„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია და პროგრამა წარდგენილია, ახლა ჯერი ამომრჩეველზეა. პოლიტოლოგთა ნაწილი „ოცნების“ საარჩევნო სიას აკრიტიკებს, მმართველი გუნდი კი, აქცენტს ახალ სახეებზე აკეთებს.
მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე for.ge ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გია ვოლსკის ესაუბრა:
ექსპერტები „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საარჩევნო სიას საკადრო შიმშილად მიიჩნევენ. როგორ ფიქრობთ, წარდგენილი გუნდი გაამართლებს?
- როგორც ჩანს, ექსპერტები კადრებს არ იცნობენ. ექსპერტები იმაზე უნდა საუბრობდნენ, რომ მათ სიაში წარმოდგენილ პირებთან შეხვედრები სჭირდებათ. ახალი სახეები გეგმავენ, რომ საზოგადოებასთან მათი ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს. თითოეული კადრი თავისი დარგის მაღალი დონის სპეციალისტია, რომელიც კანონშემოქმედებას სჭირდება. ამ პირებს ქვეყნის მიმართ პატრიოტული დამოკიდებულება აქვთ. მათი ეროვნულობა, ყველაფერი აიწონა და სიაც ასე ჩამოყალიბდა. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს, დიმიტრი ხუნდაძემ შემოგვთავაზა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საკუთარ საარჩევნო ოლქზე უნდა ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი და ისინი სიით გარანტირებული არ უნდა ყოფილიყვნენ. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოვა და სტაბილურ მთავრობას შეადგენს, რაც სტაბილური ქვეყნის და იმ პროექტების განხორხიელების გარანტიაა, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო პროგრამის სახით წარადგინა.
თქვენს მიერ წარდგენილმა სიამ მოქმედი დეპუტატები გაანაწყენა. მათ შორის, ომარ ნიშნიანიძე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახალი სიის წარდგენით ძველი თანამებრძოლების არდაფასება მოხდა...
- როდესაც სიებზეა საუბარი, ემოციური ფონი ყოველთვის არსებობს. „ოცნების“ ყრილობასთან დაკავშირებით გაუგებრობა იყო, რადგან ქუთაისში, პარლამენტში მოსაწვევი დაგვიანებით ჩამოვიდა. ყველა ერთნაირი ემოციის ვერ იქნება. ომარ ნიშნიანიძე ღირსეული კაცია, რომელსაც ქუთაისში აფასებენ და ის კოლეგებს უყვართ. ვფიქრობ, რომ არჩევნებზე მის სიტყვას გარკვეულო წონა ექნება. გუნდი გუნდია, ზოგი დეპუტატობის კანდიდატია, ზოგი სხვა პოზიციაზეა.
ქუთაისში, საგანმანათლებლო სფეროში საინტერესო პროექტები ხორციელდება და ომარ ნიშნიანიძე ის ადამიანია, რომელიც ამ სფეროს სჭირდება.
მოქმედი დეპუტატების სელექცია რა პრინციპით მოხდა? საარჩევნო სიაში არიან კარლო კოპალიანი, ოთარ ჩრდილელი, გუგული მაღრაძე. ანუ, ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში აქტივობის კუთხით დიდად არ გამოირჩეოდნენ. ამ ადამიანებმა ისეთი რა გააკეთეს, რის გამოც ისევ სიაში მოხვდნენ?
- ყველა პარტიას თავისი სპიკერები და შემსრულებლები ჰყავს. ვერ ვიტყოდი, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები აქტიურები არ იყვნენ. საზოგადოება საკომიტეტო მუშაობას ძირითადად არ იცნობს. კანონპროექტები იქნებოდა თუ პოლიტიკური საკითხები, ეს ადამიანები მათი განხილვის კუთხით, ინტენსიურად იყვნენ ჩართულები. როდესაც ოლქების გადანაწილება მოხდა, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რომ არა, რამდენიმე რეგიონი წარმომადგენელის გარეშე დარჩებოდა. რაჭა-სვანეთის შემთხვევაც ამის დადასტუტებაა. ეს სტრატეგიული რეგიონია, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე პროპორციული სიითაც. ასევე მნიშვნელოვანია, ყაზბეგიც და დუშეთის იგნორირება არ შეიძლება. ამას გარდა, სიაში ღირსეული ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც ავტორიტეტი აქვს ოსურ საზოგადოებაში, რადგან ცხინვალის რეგიონი იმ თვალსაზრისით სერიოზულად დაზარალდა, რომ არსად არანაირი წარმომადგენელი არ ჰყავს და ადამიანები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ასევე ღირსეული წარმომადგენელი სჭირდება აფხაზებს და ჩვენ ბევრი რაღაც გავითვალისწინეთ. თუ საყვედური სათქმელია, ეს იმას უნდა ეხებოდეს, რომ ეს შესანიშნავი ადამიანები, განსაკუთრებით ახალი სახეები საზოგადოების წინაშე, ტელეეკრანებზე უფრო ხშირად უნდა ჩნდებოდნენ.
