ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა პოლიტიკის დოკუმენტი „კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა“, რომელიც მიმოიხილავს საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და მათ გავლენას ქართულ საზოგადოებაზე, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლებს ქვეყანაში, პროპაგანდის შედეგებს და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებულ მიდგომას.
კვლევას განსაკუთრებით მწვავე შეფასებები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მიმდევრებისაგან მოჰყვა.
როგორ შეიძლება ვებრძოლოთ რუსულ რბილ ძალას ისე, რომ დემოკრატიული პრინციპები არ დავარღვიოთ, ამ თემაზე ექსპერტი, არჩილ გამზარდია გვესაუბრება.
IDFI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში რუსული პროპაგანდის ძირითადი საყრდენი ქართული მედიაა, მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი. როდესაც მედიაზეა საუბარი, ცოტა გამუქებული ხომ არ არის სურათი?
- ჩვენთან მედიასაშუალებები ძალზე მრავალფეროვანია, უამრავი ინტერნეტგაზეთი, ინტერნეტტელევიზია, გაზეთი და ტელევიზიაა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც ეწევა პროპაგანდას. თუმცა, კრემლის საყრდენი - ვფიქრობ, ცოტა უტრირებული შეფასებაა.
ის, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება გამოხატონ საკუთარი პოზიციები და ამითი შეიძლება ზოგიერთ შემთხვევში პრორუსულ პროპაგანდასაც ეწეოდნენ, შესაძლებელია, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ასე მძიმედ არის საქმე.
თუმცა საინტერესოა, თემის შესწავლის პროცესში რა მოცემულობა აიღეს. არის ისეთი ტელეკომპანია, მაგალითად, რომელსაც, შესაძლოა, მაყურებელიც არ ჰყავდეს და თავისი „განტვირთვისთვის“ ქმნიდეს ეს მედიასაშუალება ასეთ საინფორმაციო პოლიტიკას. თუმცა შესაძლოა, ის დიდ ყურადღებას ვერ იმსახურებდეს და დიდ რეზონანსსაც ვერ ქმნიდეს.
მეორე მხრივ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - შეიძლება მთლად კრემლის დასაყრდენი არ იყოს, მაგრამ ასეთ ეფექტს ქმნიდეს - ეს არის ის, რომ საახალამბო მოვლენები ზოგიერთ შემთხვევაში რეკლამირდება უნებურად, ჩვეულებრივი მედიის მეშვეობითაც. მაგალითად, ჩატარდა კომუნისტური პარტიის ყრილობა. ის შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი არაფრისმომტანი ღონისძიება რომლის შესახებ ვერავინ გაიგებდა, რომ არა ჩვენი მედიაშსუალებების ხმაური.
თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ ხმაური თავისთავად იწვევს რეზონანსს - ზოგიერთმა მედიასაშუალებებმა სტუდიაშიც მიიწვიეს ეს ადამიანები.
შეიძლება არსებობდეს ვალერი კვარაცხელია თავისი გადაცემით, რომელსაც რამდენიმე კაცი უყურებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საერთოდ ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდეს - ნულოვანი რეზონანსი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც სხვა მედიასაშუალებები აიტაცებენ მის ნათქვამს - ნახეთ, ამან რა თქვა, იმან რა უპასუხა, ანალიტიკოსები და ექსპერტები ამის შესახებ შეფასებებს აკეთებენ და პოზიციებს გამოხატავენ, ეს რეზონანსს აძლიერებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არ გვაქვს გარკვეული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, არა სახელმწიფოს მიერ მართული, არამედ მედიის მიერ რეგულირებული.
მაგალითად, შეიძლება არსებობდეს თემები რომელსაც მედიასშუალებები არ აიტაცებენ იმიტომ, რომ ხელი არ შეუწყონ პროპაგანდის პროცესს, რადგან თუნდაც კრიტიკა და აგრესიული რიტოროკა მხოლოდ აძლიერებს მას, ვისაც აკრიტიკებენ.
ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს იმას, რომ მედიაში ტრიალებდეს ის თემები, რაც შეიძლება სხვა დროს არ ყოფილიყო აქტუალური. ამ მხრივ წინა მმართველობა შედარებით ეფექტური გახლდათ; იყო ანტიდემოკრატიული, მაგრამ ქმედითი - აკრძალა რუსული სიმღერა, რუსულ ენაზე ფილმი, რუსეთთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქება და ა.შ. მაგრამ მაშინ მედია მედიას არ ჰგავდა და მთელი ეს პროცესი სახელმწიფოსგან დიქტატორულად იყო მართული.
არსებობს პროცესები რომელიც ხელისუფლების დონეზე არ უნდა იმართებოდეს. სახელმწიფოებში არსებობს დამოუკიდებელი აზრი, დამოუკიდებელი ორგანიზაციები მედიასაშუალებები და ა.შ. რომლებიც თვითრეგულირებით ვითარდებიან.
იმ შემთხვევაში, როდესაც კანონის დარღვევასთან გვქონდა საქმე, სახელმწიფო ჩაერია, მხედველობაში მაქვს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება, მაგრამ თუკი ვიღაცა მხოლოდ პროპაგანდისთვის გამოხატავს თავის პოზიციას, ამას სახელმწიფო ვერ შეუშლის ხელს. მაშინ სახელმწიფომ კრიმინალად უნდა შერაცხოს დასავლეთის კრიტიკა ან პუტინის შექება - ეს ხომ შეუძლებელია!
ამიტომ ვამბობ, რომ არსებობს სახელმწიფოებრივი აზროვნება, თვითონ ადამიანებმა, მედიამ უნდა არეგულიროს ეს ყველაფერი. მაგალითად, რაც მიაჩნიათ, რომ ანტისახელმწიფოებრივია, არ უნდა დაუთმონ ეთერი არ უნდა მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება, თორემ სახელმწიფო ამ ყველაფერში ვერ ჩაერევა, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევებისა, როდესაც კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე.
თუმცა, საქმე ისაა, რომ კრემლის პროპაგანდა შეიძლება გააჩაღო ისე, რომ კანონის არც ერთი მუხლი არ დაარღვიო - ამისი ინსტრუმენტები არსებობს.
კვლევაში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე და დასახელებულია „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. როდესაც საქართველოში ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა, ორმა არასამთავრობომ შეიძლება შექმნას საშიში ფონი?
- ეს ორი არასამთავრობო ვერ მიიქცევს ყურადღებას თუკი მედიის საშუალებით არ მოხდება მათი პროპაგანდა. პლუს ამას, ასეთი არასამთავრობოების მიმართ სახელმწიფომ რაღაც ღონისძიებები რომ გაატაროს, მაშინ დღის წესრიგში უნდა დადგეს ზოგადად, არასამთავრობოების დაფინანსება, ფინანსების უკან გაირკვეს ლობისტური ჯგუფების ვინაობა, განისაზღვროს საფრთხის შემცველობა და ა.შ.
ეს ძალზე შორს წაიყვანს პროცესებს და შესაძლოა, ბევრი ისეთი არასამთავრობოს დახურვაც კი მოხდეს, რომლის მუშაობაც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ეხმარება. ან უხერხულობა შეგვექმნას პარტნიორ ქვეყნებთან და ა.შ.
ამიტომ უნდა გვახსოვდეს, როდესაც დემოკრატიაზეა საუბარი, ეს გულისხმობს იმასაც, რომ მსგავსი პროცესები როგორმე ავიტანოთ.
ზოგადად, ხელისუფლება მაშინ არის გონიერი, როდესაც არა ძალისმიერი მეთოდებით აღკვეთავს ადამიანთა თავისუფალი თვითგამოხატვის საშუალებას, არამედ როდესაც სწორი ფასეულობების განვითარებას უწყობს ხელს. მაშინ არის გონიერი ანალიტიკოსიც და მედიაც, როდესაც სწორი პროცესების ხელშეწყობას უზრუნველყოფს და არა - არასწორი პროპაგანდის გავრცელებას.
კვლევის თანახმად, კრემლის პროპაგანდისტები ფართოდ არიან წარმოდგენილი პოლიტიკაში და ეკლესიის კონსერვატიულ ფრთაში. რამდენად ეფექტურია ეს ორი სექტორი საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით?
-აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, შეფასებების გაკეთების დროს რა მიიღეს მხედველობაში, პარტიარქის გამოსვლა, მოწოდება ან თხოვნა, თუ რომელიმე ცალკეული მღვდლის მიერ გამოთქმული ფრაზები? ანუ, რასაც შესწავლის საგნად იღებენ რამდენად არის საკმარისი იმისათვის, რომ მსგავსი დასკვნა გაკეთდეს.
თუ ქვეყანაში 5 ათასი სასულიერო პირია, სამი სასულიერო პირის განცხადება, პლუს გასათვალისწინებელია მათი იერარქია, მედიასთან ურთიერთობის აქტივობა და ა.შ. წირვაზე ხდება მსგავსი მოწოდებებით მიმართვა მრევლისთვის თუ რაშია საქმე.
ბუნებრივია, იგივე საეკლესიო წრეებში შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თავისებურად ხედავენ რეალობას, მაგრამ მათი ხვედრითი წილი ძალიან დაბალია და მათაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ აზრის გავრცელების შესაძლებლობა, თუკი რომელიმე მედიასაშუალება გამოიჩენს ინტერესს.
ამდენად, არ მგონია ეს ყველაფერი იძლეოდეს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს ეკლესია პროპუსულ პროპაგანდას ეწევა.
ყველგან, მათ შორის აშშ-ში პრეზიდენტობის კანდიდატი, ტრამპს ვგულისხმობ, აკეთებს პუტინის და კრემლის სასარგებლო განცხადებას, საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ეწეოდა პრორუსიზმის პროპაგანდას და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ეს არის დემოკრატიული პროცესების ნაწილი - ასეთ საზოგადოებაში ყოველთვის არის ის, რაც არ მოგვწონს, მაგრამ კანონს არ არღვევს.
ამიტომ არსებობს სახელმწიფო, მედია და საზოგადოება, რომ ამისი თვითრეგულირება მოხდეს, მაგრამ იმისი თქმა, რომ საქართველოში ეკლესია პროპუსულ პროპაგანდას ეწევა, მგონია, რომ უტრირებული და გადაჭარბებულია. ცაკლეულ სექტორში შესაძლებელია ვიპოვოთ ნებისმიერი იდეოლოგიის მქონე სუბიექტები და ისინი თავისი იდეოლოგიის პროპაგანდას ახდენდნენ - ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაშვებია.
განსაკუთრებით საინტერესო რეკომენდაციებს გვთავაზობს სიტყვის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. მაგალითად, კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში; რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია მთავრობამ შეიმუშავოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და ა.შ. გასაგებია, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, მაგრამ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ სუსმა დაიწყო ზოგიერთ მედიასაშუალებასთან ომი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უდიდეს საერთაშორისო სკანდალს არ მივიღებთ?
- ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რეკომენდაციები სახელმწიფოებრიობის განვითარებასაა მორგებული. ამ რეკომენდაციებით, გამოდის, რომ სახელმწიფომ უნდა მართოს მთელი რიგი საზოგადოებრივი პროცესები, თანაც პირდაპირი მართვის წესით. მსგავს რამეს თუ დავუშვებთ დღეს, ხვალ შეიძლება მივიღოთ სხვა უკიდურესობა.
კი, შეიძლება, ამით დღეს პრორუსიზმის განვითარებას შევუშალოთ ხელი, მაგრამ ხვალ შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს სხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ კანონს პირიქით გამოიყენებს.
არ უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფოებრივი მართვის მექანიზმები, რომელიც ნებისმიერ დროს საშიშად მოგვიტრიალდება - ხომ შეიძლება ხვალ საფრთხის შემცველ ქვეყნებად დასავლეთის სახელმწიფოები ან აშშ მიიჩნიოს?!.
სახელმწიფომ ერთადერთი, რაც უნდა უზრუნველყოს, ეს არის ის, რომ ხელი შეუწყოს სწორი ფასეულობების დანერგვას. თვითონ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მაგალითად, ხომ იყო რაღაც ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას? - მაგრამ სახელმწიფომ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს დასავლური სტანდარტების დანერგვას.
ამისთვის არის სახელმწიფო და არა იმისთვის, რომ ჩაერიოს იმ ორგანიზაციების საქმიანობაში რომლის თვითგამოხატვის უფლებაც თანამედროვე სახელმწოფოს სტანდარტით არის დაცული.