არჩილ გეგშიძემ დიპლომატიური კარიერა სკანდალით დაასრულა. აშშ-დან ერთხელ უკვე გამოწვეული ელჩი, არჩევნების შემდეგ შეიცვლება, რადგან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამერიკაში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. ცვლილება მხოლოდ არჩილ გეგეშიძეს არ შეეხება, for.ge-ს ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ დიპლომატიური სამსახური მთლიანად ახალი კადრებით დაკოპლექტდება. ელჩების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, ცვლილება შედეგზე ორიენტირებული უნდა გახდა.
for.ge სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
ცნობილია, რომ აშშ-ი საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. მხოლოდ გეგეშიძით უნდა შემოიფარგლოს დიპლომატიური სამსახურის ცვლილება? რამდენად აუცილებელია სისტემური ცვლილება?
სოსო ცინცაძე: აუცილებელი სისტემური ცვლილებებისთვის საერთო მიდგომებია საჭირო. თუ რომელიმე სფეროს სჭირდება რეფორმა, პირველ რიგში, ეს არის დიპლომატია. ნებისმიერი ქვეყნის დიპლომატიის მარგი ქმედების კოეფიციენტის განმსაზღვრელი არის ურთიერთობა უშუალო მეზობლებთან, ცხოვრებაშიც ასეა. თუ კარის მეზობელთან კარგი ურთიერთობა არ გაქვთ, ხუთი ქუჩის იქით ნაცნობთან ურთიერთობას არაფერი ფასი არ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია როგორი ურთიერთობა გვაქვს უშუალო მეზობელთან და ასევეა დიპლომატიაშიც.
თუ საკითხს საუკუნეების მანძილზე აპრობირებული მეთოდით მივუდგებით, ვნახავთ, რომ ქართულ დიპლომატიას არაფერი აქვს საერთო ამ ცნებასთან. ჩვენ ვცდილობთ, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს 10 ათასი კილომეტრის იქით მდებარე ქვეყანასთან და ამ დროს პრაქტიკულად, ან არაფერს ვაკეთებთ, ან ვაკეთებთ, მაგრამ ძალიან ცოტას უშუალო მეზობლებთან ურთიერთობაში. უშუალო მეზობლებთან არასაკმარისი მუშაობა ყველაფერში აისახება.
როგორც ჩანს, არასაკმარისი მუშაობა არის ერთ-ერთი მოტივი, რატომაც იწყება დიპლომატიური კორპუსის ცვლილება. ცნობილია, რომ გეგეშიძეს დავით ბაქრაძე შეცვლის, საკმაოდ წარმატებული მინისტრია, მაგრამ შეძლებს იყო ელჩი აშშ-ი?
- რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, საერთოდ ესეც უცნაურია. ეს რას ნიშნავს იცით? - ყელ-ყურის ექიმს, რომ უცებ აპენდიცინტის ოპერაცია გააკეთებინოთ. ბაქრაძე უფრო ევროპით არის შემოფარგლული და ამ დროს გადაისროლეს ამერიკაში. ამერიკაში უნდა იყოს ამერიკანისტი, მხოლოდ ენის ცოდნა არ არის საკმარისი. აუცილებელია ამერიკის პოლიტიკის და მისი ნიუანსების ცოდნა. ამერიკელთა მენტალობა სულ სხვაა, ვიდრე ევროპელთა.
გრომიკო თავის მემუარებში წერს - როდესაც სტალინმა პირველად გაუშვა ამერიკაში ელჩად, უთქვამს, რომ ერთი წელი დიპლომატიურ სამსახურს მეორეხარისხოვანი ყურადღება მიაქციეო, მთელი წელი ეკლესიაში იარე, რადგან მრევლთან ურთიერთობაში გაიცნობ ამერიკელების ბუნებასო. სტალინი დიქტატორი იყო, მაგრამ ჭკვიანი კაცი იყო. გრომიკო რაც იყო ვიცით, მაგრამ ბევრ ამერიკელზე უკეთესად იცნობდა ამერიკას.
