თავის დროზე ოპონენტები ბიძინა ივანიშვილს საყვედურობდნენ, რომ, როგორც წესი, წარმატებული ბიზნესმენები პოლიტიკაში არ ამართლებდნენ. პერიოდულად ბიძინა ივანიშვილის ტელეკარიერასაც არ სწყალობდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პირად ურთიერთობაში გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე დატუქსული პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების გარემოცვაში.
ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილი ტელეეკრანს დაუბრუნდა, ოღონდ სტუმრის სტატუსით. რამდენად მომგებიანია ტელესივრცე ყოფილი პრემიერისთვის და წაადგება თუ არა „ქართული ოცნების“ რეიტინგს მისი პერიოდული გააქტიურება? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა, რადგან, ჩემი შეფასებით, მისი რეიტინგი არც თუ ისე მაღალია. მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, არა მგონია, მოსახლეობაში მათდამი განწყობა მნიშვნელოვნად და მკვეთრად შეცვლილიყო. ამიტომ მათი ბოლო აკორდი, ბოლო ერთი თვის მასირებული საარჩევნო პროპაგანდაა იმისთვის, რომ მათგან წასული ამომრჩეველი უკანვე მიაბრუნონ. ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ისეთივე რეიტინგი აღარ აქვს, რაც ჰქონდა, სულაც არ გულისხმობს, რომ დაბალი რეიტინგი აქვს, როგორც ზოგიერთ საერთაშორისო კვლევაშია ნახსენები - „ოცნება“ ისევ რჩება ლიდერ პარტიად, მაგრამ ის დანაქადები, რომ ისინი შეძლებენ უმრავლესობის მოპოვებას, ძალიან გაჭირდება. ამიტომ ისინი ცდილობენ, მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენონ. ამომრჩევლის მისაბრუნებლად ორი ბერკეტიღა დარჩა „ქართულ ოცნებას“, ერთ-ერთია ივანიშვილი და მისი ტელეგამოსვლები და მეორეა გოგა ხაინდარავას ფილმი, რომლის ჩვენებაც უკვე დაანონსდა. მაგრამ ეს ორი ბერკეტი ორლესული მახვილივითაა. თუ ყველაფერი სწორად და მიზანმიმართულად არ გათვალეს, შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღოს.
თავის დროზე ციხის კადრებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვებაში. ფიქრობთ, რომ ციხის იგივე კადრები, რაც „ჰეროკრატიაშიც“ აქცენტირებულ იქნება, მობეზრდა ხალხს? ერთი და იმავეს მეორედ შეთავაზება გადამეტებულია და რაღაც ახალი უნდა შესთავაზონ?
- მანდეთკენ მიმყავს საუბრის ხაზი. 2012 წელთან შედარებით მოსახლეობის განწყობაში კარდინალური სხვაობაა. იმ დროს ხალხი ორად იყო გაყოფილი, ანუ დაპირისპირება რადიკალური იყო. დღეს კი ეს დაპირისპირება მოსახლეობაში არ ჩანს, ტელევიაზიაში შეიძლება უფრო ჩანდეს. ამიტომ ასეთი გადაცემები სახიფათოა. ამ აზრამდე მიმიყვანა ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლამ. სიმართლე გითხრათ, ცოტა სხვა რაკურსით, სხვა ფორმატით ველოდი ამ გამოსვლას. მთლიანობაში, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ (სწორად თუ არასწორად, ამას მნიშვნელობა არ აქვს) ივანიშვილი ამით ახდენდა „ქართული ოცნების“ მთავრობის ადვოკატირებას. ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ „ნაციონალები“ იყვნენ ცუდნი, ქვეყანა იყო ცუდად, ახლა კი გვყავს კარგი მთავრობა. ასეთი მიდგომა რამდენად სწორია, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. რამდენად იმუშავებს ეს ამომრჩეველზე, ამომრჩეველს უკან მიაბრუნებს? რისთვისაც კეთდება ეს გადაცემები, ამ ამოცანას შეასრულებს? გადაცემამ იმედგაცრუებული დამტოვა და ცოტა შემაშინა კიდეც. თუ ყველა გადაცემა ამ ფორმატით წარიმართება, ამომრჩეველს კი არ შეაბრუნებს, დააკარგვინებს „ქართულ ოცნებას“. მინდა, ობიექტურად და გვერდიდან შეხედონ და შეამოწმონ, რა ეფექტი გამოიღო ამ შეხვედრამ.
