„ოცნების“ მთავარი კოზირი ბიძინა ივანიშვილია, რომლის გავლენის და წონის ფიგურა საქართველოში არ არის”

„ოცნების“ მთავარი კოზირი ბიძინა ივანიშვილია, რომლის გავლენის და წონის ფიგურა საქართველოში არ არის”

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერები 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ რიგებიდან მიიღებენ. პარტიის წევრები „ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებული არიან და აქცენტს მომავალ ოთხ წელიწადში განსახორციელებელ პროექტებზე აკეთებენ.

პოლიტიკური პროცესების შეფასების მიზნით, for.ge პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით არ უნდა მოხდეს. მის პოზიციას იზიარებთ? ეს თემა, ახლა რატომ გაგახსენდათ?

- დღეს მოქმედი კონსტიტუციის პირობებში, ასეთი ფუნქციის პრეზიდენტს პარლამენტი ან სხვა რომელიმე წარმომადგენლობითი ორგანო უნდა ირჩევდეს. ასეთი ფუნქციების მატარებელი პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს ერთმანეთთან შეუსაბამოა. პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტს უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე ამას მისი ფუნქციები გულისხმობს და საჭიროებს. ვფიქრობ, რომ ეს შეუსაბამობა უნდა გასწორდეს. ჩვენი კონსტიტუცია არც სუფთა საპარლამენტოა და არც საპრეზიდენტო, სადღაც შუა გზაშია გაჩხერილი. ამიტომ, კონსტიტუციასთან დაკავშირებით მომავალ პარლამენტს სერიოზული ჩამოყალიბება მოუწევს, თუ რა მოდელს ვირჩევთ და რა გზით მივდივართ.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კლასიკური საპარლამენტო მოდელი უნდა გავაკეთოთ, ეს მოდელი როგორი უნდა იყოს, ალბათ, ამაზე კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებს შორის გაიმართება.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ახლაც გეგმავდით, მაგრამ თავი ვერ მოაბით. მომავალ პარლამენტში ცვლილებების მიღებას და 113 ხმის შეგროვებას შეძლებთ?

- ჯერ მომავალი პარლამენტი შეიკრიბოს და ამ თემაზე შემდეგ ვისაუბროთ. წინასწარ როგორ გითხრათ, მომავალი პარლამენტი რას შეძლებს? ძალთა განლაგება როგორი იქნება, ამის დაახლოებითი წარმოდგენა მაქვს. ეს განლაგება „ქართული ოცნების“ სასარგებლო იქნება, მაგრამ რა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება, ვერ გეტყვით. საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას 113 ხმა სჭირდება. ამიტომ, მკითხაობას ვერ დავიწყებ.

გამორიცხავთ, რომ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას პოლიტიკური ვაჭრობა მოჰყვეს?

- სავაჭრო ვისთან იქნება? ეს მოდელი სწორია და ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. ვინ ივაჭრებს და ვინ არა, ამის თქმა ისეთივე რთულია, როგორც იმის თქმა, პარლამენტი საკონსტუტუციო ცვლილებას განახორციელებს თუ არა.

აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებთ. პროცესები რას გიჩვენებთ, უმრავლესობის მოპოვებას შეძლებთ?

- ძალიან კარგი შესაძლებლობებია. „ქართულ ოცნებას“ მაღალი მხარდაჭერა აქვს. ამას მნიშვნელოვანწილად ისიც განაპირობებს, რომ კონკურენტი პარტიები ნაკლებად პოპულარული არიან და ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო პროგრამის ის თეზისები, რომლებიც უკვე წარვადგინეთ. უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობას გაეცნობა. ეკონომიკის განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, რევოლუციური ნახტომების განხორციელება იგეგმება, რაც მოქალაქეების ცხოვრების დონის გაზრდას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია და ეს მისი უპირატესობაა.

ოთხი წელია, ხელისუფლებაში ხართ და ხელს რა გიშლიდათ, რომრევოლუციური ნახტომებიგაგეკეთებინათ?

- ძალიან ბევრი რამ.

მაგალითად?

- ეკონომიკა სრულიად სხვა მიმართულებით იყო ორიენტირებული და საჭირო იყო მობრუნება და წამოსვლა. საჭირო იყო, რომ ინვესტორებისთვის ნდობა დაგებრუნებია და ბიზნესისთვის გეჩვენებინა, რომ მას არ დააპატიმრებ და წილს არ გადააფორმებინებ. ასევე საერთაშორისო და საკანონმდებლო დონეზე აუცილებელი ხელშეკრულებების დახვეწა იყო, რასაც დრო სჭირდებოდა. ისეთი გზის პროექტი იყო, რომელიც ურბნისზე გადიდოდა. პროექტისთვის 11 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო გადასახდელი, ხოლო დანარჩენი „ქეშად“ უნდა ყოფილიყო მიცემული. როცა ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები დაგვხვდა და ამის გასწორებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა. ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ამუშავება თავიდან ამის შემდეგ დაიწყო. მომავალ ოთხ წელთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 6 მილიარდი ლარი ჩაიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკა სწრაფად განვითარდება. როცა ყველაფერი გასაკეთებელი გაქვს, მაშინ შეუძლებელია, რომ ეკონომიკა ისეთი ტემპით განვითარდეს, ორციფრიან ნიშნულს მიაღწიოს. ამას ქვეყანა ვერც ერთი ოპტიმისტური გათვლითაც კი ვერ მიაღწევდა. ჯერ საფუძველი იყო გასაკეთებელი და ამ მიმართულებით დიდი შრომა იქნა გაწეული.

