისტრების შეხვედრაზე გაიმართება. ფაქტობრივად, საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ტექნიკურ მხარეზე შეკითხვები არ არსებობს. დაბრკოლებას წარმოადგენს საკითხი, თუ როგორ გადაწყვეტენ ერთმანეთში პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, ვინ იქნება მთავარი უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხში.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია. გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, თუ რატომ არის აუცილებელი საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაწესება.

„ვიზების ლიბერალიზაცია საგრძნობ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთსულოვნად უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას. გარდა ამისა, ეს თვალნათლივ დაანახებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირატესობებს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შს და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. მიგრაციის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოს განცხადებით, კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა ძლიერი პოლიტიკური გზავნილია ევროპარლამენტის მხრიდან.

„იმედი მინდა გამოთქვა, რომ ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტები ახლო მომავალში დაასრულებენ ყველა საჭირო პროცედურას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირთან“, - აღნიშნა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

თავის მხრივ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის რიშარდ ჩარნიცკის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტულ ამოცანას და იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.

„საქართველო, მისი კულტურა, ისტორია ევროპის განუყოფელი ნაწილია. დღეს ორივე მხარისთვის - ევროკავშირისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესი. თუ ჩვენ გზას ვუხსნით საქართველოსთან ახლო ურთიერთობებს, ამ ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ღია კარი ევროკავშირში. საქართველოს მეგობრებისთვის, ჩემთვის პირადად აღნიშნული გახლავთ მთავარი საკითხი და იმედი მაქვს პროცესის წარმატებით დასრულების“, - განაცხადა რიშარდ ჩერნიცკიმ.

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს მოსახლეობას არწმუნებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე აზრთასხვადასხვაობა არ არსებობს. ევროკომისარმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამჟამად ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოში მიმდინარეობს ინსტიტუციური განხილვები ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან.

„ეს არის ის, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, მიბმულია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს საკითხზე არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მოსაგვარებელია მხოლოდ ეს ინსტიტუციური საკითხი თავად ევროკავშირში და პირადად მე, ყველაფერს ვაკეთებ, რომ იგი მოგვარდეს ყველას ინტერესის, განსაკუთრებით კი, საქართველოს ინტერესის გათვალისწინებით, რადგან საქართველო, მისი მოქალაქეები იმსახურებენ უვიზო მიმოსვლას“, - განაცხადა იოჰანეს ჰანსმა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა ვიზალიბერალიზაციის პროცესს მხარს უჭერს. ამ პროცესს მხარს უჭერენენ პრორუსული ორიენტაციის პარტიები, თუმცა, საპირწონედ ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლა რუსთეთთანაც უნდა აღდგეს.

ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკივაძის თქმით, პრინციპული თანხმობა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა უნდა მიენიჭოს, არსებობს, მაგრამ ახლა საუბარია იმაზე, როდის უნდა მოხდეს.

„როცა ისმევა კითხვა - როდის? ევროკავშირი ამბობს, რომ მათ პირველ რიგში უნდა განიხილონ შეჩერების მექანიზმის საკითხი, რაც ადრეც არსებობდა, მაგრამ არ იყო მოქნილი. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რომ იყოს უფრო მოქნილი და მისი ამოქმედება დროში არ იყოს გაწელილი. საქართველოს საკითხი დამოკიდებულია განახლებული შეჩერების მექნიზმის საბოლოო ჩამოყალიბებაზე. როდესაც მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება, ამის შემდეგ მოხდება საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა“, - აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

მისივე თქმით, თეორიულად, გამორიცხულია, რომ განახლებული შეჩერების მექნიზმის საბოლოო ჩამოყალიბება არჩევნებამდე მოხდეს.

„საქართველოსთან მიმართებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსეობს. ერთადერთი, რაც საქართველოს საკითხს უკავშირდება, ეს არის შეჩერების მექანიზმი, რაც საქართელოზე არ არის დამოკიდებული. საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა. არ არსეობს არანაირი დოკუმენტი, რომლითაც ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუტი ამბობს, რომ არჩევნების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, მივცემთ თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.