„ვფიქრობ, ივანიშვილი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თავის პარტიას თამაშობს“

„ვფიქრობ, ივანიშვილი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თავის პარტიას თამაშობს“

„მაქვს ეჭვი, რომ ბურჭულაძის პარტია წინასაარჩევნოდ შექმნილი ერთგვარი პროექტია“, - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ასეთი ნაუცბათევი შემოსვლა და პრეტენზია, რომ ჩამოყალიბებულიყო მესამე ძალად, უფრო წააგავდა გარკვეული პოლიტიკური პროექტის გათამაშებას, ვიდრე სურვილებს მისი მხრიდან, რომ შეეცვალა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა.

რატომ ტოვებენ ბურჭულაძეს პარტიის წევრები და რა შანსები დარჩა არჩევნებამდე 24 დღით ადრე მსოფლიო ბანს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, პაატა ბურჭულაძის პარტიაში ისევ ხმაურია, ხათუნა ლაგაზიძის შემდეგ, პარტია გიორგი რუხაძემ დატოვა. პარტიაში არსებული დაპირისპირებისა და ხმაურიანი განცხადებების ფონზე, რა შანსები დარჩა პარტიას?

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც წესი, პარტიული და პოლიტიკური ცხოვრება ადგილზე არ დგას, ის საკმაოდ დინამიური პროცესია. ხდება როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური მოვლენები. პარტიაში სხვადასხვა ბიოგრაფიის და მენტალიტეტის ადამიანები არიან. აქედან გამომდინარე გამორიცხული არ არის, რომ პარტიაში უთანახმოება მოხდეს გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის სიის ფორმირების საკითხზე.

მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის ცნობილი დისიდენტები, თუ შეიძლება მათ ასე ვუწოდოთ, ალბათ, უფრო პარტიულ სიაში ვერმოხვედრის გამო გამოეყვნენ პარტიას, რადგანაც გაერთიანებაზე პროტესტი ადრე არ გამოუთქვამთ. რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც პარტიაში მიდის, ხმაურიანი წასველები, როგორც პარტიის ლიდერების, ასევე ქვედა რგოლის წევრების პარტიის რეპუტაციაზე დადებითად ვერ აისახება. მაგრამ ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამისა, ეს გაერთიანება შეინარჩუნებს ბარიერის გადალახვის შანსს.

მიუხედავად იმისა, რომ პარტია პრაქტიკულად დაშლილია, ბარიერის გადალახვის შანსს მაინც ინარჩუნებს?

- ჯერ ერთი, არ დაშლილა, შანსი აქვთ იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ის განცხადებები, რაც გაკეთდა პარტიის წევრების მხრიდან, არ გამოიყურებოდა მაინცდამაინც დამაჯერებელად. ეს იყო მხოლოდ მხოლოდ ვარაუდებზე დაფუძნებული განცხადებები, მათ შორის ოჯახის წევრებზე მუქარები.

ხათუნა ლაგაზიძე გყავთ მხედველობაში, რომელიც პროკურატურამ უკვე დაკითხა?

- დიახ. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი ინფორმაცია რომ დადასტურებულიყო, ეს ხომ ბურჭულაძის პარტიისათვის ფაქტიურად პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. არ ვიცი, წინასაარჩევნო პერიოდში რატომ უნდა დასჭირვებოდათ პარტიაში ასეთი რადიკალური გზებისთვის მიმართვა. რა თქმა უნდა, ქალბატონი ხათუნა ამ პოლიტიკური პარტიის ფასეული წვერი იყო, მაგრამ არ იყო შეუცვლელი. ვფიქრობ, რომ პარტია მის გარეშეც მოახერხებს ფონს გასვლას.

ფიქრობთ, რომ ამომრჩევლისთვის დამაჯერებელი შეიძლება აღმოჩნდეს განცხადება, რომელსაც პარტიაში დარჩენილი წევრები აკეთებენ, როდესაც სიის დაკომპლექტებას უკავშირებენ პარტიის ლიდერების ხმაურიან წასვლას?

- შეიძლება ნაწილმა დაიჯეროს, ნაწილმა არა. გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით, ჩვენი ქართული პოლიტიკური რეალობა, თუ რა ბრძოლა მიდის სიებში მოსახვედრად და განსაკუთრებით წამყვანი ადგილებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ რომ საზოგადოების უმეტესობა, ალბათ, უფრო იმ ვერსიას დაიჯერებს, რომლის მიხედვითაც ამ პიროვნებების პარტიიდან წამოსვლა, სწორედ სიაში სასურველი ადგილის ვერმიღების გამო მოხდა.

მეტი დამაჯერებლობითვის ალბათ, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ სიის ფორმირებამდე დაეტოვებინათ პარტია, რადგანნაციონალური მოძრაობისხელი პარტიას შექმნიდან ძალიან მალე დაეტყო...

- რა თქმა უნდა. პროცესები, რაზეც ისინი საუბრობენ, გუშინ და გუშინწინ ხომ არ დაწყებულა?! ეს პროცესი დაიწყო რამდენიმე თვის წინ და შესაბამისად, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება და დატოვა პარტია, ალბათ, ისეთივე გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ პარტიის სხვა ლიდერებსაც, თუკი ისინი არ ეთანხმებოდნენ ამ გაერთიანებებს. ვფიქრობ, რომ ყველაზე ლოგიკური და უპრიანი ეს ნაბიჯი იქნებოდა.

მერაბ მეტრეველთან ერთად...

- დიახ, მე ასე ვფიქრობ. მერაბ მეტრეველსაც შეეძლო დალოდებოდა სიის ფორმირებას, მაგრამ არ ისურვა. იმიტომ, რომ მას ჰქონდა პრინციპული ღირებულებითი მსოფლმხედველური შეუთავსებლობა იმ გაერთიანებასთან, რომელიც შედგა. პოლიტიკურადაც და ზნეობრივადაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

პარტიის გარშემო განვითარებული პროცესებიდან თუ ვიმსჯელებთ, როგორ ფიქრობთ, რა პრინციპით შეიკრიბა ეს ხალხი ბურჭულაძის გარშემო, ეს იყო იდეოლოგიური გაერთიანება, მატერიალური, თუ პოლიტიკური დაინტერსება, რომ მიეღოთ საპარლამენტო მანდატი?

- პაატა ბურჭულაძის პარტიის თავდაპირველ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროგრმას თუ გადავხედავთ, ეს იყო ტიპიური მემარცხენე ცენტრისტული პარტიის პროგრამა. მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეოლოგია გაერთიანებაში მყოფ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს და არც პაატა ბურჭულაძის პარტია გამოირჩეოდა მყარი იდეოლოგიური პლატფორმით. როგორც გითხარით, მაინც მაქვს ეჭვი, რომ ბურჭულაძის პარტია წინასაარჩევნოდ შექმნილი ერთგვარი პროექტია. ვის მიერ, ამაზე პასუხი ჯერჯერობით მიჭირს. იმიტომ, რომ ბატონი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ასეთი ელვისებური შემოსვლა და პრეტენზია, რომ ჩამოყალიბებულიყო მესამე ძალად, უფრო წააგავდა გარკვეული პოლიტიკური პროექტის გათამაშებას, ვიდრე კეთილშობილ სურვილებს მისი მხრიდან, რომ შეეცვალა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა.

მით უმეტეს, რომ ამის რეალური საფუძველი იყო ქვეყანაში 4 წლის წინ...

- რა თქმა უნდა. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არც მაშინ ყოფილა დალხენილი, ისეთივე უმუშევრობა და სიდუხჭირე იყო, შეიძლება უფრო მძიმეც, ხდებოდა ბევრი ცუდი რამ, ის რაც დღეს არ ხდება და რატომღაც, მაშინ ბატონ პაატას წინა წლებში სიტუაციის შეცვლის მოტივაცია არ გასჩენია.

როდესაც 2003-2011 წლამდე არ გიჩნდება სურვილი შეცვალო რეჟიმი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობდა საზოგადოებაზე და დღეს გიჩნდება სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს აჩენს ლოგიკურ კითხვას - არის თუ არა ეს სააკაშვილის პროექტი და შემდეგ უკვე შექმნილ კოალიციას თუ გადავხედავთ, პასუხიც მარტივია. როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველი ამ გაერთიანებას უყურებს, როგორც ახალინაციონალური მოძრაობა“, რომელიც სააკაშვილმა ბურჭულაძის სახით შექმნა?

- არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილმა შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი დანამატი, რომ ისევ საკუთარი პარტიისთვის გაეყო ხმები ან წამოეყვანა მერყევი ამომრჩეველი და თუკი ახალი პარტია მოახერხებდა პარლამენტში შესვლას, შემდეგ, იქ შეექმნათ კოალიცია. არის ამაში გარკვეული რაციონალურობის მარცვალი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას სჭირდება დამტკიცება. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს გაერთიანება მეორე საპირისპირო ძალამ შექმნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმები წაერთმია და დაესუსტებინა. ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.

ვარაუდები შეიძლება ბევრი აიგოს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მაინც არის პროექტი და ვისი პროექტი, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, თუკი ბურჭულაძის ახალი გაერთიანება შეძლებს პარლამენტში შესვლას. მაშინ აუცილებლად დადგება ახალი კონფიგურაციების შექმნის დრო. იმის მიხედვით, ვისთან გაერთიანდება ან ვისთან ექნება თემატური თანამშრომლობა, მაშინ შეიძლება მივიღოთ გარკვეული პასუხი.