ეკონომიკის განვითარებას ხელს ევროკავშირთან დადებული სავაჭრო ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულებაც შეუწყობს. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ძალიან ბევრი ისეთი თემაა, რომლის განხორციელებაც 2012-2015 წლებში შეუძლებელი იყო, რადგან 2013-2014 წლები ხარვეზების გასწორებას დასჭირდა.

ამბიციური დაპირებები და გეგმები 2011 წელსაც გქონდათ, მაგრამ ნაწილი ვერ შეასრულეთ. მოსახლეობას როგორ დაარწმუნებთ იმაში, რომ 2016 წელს გაცემულ დაპირებებს შეასრულებთ და 2020 წელს ისევ არ იტყვით, რომ რამდენიმე პრობლემა იყო გადასაჭრელი?

- მაგას აღარ ვიტყვით, რადგან სწრაფად მშენებლობა უკვე შესაძლებელია. მონახულია დონორი ორგანიზაციები, რომლებიც 6-მილიარდ ლარიან პროექტში თანხებს ჩადებენ. ეს უკვე ხელშეკრულებების დონეზეა მიღწეული და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ხელი რატომ შეგვეშალა? - ეს რეგიონში არსებულ კრიზისს უკავშირდება.

რამდენიც არ უნდა გვიჩიჩინონ, რომ ლარის კურსის ვარდნა საქართველოს ხელისუფლების ბრალი იყო, რეგიონში არსებული ვითარება შეადარონ და ნახავენ, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში რა მოხდა. სრულიად გამორიცხული იყო, რომ ჩვენი ეკონომიკა ხელშეუხებელი დარჩენილიყო. ეს იმ ოპონენტებმა ძალიან კარგად იციან, რომლებიც ლარის კურსზე გვიკიჟინებდნენ. ლარის კურსმა ის მოახერხა, რომ ჩვენი ეკონომიკა გადარჩა.

თუმცა, დოლართან მიმართებაში მაინც მაღალი ნიშნული რჩება...

- უფრო დაბალი რომ იყოს, მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში ძალიან წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდებით, რადგან სხვა თანაფარდობაა. შეუძლებელია, ეკონომიკას სხვა თამაში შესთავაზო.

ქართული ოცნებისსაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. ფონს გასვლად ისევ ამ ადამიანის ავტორიტეტით ცდილობთ?

- არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, თუმცა, „ქართული ოცნების“ მთავარი კოზირი ბიძინა ივანიშვილია, რომლის გავლენის და წონის ფიგურა საქართველოში არ არის. „ოცნებას“ გიორგი კვირიკაშვილის სახით კიდევ ერთი კოზირი აქვს, რომელიც ძალიან პოზიტიური ლიდერია და მას ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად ამბიციური გეგმები აქვს. გიორგისთვის, როგორც ლიდერისთვის ძალიან კარგად დამახასიათებელია, თუნდაც, მოგების გადასახადის გაუქმებაზე საუბრის გაბედვა. ყველა იმ ფერხულში უნდა იყოს ჩართული, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. თუკი დღეს ეკონომიკის მშენებლობაში პირობითად მილიონახევარი ადამიანი მონაწილეობს, შემდეგ ყველა ჩაერთვება.

თქვენი ოპონენტების მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი რომ არა, „ოცნებანული იქნებოდა და ეს პარტია ისევ ისე განადგურდებოდა, როგორცმოქალაქეთა კავშირი“...

- ივანიშვილი რომ არა, ახლა ქვეყნის ხელისუფლებაში სააკაშვილი იქნებოდა და გახსნილი ფრონტის ხაზი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკის განვითარებაზე კი არ ვისაუბრებდით, არამედ იმაზე, რამდენი პატიმარი გვყავს, რამდენი პრობაციონერი, რამდენ ადამიანს აუპატიურებენ ციხეში და რამდენ ბიზნესმენს აუბედურებენ.

რაც შეეხებაკონსერვატორებს“, არჩევნებშიოცნებისსიით ხართ წარმოდგენილნი. გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური ტაქტიკა იყო, მაგრამ პარტიის შენარჩუნებას შეძლებთ?

- ეს „კონსერვატორების“ გამოწვევა იყო, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ. როგორ შევძლებთ, ამას ოთხი წლის მანძილზე ვნახავთ. რა და როგორ გვინდა, ვიცით და ეს ამოცანაც დაძლევადია.