რატომ, ვის მიერ და რა მიზნით მოხდა ე.წ. კაბელებისა და „რუსთავი 2“-ის სარჩელების გამოცვლა? ამ საკითხს ახლა მთავარი პროკურატურა სწავლობს. ირაკლი შოთაძის უწყებამ სკანდალური საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ ე.წ. კაბელებისა და „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული სარჩელები შეცვლილია, თუმცა მოტივი მისთვის უცნობია.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის მტკიცებით, სარჩელების რეგისტრაციის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო. ვარძელაშვილის ლოგიკას თუ გავყვებით, ეს ფაქტი ცნობილი იყო ამ პროცესში მონაწილე ყველა მოსამართლისთვის და აქ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
იმას, რასაც ვარძელაშვილი კანონის ნორმას უწოდებს, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სარჩელების შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის განსახორციელებლად ხდებოდა, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, ამ საქმეში ჩართული მოსამართლეების - კონსტანტინე ვარძელაშვილის, მაია კოპალეიშვილისა და ქეთევან ერემაძის აცილებას ითხოვდა პარლამენტი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აცილების მიზეზი კი ინტერესთა კონფლიქტი იყო.
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა. გარდა ამისა, კოპალეიშვილი გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. რაც შეეხება კონსტანტინე ვარძელაშვილს, მისი მეუღლე ანა ჟვანია, ნიკა გვარამიას პირველი მოადგილე იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს, თავად კონსტანტინე ვარძელაშვილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.
ეკა ბესელიას განცხადებით ეს გარემოება კანონით აცილების საფუძველია, რადგან ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას. მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ მოსამართლე კოპალეიშვილი გვარამიას შვილის ნათლიაა, ეს აცილების საფუძველია.
„ასეთ დროს, მოსამართლემ უნდა აიცილოს იმ საქმეებში მონაწილეობა, სადაც ეს ეჭვი ჩდება, რადგან არსებობს საერთაშორისო ევროპული სასამართლოს სტანდარტი, რომელითაც დადგენილია, რომ სასამართლო, მოსამართლეები, არამარტო უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, არამედ არ უნდა ტოვებდეს ეჭვს მათი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ასე რომ, ეს ფაქტორი არის პირდაპირი საფუძველი მოსამართლის აცილების“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს ნიკა გვარამია, რომლის განცხადებით, კოპალეიშვილი მისი შვილის ნათლიაა. თუმცა, გვარამია აცხადებს, რომ ეს ფაქტი ვერ გახდებოდა მოსამართლის აცილების საფუძველი, რადგან თავად ამ საქმეში მხარეს არ წარმოადგენს.
„მე არ ვარ საქმის მონაწილე, წარმომადგენელიც არ ვარ „რუსთავი 2“- ის და სრულიად შეგნებულად, არა მხოლოდ მაიასთან კავშირის გამო. ვადასტურებ, რომ ის ჩემი შვილის ნათლიაა. იგივე ქეთი ერემაძესთან კავშირის გამო, რომელიც ჩემი კურსელია, ზაზა თავაძის გამო, რომელიც მაია კოპალეიშვილზე უფრო დიდი ხანი მუშაობდა ჩემთან ერთად. ჩემთან კავშირებზე რომ იყოს საუბარი, მაშინ ყველა ამ ადამიანის აცილება უნდა დადგეს. ხელისუფლებისგან, რომელიც თვლის თავის ნაყიდი მოსამართლეებთან ერთად, რომ დედა ოჯახის წევრი არ არის, იმის მტკიცება, რომ ნათლიაა ოჯახის წევრი, ნამდვილად ვერ მოვისმენთ“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
for.ge-სთან საუბრისას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახეზეა საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანს აშკარა დაინტერესება მოსამართლის მიერ, საქმის შედეგის მიმართ. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები მოსამართლეების ნაწილის მხრიდან კონკრეტული საქმეების მიმართ დაინტერესებაზე.
მდინარაძის განცხადებით, როდესაც საქმის მსვლელობისას პირადი ინტერესები იკვეთება, დამდგარი შედეგი ლეგიტიმაციის იმ ხარისხის ვერ იქნება, რომელიც საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს.
„იურიდიულად, შესაძლებელია აღნიშნული თემები არ იყოს აცილების საფუძველი, კანონში კონკრეტულად არ იყოს გაწერილი, თუმცა როდესაც პირადი ურთიერთობები და დამოკიდებულებაა ამ საქმეზე, დამდგარი შედეგი ვერ იქნება ლეგიტიმაციის იმ ხარისხის, რომ საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილოს“, - აცხადებს მამაუკა მდინარაძე.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პარტიული კუთვნილების ნიშნით შეირჩნენ. მისივე თქმით, რაღაცა დოზით მუშაობს ნეპოტიზმი, მაგრამ უფრო მეტად მუშაობს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან.
„არა მგონია, რომ ეს ნეპოტიზმის გამო ხდებოდეს. თავის დროზე ეს ხალხი პარტიული ნიშნით იქნა არჩეული. იცით, რომ სამივე შტოს „ნაციონალური მოძრაობა“ განაგებდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასე იყო, რომ უმრავლესობა აკომპლექტებდა ყველაფერს. შემდეგ კი ვღებულობდით მიკერძოებულ უწყებებს.
თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ იგივე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომპრომატებით და სხვა მეთოდებით აიძულა მოსამართლეები მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, ამ მოსამართლეების ინტერესებშიც არის ასეთი გადაწყვეტილება, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან, თავიანთ მომავალს ამ პარტიაში ხედავენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება კაბელებისა და „რუსთავი 2“-ის სარჩელების გამოცვლას, ძაბირაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, რადგან ამ შემთხვევაში იკვეთება დოკუმეტაციის გაყალბება, რაც კანონით დასჯადია.
„თუ ხელისუფლება და საზოგადოება ამ სკანდალურ ფაქტს, ყურადღების გარეშე დატოვებს, ჩათვალეთ, რომ არასოდეს არ გვექნება ობიექტური სასამართლო. ეს არის დოკუმენტების გაყალბება და როგორც მინიმუმ, დოკუმენტაციის გაყალბების მუხლით უნდა აღიძრას საქმე. მეტსაც გეტყვით, თუ არ დადასტურდა საკონსტიტუიო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, ამ ფაქტსაც უნდა მიეცეს ძალიან მკაცრი რეაქცია“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.