ყოფილი პრემიერისა და „რესპუბლიკელების“ ურთიერთობა დასკვნით ფაზაში შედის. ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა, „ახალ უბედურებას არ გადაეყარონ“. თავის მხრივ, „რესპუბლიკელებმაც“ არ დაიშურეს პასუხი და, თუ დავით უსუფაშვილი იმით შემოიფარგლა, რომ ბიძინა ივანიშვილი „არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლად“ წარმოაჩინა, თინა ხიდაშელი უფრო შორს წავიდა და „ოცნების“ გასაგონად აღნიშნა, „დავით უსუფაშვილი რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი პირი, თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით“.
გადაიჩხებოდა თუ არა ქვეყანა „კატასტროფაში“ და ამადლიან თუ არა „რესპუბლიკელები“ თავს „ქართულ ოცნებას“?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ესაუბრა.
დავით უსუფაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ტონალობა დაძაბულია. ერთი მათგანისგან გვესმის სიტყვები „სირცხვილია ბატონო ბიძინა“, „ამის მთქმელს სხვას არაფერს დაგიჯერებს ქართველი ხალხი“, „მე არ მინდა, ქართველი ხალხი დარჩეს უავტორიტეტო ლიდერების ანაბარა“, ხოლო მეორე მათგანისგან ისმის შეფასებები, რომ „რესპუბლიკელები“ ნათელმხილველობენ და ცდილობენ მის (ანუ ბიძინა ივანიშვილის) ოპონენტად გამოყენებას. ეს მაშინ, როცა „პირველი გადახტა უსუფაშვილი და გაუპრავა მარგველაშვილს სააკაშვილის სასახლეში შესვლა“. რა მივიღეთ ყოფილი პარტნიორებისგან? ნუთუ ბიძინა ივანიშვილი ცდებოდა, როცა თავის პირველ წერილში „რესპუბლიკელებს“, როგორც მრავალ ბატალიებში გამობრძმედილ, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟის მქონე, შესაშური ინტელექტუალური რესურსისა და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების გამო განსაკუთრებულად აქებდა?
- როგორც წესი, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ახასიათებთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პარტნიორებს, რადგან ჩვენთან პოლიტიკური პარტნიორობა ძირითადად ქვენა გრძნობებზეა აგებული. თავად განსაჯეთ, რამდენად ერთგული პარტიები შეიძლება ყოფილიყვნენ „რესპუბლიკელები“ „ქართული ოცნების“ მიმართ, როცა ოთხი წელიწადი ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, დღეს კი აბსოლუტურად გარეშე აყენებენ თავს, თითქოს რაიმე, რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, მათ არ ეხებოდეთ. ვიმეორებ, ეს სამწუხარო რეალობა ზოგადად ახასიათებს ქართულ გარემოს, განსაკუთრებით კი, ეს ახასიათებს „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც მუდმივად სხვა პარტიების ხარჯზე შედიოდა პარლამენტში და მერე მუდმივად უპირისპირდებოდა მათ. ანუ „რესპუბლიკელები“ კალიებივით არიან, როდესაც ერთ ადგილს გადაძოვენ, გადადიან მეორე ადგილას.
ეს არ არის სწორი პროცესი, ეს მახინჯი პროცესია. ოპონირებასა და დაპირისპირებას შორის დიდი განსხვავებაა. ახლა, რასაც „რესპუბლიკური პარტია“ აკეთებს, ამით ბევრად უფრო ცუდად წარმოაჩენს საკუთარ თავს, რადგან ყველა ხვდება, რამდენად ხელოვნურია ეს პროცესი. რაც შეეხება თინა ხიდაშელის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებაში, რომ თურმე დავით უსუფაშვილმა ქვეყანა კატასტროფისგან იხსნა, მიმაჩნია, რომ ჩვენ გვყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც როცა არ იყო პარტიული წარმომადგენელი, განსაკუთრებულად საპატივსაცემო ადამიანად ითვლებოდა. უსუფაშვილს მნიშვნელოვანი ბალანსის უნარი გააჩნდა, მაგრამ მისი როლის ასე გადაჭარბებულად შეფასება არარეალისტურია. მთლიანობაში, „რესპუბლიკური პარტია“ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ისინი ცდილობენ, ძალით შეიქონ თავი იქ, სადაც მათ არავინ აქებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თვითონვე ხედავენ, რომ გარკვეული კრიზისი გააჩნიათ საზოგადოებაში. მართალია, „რესპუბლიკურ პარტიას“ ხილვადობის პრობლემა არ აქვს, მაგრამ მათი თვითშეფასება გადაჭარბებულია და ასეთად მათ არ ხედავს ამომრჩეველი. თუ უფრო ადეკვატურნი გახდებიან და დაუახლოვდებიან პარტნიორებს, ან ოპონენტებს, დაუახლოვდებიან მთლიანად საზოგადოებას და ამომრჩეველს, მათ მხოლოდ წაადგებათ. ამგვარი განცხადებები კი მათ მხოლოდ არაადეკვატურს ხდის და შესაძლოა, გარკვეულ წრეებში მათი გაშარჟებაც დაიწყოს.
