ინტერნეტში გვარამია-ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ში სისხლის სამართლის საქმე პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. ინტერნეტში გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.
ჩანაწერის მიხედვით, გვარამია და ბურჭულაძე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. გვარამია ბურჭულაძეს „გირჩის“ იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიაციაში ყოფნის სურვილს გამოთქვამენ.
„გირჩის“ წევრები ღიად საუბრობენ „ქართულ ოცნებასთნ“ თანამშრომლობაზე, რაც ჩემთვის მიუღებელია. ხვალ ვაკეთებ ამაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის „გირჩის“, ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არ უარყო და მითხრა - აბა, რა ვქნათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია, ვისი მოკავშირეები ვიქნებითო.
ჩვენთვის არ არის სულერთი, პირდაპირ გეუბნებით, ბატონო პაატა. ივანიშვილთან ყოფნა, ვისაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ყავს და ჩემ ტელევიზიას ჩვეულებრივად „ახევას “ უპირებს, იმ ადამიანებთან ერთად ვინც თავს განიხილავს, იმ ადამიანებთან ერთად მე არა მაქვს გზა, ეს უკვე ჩემი არჩევანია“, - ბურჭულაძეს ულტიმატუმს უყენებს ნიკა გვარამია.
თავის მხრივ, პაატა ბურჭულაძე გვარამიასთან თავის მართლების პოზიციაშია, გვარამიას საქმის ვითარებაში გარკვევას პირდება: „მსგავსი არაფერი არ ხდება“.
ამ ჩანაწერის მთავარი ფიგურანტი, საარჩევნო ბლოკ „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მათ ლიდერ პაატა ბურჭულაძეს ატყუებს. მეგრელიშვილის აცხადებს, რომ რასაც გამოქვეყნებულ ჩანაწერში გვარამია მასთან დაკავშირებით საუბრობს, ტყუილია.
„საკითხი უნდა დაიყოს სამ ნაწილად: პირველი - ამ ქვეყანაში ჩვეულებრივად გრძელდება მოსმენები. თუ სუს-ი უარყოფს, რომ ეს პირადი ჩანაწერი მისი გაკეთებული არ არის, მაშინ არიან ჩვეულებრივი, უუნარო „ტიპები“, რომლებიც ვერ ახერხებენ რაიმე გამოიძიონ ამ ქვეყანაში. მეორე ნაწილი არის ის, თუ როგორ ატყუებს ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტელევიზიის დირექტორი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს და როგორ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის მას.
მესამე, თქვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს სინამდვილეში ჩემს რომელ განცხადებაზეა საუბარი, გეტყვით, რომ ეს განცხადება გავაკეთე, როდესაც „ტაბულას“ ჟურნალისტი მირეკავდა და ურეკავდა ჩვენი პარტიის წევრებსაც. ჩვენ ყველამ ვთქვით ერთი და იგივე, რომ ჩვენ გვაინტერესებს, რომელი პარტია დაუჭერს მხარს იმას, რასაც ვუჭერთ ჩვენ“, - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი და აცხადებს, ღია ხაზზე სპეციალურად დარეკა, რადგან დასამალი არაფერი ჰქონდა. მისივე თქმით, ბურჭულაძესა და მას შორის დღეს კიდევ ერთი საუბარი შედგა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გამოქვეყნებული ჩანაწერი არის დამონტაჟებული, რადგან მასში ამოჭრილია ის ფრაზა, როცა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის არც სააკაშვილის არის და არც ივანიშვილის.
„სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღეს მესაუბრა ბატონი პაატა, რამდენიმე წუთის წინ მესაუბრა შალვა ნათელაშვილიც რაღაც საქმეზე და შეუძლიათ ესეც გამოაქვეყნონ. მე არ მისმენია ამ ჩანაწერისთვის თავიდან ბოლომდე. ბატონმა პაატამ მითხრა, რომ ამ საუბარში არ არის ის მომენტი, როდესაც ის მეუბნება, რომ მე არც სააკაშვილის ვარ და არც ივანიშვილის და შესაბამისად, არ ვიწონებ თუ ეს ნამდვილად თქვა მეგრელიშვილმაო. ხო დაადასტურებ ამასო და მე ნამდვილად ვადასტურებ ამას.
