გზავნილი რუსეთს - აშშ-ის საზღვაო ძალები საქართველოსკენ მოემართებიან

გზავნილი რუსეთს - აშშ-ის საზღვაო ძალები საქართველოსკენ მოემართებიან

„მებრძოლი სული 2016“ –ქართულ-ამერიკულ ერთობლივი წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ს საზღვაო ქვეითები საქართველოსკენ მოემართებიან. აშშ-ის საზღვაო ქვეითები მონაწილეობას მიიღებენ ყოველწლიურ წვრთნებში „მებრძოლი სული 2016", რომლის მიზანიც მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება და რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაა.

პარალელურად, მოსკოვი მასშტაბურ სამხედრო წვრთნას „კავკასია 2016“ ერთდროულად იწყებს სომხეთში, ჩრდილო კავკასიაში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას სხვადასხვა სახეობის 5000 ათასზე მეტი სამხედრო, საბრძოლო ტექნიკის ერთეული იღებს მონაწილეობას.

რუსეთი მობილიზაციას უკეთებს, როგორც სამხრეთის, ასევე ცენტრალური და დასავალეთის სამხედრო ძალებს, ასევე მზადყოფნაში მოჰყავს ჩრდილოეთის საზღვაო ფლოტი, საჰაერო და კოსმოსური ძალები და სადესანტო ჯარები. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით ყველაზე აქტიურ ფაზაში კავკასია 2016 სექტემბრის შუა რიცხვებში გადავა. მოსკოვში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ სწავლების რეალურ მიზანს.

ექსპერტების აზრით მოსკოვი ცდილობს არჩევნების წინ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია შეცვალოს. გარდა ამისა, თვლიან, რომ დაუგეგმავი მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელიც ერთდოულად ტარდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სომხეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში, სამხედრო ძალის ერთგვარი დემონსტრირებაა.

for.ge-სთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე არ გამორიცხავს, რომ კრემლმა დაუგეგმავი მასშტაბური წვრთნები, ქართულ-ამერიკული წვრთნების საპირმწონედ დაიწყო. თუმცა, ამბობს, რომ ბალანსის შეცვლაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ასეთი წვრთნები რეგიონში ბალანსს ვერ შეცვლის.

„ორ სახელმწიფოს შორის ვითარება ნერვების ომშია გადასული. რუსეთი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, სავალუტო რეზერვით ცხოვრობს, ბევრი დრო არ დარჩა. შესაბამისად, პუტინი გადასულია ჩვეულ ფორმაზე, ანუ შეშინებაზე. ამიტომ, მისგან ყველაფრია მოსალოდნელი.  ძალის ასეთი დემონსტრირებით ცდილობს შეაშინოს დასავლეთი და თავისი მეზობლები. თავის მხრივ, აშშ-იც რა თქმა უნდა, ცდილობს ძალის დემონსტრირებას და აჩვენებს რუსეთს, რომ ის არის რეგიონში, მას ჰყავს პარტნიორები და მზად არის დაიცვას თავისი პარტნიორები. ასეთი მდგომარეობაა. ძალის დემონსტრირება და ნერვების ომი უფრო არის, ვიდრე წვრთნები“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

მისივე თქმით, რუსეთი და მისი ეკონომიკა იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, რომ სამხედრო აგრესია მოსალოდნელი არ არის. რადგან, კიდევ ერთი სამხედრო დაპირისპირების წამოწყება წერტილს დაუსვმას რუსეთის ეკონომიკას. აგლაძის განცხადებით, რუსული ნარატივი, რასაც ბურჯანაძის პარტია გვახვევს თავს - ე.წ. უბლოკო სტატუსი, ე.წ. პრორუსული პარტიების გააქტიურების ფონზე, დაუგეგმავი მასშტაბური სამხედრო წვრთნები, ნერვების ომი და ფსიქოლოგიური ზეწოლაა ამომრჩეველზე.

„მეორეს მხრივ, გვაქვს ამერიკული წვრთნები, რომელიც გვაძლევს საშუალებას და გვაჩვენებს, რომ მარტო არ ვართ. ჩვენ გვყავს პარტნიორები და მეგობრები და ისინი მზად არიან დაიცვან ჩვენი სახელმწიფოებრობა. ამის გარდა, გვაძლევს იმას, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები თავსებადი იქნება ამერიკულ და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უწევს ნატოს და აშშ-ის შეიარარებულ ძალებთან ერთად რეგიონში ერაყი თუ ავღანეთში მოქმედება, ამიტომ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს ძალიან დიდი დატვირთვა გააჩნია“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სიტუაცია მართლაც რთული და დაძაბულია, რადგან რუსეთმა დემონსტრაციულად დაიწყო არაგეგმიური სამხედრო წვრთნები „კავკასია 2016“, რომელიც ემთხვევა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს და გეგმიურ ქართულ-ამერიკულ  ერთობლივ სამხედრო წვრთნები.

„ბუნებრივია ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. გეგმიური ამერიკული წვრთნების პარალელურად, არაგეგმიური წვრთნები რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების თემას ავითარებს. მოგეხსენებათ, რომ რუსეთ-ამერიკას გააჩნიათ დაპირისპირების ისეთი სფეროები, რომელზეც ისინი ვერ თანხმდებიან და ეს არის აღმოსავლეთი და კავკასია, კომპრომისი ამ საკითხთან დაკაშირებით შეუძლებელია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ექსპერტო სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის მთავარ თავისტკივილად რჩება და მითუმეტეს მაშინ, როდესაც თავად რუსეთი გამჭვირვალედ და გამომწვევად აცხადებს მზადებას სექტემბერში დაგეგმილ სტრატეგიულ წვრთნებთან, „კავკასია 2016“-თან დაკავშირებით.

„არა მგონია, რომ რაიმე ჩაღრმავება იყოს აუცილებელი ამ თემის გაშლისათვის მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო აქტივობა მოისურვა დედამიწის სხვადასხვა წერტილში და როდესაც მოწმენი ვართ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე სიკეთისკენ მოსკოვს არ გადაუდგამს ნაბიჯი. შავ ზღვაში ამერიკული წვრთნები საქართველოს მონაწილეობით, სრულიად მკაფიო გზავნილია სწორედ მოსკოვისთვის, რომ საქართველო არ გახლავთ ეული ჩვენს პლანეტაზე და რაც 2008 წელს მოხდა აღარ განმეორდება. ამერიკული გემები შავ ზღვაში შეცვლის რეალობას და რუსეთს მოუსპობს გაზრდილ მადას, რომ მხოლოდ ის იყოს ჰეგემონი ჩვენს პლანეტაზე.

სწორედ ასეთი წვრთნების შედეგად შეგვიძლია უფრო მეტი სიმშვიდე გვქონდეს ქვეყანაში, ვიდრე მუდმივი. ამიტომ, რასაკვირველია, ამერიკისა და საქართველოს საზღვაო შენაერთების წვრთნები გამაღიზიანებელი იქნება რუსეთისთვის, მაგრამ გონიერი ადამიანები რუსეთში მიხვდებიან, რომ ასეთი წვრთნების ჩატარების საფუძველი მათი ხელისუფლების უაზრო გააქტიურებაა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ ქართულ-ამერიკული წვრთნების საპირწონედ გადადგა საპასუხო ნაბიჯი რუსეთმა. მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული წვრთნები საქართველოს პოლიტიკურ კურსში ჯდება.

„გააჩნია რომელი სტრატეგიით მიდის ქვეყანა, ამისდა მიხედვით შეიძლება შეაფასო ეს კონკრეტული მოვლენა. ჩვენი ქვეყანა აშკარად მიდის ფრთხილი, მაგრამ პრინციპული სტრატეგიით. კერძოდ, არანაირი დათმობა საგარეო კურსს. დასავლეთისკენ მივდივართ და ვივლით, მიუხედავად რუსეთის პოზიციისა და მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არიან ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ ეს არასწორია და რუსეთს უნდა გაუწიოთ ანგარიში.

ქართულ-ამერიკული წვრთნები საქართველოს პოლიტიკურ კურსში ჯდება და სხვა ტიპის საფრთხეზე ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ საფრთხე რომ შეგექმნას დამცველი მხარე უნდა არსებობდეს, რადგან პატარა ქვეყანა ხარ რუსეთთან მიმართებაში. თუკი, ყველას მიმართ ფრთხილი იქნები, მაშინ შენს მიმართაც ფრთხილები იქნებიან და თავს არავინ არ აიტკივებს.

ქართულ-ამერიკული წვრთნების ფონზე თუ რაიმე პრობლემა შეგვექმნება, ამერიკა ვალდებულად ჩათვლის თავს, რომ დაგეხმაროს პრობლემის გადაწყვეტაში. ამ გზით მივდივართ. ქართულ-ამერიკული წვრთნები მიუთითებს, რომ საფრთხის შემთხვევაში მარტო არ ვიქნებით და პარტნიორები გვეყოლებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.