შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ერთგვარი ინსტრუქციაა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პოლიციელებმა არჩევნების პერიოდში. ბრძანება კონკრეტულად განსაზღვრავს პოლიციელების ფუნქციებს არჩევნების პერიოდში. კერძოდ, ადეკვატური პასუხი გაეცემა დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას. როგორც გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, ოპონენტები შეგუებულები არიან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, ახლა კი, ისღა დარჩენიათ, პროვოკაციები მოაწყონ.
„არ დავუშვებთ რაიმე სახის შეხლა-შემოხლას ჰქონდეს ადგილი. მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. საკმარისი ძალა და რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეს არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩავატაროთ. ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ, მოგვაწოდონ მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკი, რათა ჩვენ ვიდგეთ შორიახლოს და არ დავუშვათ არანაირი სახის პროვოცირება ნებისმიერი პარტიის თუ კერძო ინდივიდების მხრიდან“, - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრს დაავალა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ნებისმიერი დაპირისპირება თავიდან იყოს აცილებული.
„გამოიყენეთ კანონით გასაზღვრული ყველა შესაძლო ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ფიზიკურად თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება, გააკეთეთ ყველა რესურსის მობილიზაცია ამ მიზნის მისაღწევად, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს და უპირველეს ყოვლისა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ძალადობის რისკი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმართებაში.
რა თქმა უნდა, ასეთივე ლეგიტიმური უფლება აქვს მმართველი პარტიის წარმომადგენლეს, რომ იყოს დაცული. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ქვეყანაში წესრიგით, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით. თუ ვინმეს აქვს ინტერესი, რომ ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს, უპირველეს ყოვლისა ეს არის ხელისუფლება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციების აღსაკვეთად შესაბამის სამსახურებს მიმართავს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი და სიის მეორე ნომერი, კახა კალაძე, რომლის განცხადებით, მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
„მინდა, მოვუწოდო შესაბამის სამსახურებს, რომ ყურადღება მიაქციონ მაქსიმალურად, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს. ზოგადად, როდესაც იმართება ამა თუ იმ პარტიის შეხვედრა, არ არის მიზანშეწონილი, იქ სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი მივიდეს, ეს იწვევს უსიამოვნებას, შეხლა-შემოხლას, შეიძლება მოხდეს ფიზიკური დაპირისპირებაც, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია.
ჩვენთვის მთავარი და მნიშნველოვანი არის არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარება და ამას უზრუნველვყობთ. ერთადერთი ძალა, რომელსაც აწყობს არჩევნების არამშვიდ გარემოში ჩატარება და შემდეგ გარედან საუბარი, რომ არჩევნები მიმდინარეობს არადემოკრატიულ გარემოში, არის ახალი და ძველი „ნაციონალური მოძრაობა“, -განაცხადა კახა კალაძემ.
ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იმატა პროვოკაციებმა, მართალია, მასშტაბი დიდი არ არის, თუმცა დინამიკა აშკარად მზარდია. ჯერჯერობით პროვოკაციების ნიშნები შეინიშნება სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში, სადაც რამდენიმე, საკმაოდ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ ექსპერტბი და ამის მაგალითად მოჰყავთ კორცხელისა და უფრო ადრე მარნეულის ინციდენტი. თუმცა აქვე ამბობენ, რომ შესაძლო დესტაბილიზაციის შემთხვევაში პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება ხელისუფლებას და ოპოზიციას.
ექსპერტის რამაზ საყვარელიძის განმარტებით, როდესაც დესტაბილიზაციაზე მიდის პოლიტიკური ჯგუფი, ის ითვლის რესურსებს და თუკი ეს რესურსი საკმარისი აღმოჩნდა, მერე უკვე შეიძლება უკან არ დაიხიოს.
„გაგახსენებთ, რომ 2003 წელს სააკაშვილი შევარდნაძეს მეგაფონით უყვიროდა - 30 ათასი ვართ, კიდევ მეტი არის საჭირო, რომ გადადგეო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იმ პირობებში 30 ათასი საკამარისი იყო რომ ხელისუფლება გადამდგარიყო. გავითვალისწონოთ ისიც, რომ მაშინდელმა ოპოზიციამ ეს 30 ათასი მთელი საქართველოს მასშტაბით მოკრიბა. ამიტომ, დღესაც მთელი საქართველოს მასშტაბით რა რაოდენობა შეიკრიბება და იქნება თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიონ, ეს არის მთავარი საკითხი.
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ 2003 წელს შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოცილებას, აშკარად მხარს უჭერდა აშშ-ის ელჩი მაილსი, რომელიც ამერიკის პოლიტიკას განასახიერებდა, ხოლო ამერიკის პოლიტიკა მაშინ საქართველოზე იმდენად არ იყო ორიენტირებული. ზოგადად, მას სურდა, რომ ხავერდოვანი რევოლუციებით გაეჭრა ყოფილი საბჭოთა ტერიტორია და მიეღწია აღმოსავლეთამდე. ასეთი მოდელი ბუშმა წარმოთქვა კიდეც. ამ იდეის განხორციელებისთვის ერთ-ერთი საფეხური იყო საქართველო“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, თუ 2003 წელს ნაციონალებს მხარდაჭერა ჰქონდათ აშშ-დან, ამავე დროს მხარდაჭერა იყო რუსეთის ხელისუფლებისგან, დღეს ნაციონალებს საგარეო მხარდაჭერა არ აქვთ.
„საქართველოში დესტაბილიზაციის რაიმე მცდელობას მხარდაჭერა არ ექნება დასავლეთისგან და ეს მკაფიოდ თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რაც ასევე იკითხება კონგრესის გადაწყვეტილებაში, რომ კურსი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს აღებული, მათთგან მხარდაჭერილია. რაც შეეხება შიდა რესურსს, თუ 30 ათასი კაცი ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოივიდა, შეიძლება ეს სარისკო იყოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
გამორიცხული არ არის, რომ სტიქიურად გაჩნდეს შიდა საპასუხო მიტინგი, ვინაიდან სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგების რიცხვი გაცილებით მეტია, რაც 2012 წლის არჩევნებმა აჩვენა. თუ სააკაშვილმა ძალისმიერი გზა აირჩია, ასეთ შემთხვევაში, მისი რეჟიმის მოწინააღმდეგებიც შეიძლება წავიდნენ ძალისმიერი გზით, ქუჩაში მივიღოთ შეტაკება და სააკაშვილის მომხრეები ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან.
პოლიტიკა ყოველთვის ლოგიკური არ არის, ემოციები ჭარბობს და ამ ემოციების ხარჯზე, არ არის გამორიცხული პროვოკაციული აქციები, თუნდაც იმიტომ, რომ მერე უცხოელებთან ააფრიალონ მასალა, რომ გალახეს, ან პოლიცია არასამართლიანად მოექცა. უცხოელებისთვის მასალის შესაგროვებელი პროვოკაცია შეიძლება მოხდეს, მაგრამ არა სერიოზული, იმიტომ, რომ დესტაბილიზაცია სახიფათო იქნება ნაციონალებისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.