ეს ბატონმა პაატამ ამ საუბარში არაერთხელ გაიმეორა. ეს ნამდვილად იყო ამ საუბარში. თუ ამ საუბარში ეს არ არის, უკანონო ჩაწერასთან და გამოქვეყნებასთან ერთად, დამონტაჟებულიც არის. ეს შედის იმის ინტერესში, ვინც ცდილობს აჩვენოს, რომ პაატა ბურჭულაძე არის სააკაშვილთან და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული და ეს ძალა არის ხელისუფლება ვის ინტერესშიც ეს შედის“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი დავით ჯანდიერი ადასტურებს, რომ გვარამისა და ბურჭულაძის შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს. ჯანდიერის განცხადებით, გავრცელებულ საუბარში სკადალური არაფერია, სკანდალურია ის, რომ სუს-ი ოპოზიციური პარტიების ლიდერების და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მოსმენას აგრძელებს.
„ნიკა გვარამიამ მანამდე დაწერა, რომ აპირებდა ამ საკითხის გარკვევას პარტიის ლიდერებთან. სკანდალური არის ის, რომ სუს-ი ოპოზიციური პარტიების ლიდერების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მოსმენას აგრძელებს. ეს არის ის ხელუსუფლება, რომელიც გვიმტკიცებს, რომ პოლიცია და სუს-ი დეპოლიტიზებულია, ეს არის ხელისფულება, რომლისთვისაც უკვე ნორმად იქცა სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა და მისი გასაჯაროება“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ინტერნეტში გავრცელებულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მოპოვებასთან კავშირს უარყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ვახტანგ გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს აღნიშნულ ჩანაწერთან სუს-ს რაიმე კავშირი აქვს. თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას მოუწოდებს, მიაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობაზე.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერი გვარამიას დამონტაჟებული და გამოქვეყნებულია, რომელიც დაამთხვიეს საქართველოში ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას. სესიაშვილის განცხადებით, ყველამ იცის, ვინ არის ნიკა გვარამია და „რუსთავი 2“, ასევე, ყველამ იცის ვინ არის პაატა ბურჭულაძე.
„ის, რომ „რუსთავი 2“ პოლიტიკური მედიასაშუალებაა და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი, ეს თავად ნიკა გვარამიამ დაადასტურა. ასევე, ყველასთვის ცნობილია, რომ პაატა ბურჭულაძე თავისი კოალიციით არის „ნაციონალური მოძრაობა 2“. დიახ, - „ნაციონალური მოძრაობის“, ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის ინტერესში შედის სტერეოტიპი, რომ „ისევ გვისმენენ“ აქტუალური იყოს.
დიახ, სწორედ ამიტომ გამოქვეყნდა დღეს, მით უმეტეს როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია ჩამობრძანდა და ბატონმა ნიკამ და პაატამ სიურპრიზად დაახვედრეს ეს ჩანაწერი. სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ის ფირი, რაც გამოქვეყნდა, ნიკა გვარამიას შემოქმედებაა და მისი მონტაჟია, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად მონტაჟს თავად ახდენენ.
შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რა ტონითაც ჩანაწერში ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება, მედიის წარმომადგენელი პოლიტიკოსს ასე არ ესაუბრება. როგორც ბატონი ყმას, ისე ელაპარაკებოდა. სიცხვილია უბრალოდ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ანალისტიკოსები და სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ დიდი ალბათობით, ჩანაწერი ნიკა გვარამიას მიერ არის გაკეთებულიც და გავრცელებულიც.
უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის წამგებიანი იყო ამ ფირის გასაჯაროვება, რადგან არაფერს არ აძლევდა გარდა სკანდალისა, ამიტომაც გამორიცხავს, რომ ამის უკან ხელისუფლება იდგეს.
„როგორც ფრანგები იტყვიან „შერშე ლა ფამ“, ეძიეთ ქალი, ანუ მიზეზი, ანუ ვის აწყობდა ეს ყველაზე მეტად, გვარამიას, რა თქმა უნდა. პირველი, წამოწია თემა მოსმენებზე და მეორე დაასამარა ბურჭულაძე და „გირჩი“, როგორც ელექტორატის გამყოფი და მოღალატე დაჯგუფება. ხელისუფლებისთვის წამგებიანი იყო ამ ფირის გასაჯაროვება, რადგან არაფერს არ აძლევდა გარდა სკანდალისა, ამიტომაც გამოვრიცხავ, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა მოკლე ჭკუისანი ყველგან არიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერი ხაბურძანია.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ამჟამად ნაციონალების ინტერესშია ბურჭულაძემ არ წაიღოს ნაციონალების ხმები. მისივე თქმით, საგულისხმოა მიხეილ მაჭავარიანის განცხადება, რომელმაც ბურჭულაძის პირველი ყრილობის შემდეგ განაცხადა გაერთიანების შესახებ, მაგრამ მაშინ ბურჭულაძემ ნაციონალები დაიწუნა. საყვარელიძე აცხადებს, რომ მაჭავარიანი სწორი იყო, ხმების გაყოფას, ხმების შეკვრა ჯობია.
