ივანიშვილის პოლიტიკური პროგნოზი - „ნაციონალებისთვის კარგი შედეგი 10 კაცია“

ივანიშვილის პოლიტიკური პროგნოზი - „ნაციონალებისთვის კარგი შედეგი 10 კაცია“

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეიძლება მივანდოთ ბედი და, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია დემოკრატიულად მართოს სახელმწიფო.

ამავე კონქტექსტში, ყოფილმა პრემიერმა მოქმედ პრემიერზეც ისაუბრა და აღნიშნა, როდესაც აბრალებენ, რომ ის მართავს ქვეყანაში პროცესებს და, რომ გიორგი კვირიკაშვილი არავინ არაა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ივანიშვილი ამტკიცბეს, რომ რეალურად გადაწყვეტილებებს გიორგი კვირიკაშვილი იღებს.

ივანიშვილმა ოპონენტების გასაგონად ისიც აღნიშნა, რომ ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს და ოთხი წლის შემდეგაც საქართველოში გეგმავს ცხოვრებას. თუმცა, სურვილი აქვს, რომ ოთხი წლის შემდეგ ქვეყანაში იყვნენ ისეთი პარტიები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ „ქართულ ოცნებას“.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ოთხ წელიწადში პირადად გამოვიდე, სამი-ოთხი პარტია დავასახელო და ვთქვა, რომ ამ პარტიებს ხელეწიფებად ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანონ. დღეს, ცარიელი პრეტენზიები აქვს რამდენიმე პარტიას, მაგრამ არ აქვთ ამის რესურსი და არ აქვთ ამის ნიჭიერება.

„ქართულ ოცნებას“ დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ამ პარტიამ ის სტანდარტები შეინარჩუნა, რაც მე ჩემს გუნდთან ერთად დავტოვე, როდესაც პრინციპულად შევცვალე დამოკიდებულება მართვისადმი. ეს პრინციპები შეინარჩუნა „ქართულმა ოცნებამ“ და შეუძლია გააგრძელოს შემდგომი ოთხი წელიც. არ ჩანან სხვა პარტიები, სამწუხაროდ, თუმცა მათ უნდა მოახერხონ გააქტიურება, რომ კონკურენცია გაუწიონ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შანსებს, ივანიშვილის პოლიტიკური პროგნიზით, ნაციონალებისთვის კარგი შედეგი იქნება 10 დეპუტატი პარლამენტში.

„კუთხეში არიან შეყრილები. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის. 46 კაცი ყავდათ პარლამენტში და ახლა მათთვის კარგი შედეგი 10 კაცია. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ერთადერთი რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა, რომ რაიმე რევოლუცია მოახდინონ.

ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად გვმოძღვრავს. თავისუფალი ტელევიზიის „რუსთავი 2-ის“ დირექტორიც ნახეთ რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. შესაბამისად, ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ. პროვოკაციები იქნება, მაგრამ იქნება მინი, პატარა პროვოკაციები“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის პროგნოზს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმით ხსნიან, რომ 8 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი მართვის ბერკეტებს „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად ჩამოართმევს.

გიორგი თევდორაძის განცხადებით, წინასაწარი ვარაუდი და ოცნება „ქართული ოცნების“ საქმეა. მისი თქმით, ნაცმოძრაობას მწყობრი საარჩევნო გეგმა გააჩნია, როგორ ჩაიბარებენ არჩევნების შემდეგ სახელისუფლებო ბერკეტებს.

„ჩვენი მიღებული ხმები საკმარისი იქნება იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაცილოთ მართვის ბერკეტებს. რამდენად ამართლებს ივანიშვილის პროგნოზები და რამდენად სწორი ანალიზის გაკეთება შეუძლია, ეს ყველაზე კარგად იცის საზოგადოებამ. ჩვენ მივეჩვიეთ ივანიშვილისგან არასწორ დაპირებებეს. ასე რომ, ეს ალბათ, მის ყველაზე ტკბილ ოცნებაში აქვს წარმოდგენილი, მაგრამ ყველა ნახავს რამდენი ვიქნებით პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ წელს ქართველი ამომრჩეველი გააკეთებს გონივრულ და მისთვის რაციონალურ არჩევანს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი თევდორაძემ.

