სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ისევ ვაკანტურია, პრეზიდენტი კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობს.
ქვეყნის პირველ პირს უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგენისთვის ვადა მინიმუმ ოქტომბრამდე აქვს, რადგან მოქმედი მდივანი ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცს ოქტომბერში დადებს, რის პროპორციულადაც მას დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება შეუწყდება.
გიორგი მარგველაშვილის რჩეული თუ ვინ გახდება, ამის თაობაზე პოლიტიკურ კულუარებში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და მედიის საშუალებით რამდენიმე კანდიდატიც დასახელდა, თუმცა, საპარლამენტო კულუარებში ყველაზე აქტიურად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ივლიანე ხაინდრავას კანდიდატურაზე საუბრობენ.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ივლიანე ხაინდარავას კანდიდატურას მხარს „ქართული ოცნებაც“ უჭერს.
„ივლიანე ხაინდარავა ყველაზე ნორმალური კანდიდატია, რომელსაც მხარს ვუჭერთ. არ გვგონია, რომ პრეზიდენტმა ვინმე „გარედან“ დანიშნოს", - განუცხადა for.ge-ს კულუარულ საუბარში „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
იქედან გამომდინარე, რომ ივლიანე ხაინდრავა რესპუბლიკელია, პრეზიდენტი მის პოსტზე დანიშვნას რამდენად გაბედავს, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ხაინდარავას მსგავსი ადამიანით ქვეყანა მხოლოდ მოიგებს.
როგორც for.ge-ს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, უშიშროების საბჭოს მდივანი ივლიანე ხაინდრავა იქნება თუ ვინმე სხვა, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მასში დეპუტატები ვერ ჩაერევიან.
ბერძენიშვილი ხაინდრავას პოზიტიურ მხარედ მის ანალიტიკურ გონებას, სხარტ აზროვნებას და სიდინჯეს მიიჩნევს.
„თუ მეკითხებით, ივლიანე ხაინდრავა რა კაცია, გეტყვით, რომ უშიშროების საბჭოში არც თანაშემწედ, არც მოადგილედ და არც ჟურნალისტად უფრო მაღალი კვალიფიკაციის ადამიანს არ გაუვლია. მას ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ, რაც გასაკვირი არ არის. ეს არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ის რესპუბლიკელი და პირადი მეგობარია, არამედ იმიტომ, რომ მას ისეთი თვისებები აქვს, როგორიცაა ანალიტიკური გონება, სხარტი აზროვნება, ასევე ის არის აუღელვებელი და სკანდალური განცხადებებით არ გამოირჩეოდა“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელის შეფასებით, ხაინდრავა ძალიან ენამოვლილი კაცია და მას ბევრი პლიუსი აქვს, მაგრამ პრეზიდენტს ვერავინ ვერაფერს უკარნახებს.
„მას ივლიანე იქვე ჰყავს და იცნობს. ივლიანაზე კარგის მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ პრეზიდენტი აბსოლიტურად თავისუფალია და მას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. არ გვინდა, პრეზიდენტზე რაიმე ტიპის გავლენა იყოს, ის აბსოლიტურად თავისუფალია. მას შეუძლია, კანდიდატები ერთმანეთს შეადაროს. მის ადგილზე სხვა კანდიდატებს არ განვიხილავდი. რაც დრო გავა, ბევრი კანდიდატი დასახელდება. შეიძლება პრეზიდენტი სწორედ იმას ელოდება, რომ განწყობები გამივლინდეს. ლევან დოლიძე დასახელდა, რომელსაც ვიცნობ, როგორც შესანიშნავ ახალგაზრდას. ძალიან დინჯი, გონიერი და გაწონასწორებულია. თუმცა ქვეყანა ძალიან მოიგებს, თუ იქ ივლიანესნაირი კვალიფიციური კაცი იქნება“, - დასძინა ბერძენიშვილმა.
ივლიანე ხაინდრავას გარდა, საპარლამენტო კულუარებში უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ლევან ბოძაშვილის შესაძლო კანდიდატურაც დასახელდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის არჩევის და პოსტიდან გათავისუფლების ერთპიროვნული უფლება პრეზიდენტს აქვს, დეპუტატები მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებიან.