„საკონსტიტუცი რევოლუცია“ ჩავარდა - პაპუაშვილი პლენუმის შეკრებას ვერ არხერხებს

„საკონსტიტუცი რევოლუცია“ ჩავარდა - პაპუაშვილი პლენუმის შეკრებას ვერ არხერხებს

საკონსტიტუციო სასამართლო და ხელისუფლება - პოლიტიკური ოპოზიცია ცდილობს, რომ თემას აქტუალურობა არ დაუკარგოს. ოპოზიცია ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა პარალიზებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, მავნებლების გუნდის მავნებლური საქმიანობის გამო, ქვეყანაში სამართლებრივი ინსტიტუტები პარალიზებულია.

„პარადოქსული სიტუაციაა, როცა ზეწოლების გამო მოსამართლეები სასამართლოში არ ცხადდებიან“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან სამუშია, რომელიც გახმაურებული საქმის ე.წ. „კაბელების საქმის“ ადვოკატია, ამბობს, რომ მხოლოდ საქართველოში ხდება, როცა მოსამართლეები მართლმსაჯულების წინააღმდეგ არიან ბოიკოტის რეჟიმში.

„წარმოუდგენელია სასამართლო ბოიკოტის რეჯიმში იმყოფებოდეს და ბოიკოტს უცხადებდეს მართლმსაჯულებას. მსგავსი ფაქტი არსად დაფიქსირებულა, გარდა საქართველოსი“, - ამბობს ლევან სამუშია.

ბრალდებებს აბსურდულად აფასებენ „ქართულ ოცნებაში“ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლას „ნაციონალური მოძრაობა“ და უშუალოდ მისი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ახდენს, რომელიც არის და იყო პოლიტიკური ფიგურა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის განმარტებით, პაპუაშვილი ცდილობს პოლიტიკური ვითარება და საკონსტიტუციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოარგოს, რაც არ გამოუვა.

„თავის დროზე, როდესაც იყო იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, კონსტიტუცია შეცვალა და ერთ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილს მოარგო. დღესაც ცდილობს, პოლიტიკური ვითარება და საკონსტიტუციო სასამართლო მოარგოს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში არიან საღი აზრის, საღი გონების ადამიანები, რომელთა დამსახურებითაც, შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა საკონსტიტუციო სასამართლო“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

„პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად ნაცმოძრაობის გავლენები დასრულდება“, - ასე ფიქრობს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომლის განცხადებით, წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ.

„ეს არის მძიმე წარსული, რომლისგანაც საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, ახალი წევრები გადაწყვეტილებებს მხოლოდ შინაგანი რწმენიდან, სამართლის პრინციპებიდან, კანონიდან გამომდინარე მიიღებენ და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთების კვალდაკვალ. იმედი მაქვს, პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენები და სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევები საბოლოოდ დასრულდება“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა კი 30 სექტემბერს ეწურება, შესაბამისად, იურისტები არ გამორიცხავენ, რომ პაპუაშვილმა ხელისუფლებას ახალი სიურპრიზი შესთავაზოს და ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე, როგორც არის ე.წ. კაბელების, გიგი უგულავას და „რუსთავი 2“-ის საქმე, გადაწყვეტილება გამოიტანოს. თუმცა, რამდენად შეძლებს პაპუაშვილი 30 სექტემბრამდე პლენუმის შეკრებას, რთული სათქმელია.

თავად გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ ისინი ყოველდღე მუშაობენ და ხელფასსაც იღებენ. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა.

პაპაუაშვილის განცხადებას არ იზიარებს იურისტი ირმა ჭკადუა, რომელიც პაპუაშვილს 2007 წლიდან შესულ სარჩელებს ახსენებს, რომელზეც გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეეცადა სასამართლოს ნაციონალიზაციას, მაგრამ არ გამოუვიდა და დარწმუნებულია, რომ დარჩენილ ვადაშიც არ გამოუვა.

„პაპაუაშვილის „დემოკრატიული“ საკონსტიტუციო სასამართლო გვქონდა 2012 წლამდე. 2013 წლიდან კი, ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გამოვიდა ღრმა ძილიდან და დაიწყო გადაწყვეტილების მიღება. პაპუაშვილი ის ადამიანია, რომელიც საკონსტიტუციო რევოლუციის სათავეში იდგა, მაგრამ კარგად დავინახეთ, რომ საკონსტიტუციო რევოლუცია ჩაუვარდა და ჩაუვარდა იმიტომ, რომ ჯანსაღმა აზრმა გაიმარჯვა. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი წნეხი მოიხსნა, მოსამართლეებმა დაიწყეს საუბარი და თქვეს, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და ზეწოლა უშუალოდ პაპაუაშვილის მხრიდან და არა ხელისუფლებისგან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.

იურისტის განმარტებით, პაპუაშვილი არის პირდაპირ კავშირში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დირექტივებს იღებს უკრაინიდან. ყველა მათი ჩანაფიქრი და ქმედებები მიმართული იყო იქითკენ, რომ გიგი უგულავას და „რუსთავი 2“-ის საქმე დასრულებულიყო ისე, როგორც მათ უბრძანეს უკრაინაში.

„თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომლებიც საკითხს უდგებიან კანონის დაცვით და არა უკრაინაში მყოფი ადამიანების ამბიციების გათვალისწინებით. პაპუაშვილი შეეცდება დარჩენილ ვადაში სურპრიზების მოწყობას, მაგრამ ცალკე თემაა რამდენად გამუვა. ე.წ. „კაბელების საქმე, „რუსთვი 2“-ის და უგულავას თემა ძალიან სენსიტიურია, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს კანონიერი და კონსტიტუციური გადაწყვეტილება“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სრულყოფილი მუშაობის განახლებისკენ მოუწოდებს არასამთავრობოები და მიაჩნიათ, რომ სასამართლომ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და უნდა იყოს უზრუნველყოფილი მართლმსაჯულების უწვეტობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი გიორგი გვილავა ფიქრობს, რომ პროცესების შეფერხება როგორც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლამ, ასევე სასამართლოს შიგნით მოსამართლეთა ჯგუფის ქმედებებმა გამოიწვია.

„გახმაურებული საქმეების ზედმეტი პოლიტიზება მოხდა, ამის გამო სასამართლომ დიდი დარტყმა მიიღო, ამას ხელი შეუწყო ხელისუფლებამ და იმ ცალკეულმა ჯგუფმა, რომელიც სასამართლოს პარალიზებას ახდენს. დაუშვებელია სამუშაო დროს, სრულიად სხვა ქალაქში, სრულიად არასამუშაო გარემოში იმყოფებოდე და ამ დროს საქმის განხილვა ვარდებოდეს“, - აცხადებს გიორგი გვილავა.