მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს პიროვნული თვისებების შემდეგ, მუშაობის ხარისხსაც უწუნებს და პოლიტიკური თანამშრომლობის დეტალებსაც ასაჯაროვებს. რესპუბლიკელი სპიკერი კი, ყოფილ პრემიერს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და აფრთხილებს, რომ მას ხალხი აღარ დაუჯერებს, რითაც ქართველი ხალხი უავტორიტეტო ლიდერების ანაბარა დარჩება.
დავით უსუფაშვილის გაღიზიანება ივანიშვილის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსუფაშვილის როგორც კომისიის თავმჯდომარეს, „თითი-თითზე არ დაუდია“.
ივანიშვილმა საკონსტუტუციო კომისიის დაკომპლექტების პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა მას უსუფაშვილმა ჰკითხა, რომ საკონსტიტუციო კომისია ყალიბდებოდა და მის თავმჯდომარეობაზე რას იტყოდა, მას სხვა თავმჯდომარეზე არც კი უფიქრია.
„კომისიაში ხმალაძეც შედის, რომელსაც როგორც კარგ იურისტს, ისე ვიცნობ. იმ კომისიაში თითი თითზე არ დაუდიათ და ბევრი რამ შესაცვლელი იყო. მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესი. კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არ უნდა მოხდეს. ადრე, რესპუბლიკელებს ვუსაყვედურე, მარგველაშვილს სააკაშვილის სასახლეში შესვლა რატომ „გაუპრავეს“. უსუფაშვილი პირველი გადახტა და „გაუპრავა“, - დასძინა ივანიშვილმა, რომლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უსუფაშვილმა პრესკონფერენციის საშუალებით უპასუხა.
ერთი მხრივ, სპიკერმა ყურადღება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე გაამახვილა, მეორე მხრივ კი, ივანიშვილს პოლიტიკურ „აკვიატებებზე“ ისაუბრა.
სპიკერის ცნობით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ იმუშავა არა ოთხი წლის განმავლობაში, არამედ წელიწადი და შვიდი თვის მანძილზე და კომისიაში შეტანილი იქნა 101 კონკრეტული წინადადება.
„ამ დოკუმენტის ნახევარზე მეტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძის და რესპუბლიკელების მიერ. ამ დოკუმენტში ორჯერ ან სამჯერ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მანანა კობახიძის ნაღვაწს იპოვნით, რომელიც სამუშაო ჯგუფში აქტიურობდა. სამწუხაროდ, კვორუმის შეკრებას ისიც ვერ ახერხებდა. დანარჩენი, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და რესპუბლიკელების წინადადებებია და ესაა თითი თითზე არ დადებული?“, - აღნიშნავს სპიკერი.
უსუფაშვილი კომისიის მუშაობის „კრახით“ დასრულების მიზეზად კვორუმის უქონლობას ასახელებს და იმ პერიოდსაც იხსენებს, როდესაც კომისიის მუშაობის თაობაზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წერილით მიმართა.
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვეტილებების მიღება ვერ შეძლო, რადგან ერთი მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დე-ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში, ამ ქვეყანაზე საკუთარი თავის გარდა არაფერი არ აღელვებდა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ეს ქვეყანა სამართავად ჰქონდა ჩაბარებული, საკონსტიტუციო საკითხები გვერდზე გადადო. წელიწადნახევარი კი არ ვიჯექი და ველოდი, რა მოხდებოდა, არამედ შიგნით ძალიან აქტიურად ვმუშაობდი“, - აღნიშნა უსუფაშვილმა და მან მედიას პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაგზავნილი წერილი წარუდგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წერილში ის „ოცნებას“ აფრთხილებს, რომ მუშაობის შეფერხების გამო, შიგნით და გარეთ ყველა იცინის.
„დაახლოებით ორი წლის წინ, პოლიტსაბჭოს წევრებს ვითარება მოვახსენე: კომისიას გაგრძელებული ვადაც ეწურება, კომისიის სხდომას არ ვიწვევ და რვა თვეა ამით კომისიის დებულებას ვარღვევ, შიგნითაც და გარეთაც, საქმეში ჩახედული ხალხი უკვე დაგვცინიან-თქო. ასევე ვწერდი - ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ კოალიციას არც ერთ ძირითად საკითხზე ერთიანი პოზიცია არ აქვს, ეს კი თავის მხრივ, იმის შედეგია, რომ კოალიციის პარტნიორების უმრავლესობა პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციებს ელოდება, რომელიც ჩამოყალიბებული არ არის თითქმის არაფერზე. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ პოზიციების ჩამოუყალიბებლობა გამოწვეულია არა პოზიციათა სიმრავლით და მათი ვერ შეჯერებით, არამედ პოზიციების გამომუშავებისა და შეჯერების მექანიზმის გაუმართაობით პარტია „ქართულ ოცნებაში“. საქმის ინტერესიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს გულის ტკივილით ვწერდი. ასევე მასალა გავაგზავნე და თან დავურთე: საკონსტიტუციო ცვლილებების თემებზე მასალას სავარჯიშოდ გიგზავნით, ეს ჯერ ფრაქციის რეჟიმში განვიხილოთ და მერე იქნებ ერთობლივად. რეაქცია ნული იყო“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
უსუფაშვილი იმ გაგზავნილ მასალასაც იხსენებს, რომელსაც მისი თქმით, მხოლოდ „პწიჩკის“ დასმა სჭირდებოდა, თუმცა, „ოცნების“ მხრიდან რეაქცია ისევ ნული იყო.
„ამის შემდეგ, ახალგაზრდა ექსპერტებთან და ხმალაძესთან ერთად ახალ დოკუმენტს ვაკეთებ, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი და ვინც კონსტიტუციაში არ ჩაიხედა, მათთვის მარტივი და დაღეჭილი რომ ყოფილიყო, დავწერე: მოქმედი რედაქცია, შემოთავაზებული ცვლილება. რეაქცია - ნული და ამაზე მეუბნებიან, რომ თითი თითზე არ დამიდია და საკონსტიტუციო მუშაობა ჩავაგდე? - სირცხვილია, ბატონო ბიძინა! ასე არ შეიძლება. ქართველი ხალხი ამის მთქმელს, სხვას აღარაფერს დაგიჯერებს. ისედაც ძალიან დიდია ვაკუუმი პოლიტიკურ სივრცეში და არ მინდა, რომ ქართველი ხალხი უავტორიტეტო ლიდერების ანაბარა დარჩეს. ორმაგად ვწუხვარ, რომ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. ჯერ კიდევ მინდა, მჯეროდეს, რომ იგი მსხვერპლია არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და სიცრუის ტირაჟირებას თავად შეგნებულად არ ახდენს. პოლიტიკოსებმა, შეიძლება, ქვეყანას ბევრი რამ ვარგოთ, მაგრამ შეგვიძლია, ბევრი რამ ვავნოთ კიდეც. არ მინდა, რომ პოლიტიკოსების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით უფასურდებოდეს, რომელიც გუშინაც მოვისმინეთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხზე ისაუბრა.
სპიკერის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ ძალიან მყარი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო არაპირდაპირი წესით არჩეული.
„მაშინ ვამბობდით, რომ ამ ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი არ წაადგება. ა, ბატონო, რა წერია ამ დოკუმენტში, რომელიც არც ბიძინას წაუკითხავს, არც სხვას და როგორც ჩანს, გულწრფელად არ იციან. რა წერია ამაში, რას სთავაზობს ხმალაძე, ვინ აირჩისო პრეზიდენტიო? თურმე, ჩემი ბრალია, რომ პირდაპირ არჩეულია მარგველაშვილი. ახლა სხვა ფაქტებსაც მოგახსენებთ: 2013 წელს, ხმალაძე საჯაროდ ამ თემას შეეხო და თქვა, რომ მხარს არაპირდაპირ არჩევნებს ვუჭერთო. ამაზე კოალიციაში ერთი ამბავი ატყდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ აი, ახლა თქვენ პარლამენტში დასხედით, ხელში ძალაუფლება აიღეთ და გინდათ, პრეზიდენტის დასუსტებაო. პრეზიდენტს სახალხო მანდატი უნდა ჰქონდეს და სწორი უნდა იყოსო. ეს 2013 წელია, როცა სააკაშვილი პრეზიდენტია და ბატონი ბიძინას თვალში მარგველაშვილი ჯერ კიდევ კარგი ბიჭია. აი, მერე, როდესაც უკვე თურმე, მარგველაშვილი კარგი კაცი არ ყოფილა, რესპუბლიკელებს გვბრალდება ის, რომ მარგველაშვილი პირდაპირ არჩეულია და რესპუბლიკელებს, რა უნდა გვექნა? ჩვენი ცხრა ხმა ქსეროქსზე უნდა გაგვემრავლებინა, 215-ად გვექცია და კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, რომ პრეზიდენტი სხვანაირად აირჩევა? ეს პოლიტიკური დებატების ფარგლებს სცდება და სახელის დარქმევა მიჭირს, რა ჰქვია ამას?! შესაძლოა, ბიძინამაც და სხვებმაც უკეთ იციან, აქციების და ქონების ფასი როგორ უნდა შეინარჩუნონ, მე ვიცი, როგორ უნდა შევინარჩუნო ჩემი სიტყვების ფასი და მუდამ ასე იქნება“, - დასძინა უსუფაშვილმა.