მიუხედავად იმისა, მიკერძოებულია თუ არა, მედიას ერთი დიდი პლუსი მაინც ახასიათებს, ეს არის თემის აქტუალობის შეგრძნება. რა გამოხმაურებებსაც მე ვუყურე, ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის შემდეგ, ალბათ, ეს იყო პირველი გამოსვლა, რომელსაც მედიაში მაინცდამაინც აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს გამოსვლა ისეთი არ იყო, რომ იგივე კონკურენტი ორგანიზაციები თუ მედიასაშუალებები აღეშფოთებინა და რაღაც ახლის ძებნა დაეწყოთ. იმავეს ვამბობ ციხის კადრებსა და „ჰეროკრატიაზე“, რასაც თქვენ მეკითხებით. არ მინახავს ეს ფილმი, არ ვიცი, როგორია, ალბათ, დოკუმენტურ მასალაზეა დაყრდნობილი, როგორც გოგა თავად ამბობს. მგონია, რომ მხატვრულ-დოკუმენტურად ნორმალურად იქნება გაკეთებული, მაგრამ როგორ მიიღებს ამას საზოგადოება? შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ჩაფიქრებული იყო? მე ეს არ ვიცი. ამ ფილმთან მიმართებით ორი ნაწილი უნდა გამოვყოთ - ერთი, როგორც ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი, რასაც ხვალ-ზეგ შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს და მეორე, მოკლევადიანი, საარჩევნო კონტექსტით, სადაც შეასრულებს თუ არა თავის როლს, გაურკვეველია.
თავის დროზე, როცა ბიძინა ივანიშვილი „მოქალაქე“ გახდა, მან თქვა, რომ განზე გადგებოდა და გარედან დააკვირდებოდა პროცესებს. თუმცა თავიდანვე არავის სჯეროდა, რომ მის მიერვე შექმნილ გუნდს იოლად შეელეოდა. ახლა პარტიას დახმარება სჭირდება და ივანიშვილიც მოწოდების სიმაღლეზეა. ახალი მაინც რა უნდა შეეთავაზებინა მაყურებლისთვის? შეეძლო, საკუთარი გუნდის მიმართ უფრო კრიტიკული ყოფილიყო? თუკი გულახდილად იტყოდა ამ გუნდის მინუსებს, ამით რა ქულებს მოუტანდა ?
- ჩვენ ინფორმაცია მოგვდის, არჩევნების წინ რაც ხდება დასავლეთში. როდესაც ადამიანი კენჭს იყრის ან საზოგადოების წინაშე აპირებს გამოსვლას, ამისთვის არსებობს პიარმენეჯერები. ნებისმიერ საპრეზიდენტო თუ საარჩევნო კანდიდატს დასავლეთში ჰყავს ჯგუფი, რომელიც ობიექტურად აფასებს და წარმართავს მის კამპანიას. ბიძინა ივანიშვილი კენჭს რომ არ იყრის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობს. პირიქით, ის დღეს მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და, როგორც თვითონ ამბობს, ხელს უწყობს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ მისი გამოსვლა ვიღაცის განცალკევებული გამოსვლა არ არის და, თანაც, ეს არ გახლავთ ერთჯერადი გამოსვლა. ფაქტობრივად, ბიძინა საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ამიტომ ამის დამგეგმავ ჯგუფს უნდა გაეთვალისწინებინა ყველა პლუსი და მინუსი, რაც ივანიშვილის გამოსვლებს ზოგადად ახასიათებს და უფრო მომგებიანი, პოზიტიური ფორმატი შეეთავაზებინა.
დაახლოებით მაინც ხომ უნდა სცოდნოდათ წინასწარ, რა შეკითხვებს დაუსვამდნენ ივანიშვილს ჟურნალისტები? ალბათ, ამის ჩამოწერასა და გააზრებას დიდი ჭკუა არ სჭირდებოდა, შესაბამისად, დაახლოებითვე უნდა სცოდნოდათ პასუხებიც. აქ არაფერი მიუღებელი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია. ამიტომ თემები უნდა ყოფილიყო განსაზღვრული და დაგეგმილი. ეს შეხვედრა კი უფრო უბრალო პრესკონფერენციის ხასიათს ატარებდა, ვიდრე საარჩევნო კამპანიის. ეს სინქრონში უნდა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო აქტიურობასთან.
არ მინდა ვთქვა, რომ წარუმატებელი იყო ეს გამოსვლა, მაგრამ წარმატებულიც არ ყოფილა. თუ ასე გაგრძელდა, ეს ცუდი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
და ბიძინა ივანიშვილისგან დაპირებული 100 დეპუტატიც შეიძლება აღარ ჰყავდეს „ოცნებას“ პარლამენტში?
- 100 დეპუტატის იმედი არც მაქვს და ვერც ეყოლებათ. გამორიცხულია ასი დეპუტატი. უკეთეს შემთხვევაში, აქ ლაპარაკია, რომ 76-ზე მეტი მანდატი აიღონ. თუმცა არა მგონია, ესეც შეძლონ, რადგან არ არის მოსახლეობაში ისეთი განწყობა, როგორც ჰგონიათ.
სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა აცხადებს, რომ ყველანაირი კვლევის მიხედვით, არჩევნებზე 75% მაინც მივა. ამას წინათ თქვენ ამბობდით, რომ 60% იყო გადაუწყვეტელი ელექტორატი და მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გაკეთებული არჩევანი. მაშინ რის იმედად ამბობენ, რომ არჩევნებზე 75% მივა?
- დავაზუსტებ, მე ვამბობდი, რომ ის, ვინც არჩევნებზე მისვლას აპირებდა, მათ უმრავლესობას- 50-57%-ს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემგან ნახსენებ 60%-ს არჩევნებში მისვლა არ უნდოდა. ახლა ეს ვითარება, ალბათ, ოდნავ შეიცვალა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მიმსვლელთაგან სადღაც 40% მაინც გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. ეს 40% შეიძლება გადანაწილდეს და ვის მიემხრობა, ვინ წაიყვანს, რომელი პოლიტიკური ჯგუფი, ამის მიხედვით გადაწყდება არჩევნების ბედი. ისიც შეიძლება, რომ ეს 40% საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე. ამდენად, არ ვარ დარწმუნებული, თქვენს მიერ დასახელებული 75% მივა თუ არა არჩევნებზე. მოსახლეობაში საერთოდ არ იგრძნობა, რომ არჩევნები ტარდება.
ისევ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას დავუბრუნდეთ. ზოგადი შეფასებები ასეთია, რომ მისი საუბარი რეალობას აცდენილი იყო. მესიჯები, რომ თურმე ეკონომიკა კარგ დღეშია, რომ შეღავათი ყველამ მიიღო, რომ ამერიკასა და ევროპაშიც გაჭირვებულ ადამიანებს შეხვდებით, რომ მოსახლეობას სწორი ანალიზი სჭირდება და რეგიონებში ივანიშვილის გასვლაც სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რამდენად მომგებიანი იყო?
- შესაძლოა, ივანიშვილის ცალკეული მესიჯი გადაჭარბებული ან მიუღებელიც იყო, მაგრამ ამ მესიჯების დიფერენცირებას ვახდენთ ჩვენ, პოლიტოლოგები, ჟურნალისტები. მოსახლეობა კი ამ მესიჯებს ერთიანობაში აღიქვამს. ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამომრჩა და „მოყვარეს პირში უძრახე“-ს პოზიციიდან ვიტყვი, რომ დღის 12 საათზე ვინ უნდა უყუროს ამ გადაცემას? როგორი უმუშევარიც არ უნდა იყოს ადამიანი, 12 საათზე, ამ სიცხეში დაჯდება მის საყურებლად? მაგალითად, მე ვუყურებ, რადგან მაინტერესებს, მაგრამ არა მგონია, მთელი საქართველო 12 საათზე ეცეს ტელევიზორს, არიქა, ივანიშვილი გამოდისო.
ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ტელესახის როლის მორგება არ გამოსდის?
- ივანიშვილს ტელემსახიობობა არც გამოსდის და არც უნდა. თავის დროზე გულუბრყვილოდ ეგონა, თუკი ჟურნალისტებისთვის სკოლას გახსნიდა, ყველაფერი უკეთესად წარიმართებოდა. თუმცა პოლიტიკა ბევრი ფაქტორისგან შედგება. გალაკტიონის არ იყოს, აქ სულ სხვანაირი ქარი ქრის და სხვანაირი მიდგომები უნდა იყოს.