კოალიაცია, რომელიც უკვე შექმნა ყოფილი ნაციონალებისგან, არაა ფაქტი ამომრჩევლისთვის, რომ პარტია ყოფილი ხელისუფლების ინტერესების გარშემო არის შექმნილი, როგორც ამას ხათუნა ლაგაზიძე ამბობს?

-ეს არის ხათუნა ლაგაზიძის განცხადება, რომელიც უკვე გიორგი რუხაძემაც ნაწილობრივ დაადასტურა და შესაძლოა, ამან შესძინოს გარკვეული დამაჯერებლობა ამ განცხადებებს. იმიტომ, რომ ამას უკვე აღარ ამბობს ერთი ადამიანი. თუკი ასეა, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს იმ ამომრჩევლის განხიბლვას პაატა ბურჭულაძისგან, ვინც უშუალოდ პაატა ბურჭულაძეს დაუჭირა მხარი თავიდანვე და ეს ჩანდა კიდევაც NDI-ის გამოკველევებში, რომელიც გაერთიანებამდე ჩატარდა. ამომრჩევლის სიმპათიები ეკუთვნოდა უშუალოდ პაატა ბურჭულაძეს, რადგან ფაქტია, რომ ბურჭულაძე იყო ამ პარტიის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ძირითადად მას აძლევდა ხალხი ხმას, ისევე როგორც თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილის გამო აძლევდა ამომრჩეველი ხმას. ახლა, როდესაც პაატა ბურჭულაძე უკანა პლანზე აღმოჩნდა ჩაწეული და შეიძლება ითქვას, რომ ფორმალური ლიდერის როლი აკისრია მხოლოდ და ამას აცხადებს პარტიის ორი წევრი, ეს უკვე იმ ელექტორატში, ვინც ბურჭულაძეს უჭერდა მხარს, ალბათ, გარკვეულ ეჭვებს გააჩენს და შესაძლოა, არჩევანი შეიცვალონ კიდეც.

უკვე გამოქვეყნდა პოლიტიკური პარტიების სია და პროგრამა, როგორ ფიქრობთ, ვის აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი? ივანიშვილის განაცხადებით თუ ვიმსჯელებთ მისი ფავორიტები არიანთავისუფალი დემოკრატებიდა შემდეგ რესპუბლიკელები, ეს არის გზავნილი ამომრჩევლისთვის?

- ვფიქრობ, ივანიშვილი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თავის პარტიას თამაშობს. იმიტომ, რომ თუ მიაქციეთ ყურადღება, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე პირველად განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობით ვერ მოვიდესო. თუ ასე იქნება, მას აუცილებლად დასჭირდება პარლამენტში მოკავშირეები იმისათვის, რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს მინიშნებები, რომელიც მისგან მოდის სხვადასხვა კონკრეტული პარტიების მიმართ, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“, ასევე „თავისუფალი დემოკრატების“, გარკვეულწილად, იგივე „გირჩის“ მისამართით, ერთგვარი პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

ქართულ პოლიტიკაში ხშირად ასე ხდება ხოლმე, რომ მინიშნებების დონეზე ელაპარაკებიან პოლიტიკოსები ერთმანეთს, იმ იმედით, რომ ადრესატი სწორად გაიგებს. ამიტომაც, ვფიქრობ ივანიშვილს შეიძლება შეგულებული ჰყავდეს ერთი-ორი პოლიტიკური პარტია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ პარლამენტში ითანამშრომლებს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე შეთანხმდნენ, გაიტანონ ის გადაწყვეტილებები და პოლიტიკა, რომელსაც საჭიროდ თვლიან. მაგრამ ვნახოთ, ეს მხოლოდ ვარაუდებია. მთავარია არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს. დღეს უკვე დამწვრის სუნი იგრძნობა.

კეთდება განცხადებები მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე, არის ამის საფრთხე?

- რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვაკუუმია და ა.შ. პოლიტიკური ვაკუუმი სხვასთან ერთად იმასაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ ჰყავს კვალიფიციური კადრები და არ შეუძლია ქვეყნის მართვა და შესაბამისად, ეს უნდა გააკეთონ იმ პოლტიკურმა ძალებმა, ვისაც შეუძლიათ. თუ გახსოვთ, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინ.

როგორ ფიქრობთ, ამ დაპირისპირების ფონზე, ნაციონალები შეინარჩუნებენ მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს, თუ მათ ჩაანაცვლებს ივანიშვილის მიერ ფავორიტად დასახელებული დემოკრატები?

- მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ, არჩევნებამდე უნდა ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე ვიცოდეთ, ვის რა შანსი აქვს. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება, მაგრამ არა მგონია, რომ დიდი პროცენტი აიღოს.