„შემთხვევითი არაა, რომ საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტს „უარმიო გენერალს“ ეძახიან“

„შემთხვევითი არაა, რომ საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტს „უარმიო გენერალს“ ეძახიან“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბოლო დროს ხშირად იმეორებენ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს, რომ საქართველოში პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს პარლამენტი და არა - ხალხი.

ამჯერად ამ პოზიციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ავითარებს და იზიარებს ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით აღარ უნდა ხდებოდეს. ძიძიგური მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით კონსტიტუციაში ცვლილებები განსახორციელებელია.

ევროპის ცალკეული ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც პრეზიდენტის არჩევის საპარლამენტო მოდელი მოქმედებს, საქართველოში უყვართ, როცა პრეზიდენტი ხალხის არჩეულია. თუმცა გიორგი მარგველაშვილის „დამოუკიდებლად არჩევის“ ფაქტორმა დამცრობილი უფლებების მქონე სახელმწიფოს მეთაურის არჩევის ხალისი დაუკარგა მოსახლეობას.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პარლამენტის (და არა ხალხის) მიერ პრეზიდენტის არჩევას და ვინ დაბლოკა ეს მოდელი საქართველოში?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, კოალიციაში არსებობდა შეთანხმება შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შესახებ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ბერკეტი არ ჰქონდა და ეს ვერ მოხერხდა. ზვიად ძიძიგურის ამ ნათქვამს წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ისინი შეთანხმებულნი იყვნენ რესპუბლიკელებთანაც, რომ პრეზიდენტის საჯაროდ არჩევა არ უნდა მომხდარიყო, თუმცა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლადთითი თითზე არ დაუდია“. რეალურად, როგორი იყო რესპუბლიკელთა როლი ამ საქმეში? მათ დაბლოკეს ეს საკითხი?

- პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას რესპუბლიკელები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ და ეწინააღმდეგებიან დღესაც. გამორიცხულია, მათ ეს საკითხი დაებლოკათ. იცით, რა არის? შეიძლება, ადამიანს ყველაფერი დააბრალო, მაგრამ რესპუბლიკელებს დააბრალო, რომ საპარლამენტო მუშაობის ბლოკირებას ახდენდნენ, ან პარლამენტში არ მუშაობდნენ, გაუმართლებელია. აღარაფერს ვამბობ 1992 წელზე, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე იყო საუბარი და რესპუბლიკელებმა შექმნეს თავიანთი ალტერნატიული კონსტიტუცია, რომელიც სწორედ საპარლამენტო მმართველობაზე გახლდათ მორგებული. იმ კონსტიტუციაში სწორედ ეს მოდელია ჩადებული.

ამას დავით უსუფაშვილიც ადასტურებს. ის აცხადებს, რომ 1993-95 წლების საკონსტიტუციო კომისიაშირესპუბლიკური პარტიისძალიან მყარი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა არჩეულიყო. უსუფაშვილი იმ პერიოდში მიიჩნევდა, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი და ეს სისტემა არ წაადგებოდა. მაგრამ რა ხდებოდა 1993-95 წლების შემდეგ? მისი პოზიცია როგორი იყო?

- 2009 წელს არსებობდა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც შეიმუშავა მთელი კონსტიტუციის კონცეფცია. მისი ერთ-ერთი წევრი იყო ვახტანგ ხმალაძე. ამ კონცეფციაში ჩადებულია არა მარტო ის, რომ პრეზიდენტი არჩეულ უნდა იქნას საარჩევნო ასამბლეის მიერ, არამედ განსაზღვრულია, რა არის ეს ასამბლეა; განსაზღვრულია კვოტები, როგორც პარლამენტის, ისე რეგიონალური წარმომადგენლების; განსაზღვრულია არჩევის წესი, ვადები, რა დროში უნდა იქნას არჩეული და ისიც განსაზღვრულია, რომ ხუთზე მეტი კანდიდატი არ უნდა იყოს, ხოლო პარლამენტარს, ან მათ ჯგუფს (რომელთაც შეუძლიათ, დაასახელონ პრეზიდენტის კანდიდატურა) მხოლოდ ერთ კანდიდატურაზე აქვთ ხელმოწერის უფლება. ეს ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი. და ბოლოს, არჩევნების ისეთი სისტემაა შემუშავებული, რომ ერთი კენჭისყრით მოხდეს პრეზიდენტის არჩევა.

სხვათა შორის, საკონსტიტუციო კომისია არ შექმნილა იმისთვის, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესი მოეგვარებინა. იქ უამრავი სხვა საკითხიც, წინადადებებიც გახლდათ შემუშავებული, მაგრამ ქრონიკულად ვერ ხერხდებოდა კვორუმის შეკრება. შეიძლება, ნახოთ, ვინ არ ესწრებოდა სამუშაო ჯგუფის სხდომებს. ამიტომ კონსტიტუციას როდესაც ეხება, ვინც არ უნდა იყოს იგი, სანამ ამ კონსტიტუციაზე სიტყვას იტყოდეს, ერთხელ მაინც ზრდილობის გამო უნდა ჩაიხედოს კონსტიტუციაში. იქ არის თავი, რომელსაც ჰქვია „კონსტიტუციის გადასინჯვა“, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს, ანუ 76 დეპუტატს, ან 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეგროვდეს. რომელი საკონსტიტუციო კომისია აუტყდათ? უმრავლესობას თუ ამის გაკეთება უნდოდა, 76 დეპუტატი ხომ ჰყავდა? შეემუშავებინათ დალოცვილებს ეს წინადადება და შეეტანათ. პარლამენტიც თუ დაუჭერდა მხარს, რასაც ¾-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მიზანს მიაღწევდნენ. ახლა ლაპარაკი იმაზე, ვიღაცას გადააბრალონ, არც სწორია და, როგორც ამბობენ ხოლმე და უყვართ გამეორება, არც კაცურია.

