მმართველი გუნდი უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის შერჩევის პროცესში ვერ ჩაერევა, თუმცა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას დიდი ინტერესით ელოდება.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ კანონის შესაბამისად, უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭოს მოქმედი მდივანი ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ფიცს დადებს, ქვეყნის პირველ პირს მისი შემცვლელის დასახელება მოუწევს.
მედიის საშუალებით, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. მათ შორის ხათუნა ლაგაზიძის, ვანო მაჭავარიანისა და ლევან დოლიძის კანდიდატურები მოიაზრება, თუმცა, for.ge-სთან კულუარულ საუბარში უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილება მიღებული ამ დრომდე არ აქვს და მას ამ პოსტის შეთავაზების მიზნით, არც არავისთვის არ დაურეკავს.
წყაროს ცნობით, მარგველაშვილი იმერლიშვილის შემცვლელის დასახელებას მანამდე არ აპირებს, სანამ უშიშროების საბჭოს მოქმედი მდივანი პოსტს ოფიციალურად არ დატოვებს.
სანამ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე მმართველი გუნდის წევრები ყურადღებას უშიშროების საბჭოს ფუნქციაზე ამახვილებენ.
როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, უშიშროების საბჭოს ფუნქცია დიდი მაშინ იყო, როცა პრეზიდენტის ფუნქცია მაღალ საფეხურზე იყო.
მისი შეფასებით, უშიშროების საბჭოს ფუნქცია ნაკლებია, როცა პრეზიდენტიც ნაკლებ ფუნქციებშია.
„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ვინ იქნება, სულერთია. მისი დასახელების პრეროგატივა პრეზიდენტს აქვს და იმედია, ვისაც დაასახელებს, ის ადამიანი თავისი ქვეყნის სამსახურში კარგად დაიხარჯება“, - აცხადებს ძიძიგური.
ძიძიგურის მსგავსად, სავარაუდო კანდიდატის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს უშიშროების საბჭოს წევრი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
for.ge-სთან საუბარში სესიაშვილი აცხადებს, რომ მდივნის დასახელება მთლიანად პრეზიდენტის პრეროგატივაა.
კანონმდებელის თქმით, საჭირო არც არის, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართოს, თუ ამას საჭიროდ პრეზიდენტი არ ჩათვლის.
„კანდიდატურას ველოდები, საბჭოს წევრი ვარ და დიდი მნიშვნელობა აქვს, საბჭოს მდივანი ვინ იქნება. დასახელებული კანდიდატების განხილვისგან კი, თავს შევიკავებ“, - დასძენს სესიაშვილი.
უშიშროების საბჭოს მდივანი ვინ გახდება, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ამ უწყების იგნორირება ხდებოდა, ხოლო გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში, ურთიერთობა მკვეთრად შეიცვალა.
რაც შეეხება ფუნქციებს, კანონის გათვალისწინებით, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომელიც სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება.