დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი ქორწინების ცნების შესახებ რეფერენდუმს, უცნობია. ცნობილია ის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა (224 ათასი ხელმოწერით) პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა. მან კი დასკვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი.
აღსანიშნავია, რომ 224 ათასი ხელმოწერა უკვე 500 ათასამდე ავიდა, თუმცა როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, პრეზიდენტი „საოცარ ზეწოლას“ განიცდის უცხოური ორგანიზაციებისა და ზოგიერთი დიპლომატიური უწყებისგან, რათა მოიგონოს რაიმე მიზეზი და უარი თქვას რეფერენდუმის ჩატარებაზე.
ამავდროულად, საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმის თემა არჩევნების დღეს უნდა დაემთხვას, რადგან ამით ბიუჯეტი დაიზოგება. თუმცა ჩნდება კითხვა, რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც არჩევნების თარიღი და ეს ხომ არ უკავშირდება არჩევნებისადმი ნიჰილისტურად განწყობილი ელექტორატის მიზიდვას საარჩევნო ყუთთან?!
ამის შესახებ For.ge-ს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ესაუბრა.
ქორწინების ცნების შესახებ რეფერენდუმის გამართვის მოწინააღმდეგეებს ორი ძირითადი არგუმენტი აქვთ. ერთი, რომ ეს ამცირებს და ზღუდავს ადამიანის უფლებებს და, მეორე, რომ კონსტიტუციაში ეს საკითხი ისედაც განსაზღვრულია და სულაც არ არის საჭირო ამჯერად უკვე პარლამენტი ვაიძულოთ რეფერენდუმის გზით ცვლილებების შეტანის თაობაზე. თქვენ ზედმეტ დროის ხარჯვად მიგაჩნიათ ქორწინების ცნების დაკონკრეტება კონსტიტუციაში. რეალურად რა დგას ამ განზრახვის უკან?
- მე წარმოვადგენ „ახალ მემარჯვენეებს“, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ოჯახი და ტრადიციების შენარჩუნებაა. ჩვენთვის ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, რომელიც ბუნებით შექმნილია. ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოში უახლოესი ათწლეულების მანძილზე არ გადაიხედება. აქედან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებული მცდელობები, განსაკუთრებული ინიციატივა, იქნება ეს რეფერენდუმი თუ საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთება, არ არის საჭირო. საქართველოში ისედაც ბევრ დროს ვხარჯავთ უსარგებლო პოლიტიკურ კინკლაობაზე და ამას შეუძლია წინასაარჩევნო კამპანია სულ სხვა მიმართულებით წაიყვანოს. მით უმეტეს, ქართულ კანონმდებლობაში უკვე არსებობს ასეთი ჩანაწერი, რომ ქორწინება მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობაა. შესაძლოა, ამ ადამიანებს ამოძრავებთ პოპულისტური მიზნები. მათ იციან, რომ ეს ძალზე მგრძნობიარე თემაა ქართული საზოგადოებისთვის და უნდათ ამის გამო ქულები დაიწერონ. თუ ვიღაცას აქვს ამის სურვილი და მიაჩნია, რომ ეს იქნება გარანტია, კი ბატონო, ჩავატაროთ რეფერენდუმი, თუმცა ფუჭი ენერგიის ხარჯვაა.
თუკი რეფრენდუმი დაემთხვევა არჩევნების თარიღს, ხომ არ ნიშნავს ეს იმ ამომრჩეველთა არჩევნებზე მიყვანას, რომელთაც არჩევნებზე მისვლის დიდი ენთუზუაზმი არ გააჩნიათ?
- ამ აზრს არსებობის უფლება აქვს. თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება ამის გარანტი და უზრუნველყოფს, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ერთმნიშვნელოვნად ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს. რეფერენდუმის ინიციატორთა და მათი მომხრე პოლიტიკური ძალების მხრიდან ფარულად რომ არ იგრძნობოდეს ნოტები, რომ ისინი არიან ევროსკეპტიკოსები და თვლიან, რომ სწორედ დასავლეთისგან მოდის ეს ყველაფერი, მაშინ კიდევ დავიჯერებდი, რომ მათ რეალური ზრახვები ამოძრავებთ, მაგრამ, როდესაც მათი განცხადებები სწორედ იმით იწყება, რომ ევროპა გარყვნილებას გვაჩვევს და ქართველობას გვართმევენ, ეს მარწმუნებს, რომ ევროსკეპტიკოსები გადართულნი არიან რუსეთის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებზე და ამის უკან უფრო შორს მიმავალი ზრახვებია.
ამ სიტყვების ავტორები, რომლებიც თვლიან, რომ „ქართველობას გვართმევენ“, მიიჩნევენ, რომ დასავლეთი სწორედ ერთსქესიანთა ქორწინების საკითხის მოგვარებას ითხოვს საქართველოსგან. ეს ამერიკისა და ევროპის დაკნინების სურვილია?
- ყველა ქვეყანაში იქმნება გარემოება, რომლის მიხედვითაც, მთავრობა იღებს ცალკეულ გადაწყვეტილებას. საქართველოში ასეთი სიტუაცია დღეს არ არის, მოსახლეობის ასი თუ არა, 99% გეტყვით, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა. მეორე მხრივ, ქართულმა საზოგადოებამ დაატკიცა, რომ შეუძლია იყოს ტოლერანტული არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონეთა მიმართ. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ყველამ ვიცოდით, ვინ იყო არატრადიციული ორიენტაციის, მაგრამ ეს ადამიანები ჩვეულებრივ მუშაობდნენ სამსახურებში და არც არავინ იწევდა მათ საცემრად ან ანგარიშსწორებისკენ. ანუ ქართული საზოგადოება აკეთებდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა და მსგავსი სწორი მიდგომა არ შეცვლილა. ამიტომ იმის მოშველიება, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არასწორი იყო, რომ ვიღაც ცდილობს, თავის რელსებზე გადაგვიყვანოს, არასწორია.
ამერიკაშიც, ევროპის სახელმწიფოებშიც, სადაც დააკანონეს ასეთი ქორწინება, ეს განპირობებული იყო იმ საზოგადოებაში არსებული მენტალობით, ხოლო ჩვენთან ასე არ არის. ამ დროს ცდილობენ ჩვენი მოსახლეობის დარწმუნებას, რომ თუ ჩვენ წავალთ ევროინტეგრაციის გზით, მივიღებთ იმას, რაც ხდება ევროპის ბევრ სახელმწიფოში. რეალურად კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი ფიქრობს ისე, როგორც ჩვენ. იქაც ძალიან დიდი დავა და კამათია ამ თემასთან დაკავშირებით.
სლოვენიაშიც ჩატარდა მსგავსი რეფერენდუმი და ეს სულაც არ ნიშნავდა ევროკავშირის წინააღმდეგ სლოვენიის წასვლას. მაშინ რატომ აღიქმება ეს რეფერენდუმი საქართველოსთვის ანტიევროპულ ნაბიჯად?
- სლოვენიაში პოლიტიკური ძალების ქვეტექსტებში არ იკითხებოდა ევროპული განწყობის საწინააღმდეგო მოქმედებები, რომელიც ძალაუნებურად აღვივებს ქვეყანაში ევროფობიას. საქართველოში კი ამას შეფარვით ახლავს ეს ყველაფერი. რაც შეეხება კონკრეტული ამერიკელი ჩინოვნიკების სახელით აპელირებას, თითქოს ისინი ხელს უწყობენ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, სამწუხაროდ, ჩვენში ამერიკაში მიმდინარე მოვლენების არასწორი კოპირება ხდება. ან კიდევ, ამერიკის ელჩის განცხადებებს ჩვენს მოქალაქეებს მცდარად განუმარტავენ.