ივანიშვილისგან განსხვავებით ექსპერტები ფიქრობენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო შეენარჩუნებინა თავისი სტაბილური ამომრჩეველი, რომელზეც ჯერჯერობით აგიტაცია და საზოგადოებრივი განწყობა არ მოქმედებს. შესაბამისად, კონსტიტუციოლალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ პარტიისთვის 5%-იან ბარიერის გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ არც თუ სასურველი პროპორციით, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის გარანტი იქნება.

„ნაციონალები კარგად ხვდებიან, რომ ისინი არანაირი ხელისუფლებაში მომსვლელები არ არიან. ურჩევნიათ ერთადერთ ოპოზიციურ საპარლამენტო ძალად დარჩნენ. არ ვიცი საიდან და როგორ ანგარიშობს ბატონი ბიძინა, მაგრამ ფაქტია, რომ 10 კაცზე მეტი იქნებიან. შემიძლია გარანტია მივცე, რომ არა მატრო გადალახავენ და 10 კაცს შეიყვანენ, არამედ ცოტა მეტსაც შეიყვანენ, ასე მარტივად არ არის საქმე. მეორეც, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს. მაგრამ, რამდენმაც უნდა გადალახოს ბარიერი, 10 კაცზე მეტს ნამდვილად შეიყვანენ, ჩემი აზრით 15-მდე დეპუტატს გაიყვანენ ნაციონალები.

არავინ იცის მაჟორიტარებში სად რა შანსი აქვთ. ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ნაციონალებს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ. მათ აქვთ დაახლოებით 200 ათასი ხმა. თუმცა, ყველაფარი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს და როგორი იქნება ფარდობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის ვერსიები დიდი ალბათობით საკუთარ ოცნებაზეა დამყარებული და არა რაიმე რეალურ გათვლებზე, რაც მისივე თქმით, მიმანიშნებელია იმაზე, რომ დარწმუნებული არ უნდა იყოს საკუთარ წარმატებაში.

„ამ კითხვაზე პასუხი გაიცემა 9 ოქტომბერს. ერთი კი ცხადია, რომ 4 წელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად გაატარეს პარლამენტში, ორივესთვის მტკივნეულია. რასაკვირევლია, ამ პოლიტიკურ ძალას ახალ პარლამენეტში ნაკლები, მაგრამ არა ცოტა წარმომადგენელი ეყოლება. ისევე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ დაგვარწმუნა, რომ უკეთესი არ ნიშნავს კარგს, ასევე ნაკლები არ ნიშნავს ცოტას“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე განცხადებით, ძალიან უხეში წინასაარჩევნო პროპაგანადა, რომელსაც ივანიშვილი იყენებს, სხვადასხვა შეფასებებს საჭიროებს. ვფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერი გულწრფელია საკუთარ გამონათქვამებში.

„გადაჭარბებული გულწრფელობა არ ნიშნავს სანდოობის მაღალ ხარისხს. როდესაც წინასწარ ამბობს, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენელი პარლამენტში, ეს ნაციონალებს მისცემს საშუალებას, ამტკიცონ, რომ ამომრჩეველთა შეჩვევა ხდება გაყალბებული შედეგების აღსაქმელად, როგორც რეალობის. მით უმეტეს, რომ ერთმანეთის მიმართ ბრალდებები არ მობეზრდებათ ამ ორ პოლიტიკურ ძალას.

10 ნაციონალი იქნება პარლამენტში, თუ 7, ეს ამომრჩევლების გადასაწყვეტია. ჩვენი ტელესივრცის ახალი სოლისტი კი, უფრო თავშეკავებული უნდა იყოს კონკურენტების ღიად მიჭირხვნის პროცესში, რადგან ეს არა თუ სიმშვიდეს, არამედ მეტ გაღიზიანებას იწვევს, მათ შორის სწორედ „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.