აქედან გამომდინარე, თავიდანვე შეცდომა იყო არჩილ გეგეშიძის დანიშვნა. ამაზე ღიად ვწერდი, მაგრამ რეაქცია არ ჰქონიათ. ისე ღრმა ჩიხშია შესული პროფესიონალიზმი და განსაკუთრებით დიპლომატიის სფერო, რომ საერთოდ წარმოუდგენელია რა ცვლილება უნდა მოხდეს. მით უმეტეს, რომ კოშმარული წელი ელოდება ქართულ დიპლომატიას, თუ სალომე ზურაბიშვილი მართლაც შევიდა პარლამენტში და ხელმისაწვდომი გახდა მისთვის დიპლომატია.
რატომ იქნება კოშმარი ქართული დიპლომატიისთვის ?
- იმიტომ, რომ ერთხელ უკვე დაანგრია ქართული დიპლომატია. ახლა უკვე ქართულ დიპლომატიაში მისი დაბრუნება მეორედ მოსვლა იქნება. მისი ამბიციების პატრონი აუცილებლად ან თედო ჯაფარიძის ადგილს მოითხოვს, ან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას და აი, მაშინ ნახეთ, რა მოელის ქართულ დიპლომატიას.
როდესაც საუბარია საელჩოების არაკვალიფიციურ მუშაობაზე, ეს აისახა 4-წლიან მმართველობაზე, იყო ამ კუთხით ჩავარდნები?
- რასაკვირველია, იყო ჩავარდნები. ეს იყო უძრაობის პერიოდი ქართულ დიპლომატიაში. არც წინა წლებში ყვაოდა დიპლომატია და მით უმეტეს - 2008 წლის ომის შემდეგ. გეგეშიძეს აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია. გარდა ამისა, ელემენტარულად, შინაგანი ჰიგიენაც ვერ გამოაჩინა, როდესაც აშშ-ი პრეზიდენტის და პრემიერის ვიზიტი დაემთხვა, მსოფლიომ ნახა როგორ მოიქცა მაშინ გეგეშიძე. ელემენტარულად არაჯენტლმენურად და არაწესიერად.
იქნებ ეს არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგია? ჩავარდნები არის ამერიკასთან, მაგრამ იგივე ვითარებას გვაქვს გერმანიასთან, მძიმე ვითარებაა უკრაინასთან და ა.შ...
- მარტო დიპლომატიაშია კადრების სელექცია გაუგონარ დონეზე? ყველა მიმართულებით ეს პრობლემაა. როდესაც კარიერული ზრდისთვის ერთგულების პრინციპია მთავარი განმსაზღვრელი, რასაკვირველია, იქ უარესი კურიოზებიც მოსალოდნელია და ასეთი არაერთი შემთხვევა გვინახია. საქართველოში არასოდეს არ ყოფილა პროფესიონალიზმი პატივში. ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ ევროპა, ჩვენ ვართ კლასიკური აღმოსავლური მენტალობის ქვეყანა. თანაც არა დღევანდელი, როგორიც არის კორეა, იაპონია, თურქეთის ელიტა, - არა. აი, ისეთი - როგორც იყო 18-ე, 19-ე საუკუნის აღმოსავლური მენტალობის ქვეყანა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არჩევნების შემდეგ თითქმის ყველა ელჩი შეიცვლება. როდესაც ამბობთ, რომ ქართულ დიპლომატიისთვის ეს იყო 4 მიძინებული წელი, დაგეგმილი ცვლილება დროულია ქართული დიპლომატიის გამოსაღვიძებლად? როგორ ფიქრობთ, ეს იქნება ცვლილება ცვლილებისთვის, თუ ცვლილება შედეგისთვის?
- სამწუხაროდ, ეს იქნება ცვლილება ცვლილებისთვის. არჩევნების შემდეგ ძალიან ბევრი პარლამენტარი და ყოფილი ჩინოვნიკი რჩება თამაშგარე სიტუაციაში. ამათი დასაქმება აუცილებია, აქ მთელი უბედურება ისაა, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ ჰყოლია იდეური მოკავშირეები, უცებ ღალატობენ ლიდერებს და ღალატობენ იმიტომ, რომ თანამდებობაზე არ დანიშნეს - იქ ვიღაცა სიაში მეხუთეს ნაცვლად, მერვედ ჩასვეს. ძალიან ბევრი რენეგატი გაჩნდა. ამიტომ, ბევრი რომ არ განაწყენდეს, საჭიროა, მათი დასაქმება. ამის პირველი მერცხალი იყო სოსო ჯაჭვლიანი, ბუნებით წესიერი ადამიანი, რაც შეუძლია ეგ არის - თავს ზემოთ ვერ ახტები, მაგრამ ის უკვე დასაქმდა.