ალბათ, შემთხვევითი არ არის დავით უსუფაშვილის შეშფოთება, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პოტენციური პარტნიორი „პატრიოტთა ალიანსი“ უფროა, ვიდრე „რესპუბლიკელები“. ესეც ხომ არ გახდა „რესპუბლიკელთა“განაწყენების ერთ-ერთი მიზეზი? მომგებიანია მათთვის ოპონირების რეჟიმი და ხომ არ ცდილობენ, „ნაციონალების“ შემდეგ მთავარ ოპონენტად წარმოაჩინონ თავი?
- „რესპუბლიკელები“ არ არიან დასაყრდენი და მთავარი ოპოზიციური ძალა, მათი ელექტორატიც არ გვაძლევს ამის საფუძველს. საერთოდ, ოპოზიციური პარტიის ჯანსაღი სურვილია, სხვა პარტიებისთვის მთავარი კონკურენტი გახდეს, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციური იქნება, თუ სახელისუფლო, მაგრამ „რესპუბლიკური პარტია“, როგორც „მთავარი ოპოზიციური ძალა“ რომ დავწეროთ, შეიძლება ნებისმიერმა ირონიად აღიქვას, ამაზე მათივე კოლეგებიც გაიცინებენ. თუ მაინცდამაინც კონკურენტად უნდა ჩაითვალოს „რესპუბლიკური პარტია“, ის ერთ-ერთ ბოლო რიგებში უნდა ჩაიწეროს. შესაძლოა, ხვალ ასე არ იყოს და ბევრად უფრო საინტერესონი გახდნენ ოპონირებისა და კომუნიკაციისთვის, მაგრამ არა ამ ფორმითა და მოცემულობით.
გასაგებია, რომ ყოფილი მმართველი ძალა, მთელი თავისი რესურსებით, ამ ხელისუფლების მნიშვნელოვანი კონკურენტია. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან „პატრიოტთა ალიანსის“ დასახელებაც, ასევე, გასაგებია. მაშინ დადგნენ „რესპუბლიკელები“ და „ალიანსის“ მსგავსად მოახერხონ ათეულობით მოშიმშილის, მოხალისეს მიყვანა, ან თუნდაც შეძლონ, რომ დაანონსებული აქციიდან მეორე დღეს ათასობით ადამიანი შეკრიბონ. ამიტომ ივანიშვილის ამ განცხადებას აქვს საფუძველი. რამდენადაც საზოგადოება სოლიდარულია ცალკეული პარტიის მიმართ, იმდენად ისინი კონკურენტებად ითვლებიან ხელისუფლებისა და სხვა დანარჩენი ოპოზიციისთვის. ამაში საწყენი არაფერია. ბიზნესშიც ასეთი პრინციპია, გაყიდვები ვისაც მეტი აქვს, ის ბევრად უფრო კონკურენტუნარიანია ბაზარზე. „რესპუბლიკური პარტია“, როგორც პოლიტიკური პროდუქტი, არ არის დღეს განსაკუთრებულად გაყიდვადი. ისინი საინტერესო ხალხია, შესაძლოა, ისინი სასურველნი იყვნენ გარკვეული დოზით ან ხელისუფლებაში, ან პარლამენტში, მაგრამ გაყიდვადი პოლიტიკური პროდუქტი ეს პარტია არ არის.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილსა და უსუფაშვილს შორის წყალგამყოფი გიორგი მარგველაშვილის ფაქტორიცაა, რადგან უსუფაშვილს მიაჩნია, ვიდრე გიორგი მარგველაშვილი ბიძინასთვის „კარგი ბიჭი“ იყო, ივანიშვილი ფიქრობდა, რომ პრეზიდენტს ხალხის მანდატი უნდა ჰქონოდა, ახლა კი ივანიშვილმა პოზიცია შეიცვალა და ამბობს, რომ უმჯობესია, პარლამენტს აერჩია დღევანდელი დამცრობილი უფლებების მქონე პრეზიდენტი.
