„ბურჭულაძემ კოალიციის გვერდით დგომის სანაცვლოდ, უამრავი ფული მოითხოვა“

„ბურჭულაძემ კოალიციის გვერდით დგომის სანაცვლოდ, უამრავი ფული მოითხოვა“

ბიძინა ივანიშვილისთვის „თავისუფალი დემოკრატები“ დღეს უფრო ჯანსაღად გამოიყურებიან, მაგრამ ეს არ ეხება პარტიის ლიდრეს, ირაკლი ალასანიას. ყოფილი პრემიერის განმარტებით, მისთვის მეორე არჩევანში წინა პლანზე თუ ადრე რესპუბლიკელები იყვნენ, ახლა „თავისუფალი დემოკრატები“ არიან. რეგიონალურ მედიასთან საუბრისას ყოფილმა პრემიერმა განმარტა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკელები თანმიმდევრულნი არიან, თანმიმდევრულად მხარს უჭერენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს და ამ მხრივ კითხვის ნიშანი არ არის.

როგორც ივალიშვილი ამბობს, „თავისუფალი დემოკრატები“ თავის დროზე გააკრიტიკა და დღესაც შეუძლია გაიმეოროს, რომ მათმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და გუნდის წევრებმა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს.

„ნაცვლად იმისა, რომ ლიდერისთვის გაესწორებინათ შეცდომები, ასე ვთქვათ, მეგობრობას გადაყვნენ. მახსოვს დემოკრატებთან პირველი შეხვედრა. ყველა კითხვაზე ალასანიას უყურებდნენ და ვიხუმრე, ეს არის ახალა დემოკრატია, ლიდერის გარეშე პასუხი არ გინდათ გასცეთ-თქო? საერთოდ ამ ჯგუფში შეიმჩნეოდა ზედმეტი დომინანტობა ლიდერის, ამ პროცესმა ძალიან ცუდად იმუშავა. ალასანიას შეცდომები გუნდმა თავისუფლად გაიზიარა და მეგობრობას გადააყოლა.

ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას მოეხერხებინა, ყოფნოდა კაცობა და ვაჟკაცობა, საკუთარ შეცდომებზე გუნდი აღარ წამოეყვანა, იგი თავად მოიქცა არასწორად. ამასაც არ დავმალავ, გუნდის წევრებმა მოახერხეს გარდაქმნა, გუნდი აღარ გადაყვა, შეცდომები აღარ დააშვებინეს. აი, ეს არის ის, რა ცვლილებებიც მოხდა. ამ მხრივ „თავისუფალი დემოკრატები“ დღეს ჩემთვის უფრო ჯანსაღად გამოიყურებიან“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

თავად ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მისთვის ბიძინა ივანიშვილი წარსულია და, ამიტომ მის შეფასებებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, თუ შეცდომაზეა საუბარი, უდიდესი შეცდომა და შავი ლაქა ივანიშვილს და ღარიბაშვილს აქვთ. მისი თქმით, ივანიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ და სხვა პარტიების მუდმივი კრიტიკით „ქართულს ოცნებას“ ეხმარება.

„ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული. ამ არჩევნებში გამარჯვებით გვინდა დავიწყოთ უკეთესი საქართველოს მშენებლობა. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი წარსულია, ამიტომ მის შეფასებებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ფაქტი ერთია - ივანიშვილმა აღიარა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ძლიერი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ამ ქვეყნის გაძღოლა და უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია.

სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარკვეულწილად ჭორაობს და ამ ჭორაობით ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. მას ეს არ გამოუვიდა ადრე და არ გამოუვა ახლაც. ჩვენ ვართ ძლიერი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი დაინახავს, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ერთგული პრინციპების და რომელმა დაკარგა სახე“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ყოფილი პრემიერმა ასევე ისაუბრა კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებზე და აღნიშნა, რომ დღეს მრეწველებს აშკარად პრორუსული კვალი დაედოთ. შესაბამისად, მათ ფავორიტებში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების გვერდით ვეღარ დაასახელებს.

„მრეწველები ძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, ეს განცხადებები ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ. შემდეგომ ეტაპზე მათ პრაქტიკულად, ეს მიმართულება დახვეწეს და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღეს მრეწველებს, შესაბამისად, ფავორიტებში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების გვერდით ვეღარ დავასახელებდი.

