„გამოდის, ამერიკა იღებს თამაშის წესს, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის ვითარება დაიძაბოს“

„გამოდის, ამერიკა იღებს თამაშის წესს, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის ვითარება დაიძაბოს“

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-მა თურქეთში, ინჯირლიკის საკუთარი ბაზიდან ბირთვული რაკეტების რუმინეთში შეტანა დაიწყო. ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს. გამოცემა „EurActiv“-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ანკარასთან გაუარესებული ურთიერთობის გამო, ვაშინგტონმა, თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზიდან ბირთვული იარაღის რუმინეთში გადატანის პროცესი დაიწყო.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, საუბარია ბირთვული იარაღის 20 ერთეულზე, რომელიც აქამდე, ინჯირლიკზე იყო განლაგებული. გამოცემასთან საუბრისას კიდევ ერთი წყარო აცხადებს, რომ აშშ-თურქეთის ურთიერთობები სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ იმდენად გაუარესდა, რომ ვაშინგტონი ბირთვული იარაღის უსაფრთხოების საკითხში ანკარას აღარ ენდობა.

„EurActiv“ წერს, რომ ბირთვული იარაღის გადატანა რუმინეთში მდებარე დევესელუს ავიაბაზაზე ხორციელდება, თუმცა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „Stimson Center“ წერდა: არსებობს საფრთხე იმისა, რომ ინჯირლიკზე განლაგებულ ამერიკული ბირთვულ იარაღს ტერორისტები ან სხვა ძალები ჩაიგდებენ ხელში.

მაშ ასე, რუმინეთი ფაქტს უარყოფს, გამოცემა „EurActiv“ კი, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ინჯირლიკის ავიაბაზიდან ბირთვული იარაღის რუმინეთში გადატანის პროცესი დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთში იქმნება ამერიკული ბაზა და ამ პროგრამის აქტიური მონაწილეები თავად რუმინელები არიან, რაც სამხედრო თვალსაზრისით ამერიკელების ევროპაში დაბრუნებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, შესაბამისი საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე, რუმინელები ბირთვულ იარაღს საკუთარ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ვერ მიიღებენ. მეტიც, მთავრობა ვერ მიიღებს ნაუცბადევ გადაწყვეტილებას და ქვეყანაში ბირთვულ იარაღს ვერ შეიტანენ ისე, თუ ამას არ მოჰყვა მსჯელობა და ხელშეკრულების გაფორმება, მით უმეტეს, რომ რუმინეთს პასუხისმგბელობა აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე.

ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, წინმსწრებად უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება, რაც ამ შემთხვევაში არ ჩანს. მისივე თქმით, ბირთვული იარაღის ტრანსპორტირების პროცედურა საერთაშორისო სამართლით და შესაბამისი ხელშეკრულებებით რეგულირდება. ამიტომ, ასე მარტივად შეუძლებელია ამერიკელებს რუმინეთში შეეტანათ ბირთვული იარაღი.

„ამერიკელები ბირთვულ იარაღას ევროპულ ქვეყანაში არ შეიტანდნენ ისე, რომ წინასწარ არ ყოფილიყო შეთანხმება. თუმცა, რუმინული მხარე უარყოფს მის ტერიორზე ბირთვული იარაღის შეტანას. თუ ამერიკელებმა გადაწყვიტეს ინჯირლიკის სამხედრო ბაზიდან ბირთვული იარაღის გატანა, ისინი გაიტანენ მხოლოდ უკან ამერიკაში, ან საზღვაო ბაზებში, მაგრამ სხვა ქვეყანაში მისი ტრანსპორტირება ასე სწრაფად ვერ მოხდება. წესით, ამერიკელებს გატანილი უნდა ჰქონდეთ ატომური იარაღი. თუმცა, სხვადასხვა წყაროები ამბობენ, რომ ბირთვული იარაღი აღნიშნულ ბაზაზე არის“, - აცხადებს მამუკა ნებიერიძე.

როგორც ექსპერტი ამბობს, ინჯირლიკის სამხედრო ბაზა ამერიკელებს სჭირდებათ ავღანეთში, ერაყში და სირიაში თავიანთი საბრძოლო ოპერაცეიბისათვის. ნატოს ამ ბაზას იყენებენ არა მარტო თურქები, არამედ ამერიკელები, გერმანელები, ფრანგები და ბრიტანელები. ეს არის ერთ-ერთ მსხვილი ბაზა, სადაც ნატოს დაახლოებით 1600 ჯარისკაცი და 35 ერთეული საფრენი აპარატია განლაგებული.

„თურქეთი ახალ პოლიტიკას აყალიბებს, როგორც აშშ-თან, ასევე დასავლეთთან. შესაბამისად, ძნელი სათქმელია რა შედის ანკარის ინტერესებში. პირველ რიგში, ამერიკელებთან ხდება თავიანთი პოლიტიკის ტრანსფორმაცია და ამის შედეგად რას მივიღებთ, ძნელი სათქმელია.

შეიძლება მივიღოთ ამერიკელებთან ურთიერთობის უფრო გართულება, როგორც 1975 წელს, როდესაც თურქები შეიჭრნენ კვიპროსში და ამერიკის კონგრესმა აკრძალა თურქებზე შეიარაღების მიყიდვა, რასაც მოჰყვა კრიზისი. კრიზისი იმ თვალსაზრისით, რომ თურქებმა ამერიკელებს მოსთხოვეს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ბაზების დატოვება. თუმცა, საკითხი მოლაპარაკების გზით ამოიწურა. შეიძლება ახლაც იგივე პროცესები განმეორდეს. რაღაცა პერიოდის შემდეგ გაირკვევა რა მიმართულებით მიდის ანკარა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ამერიკა-თურქეთს შორის ურთიერთობის გართულების შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, რომ ამერიკელებს გაეტანათ ბირთვული იარაღი, რაც საიდუმლო ვითარებაში მოხდებოდა.

„არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ფონზე, როდესაც მიღწეულია ერთგვარი შეთანხმება სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ამერიკელების შეშფოთება. მოგეხსენებათ, რომ ხდებოდა ამ ბაზის მუდმივი ბლოკირება და ფუნქციონირების შეფერხება. როგორც ჩანს, ამერიკელებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

თუმცა, არ ვფიქრობ, რომ რუმინეთში გადაიტანეს, რადგან რუმინეთი არ არის ამისთვის მზად, ალბათ, უფრო გადაიტანდნენ გერმანიაში, ან იტალიაში, სადაც ანალოგიური ტიპის იარაღი არის განლაგებული სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე“, -აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძის თქმით, ინფორმაციის სერიოზულობა იმაშიც მდგომარეობას, რომ შეიძლება თურქულმა პოლიტიკამ ევროპული ორიენტაცია უფრო ადვილად გაწიროს, როცა ბაზა არ იქნება მის ტერიტორაზე, ვიდრე არსებულ შემთხვევაში.

„ძალიან ბევრი კატაკლიზმი შეიძლება მივიღოთ. ძნელია იმის თქმა, ამას რა მოჰყვება. თურქეთმა შეიძლება უკან დაიხიოს - არაერთხელ დაუხევია. მაგალითად, ძალიან მორჩილად დაიხია რუსეთთან, მაგრამ ევროპასთან როგორ მოიქცევა, ძნელი სათქმელია, ვნახოთ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ამერიკა მხარს უბამს ურთიერთობის დაძაბვას. ანუ, იღებს იმ თამაშის წესს, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის შეიძლება იყოს დაძაბული ვითარება, რაც ამ მხრივ სახიფათოა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.