სპიკერმა გამოსვლისას ყოფილ პრემიერს რჩევაც მისცა და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, ერთი მხრივ, ობიექტური, ზეპარტიული, მიუკერძოებელი, ექსპერტი, შემფასებელი, საკითხებისთვის სახელის დამრქმევი, პოლიტიკური ინტერესის არმქონე, პოლიტიკურ შედეგში დაუინტერესებელი ადამიანი იყო, მეორე მხრივ კი, ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ლიდერი, წამყვანი, ნომერ პირველი გამომსვლელი, მხარდამჭერი და მაქებარი.
„ეს თავისთავად შეუძლებელია. ეს ივანიშვილის ბრალი კი არ არის, არამედ მის მიერ არჩეული გზის. უკვე პრეტენზია, რომ ყველაფერს ობიექტურ სახელს დაარქმევ და თან ერთი კონკრეტული პარტიის მხარდაჭერი იქნები, შეუძლებელია“, - აღნიშნა სპიკერმა.
იქედან გამომდინარე, რომ უსუფაშვილის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციის მთავარი სამიზნე ყოფილი პრემიერი იყო, for.ge-მ საკუთარ არქივში ივანიშვილის მიმართ სხვადასხვა დროს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები მოიძია და მას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელების მიერ გაკეთებული ახალი და ძველი შეფასებები გაახსენა.
კერძოდ, დავით უსუფაშვილს 2016 წლის თებერვალში, მის მიერ გაკეთებული განცხადება შევახსენეთ, სადაც ის ამბობდა: „ივანიშვილის თაობაზე პირადად ჩემი მოსაზრება დღეს გაცილებით უფრო მაღალი და აღმატებულია, ვიდრე ეს ოთხი წლის წინ იყო. დავრწმუნდი არა მხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში“. ასევე უსუფაშვილს 2015 წლის აპრილში, თინა ხიდაშელი ჩვენთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებაც შევახსენეთ, სადაც აღნიშნავდა: „ჩემი და ივანიშვილის ღირებულებათა სისტემა ერთმანეთს იმდენად ემთხვევა, რომ მასთან რაიმეს გარკვევა დიდად არ მჭირდება“. ასევე სპიკერს 2016 წლის სექტემბერში, დავით ბერძენიშვილის განცხადებაც წარვუდგინეთ, სადაც თქვა, რომ „ივანიშვილს ქვეშევრდომები უყვარს და არა პარტნიორები. მან პარტიიდან უსუფაშვილი ვერ წაიყვანა, სთხოვდა, სპიკერი მინდა იყოო, სხვა თანამდებობებსაც სთავაზობდა. ბევრი რამ ჯერ კიდევ არ გვითქვამს და მტრად ნუ გაგვიხდის“.
მოყვანილი ციტატების კვალდაკვალ, for.ge დაინტერესდა - როდის იყო „რესპუბლიკური პარტია“ გულწრფელი მაშინ, როცა ივანიშვილს აქაბდა, თუ დღეს? ასევე იმ თანამდებობითაც დავინტერესდით, რომელიც ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილმა უსუფაშვილს შესთავაზა.
სპიკერმა პირობა მოგვცა, რომ ამ შეთავაზების შესახებ პირადად გვეტყვის.
„ბრძანეთ, რომ რაღაც შემოგთავაზათ და როგორ იყო?! იქნებ, ამაზე მოგვიანებით ან ცალკე ვისაუბროთ. არ მინდა, დღეს „საყველაფრო“ შეხვედრა გამომივიდეს. საუბარი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თაობაზე მინდოდა, ცხოვრება გრძელდება, მზად ვარ, ყველა კითხვაზე გიპასუხოთ“, - მიმართა for.ge-ს უსუფაშვილმა, რომელმაც ყურადღება მისი და კვირიკაშვილის ურთიერთობაზე გაამახვილა.
სპიკერი ინტერესდება, კვირიკაშვილს როგორ „ერჩის“.
„ჩემთვის კვირიკაშვილის თემა ერთ-ერთი გასაოცარი ეპიზოდია, რადგან რაღაც ამბები მესმის, კვირიკაშვილს თავი დაანებოს, კვირიკაშვილს რას ერჩისო. კვირიკაშვილს, მე ვერჩი? კვირიკაშვილს, როდის და როგორ ვერჩი? იმას ვჩივივარ, რომ კვირიკაშვილს ძალიან მძიმე ვითარება აქვს და უარესი ექნება, თუ პარლამენტში, უმრავლესობაში ის საპარლამენტო გუნდი აღმოჩნდება, რომელსაც „ოცნება“ საქართველოს დღეს სთავაზობს“, - დასძინა უსუფაშვილმა.