შსს-ს არჩევანი - უსაფრთხო არჩევნები!

შსს-ს არჩევანი - უსაფრთხო არჩევნები!

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრევენციულ განცხადებას აკეთებს და რიგი პარტიების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს, ოპოზიციური სპექტრი კი, ძალოვან მინისტრს მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებს.

გიორგი მღებრიშვილი „რიგ პარტიებში“ ვის გულისხმობს და თუ რა სახის პროვოკაციები იგეგმება, ამას არ აკონკრეტებს, თუმცა, ირწმუნება, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია.

„შს სამინისტროს ყველა ძალა და რესურსი გააჩნია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს“, - აცხადებს მინისტრი.

როგორც ჩანს, ძალოვანი მინისტრი კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე გადავიდა, რადგან უწყების ცნობით, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნა.

კერძოდ, შსს-ს განმარტებით, აღნიშნული ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას უზრუნველყოფენ. აღნიშნული ჯგუფების უფლებამოსილებაში ასევე შედის არჩევნების დღეს, უსაფრთხოების გეგმის შემუშავება და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივა თუ როგორ იმუშავებს და პოლიციელების მხრიდან ხომ არ იქნება უფლებამოსილების გადამეტება, ამის თაობაზე პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ შსს-ს მეტი ორგანიზება სჭირდება, რათა დესტაბილიზაციის მინიმალიზება მოხდეს.

როგორც for.ge-ს ბესელიამ განუცხადა, ის დრო დასრულდა, როცა პოლიციური არჩევნები ტარდებოდა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ არჩევნების დღემდე პოლიტიკური სპექტრი მშვიდი ტემპით და ნორმალური ტემპერატურით მივიდეს, ადგილზე პრევენციული ჯგუფები უნდა შეიქმნას.

„ძალიან კარგად მახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის ხანაში არჩევნებს პოლიციასთან და სპეცრაზმთან ერთად როგორ ვატარებდით, რაც ძალიან საშინელი პერიოდი იყო. მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული სიმშვიდე ოპონენტებს ანერვიულებს და ცდილობენ, რომ ეს მყუდროება - ნორმალური საარჩევნო გარემო დაარღვიონ. თუ პოლიციას ავუკრძალავთ, რომ არც ისუნთქონ, არც იმოძრაონ და არაფერი არ გააკეთონ, მაშინ ამხელა უწყება რას გვიკეთებს, რომლის მთავარი ამოცანა დანაშაულის პრევენციაა?“, - ინტერესდება ბესელია.

კანონმდებელი ირწმუნება, რომ როცა მმართველი პარტიის მიერ ან შს მინისტრის მხრიდან მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე განცხადება კეთდება, მას ერთადერთი დატვირთვა და მიზანი აქვს.

„ამოცანა არ არის, რომ ვინმე დაფრთხეს და დაიძაბოს. ეს პრევენციისთვის კეთდება, რათა ყველა ის ადამიანი იყოს ფრთხილად, რომელიც შესაძლოა, უნებლიედ რაიმე პროვოკაციული ეპიზოდის მონაწილე აღმოჩნდეს“, - აცხადებს ბესელია.

ბესელიასგან განსხვავებით, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია აცხადებს, რომ წინასწარ იმის დაანონსება, რომ არეულობების მოწყობა იგეგმება, საქართველოს მოსახლეობას ძაბავს, პოლიციის ფუნქცია კი, მოსახლეობის სიმშვიდის უზრუნველყოფაა.

for.ge-სთან საუბარში კორძაია აღნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედის შეცდომებისგან ვერაფერს სწავლობს, რადგან თუკი 2012 წლის არჩევნებისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ოპოზიციას არბევდნენ და მთელი ხელისუფლებმა ამბობდა, რომ ეს მათი მხრიდან წამოსული პროვოკაცია იყო, დღეს „ოცნება“ აბსოლუტურად იგივეს აკეთებს.

„ნუთუ, ვერ ხედავენ, ეს რა ტიპის შეცდომაა და ამაზე საუბარი რომ არ შეიძლება? ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ მოქალაქეებმა საერთოდ არ იგრძნონ, ამ მხრივ რა ხდება ქვეყანაში და შესაძლო ხარვეზი ისე აღმოფხვრან, რომ ქუჩაში მოსიარულე ადამიანმა ეს არ იგრძნოს. „ოცნების“ წარმომადგენელმა მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე განცხადება გააკეთა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე, ეს მათი აქტივისტების მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყო. იმედი მაქვს, რომ შს მინისტრი მსგავს ინფორმაციებს არ ეყრდნობა, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. წინასწარ იმის დაანონსება, რომ არეულობების მოწყობა იგეგმება, საქართველოს მოსახლეობას ძაბავს და პოლიციის ფუნქცია მოსახლეობის სიმშვიდის უზრუნველყოფაა“, - აცხადებს კორძაია.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი კი საკითხზე საუბრისას ყურადღებას შსს-ს მოქმედებებზე ამახვილებს.

როგორც for.ge-სთან საუბარში ჩიქოვანი აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ის ადამიანები ნამდვილად მუშაობენ, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, როცა მათ ამას პოლიტიკოსები ავალებდნენ, რაც მიუღებელია.

ჩიქოვანის თქმით, შს სამინისტროს საჩვენებელი თათბირების ჩატარება არ სჭირდება, ამას რეალური საქმე სჭირდება, რაც იმაში უნდა გამოიხატოს, რომ ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს დასჯილი, ვინც არჩევნებს ხელს შეუშლის.

„ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები თუ როგორ მუშაობენ“, - დასძენს ჩიქოვანი.

„ეროვნული ფორუმი“ კი, შს მინისტრს მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებს.

for.ge-სთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარე ვახტანგ მალხაზიშვილი აცხადებს, რომ როდესაც მინისტრი ასეთ თემებზე საუბრობს, მან უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მისი განცხადება სიტუაციის დაძაბვის საფუძველი აღმოჩნდეს.

„დესტაბილიზაციის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ და ასეთ გამოვლინებებს ვერ ვამჩნევ“, - აღნიშნავს მალხაზიშვილი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, ისინი შს მინისტრის განცხადებებს აბსურდად აფასებენ. for.ge-სთან საუბარში თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ეს აბსურდული განცხადებებია, რომელიც არაფერს არ ეფუძნება.

დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ არჩევნები წაგებული აქვს და რეალობის შეცვლას ასეთი განცხადებებით ცდილობს.

„სამწუხარო ისაა, რომ შს მინისტრი ასეთი განცხადებებით არის დაკავებული, მაშინ, როცა ქვეყანაში არსებული პრობლემები მიუხედავი რჩება. სწორედ ამის შედეგია ის გაზრდილი კრიმინალი, რასაც მოქალაქეები საკუთარ თავზე იწვნიან. მოხარული ვარ, რომ ერთ თვეში, მოსახლეობას იმის შესაძლებლობა მიეცემა, რომ არაკომპეტენტრობას უარი უთხრას და ისეთი მთავრობა აირჩიოს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და საქმეზე ორიენტირებული იქნება“, - ამბობს ბოკუჩავა.

დეპუტატის მოსაზებით, „ოცნება“ ნაციონალებში პოლიტიკურ საფრთხეს ხედავს და ეს ოთხი წლის მანძილზე ასე იყო.

„ლარის კურსიდან დაწყებული ამინდით დამთავრებული ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებდნენ. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აეღოთ და გაეცნობირებიათ, რომ ქვეყნის მმართველები არიან, ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ“, - აცხადებს ბოკუჩავა.