„ვფიქრობ, ახლაც ამ მოტივით არის ეს დიალოგი აწყობილი. შესაბამისად, ამ ჩანაწერის ავტორი თვითონ ნაციონალები იქნებიან. რაც შეეხება ხელისუფლების ინტერესს, მეტისმეტად ზედმეტი შრომაა ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის ამის გაკეთება. იმიტომ, რომ ხალხის წამოსვლა ბურჭულაძის პარტიიდან, საკმაო სტიმულია იმისთვის, რომ მხარდამჭერებმა ზურგი შექაციონ ამ პარტიას და ეს ხდება იმ მიზეზით, რომ ნაციონალების მხარეს იჭერს ბურჭულაძე. ეს პროცესი კი, ხელსაყრელია ხელიუფლებისთვის, რადგან ბურჭულაძის სუფთა სახით ნაციონალებთან დატოვება, ნაციონალებს ხმებს გაუყოფს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება გვარამიას საუბრის ტონს და დირექტივებს, რომელსაც ტელეკომპანიის დირექტორი პარტიის ლიდერს აძლევს, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამ დეტალიდან ჩანს, რომ მთელი პარტია არაფორმალურ მმართველობაშია ჩაბმული.
„ნიკა გვარამია ხშირად ლაპარაკობს პარტიის სახელით, ამ შემთხვევაშიც პარტიის ლიდერთან ლაპარაკობს პარტიის სახელით. სავარაუდოა, რომ გვარამიას ამ პარტიულ იერარქიაში საკმაოდ საპატიო ადგილი უკავია. თავის თავს აძლევს უფლებას, რომ ამ ტონით ელაპარაკოს პარტიის ლიდერს და როგორც ჩანს, ბურჭულაძეც იღებს ამ ტონს, როგორც მასთან საუბრის დასაშვებ ტონს. ეს მიუთითებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საერთოდ არეულია იერარქია.
ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ როგორც ოფიციალურ იერარქიას, რომ დავით ბაქრაძე არის პირველი პირი, როგორც ჩანს ტყულია. თუკი კი ვინმეს უნდა ელაპარაკა მეორე პარტიის ლიდერთან ამ თემასთან დაკავშირებით, ეს არის ბაქრაძე და არა ტელევიიზიის დირექტორი. რადგან გვარამია ლაპარაკობს, ჩანს, რომ ნაციონალების არაფორმალურ სტრუქტურაში ნიკა გვარამიას დავით ბაქრაძეზე მეტი სტატუსი აქვს. როდესაც ეს პარტია რომ ლაპარაკობს არაფორმალურ მმართველობაზე, ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, არჩილ გამზარდიათვის, თითქმის არ იწვევს ეჭვს, რომ ვიდეოკადრები თავად ნიკა გვარამიას მიერაა გავრცელებული. არჩილ გამზარდიას თქმით, ამით გვარამია რამდენიმე მიზანს შეისრულებს.
„პირველი - თუ კი მაინც იყო შეკითხვები დარჩენილი, ამით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პროდუქტია. მეორე - თუ ელემენტარული გონიერება აქვთ, „გირჩი“ უნდა გამოვიდეს ბლოკიდან და ამით ეს ბლოკი ბევრად განიარაღდება, სამაგიეროდ ბლოკზე სრულ კონტროლს კვლავ ნაციონალები აიღებენ. მესამე - მიხეილ სააკაშვილის ელექტორატი, რომლის ნაწილი გადანაწილებული იყო ვაშაძე-„გირჩებზე“, კვლავ საკუთრივ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს გადავა, რითიც პროცენტული მაჩვენებელი ნაციონალების უფრო გაიზრდება“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.
მისივე თქმით, თავად ფაქტი, რომ კადრები გავრცელდა, ხელისუფლების მისამართით იქნება ნეგატივი და აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები არის გამოხატული.
„მესიჯები, რომლებიც გვარამიასგან ვრცელდება, აწყობს მხოლოდ გვარამიას და „ნაციონალურ მოძრაობას“. მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არაა მთავარი, არამედ მთავარია ის, რომ ტელევიზიის დირექტორი მართავს პოლიტიკურ პარტიას და ერევა პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში, ახდენს ზეწოლას მათზე. ეს შესაბამისი სამსახურების მიერ უნდა იქნას შესწავლილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი მართავს საინფორმაციო სამსახურების მუშაობას და ჟურნალისტურ თავისუფლებაში პირდაპირ ერევა, რაც ამ საუბრიდან გამოიკვეთა და ამაზე ასევე შესაბამისმა ორგანიზაციებმა, წესით უნდა გამოხატონ აზრი და შეაფასონ“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.