„ლექსიკაზე თუ მიდგა საქმე, ხომ არ გაუგიათ „იბიარდის“ შესახებ?!“

„ლექსიკაზე თუ მიდგა საქმე, ხომ არ გაუგიათ „იბიარდის“ შესახებ?!“

„თმაგაპუწული ფაჩუჩებიანი გოგლი-მოგლი ბიჭი“, „შე ნამუსგარეცხილო, გაყოყოჩებულო ბიჭუნა“, „ნაცმოძრაობის პროექტო“, - ეს ყველაზე უწყინარი შეფასებებია, რითაც ბოლო დროს ქართულ სივრცეში ამკობენ ერთმანეთს. გვახსოვს უფრო ადრეული მიმართვებიც: „ოჯახს გაგინადგურებ, შე ნაძირალა, მათხოვარო, ქალუსია! „ქალუსია და პიდარასტები შენს პარტიაში მოიკითხე!“

სავარაუდოდ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ურთიერთშემკობა უფრო გამძაფრდება. ამ მიმართვების ერთ-ერთი ადრესატი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ძალიან მალე სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა აღიკვეთება.

შეკითხვაზე, თუ რა ფორმით აღიკვეთება სიძულვილის ენა და ბილწსიტყვაობა, იგულისხმება თუ არა ამაში საკანონმდებლო ცვლილებები, კობახიძე განმარტავს, რომ ხელისუფლება არანაირ რეპრესიულ ზეწოლას არ გეგმავს, უბრალოდ, განვითარდება პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა.

როგორ უნდა აღიკვეთოს სატელევიზიო სივრციდან ბილწსიტყვაობა, ამის შესახებ პოლიტოლოგებსა და პოლიტიკოსებს ვესაუბრეთ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საინტერესოა, როგორ გააძევებენ ენას საჯარო სივრციდან ცენზურის გარეშე?! ცენზურა კი ისევ საბჭოთა კავშირში დაბრუნება იქნება.

„როგორ აპირებენ ბილწსიტყვაობის გაძევებას სატელევიზიო სივრიცდან? შემთხვევით, ეს ის პარტია ხომ არ არის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან პირდაპირ ეთერში, 15 წამის განმავლობაში დედის გინებას რომ გვასმენინებდა და ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა, კაი გინება სცოდნიაო ღარიბაშვილს. ვინ ჰკითხავს მაგათ, რა იქნება პირდაპირ ეთერში? ჩემი თვალით ვნახე, სტალინისტი 80 წლის კაცი რომ წამოდგა და ნაციონალ კაცს დედა აგინა. გაიწია კიდეც, შემოუარა მაგიდას და ხელიც გაარტყა. ეს კარგი არ იყო, მაგრამ რომელი კანონით უნდა აკრძალონ? ვინც ამას ჩაიდენს, დახვრეტენ? ლექსიკაზე თუ მიდგა საქმე, ხომ არ გაუგიათ „იბიარდის“ შესახებ? დაავიწყდათ გამოთქმები - „ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“, „შენი მამა, დედა, შენი პატარა გოგოები“? როცა შენი პარტია დღედაღამ იგინება ეთერში, სხვას როგორ უნდა აუკრძალო, ცენზურა შემოიღო? მაშინ ვიღაცამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ეს უცენზურო სიტყვა. მაგალითად, ვიღაცას სიტყვა „მოტყინარი“ უზრდელური ჰგონია, რადგან გაუნათლებელია. არადა, ეს სიტყვა „ანთებულს“ ნიშნავს. („ცეცხლი მოტყინარი დაშრიტოს წყალმან“). ცენზურით გვემუქრებიან, საბჭოთა კავშირით? ამით ამტკიცებენ, რა დონის მოაზროვნეები არიან!“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

აქვე განმარტავს, რომ უცხოეთშიც აქვთ რეკომენდაცია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით. თუმცა, ლევან ბერძენიშვილის აზრით, დედის გინება სიძულვილის ენა არ არის, რადგან კაცმა შეიძლება თქვას „ჩემი დედაო“ და სიძულვილი არ გამოხატოს არავის მიმართ.

მისივე თქმით, უცხოეთში იგინებიან კიდეც და კარატესაც იყენებენ იაპონიის პარლამენტში, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი თავზე რომ დაახტა ოპონენტს, ასეთი რამ არ არის უნიკალური, სხვაგანაც მომხდარა. ასე რომ, სიტყვის თავისუფლება არის უზარმაზარი მონაპოვარი და სად გადის ზღვარი, რომელი სიტყვაა უწმაწური და რომელი არა, ეს რთული განსასაზღვრია.

„მაგალითად, „ვირიშვილი მაიმუნის“ გამოყენება შეიძლება? თუ ვინმე დააპატიმრებს ადამიანს, რომელიც იტყვის სიტყვა „საჯდომს“, ამით სახელმწიფო დაინგრევა, რადგან სიტყვა „საჯდომის“ გარეშე არისტოფანეს ვერც წაიკითხავ და ვერც თარგმნი. რა ვქნათ, ახლა კობახიძის ფაქიზ სმენას შეიძლება ეს აწუხებდეს. რა გაიგონა კობახიძემ ისეთი, რაც არ გაუგონია? დედის გინების მეტი რა ისმის? თუმცა ასეთი ტიპის ლაპარაკი იციან პაიკებმა, რომელიც ვიღაცამ ლაზიერში გაიყვანა. ქართველ ხალხს ვურჩევ გურამ დოჩანაშვილის გენიალური მოთხრობა „გამსვლელი პაიკი“ წაიკითხოს“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო ხანებში გაზეთებსა და მედიაში დედის გინება გახშირდა, მაგრამ სატელევიზიო სივრცესა და ზოგადად მასმედიაში ბილწსიტყვაობის აკრძალვა არ შეიძლება. მართალია, არც „პარტიზანი მებაღეები“ აკლებენ და არც სხვები, ქალბატონმა ნატა ფერაძემაც ტელევიზორში საშინელება თქვა, მაგრამ ეს ხალხი თანამდებობის პირი არ არის და თმენის ვალდებულება არ აქვს. თუმცა გაუგებარია, „მაიმუნი ვირიშვილის“ გამო ნარმანიამ რატომ მოიხადა ბოდიში ზოგადად და უშუალოდ ნაგინებ ადამიანს რატომ არ მოუბოდიშა?!

„მისი ბოდიში ქართველ ხალხს ფეხებზე ჰკიდია, ხალხისთვის მთავარი საზრუნავია ლუკმა-პური. ნარმანია რომ უკვე კომიკური მერია, ამას ივანიშვილის გარდა, ალბათ, ყველა ხედავს. ამ გამონათქვამის შემდეგ ნარმანია მაშინვე უნდა გადამდგარიყო, ნორმალურ ქვეყანაში ქალაქის მერი ასე მოიქცეოდა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, შეიძლება ის ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ამ პატარა ბიჭს, ეტყობა, თავში აუვარდა. ამას წინათ თქვენს კოლეგებს ელაპარაკებოდა და ორივე ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩადებული. გადაახვიეთ კადრები და ნახავთ. აკრძალვა რომ საქმეს შველოდეს, მთელ მსოფლიოში იდეალური სიტუაცია იქნებოდა. აკრძალვა და შიში ყოველთვის უკუპროპორციულია. საიდან უნდა იცოდეს ეს ამ პატარა ბიჭმა? მე არ ვიცი, რა განათლება აქვს მიღებული, როგორი ნაკითხია, მაგრამ ახლა ყველას რომ ჰკითხოთ, ჰარვარდის 5-5 დიპლომი მაინც აქვთ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.