თავდაცვის სამინისტროში ორი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ლევან იზორიას ახალი მოადგილეები ჰყავს. პირველი მოადგილის თანამდებობას ლელა ჩიქოვანი, მოადგილის კი ნუკრი გელაშვილი დაიკავებენ. ცვლილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ყველა კვალიფიციური კადრი თავის ადგილას დარჩება.
რაც შეეხება გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ლევან იზორია აცხადებს, რომ ვახტანგ კაპანაძის თანამდებობაზე დატოვება კანონის მოთხოვნებზეა დამოკიდებული.
„არავის მიმართ პიროვნული დამოკიდებულება არ მაქვს, ყველას ვაფასებ პროფესიული ნიშნით, მათ შორის - ვახტანგ კაპანაძესაც. ძალიან ვაფასებ მის მიერ გაწეულ საქმიანობას. თუ კანონის მოთხოვნები ითვალისწინებს, რომ მას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაინიშნოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელად, გამორიცხული არაფერი არ არის“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
for.ge-სთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ სახელწიფოს უფლებამოსილების მიუხედავად, რომ გაათავისუფლონ კაპანაძე თანამდებობიდან, უმჯობესია დაცული იყოს გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნის ვადები, რაც 3+1 წელს მოიცავს.
„ისევე, როგორც უმეტეს დასავლეთის ქვეყნებში, საქართველოშიც გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნის 3 წლიანი ვადა არსებობს და ამ ვადის 1 წლით გახანგრძლივებაც შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ უფროსი განსაკუთრებულად კარგად უძღვება შეიარაღებულ ძალებს. რაც შეეხება კაპანაძეს, როგორც ვიცი, ის 2013 წლის ოქტომბერში გახდა გენერალური შტაბის უფროსი და 2016 წლის ოქტომბერში გასდის სამწლიანი ვადა. გაუხანგრძლივებენ, თუ არა ვადას, ეს სამინისტროს და ხელისუფლების გადასაწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, რომ ის დროზე ადრე გადააყენოს, მე მაინც ვფიქრობ, რომ უმჯობესია 3 წლიანი ციკლი დაცული იყოს“, - განაცხადა ზურაბ აგლაძემ.
სამხედრო ექსპერტმა, გენერალური შტაბის უფროსის ვადის შეჩერების შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს მაშინ, თუ დადასტურდა, რომ ადამიანი შეიარაღებულ ძალებს შესაბამისად ვერ უძღვება.
„ჩვენ იურიულად ბევრი რამე მოსაგვარებელი და დასახვეწი გვაქვს. ამ შემთხვევაში, ანუ გენშტაბის უფროსის შეცვლის შემთხვევაში, ვფიქრობ უნდა დადასტურდეს, რომ ეს ადამიანი ვერ უძღვება შეიარაღებულ ძალებს შესაბამისად და ამის ფაქტები უნდა არსებობდეს. კაპანაძის შემთხვევაში, არ ვიცი ხელისუფლებას, ან ახალ მინისტრს აქვს თუ არა ამის ფაქტები, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო იმ სისტემით და რეგულაციების მიერ უნდა იმართებოდეს, რომელსაც ჩვენ ვქმნით და არა ერთი ადამიანის მიერ. ერთი ადამიანი არ უნდა წყვეტდეს ვინ დანიშნოს და ვინ მოხსნას თანამდებობიდან“, - აღნიშნა for. ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
რაც შეეხება უჩა ძოძუაშვილის „დელტას“ ხელმძღვანელად დაბრუნებას, ლევან იზორია აცხადებს, რომ ჯერ არ მისულა უწყებაში და კონკრეტული გეგმები არ აქვს.
„წინასწარი გეგმებით, რომ „დელტას“ ხელმძღვანელი იქნება, თუ სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უნდა გავათავისუფლოთ, არ მივსულვარ უწყებაში. მე მივედი ჩემს გუნდთან ერთად. მათ ექნებათ საშუალება, ჩემთან ერთად გაეცნონ თითოეულს. იქ, სადაც იქნება კითხვები და მათ შორის, სტრუქტურული ოპტიმიზაციის დასაბუთებული არგუმენტები, ბუნებრივია, ამას სუბიექტებისგან დამოუკიდებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
იმ შემთხვევაში, თუკი „დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი უწყებაში დაბრუნდება, უკვე ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ყველა დოკუმენტი გახდება საჯარო, რაც არავისთვის არ იქნება სასიამოვნო.
„თუ „დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი დაბრუნდება უწყებაში, მე მოვალ ყველა დოკუმენტით თქვენს ეთერში და არავისთვის ეს არ იქნება სასიამოვნო. მე ვითხოვდი „დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელის გათავისუფლებას და ამის შესახებ იცის ყველა ჟურნალისტმა, ვისაც კი თავდაცვის სამინისტროსთან გაუვლია, მაგრამ მხოლოდ ორი თვის უკან მოვახერხე მისი თანამდებობიდან გაშვება. იმედია, ის არ დაბრუნდება თავდაცვის სამინისტროში“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
რა გადაწყვეტილების წინაშე უნდა დადგეს „დელტას“ შემთხვევაში ლევან იზორია, ამასთან დაკავშირებით, ზურაბ აგლაძე აცხადებს, რომ ოფიციალური ინფორმაცია „დელტაზე“ გარეთ არ გამოსულა და მკითხაობის რეჟიმში ყოფნა არ ღირს.
„რა პრობლემებია „დელტაში„ ამაზე რეალური დოკუმენტებს დღის სინათლე არ უნახავს და ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ მკითხაობის რეჟიმში ვიქნებთ, იმიტომ, რომ რეალურად, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს, უბრალოდ, რაღაც განცხადებები იყო, რომ იქ რაღაცა არ იყო წესრიგში, მაგრამ უბრალოდ განცხადებები, რეალური დოკუმენტების გარეშე ჩემთვის საფუძველი არ არის.
სხვათა შორის, ჩვენი გადასახადებით ფუნქციონირებს „დელტა“ და ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რა ხდება „დელტაში“, თუ საიდუმლო არ იყო, უნდა გასაჯაროებულიყო ეს ინფორმაცია და ყველას გაგვეგო რა ხდებოდა იქ რეალურად“, - განაცხადა for. ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.