ამ თემას არ ეხება, მაგრამ გვახსოვს ამერიკის ელჩის განცხადება, რომ აშშ-ში თავისუფალ ოპოზიციურ მედიას პრობლემები რომ შეექმნას, ამას ამერიკული საზოგადოება არ დათმობს. ჩვენში ვიღაცამ ეს გაიგო, რომ თუ „რუსთავი 2“-ის დახურვას მოინდომებს ხელისუფლება, საქართველოშიც არ უნდა დაუთმონ. არადა, ელჩი, როგორც გამოცდილი დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელი, უბრალოდ, გვეუბნება, ჩვენთან ეს ასე ხდება, თქვენთან კი როგორც გინდათ, ისე გადაწყვიტეთო.
თუკი მართლაც დაემთხვევა რეფერენდუმის თარიღი არჩევნების დღეს, ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი ხალხი მივა არჩევნებზე?
- თავისთავად, ბევრი ხალხი მივა, მაგრამ ბევრი ხალხის მისვლაში პრობლემას არ ვხედავ. არჩევნების შედეგები მით უფრო ლეგიტიმურია, რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე. შესაძლოა, დემოკრატიული, ლიბერალური, კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადამიანები მივიდნენ ამ არჩევნებზე ქორწინების ცნების შესახებ რეფერენდუმის ხათრით, თავისი შეხედულება დააფიქსირონ რეფერენდუმთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიტიკური არჩევანი პარტიების მიმართ არ გააკეთონ. შესაძლოა, ვიღაც ფიქრობს, რომ ამით ამომრჩეველს არჩევნებზე მიიზიდავს, მაგრამ ვისაც უკვე გაკეთებული აქვს არჩევანი, მის აზრზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.
თანაც, კონსტიტუციაც არ იქნება საბოლოო გარანტი, რომ ის ოდესმე არ შეიცვლება.
- რა თქმა უნდა, შესაძლოა, ოდესმე მოვიდნენ ლიბერალური ძალები, რომლებიც შეცვლიან ამ ჩანაწერს. ამიტომ არ მომწონს, როცა მოსახლეობას ატყუებენ, რომ ეს იქნება გარანტი ქორწინების ცნების შესახებ. ეს უფრო მოტყუებას ჰგავს. შესაძლოა, ჩემი ნათქვამი მოსახლეობისთვის არაპოპულარული იყოს, მაგრამ პოლიტიკურმა ძალამ ის უნდა ილაპარაკოს, რასაც ფიქრობს.
დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს, ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. თუმცა მარგველაშვილის პოზიცია, მეტ-ნაკლებად, ცნობილია. მიმდინარე წლის 5 მაისს მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია და საქართველოს მოსახლეობის 99% ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ უჭერს. აქ კიდევ ერთი პრობლემაა, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის იურისდიქცია ნაკლოვანია და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ალბათ, დამაბრკოლებელი იქნება.
- რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენი, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, ამ საკითხებზე იმსჯელებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანები. საერთოდ, ხალხის აზრით მანიპულირება სწორი არ არის, რადგან შესაძლოა, საზოგადოებას გარკვეულ ეტაპზე ცალკეული მოვლენებიდან გამომდინარე არასწორი აზრი შეექმნას. მაგალითად, დღეს თურქეთში ისეთი სიტუაციაა, რომ იქაური ხალხი რომ გამოჰკითხოთ, შესაძლოა, თურქეთის განვითარება არასწორად წაიყვანონ. ხალხმა შეიძლება თქვას, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სიკვდილით დასჯის წესი, რაც უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება თურქეთის განვითარების გზაზე. ამიტომ იმის თქმა, რომ ხალხის აზრი ყოველთვის სწორია, არ შეიძლება. სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, საზოგადოების უმრავლესობის აზრი არასწორი იყოს. ამისთვის არსებობს სახელმწიფო, შესაბამისი სტრუქტურები, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სამომავლოდ ქვეყანას არ დააზიანებს.