საარჩევნო სიაში გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე მოწინავე ადგილებზე არიან. შეგიძლიათ, გვითხრათ, კახი კალაძე პარლამენტში დარჩება, თუ როგორც წინა შემთვევაში მოხდა, ისევ მთავრობაში დაბრუნდება?
- ენერგეტიკის სფეროში უშველებელი პროექტები ხორციელდება და რამდენიმე პროექტის თაობაზე კამათიც იყო, მაგრამ ენერგეტიკა საქართველოს ხვალინდელი დღეა და კახი კალაძემ თავისი წესიერებით, ენერგიით, ლიდერის თვისებებით კარგი მაჩვენებელი დადო. ის უაღრესად სათნო ადამიანია და ვინატრებდი, რომ პარლამენტში ასეთი ადამიანი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ენერგეტიკის დარგს კალაძისნაირი ხელმძღვანელი სჭირდება.
პოლიტიკურ კულუარებში საუბარია, რომ კალაძემ შესაძლოა, თბილისის მერის პოსტზე იყაროს კენჭი. მსგავსი რამ რამდენად მოსალოდნელია?
- ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ დათო ნარმანიას მიმართ დარტყმები განახორციელეს და მის ავტორიტეტს საკმაო ზიანი მიაყენეს. თბილისის ქუჩებში გაიარეთ. ჩემს საარჩევნო ოლქში რამდენიმე ასეული კილომეტრი გზა დაიგო და სახლები გარემონტდა.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ნარმანია საქმეს აკეთებს, მაგრამ ვერ წარმოაჩენს?
- რბილად რომ ვთქვათ, დათოს ძლიერი ნაწილი პიარი არ არის, მაგრამ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ უამრავი საქმეა გაკეთებული. ქალაქის მერიის სტრუქტურა რთულია და როცა პოლიტიკურად გებრძვიან, ენამოსწრებული ხალხი გიტევს და კრიტიკა ჯანსაღი არ არის, ამის გაძლება ძალიან რთულია. თუმცა, დათომ თავი ყველაფერს კარგად გაართვა და მის შემცვლელზე საუბარს აქედანვე ნუ დავიწყებთ. დათოს ენერგია და შემართება სჭირდება, ის კარგი მერია. უგულავამ რაღაც პროექტები გააკეთა, მაგრამ მან ის დაუშვა, რომ პარტიული ინტერესებით ემოქმედა. დათომ სწორად გათვლილი პოლიტიკით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
თქვენ სიის პარალელურად საარჩევნო პროგრამაც წარადგინეთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ის პროგრამაა, რის გამოც თქვენი გუნდი ნდობას კვლავ დაიმსახურებს?
- ერთადერთი გამოსავალი იმ უბედურებისგან, რასაც სიღარიბე და უმუშევრობა ჰქვია, სტაბილურობაა, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას განაპირობებს. ქვეყანაში ორჯერ უფრო მეტი ტურისტი შემოვიდა, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტი ჩვენი არ გვექნება, ტურისტების ზრდასთან ერთად იმპორტის რაოდენობაც იმატებს. ოპონენტების ქილიკი იმითაა განპირობებული, რომ ჩვენი ოპონენტები წარსულში დარჩნენ. მათ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას პრობლემის განცდა უფრო მეტად აქვს გამწვავებული, ვიდრე მომავლის ხედვა. გიორგი კვირიკაშვილის პროექტები მომავალზეა გათვლილი, რათა წარსულის სირთულეები გადავლახოთ.
კლიპის გამკეთებლებმა იმ უამრავ თემას უნდა გადახედონ, რომელიც არის. გაკეთებული პროექტების დაახლოებით 25 საათის მასალაა და ამის მოკლე კლიპად ჩამოყალიბება გაგვიჭირდება. მთავარია, გაკეთებული საქმე ხალხმა დაინახოს. გურიაში ხილის მიმღები ქარხანა გაიხსნა და იქ ხილს ის ადამიანები აბარებენ, რომლებიც აქამდე ვერ აბარებდნენ.
როგორ ფიქრობთ, ხალხი თქვენს გაკეთებულს ამჩნევს? დაანონსებული 100 ხმის მოპოვებას შეძლებთ, თუ პოლიტიკური პროცესები კოალიციურ მთავრობამდე მივა?
- იმ ამომრჩეველზე მუშაობა რთულია, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. პოლიტიკურად აჟიტირებული ადამიანი არ ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებს მივცე მეტი, ვისაც უჭირს. „ქართული ოცნებაც“ ასეთია და მისი არსიც ესაა. სიღარიბის დაძლევის სტატისტიკა გაუმჯობესებულია, მაგრამ ცხოვრების გაუმჯობესება ადამიანებმა უნდა იგრძნონ და სწრაფი ტემპია საჭირო, რომ ქვეყანაში პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდეს. ადამიანები ტენდენციას გრძნობენ, რაც დადებითია. თბილისის მერიაში ბიუჯეტი ნული დატოვეს, ნაციონალები რომ წავიდნენ.
ამ საყვედურის საპასუხოდ ნაციონალები აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, 500 მილიონი ლარი დახვდათ, თქვენ კი, 9 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტი დაგახვედრეს...
- 9 მილიარდ ლარსაც ადვილად შევასრულებდით, მაგრამ მთავარია, მეთოდები. მათრახით რომ შევარდები, ეს ნორმალურია? სააკაშვილმა კიევში თქვა, საქართველოში გზა იყო დასაგები, მინისტრი დავიჭირე და ფული სახლიდან მოვატანინეო. ასეთი მეთოდით 10 მილიარდსაც გააკეთებდი და 20 მილიარდსაც.
რაც შეეხება კოალიციას, ამომრჩეველი იმასაც ხედავს, რომ კოალიციური მთავრობა შედეგის მომტანი არ არის, რადგან პარტიებს საშუალება არ უნდა ჰქონდეთ, რომ პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყონ. ამ დროს სპეკულაციები მიდის, რომ ხმას მოგცემ, შენ თუ იმ პორტფელიოს მომცემ. სამწუხაროდ, პარტიებში მთავრობის სავარძლების მიმართ მისწრაფება არის და ჩვენი გუნდი იმითაც გამოირჩევა, რომ ისეთი ადამიანები გვყავს, რომელთაც სავარძლისკენ მიდრეკილება არ აქვთ.
რამდენად მოსალოდნელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გახდეს?
- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ბევრი ვარაუდი გამოითქმევა. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ კვირიკაშვილი თავის პოსტზე ეფექტურია.
რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიასა“ და თქვენს შორის არსებულ დაპირისპირებას, არ ფიქრობთ, რომ ამ პროცესით ერთმანეთს უფრო აზიანებთ? დავით ბერძენიშვილმა for.ge-სთან საუბარში თქვა, რომ რესპუბლიკელებს ბევრი რაღაც ჯერ კიდევ არ უთქვამთ და სჯობს, ივანიშვილი მათ მტრად ნუ დანიშნავს...
- ქვეყანას თუ არ აწყობს, მაშინ ისე მოიქცნენ, როგორც ქვეყანას აწყობს. ძალიან ბევრჯერ თავი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შემიკავებია, მაშინ, როცა „რესპუბლიკური პარტიის“ ქმედებების მკაცრი შეფასება შემეძლო. დათო სპიკერი იყო და დაპირისპირებებით პარლამენტს თავმჯდომარეს ზიანი არ უნდა მიაყენო. თუ რაიმე სათქმელია, დათომ უნდა თქვას. დაპირისპირების მასშტაბი არ შეიძლება დიდი იყოს და თუკი პარტიას ხმას მისცემენ, ვალდებული ვართ, დაპირისპირების ხარისხის მიუხედავად, სხვა პარტიებთან ცივილიზებულად ვითანამშრომლოთ. თანამშრომლობა აუცილებლად სიამტკბილობას არ ნიშნავს.