უძველესი დროიდან ელჩის თანამდებობა გამოსადეგია იმ მხრივ, როდესაც თქვენ გინდათ, რომ ადამიანი არც გაანაწყენოთ, მაგრამ არც სერიოზული საქმე მიანდოთ. ვინაიდან, ჩვენთან არავის არ აინტერესებს გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ა.შ. როგორ არის განწყობილი ჩვენს მიმართ, კურსი აღებულია მხოლოდ ამერიკაზე, ამიტომ ეს არის ე.წ. საპატიო გადასახლება. საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ როდესაც ზაზა ბეგაშვილი დანიშნეს ჩინეთის ელჩად.
- რატომ დანიშნეს? - იმიტომ, რომ პოლიციელები წაქცეულ პენსიონრებს ხელკეტებს რომ ურტყამდნენ, ისინი გადაკოცნა და ამიტომ დანიშნა სააკაშვილმა ელჩად. იცით, ნინო ბურჯანაძემ ასეთი რამე მითხრა - ამერიკაში ვიყავი როდესაც გავიგე ბეგაშვილის ელჩად დანიშვნა, გაცოფებულმა დავურეკე მიშას, როგორ შეიძლებოდა ეს კაცი ელჩად დაგენიშნაო, ამაზე მიპასუხა, შენ არ მითხარი რაც შეიძლება შორს, მომაშორე აქედანო. ჰოდა მოაშორეს და ჩინეთში გაუშვეს ელჩად. ვინმემ იცის ბეგაშვილი რას აკეთებდა იმ დროს ჩინეთში? ვინმეს აინტერესებდა მაშინ, ან ახლა?
ასეთი საკადრო პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველომ ვერ ააწყო ევროპასთან შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა?
- რასაკვირველია. გავლენიანი დიასპორა არ გვყავს, მაგრამ გვაქვს სამინისტრო, წარმოდგენა არ მაქვს რა საჭიროა ეს სამინისტრო, როდესაც დიასპორის როლი ნულია, მდიდარი ქვეყანაც ჩვენ არ ვართ. უცხოეთში გავლენის ერთადერთი ბერკეტი არის მაღალპროფესიული დიპლომატი და დიპლომატიური კორპუსი. როდესაც დიპლომატიურ კორპუსს შენ ამოცანებს არ უყენებ, ელჩს არ სთხოვ არაფერს, როდესაც ელჩის არსებობა თვეებისა, თუ წლების განმავლობაში არავის ახსოვს, როდესაც ხედავ, რომ იმ ქვეყნის მთავრობა საქართველოსადმი არ არის კეთილგანწყობილი და ელჩს არავინ ეკითხება მთავრობიდან, შენ რას შვრები? - აი, ეს არის პრობლემა.
კი ბატონო, ნატოში არ გვღებულობენ, მაგრამ ნატოს იგივე ფინეთთან და შევდეთთან, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები, გაცილებით უფრო მეტი მჭიდრო სამხედრო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, ვიდრე საქართველოსთან. პირდაპირი სამხედრო ვალდებულებები აქვთ აღებული, რასაც საქართველო სიზმარშიც ვერ ნახავს.
ეს დიპლომატიის ბრალია?
- რასაკვირველია, ეს არის დიპლომატიის და პრიორიტეტების არარსებობის ბრალი. მსოფლიოში არსებობს ორი პროფესია, რომლის კადრები არ შეიძლება უცხოეთში მოამზადო, ეს არის უშიშროების სამსახური და დიპლომატია. ჩვენთან არც ერთია და არც მეორე. ჩვენთან იყო დიპლომატიური აკადემია და 6 ელჩი იყო ჩვენი კურსდამთავრებული, 25 კი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მაგრამ მოვიდა ზურაბიშვილი და ყველა გაყარა. დღეს დიპლომატიური აკადემია დამთავრებული მხოლოდ სამი მინისტრია მთავრობაში. სანამ არ იქნება სწორი საკადრო სელექცია და ერთი, ან ოთხი ადამიანის გადასაწყვეტი იქნება ყველა საკითხი, ასეთი ქვეყანის მომავალი ძალიან საეჭვოა.