რა პლუსები და მინუსები აქვს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის მოდელს?

- მაგალითად, გერმანიაში პრეზიდენტს პარლამენტიდან ირჩევენ, ასევე ხდება იტალიაშიც. პრეზიდენტებს ზოგჯერ პირდაპირ პარლამენტი ირჩევს, ზოგჯერ კი საარჩევნო ასამბლეა, რომელიც უფრო გაფართოებულია. კერძოდ, პარლამენტის წევრებს ემატება რეგიონალური წარმომადგენლობა. ჩემი იდეაც ეს არის, რომ საპარლამენტო პრეზიდენტის შემთხვევაში, სწორი იქნება, თუკი სწორედ ეს ასამბლეა აირჩევს პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში, კვოტა მაღალია, 2/3-ით უნდა აირჩიონ. ეს განსაზღვრულია იმით, რომ, ზოგადად, რეგიონების წარმომადგენლები არ იქნებიან ერთი და იმავე პარტიის და ერთი და იგივე პარტია ვერ მოიგებს. ასევე, პარლამენტშიც ოპოზიციის მხარდაჭერას საჭიროებს. მოკლედ, მრავალი ფაქტორია აქ გათვალისწინებული. რატომ უნდა იქნას არჩეული პარლამენტის ან ასამბლეის მხრიდან საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტი? იმიტომ, რომ პრეზიდენტს აქ აქვს შეკვეცილი უფლებამოსილება. გვახსოვს, ალბათ, საპრეზიდენტო არჩევნები, როცა მარგველაშვილი ხვდებოდა ხალხს, ამომრჩეველი მისგან ითხოვდა იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლის კომპეტენციაც მას უკვე აღარ ჰქონდა.

საპრეზიდენტო მმართველობაში პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, საპარლამენტო მმართველობაში კი ქვეყნის პირველ პირად რჩება, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური უკვე აღარ არის. ამიტომ, როდესაც პრეზიდენტი ვიღაცებს ჰპირდება სოციალური პრობლემების მოგვარებას, ეკონომიკის განვითარებას და სხვა, ამის მექანიზმები მას უბრალოდ, არ გააჩნია. ვღებულობთ იმას, რომ სანამ კაცი შევიდოდეს თავის კაბინეტში, ის უკვე გაკოტრებულია, რადგან ისეთ დაპირებებს იძლევა, ფაქტობრივად, იტყუება. შეიძლება, ამომრჩევლის თვალში დროებით ეს ეფექტურია, მაგრამ თვითონ ხომ იცის, რომ ხალხს ამ პრობლემებს ვერ მოუგვარებს?!

მეორე მომენტიცაა, პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტს ძალზე მაღალი ლეგიტიმაცია და პრეტენზიები აქვს. ახლა ადამიანები ვართ და არ შეიძლება, სახელმწიფოსა და მისი სტრუქტურების აგება ზეადამიანებზე, იდეალებზე ან გმირებზე. ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანებზე უნდა ავაგოთ სახელმწიფო და ნორმალურ ადამიანს როცა აქვს ამხელა ლეგიტიმაცია, მას შესაბამისი ძალაუფლების პრეტენზია უჩნდება. ამიტომ იწყება ბრძოლა პრეზიდენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს შორის. არადა, პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ მომრიგებლის ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

როცა გაჩნდება დაპირისპირება პარლამენტსა და მთავრობას შორის, როდესაც პარლამენტი არსებულ მთავრობას უნდობლობას უცხადებს, მაგრამ ვერ თანხმდება, ვინ უნდა იყოს პრემიერი, მაშინ ვიღაც უნდა იყოს ქვეყანაში, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, რათა კოლაფსი არ მოხდეს. სწორედ ეს არის პრეზიდენტის როლი. ღმერთმა დაგვიფაროს და, როდესაც უბედურება მოხდება, ეს იქნება ბუნებრივი უბედურება, თუ გარედან მტრის შემოსევა, მაშინ პრეზიდენტი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. აცხადებს იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში, მოსახლეობას სჭირდება ადამიანი, რომელიც პარტიას კი არა, ქვეყანას დაიცავს, ანუ გამაერთიანებელი იქნება. სწორედ ამას მოიაზრებს პრეზიდენტი საპარლამენტო მმართველობაში. როდესაც ის არის მთავარსარდალი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ადგენს საომარ ოპერაციებს, ან გენშტაბის ფუნქციებს ითავსებს. ისევ და ისევ პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი, რადგან უშიშროების საბჭოში შედის როგორც პრემიერი, ისე ძალოვანი მინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარე. ამიტომაცაა ეს ისე გაკეთებული, რომ გამოირიცხოს პარტიული მიდგომა.

ამიტომ ხდება, რომ საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტს ეძახიან „უარმიო გენერალს“. იგივე ითქმის საგარეო ურთიერთობებზეც. პრემიერის გარეშე პრეზიდენტი ელჩს ვერ დანიშნავს, მაგრამ, რადგან საგარეო ურთიერთობები ძალზე ფაქიზი საკითხია, ამიტომ ელჩი სწორედ პრეზიდენტის მიერ უნდა იქნას წარდგენილი. ჩვენს კონსტიტუციაში დასახვეწია ეს ნაწილი, დასახვეწია პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობა.