პოლიტიკური ქორწინება

პოლიტიკური ქორწინება

ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“, - ახალი პოლიტიკური ბლოკი საქართველოს ეკონომიკის განვითარების საერთო ხედვის, საგარეო კურსის, პროდასავლური არჩევანის, ინოვაციური იდეებისა და საერთო გეგმების გარშემო გაერთიანდა. ლიდერებს მიაჩნიათ, რომ რესურსების შეჯერებით, ახალი ბლოკი გახდება მეტად კონკურენტუნარული და ისინი შეძლებენ საზოგადოებას აჩვენონ შედეგი, რომელსაც მოსახლეობა ელის.

გიორგი ვაშაძე თვლის, რომ დროა დამთავრდეს ლიდერომანია, გმირების ძიება და უნდა დადგეს პროფესიონალების დრო. მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ბლოკი ერთიანდება სამი მნიშვნელოვანი პრინციპის გარშემო გაერთიანდა - პიროვნული თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და დასავლური არჩევანი.

„ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა გაორმაგდეს მაგალითად, საქართველოს ეკონომიკა, გთავაზობთ, რომ საქართველოს ჰქონდეს პერსპექტივა იმისთვის, რომ ვიყოთ ძლიერები და განვითარებულები. ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების და არა პიროვნებების გარშემო. საქართველოში უნდა დამთავრდეს ლიდერომანია, გმირების ძიება და უნდა დადგეს გუნდების და პროფესიონალების დრო, რომლებიც ქვეყანას შესძენენ სრულიად ახალ პერსპექტივას. ამ გუნდით, ჩვენი გუნდით, ჩვენ შევძლებთ საქართველოს დაყენებას ფეხზე და 8 ოქტომბერს შევძლებთ მაღალი შედეგი ვაჩვენოთ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მისივე თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით არის უამრავი პრობლემა, პრობლემებია უმუშევრობის, იმედგაცრუების კუთხით. შესაბამისად, ახალი ბლოკი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სრულიად ახალ პერსპექტივას.

„სამწუხაროდ, უუნარო ხელისუფლება ამ გამოწვევების წინაშე კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ხედვა, გეგმა და არ იციან რა უნდა გააკეთონ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ბლოკს, რომელმაც სრულიად ახალი პერსპექტივა უნდა შესძინოს ქვეყანას. ჩვენ გთავაზობთ არჩევანს არა ცუდსა და უარესს შორის, როგორც ამას გარკვეული პოლიტიკური ძალები აკეთებენ, არამედ წარსულსა და მომავალს შორის“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საარჩევნო ბლოკ „ვაშაძე, ჯაფარიძე, ახალი არჩევანის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ბლოკს საარჩევნო სია არ შეუდგენია და სიაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. მისივე თქმით, გაერთიანების გადამწყვეტი მიზეზი პროდასავლური ძალების კონსოლიდაციაა.

„ჩვენ ვხედავთ საჭიროებას, რომ პროდასავლური ძალები გაერთიანდნენ, რადგან პრორუსული ძალები გაძლიერდნენ ამ ქვეყანაში. ეს იყო გადამწყვეტი მიზეზი, რის გამოც ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები. ჩვენ ვთანხმდებით წითელ ხაზებზე, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს პროდასავლური მიმართულებით. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა.

არის სხვა ფაქტორები, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს დიდი ფინანსური რესურსი, არ გვაქვს პანამაში ანგარიშები, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება, ჩვენ არ გვაქვს უფასო სარეკლამო დრო. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ რესურსების კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რათა ერთობლივად, ჯამში უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ, ვიდრე ცალ-ცალკე“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მამუკა კაციტაძე კი აცხადებს, რომ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ წარსულის შეფასებებზე, მაგრამ ერთიანი ხედვა აქვთ მომავალთან მიმართებაში. კაციტაძე ფიქრობს, რომ 5 აგვისტო თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ჩაიწერება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე.

„იმისთვის, რომ პოლიტიკაში იყო გავლენიანი აქტორი, საჭიროა შესაძლებლობების და რესურსების კონსოლიდაცია და მეორე მხრივ, მყარ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ფუნდამენტი. გავლილი 15 წლის განმავლობაში, „ახალი მემარჯვენეების“ არაერთ პოლიტიკურ თუ საარჩევნო გუნდში ვყოფილვართ, მაგრამ მსგავსი თანხვედრა იდეოლოგიის, ღირებულებების, ფასეულობების, საგარეო პოლიტიკური კურსის, ეკონომიკური პოლიტიკის, განვითარებაზე და განახლებაზე აქცენტის გაკეთების, თითქმის არ ყოფილა.

4 წლის წინ, 2012 წელს, ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო - შუა უნდა გაიკრიფოს. ეს იყოს მცდარი გზავნილი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ დღეს დემოკრატიის, განვითარების, პლურალიზმის, მრავალპარტიულობის ხსნა არის სწორედ შუაში. ჩვენ შუა უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

სამეულის გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებენ ანალიტიკოსები. საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, არჩილ გამზარდია თვლის, რომ ასეთი ბლოკი შეიძლება მომგებიანი იყოს ვაშაძისა და მემარჯვენეებისათვის, მაგრამ უთუოდ წამგებიანი იქნება იმიჯის კუთხით პოლიტიკური გაერთიანება „გირჩისათვის“.

„ახლად შექმნილი პარტია „გირჩი“ ბოლო პერიოდში საზოგადოებას ახსენდება უფრო პრაგმატული განცხადებებით, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებით, შემცირებული დემაგოგიით დებატებში. სხვებისგან გამოირჩევიან იმით, რომ კოლეგა პარტიებისავით ვიწრო და პრიმიტიულ პარტაქტივიზმს არ მიმართავენ.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ აჩრდილიდან გამოსვლითაც გამოირჩევიან და ამ დროს, ბლოკს ქმნიან პრაქტიკულად, პოლიტიკურად გარდაცვლილ მემარჯვენეებთან, რომელიც წლებია ასოცირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვაშაძესთან, რომელშიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი მოჩანს. ასე რომ, ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო „გირჩის“ მხრიდან ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ გაბნეული ხმების შეკრებაზე მუშაობენ ვაშაძე და „გირჩი“ ერთად. რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“ ამ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსი და ბლოკი ჩემთვის საერთოდ გაუგებარია“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

მისივე თქმით, შესაძლოა, ეს გათვლა უკავშირდებოდეს შემდეგ ფაქტორს, მემარჯვენეებიდან საკომუნიკაციო ხაზის გათვლას პრეზიდენტამდე, ხოლო ვაშაძესთან მიმართებაში გარკვეულ მატერიალურ შესაძლებლობებს. როგორც გამზარდია ამბობს, არ გაუკვირდება თუ ამ ბლოკში რეანიმირებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაინახავენ კვლავ, რაც წესით, „გირჩისთვის“ სასურველი ელფერი არ უნდა იყოს სამომავლო პოლიტიკური პერსპექტივების კუთხით.

„ნებისმიერ შემთხვევაში, იმიჯის კუთხით, „გირჩისათვის“ ეს უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია. აღარაფერს ვამბობ იდეოლოგიურად განსხვავებულ პლატფორმებზე, თუმცა, რადგან დღეს ეს მასობრივ ამომრჩეველს მნიშვნელოვან თემად არ მიაჩნია, ჩავთვალოთ ხმების მოზიდვის მარკეტინგულ მიდგომად. როგორც ჩანს, მემარჯვენეებს რაღაცა სხვა ხიბლი აქვთ - ხაზი პრეზიდნტისკენ, არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტის მრჩეველი პარტიის ყოფილი ლიდერია“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ საარჩევნო ბლოკ „ვაშაძე, ჯაფარიძე, ახალი არჩევანის“ მშვენიერი ერთიანი მსოფმხედველობა აქვთ - შევიდნენ პარლამენტში. მისივე თქმით, პრაგმატული, მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

„სამივე პარტიას ცალსახა დამოკიდებულება აქვთ საგარეო კურსთან მიამართებაში. შეიძლება ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც კონსერვატული იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში იდეოლოგიას დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შევიდნენ პარლამენტში. ვთვლი, რომ ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ბარიერის გადალახვის შანსი, შეიძლება არც ახლა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ნაბიჯი არის სწორი. სექტემბრის დასაწყისში უკვე გამოჩნდება ეს გაერთიანება ძალად აღიქვა თუ არა ამომრჩეველმა.

ლაპარაკი იმაზე, რომ ყოფილი ნაციონალები არიან, ეს არჩევნები საინტერესო იქნება იმითაც, რომ ყოფილი ნაციონალების თემა დასრულდება. როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ჯერ კიდევ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება ამომრჩევლის გაღიზიანებას არ გამოიწვევს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.