- სიტუაციას რომ დავაკვირდეთ, დავრწმუნდებით, რომ, თუკი გიორგი მარგველაშვილს პარლამენტი აირჩევს, მას არჩევის უფრო მეტი შანსი ექნება შემდგომ არჩევნებში, ვიდრე საერთო სახალხო არჩევნებში. ამის მიზეზი ისაა, რომ გიორგი მარგველაშვილს დღეს კავშირები უფრო მეტად გააჩნია, ვიდრე მასობრივი მხარდაჭერა. ამიტომ, მე რომ მკითხოთ, ის მოდელი, რომ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი, უფრო მისადაგებულია მარგველაშვილზე. ამდენად, უსუფაშვილის შენიშვნა გამართლებულად არ მიმაჩნია.
მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რატომ უშვებს ამ შეცდომას განმეორებით? მან არ იცის, რომ მარგველაშვილს შესაძლოა პარლამენტში უფრო მეტი საყრდენი ჰყავდეს ცალკეულ პარტიებს შორის?
- აქ ბიძინა ივანიშვილის შეცდომაზე არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რომ ასეთი შეზღუდული უფლებების პრეზიდენტისთვის არ არის საჭირო ამხელა მანდატი საზოგადოებისგან. როცა პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, პროცედურულად გადარჩევაც შედარებით უფრო ადვილია. ჩვენი ქვეყანა სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელისკენ მიდიოდა. ეს ნიშნავდა, რომ პარლამენტს უნდა ემართა და მმართველი სუბიექტებიც პარლამენტს უნდა წარედგინა. თუ საზოგადოებას სურს, ლიდერები თვითონ აირჩიოს, მაშინ არ უნდა აწყობდეს საპარლამენტო მმართველობა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, თვითონაც წარადგინეს ეს იდეა. კარგად მახსოვს, ვახტანგ ხმალაძე ამბობდა, პარლამენტი უნდა ირჩევდეს პრეზიდენტსო. ეს კოალიციის იდეა იყო და ამას მერე მოჰყვა ნეგატიური შეფასებები გარედან და შემდგომ ამ თემაზე საუბარი შეჩერდა. ამიტომ ამაზე საუბარი ბიძინა ივანიშვილს ახლა არ დაუწყია, დიდი ხანია, ამაზე საუბარი მიმდინარეობს. ამიტომ, თუ მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს პარლამენტის თავმჯდომარე მსგავს საკითხებზე საუბრისას, უკეთესი იქნება, რადგან მან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დიდი პატივისცემა მიიღო საზოგადოების ნაწილში. ხოლო, თუ ის პარტიული აქტივისტი გახდება, ეს მის რეიტინგზე დადებითად არ იმოქმედებს.
არჩევნების წინ სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამძაფრდება პოლემიკა უსუფაშვილსა და ივანიშვილს შორის. ოპონირების ასეთი რეჟიმი უფრო მომგებიანი ხომ არ არის უსუფაშვილისთვის, ეს მისი პარტიის წონას გაზრდის? ბიძინა ივანიშვილი ირიბად და შემთხვევით ხომ არ ასრულებს „რესპუბლიკელების“ სურვილს?
- რატომღაც ბიძინა ივანიშვილთან პიროვნული დაპირისპირება ჩვენი პოლიტიკოსების პლატფორმის ნაწილი გახდა. არადა, რაც მეტი მონაწილე ნადირობს ბიძინა ივანიშვილისადმი ნეგატიურად განწყობილი ადამიანების ხმებზე, მით უფრო ნაკლები შეხვდება თითოეულს. ამიტომ არა მგონია, ბიძინა ივანიშვილთან პიროვნული დაპირისპირება მათთვის მომგებიანი იყოს.
უსუფაშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი გაჩერდეს, თორემ მეც ავლაპარაკდებიო. რა იციან ერთმანეთის შესახებ და რას უმალავენ ქართველი ლიდერები ერთმანეთს? ნუთუ მხოლოდ კუბლაშვილის ირგვლივ აქვთ საიდუმლო, რომლის შესახებაც ინფორმაციას სწორედ უსუფაშვილი აწვდიდა ბიძინა ივანიშვილს და მას ატყობინებდა, რომ კუბლაშვილი ნაცმოძრაობას ტოვებდა? ბიძინა ივანიშვილი კი, სავარაუდოდ, წამგებიან ნაბიჯს დგამდა, როცა კუბლაშვილს ლამის ვაჟკაცობად უთვლიდა ნაცმოძრაობის დატოვებას.
- რა უნდა თქვან ბიძინა ივანიშვილზე ისეთი, რასაც ზოგადად არ ამბობენ. მის მიმართ ლანძღვა და ზღაპრები მითოსურ სისტემებშია გადასული, იმდენ რამეს უკავშირებენ ივანიშვილს. ერთი რამ ვიცი, რომ ყოფილი პრემიერი დიდ პატივს სცემდა დათო უსუფაშვილს და ეს არაერთხელ უთქვამს შიგნითაც და გარეთაც, საჯარო სივრცეში. რაკიღა მათ შორის ურთიერთობა ასე გადაიკვეთა, ამას გარკვეული მიზეზები გააჩნია. უსუფაშვილი თუ ტრადიციულ პარტაქტივისტურ გზას გამოიყენებს, რომ მოთხოვნადი გახადოს საკუთარი თავი მასობრივ ბაზარზე, საეჭვოა, პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით ეს კარგად გათვლილი პროცესი იყოს. ამაზე გამალებული მუშაობა რომ მიდის, ამასაც კარგად ვხედავთ. დღეს გამალებული მუშაობა მიდის არა მარტო მუდმივი ოპონენტების, ნაცმოძრაობის მხრიდან, არამედ ყოფილი პარტნიორების მხრიდანაც და თვითონ „ქართული ოცნებიდანაც“ მუშაობენ, რომ ივანიშვილის რეიტინგი მაქსიმალურად დაეცეს.
ბიძინა ივანიშვილის მთავარი ძალაუფლება დღეს არის საზოგადოების დამოკიდებულება და საზოგადოებაში მისი მნიშვნელობა. ამიტომაც ცდილობენ მის მოშორებას. არსებობს გავლენის ჯგუფები, მათ შორის, ხელისუფლებაში, რომელთაც, პირველ რიგში, თვითონ უფრო უნდათ, მოიშორონ ივანიშვილი. ვისი ინტერესი იკვეთება და რა ფორმით, ამის გამოცნობა ძალიან ძნელია. თუმცა ისეთ რიტორიკაში, როგორიც „რესპუბლიკელებსა“ და სხვებს აქვთ, ეს ტენდენციები ნამდვილად იკვეთება.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ დავით უსუფაშვილი რომ გადასულიყო „ქართულ ოცნებაში“, ეს დაპირისპირება არც იარსებებდა. იქნებ, ივანიშვილმა ესეც არ მოუწონა უსუფაშვილს, რომ არ მიიღო მისი შეთავაზება?
- ყველაფერი შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ არსებობს ფორმა, თუ როგორ შორდებიან პარტნიორები ერთმანეთს და როგორ ხდებიან ოპონენტები. რასაც დღეს „რესპუბლიკური პარტია“ აკეთებს, ამას მხოლოდ ყველაზე მდაბიო პოლიტიკოსები თუ გააკეთებდნენ. ეს დასავლეთის თვალშიც არ არის მომგებიანი. რისი ნიშაც უნდათ, რომ ჰქონდეთ, ანუ პოლიტიკური კულტურის, განვითარებული ინტელექტუალიზმის, ასეთი რამ მათ ნათქვამებში არ გამოსჭვივის. ასეთი მდაბიო მესიჯები სხვებსაც გააჩნიათ და „რესპუბლიკური პარტია“ არანაირი სხვა საზომით, მათ შორის, არც ინტელექტის საზომით, მათზე უკეთესი არ ყოფილა.