რაც შეეხება „ეროვნულ ფორუმს“, ეს პარტია სამწუხაროდ, დღეს არ ჩანს. ერთი გამოჩენა რაც ვნახე, რამდენიმე დღის წინ, სადღაც მაჟორიტარი აირჩიეს და ერთი განცხადება, რაც ჰქონდათ ის იყო, რომ ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო. შესაბამისად, მათზეც ბევრს ვერ ვილაპარაკებ დღეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა პაატა ბურჭულაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე ნაწყენი იყო. როგორც ივანიშვილი აცხადებს, ბურჭულაძემ კოალიციის გვერდით დგომის სანაცვლოდ, უამრავი ფული მოითხოვა.

„პრესაში ვნახე ბერძენიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბურჭულაძის გაერთიანება არაბუნებრივაო. ამაზე ბუნებრივი გაერთიანება მე ვერც კი წარმომიდგენია. რანაირად შეიძლება კუბლაშვილის, ვაშაძის და მამუკა კაციტაძის გაერთიანება იყოს წარმოუდგენელი. გახსოვთ, დავით გამყრელიძემ პოლიტიკა დატოვა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ „ახალი მემარჯვენეები“ იყვნენ ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი.

დღეს ერთადერთი ასეთი დარჩა „ლეიბორისტული პარტია“. შალვა ნათელაშვილს არსად აქვს წასასვლელი, რადგან კომპრომატები აქვთ მაგაზე და დღესაც ამუშავებენ ისევ ნაცები. მამუკა კაციტაძეც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამაზე ბუნებრივი რა შეიძლება ყოფილიყო. ეს ჩახლართული სიტუაციები მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა, იგი ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებას გაუგებარს უწოდებს თავად პაატა ბურჭულაძე და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა თანხაზე საუბრობს ივანიშვილი.

„გულახდილად რომ გითხრათ, მე მაინტერესებს, რა თანხაზე იყო ლაპარაკი. ნუთუ ისეთი მოვთხოვე, რომ მას ძალიან გაუჭირდა ჩემთვის ფულის მოცემა? რა უნდა მომეთხოვა მე ისეთი? - ალბათ, როგორც მეფეებს სთხოვენ ნახევარი სამეფო მომეციო - 3,5 მილიარდი. რა მოვთხოვე ისეთი, რომ მაგას გაუჭირდა?“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მაშ ასე, ივანიშვილის ფავორიტებად რჩებიან „თავისუფალი დემოკრატები“, მინუს ირაკლი ალასანია და რესპუბლიკელები.

კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ როდესაც პოლიტიკურ პარტიას თანამშრომლობას მისი ლიდერის გარეშე სთავაზობ, ეს მთლად კორექტული არ არის. მისივე განცხადებით, ივანიშვილის მეთოდი ძალიან გავს 2011 წელს, როდესაც პირველი განცხადება გააკეთა პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ.

„რასაც ვუყურებ, ივანიშვილი ცდილობს გაკრიფოს შუა. როდესაც პოლიტიკურ პარტიას თანამშრომლობას სთავაზობ მისი ლიდერის გარეშე, ჩემი აზრით, ეს მთლად კორექტული არ არის.გარკვეულწილად, ასე იკითხეება, რომ დატკბა „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ.

დიდი ხანია ამ პარტიაზე გაბრაზებულია და ეტყობა, რომ წყენამ ნელ-ნელა გაუარა, რესპუბლიკელებზე კი ახლა გაბრაზდა. იცით რაშია საქმე, ეს მეთოდი ძალიან გავს მის პირველ განცხადებას, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა 2011 წელს, როდესაც ექსპერტები და ტელევიზიები ყველა ერთად გააკრიტიკა. მერე ნელ-ნელად შემოტრიალდა, ახლაც, დაახლოებით, იგივე სვლა არის“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ რესპუბლიკებებიც და „თავისუფალი დემოკრატები“ ქართული პარლამენტის აუცილებელი შემადგენელი არიან, როგორც პერსონალური, ასევე იდეოლოგიური კუთხით. ისევე როგორც „ეროვნული ფორუმი“ და იმედი აქვს, რომ ფორუმი გამოფხიზლდება თუ მართლა აპირებს არჩევნებში მონაწილებას.

„ამიტომ, სხვა არჩევანი ამ პარტიების დასახელების გარდა ივანიშვილს არ ჰქონდა. მაშინ რჩება „ნაციონალური მოძრაობა“ და პაატა ბურჭულაძის პარტია, რომლის პოლიტიკური მომავალი საკმაოდ გაურკვეველია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.