„შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - ასე კვალიფიცირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თანამშრომლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ „უგულავასა და „რუსთავი 2“ - ის შემთხვევაში, გამონაკლისი დაუშვა და ეს საქმეები ბოლო 3 თვეში განიხილა. გარდა ამისა, თანამშრომლობა იკვეთება კიდევ ერთ ნაწილში ე.წ. კაბელების საქმეზე, როდესაც დარეგისტრირებული სარჩელის შეცვლა მოხდა.
for.ge-სთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავა აცხადებს, რომ ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს პარასკევს 3 ივნისს. ეს სარჩელი სწორად არ იყო დასაბუთებული და, ამიტომ, სარჩელი შეიცვალა, რომ ხარვეზი გამოსწორებულიყო.
for.ge მერაბ ტურავას ესაუბრა
ე.წ. კაბელების საქმის განხილვაზე მოსამართლეების გამოუცხადებლობა შეფასდა, როგორც საბოტაჟი სასამართლოს წინააღმდეგ. როგორც ირკვევა, სასამართლოს თავმჯდომარე საქმის კურსში იყო, რომ მოსამართლეები ხვდებოდნენ დიპლომატიურ კორპუსს. მოსამართლეების გამოუცხადებლობა იყო საბოტაჟის მცდელობა?
მერაბ ტურავა: არა, რა თქმა უნდა, და ვინც ამას ამბობს, მან არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად, ან აქვს რაიმე პოზიცია, მას შეუძლია ეს გამოხატოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატა. სამმა მოსამართლემ შეხვედრა გამართა დიპლომატებთან და ამიტომ გუშინდელი პროცესი არ ჩატარდა. ამაში მიუღებელი და წარმოუდგენელი არაფერი არ არის. მთავარია, რომ საქმის განხილვის საპროცესო ვადები არ დაირღვეს.
ამ შემთხვევაში „უგულავა-კაბელების“ გაერთიანებულ საქმეზე საპროცესო ვადები არ არის დარღვეული?
- არა. კაბელების საქმეზე სარჩელი შემოვიდა 3 ივნისს, პარასკევს, 6 ივნისს კი სხდომა ჩატარდა. 9 თვიანი ვადაა საქმის განხილვისთვის.
როგორ ხსნით იმას, რომ დაჩქარებული წესით, ანუ სამ დღეში მოხდა ამ საქმის განხილვა?
- არ ვიცი, გადაწყდა, რომ დაჩქარებულ ტემპში ჩატარდეს და ასეც ხდება. მაგრამ არავითარი საბოტაჟი არ არის, ამ სიტყვების გამოყენება არის უადგილო და ზედმეტი. მაშინ ნებისმიერ საქმეზე, რომელიც შემოსულია და გადაწყვეტილების მიღებას ელოდება, საბოტაჟი ხორციელდება? მაშინ რატომ არავინ ამბობს, რომ საბოტაჟს აქვს ადგილიო?
„30 ვერცხლად გაყიდული და მანტია გახდილი მოსამართლეები, მხოლოდ იმიტომ, რომ ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს და ადამიანურ ღირსებებზე ამბობენ უარს“, - ასე შეაფასა უგულავას ადვოკატმა პროცესზე მოსამართლეების გამოუცხადებლობა...
- ეს არის მოსარჩელე მხრიდან გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსამართლეებზე. მათ უნდათ ასეთი შეძახილებით, კრიტიკით და ლანძღვით მოსამართლეები აიძულონ მიიღონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები. არ შეიძლება ასეთ ლანძღვა-გინებაში მშვიდად იყოს გადაწყვეტილება მიღებული.
რა კავშირშია პაპუაშვილის განცხადება „კაბელების, უგულავას და „რუსთავი 2“ -ის სარჩელთან?
- ჩვენ განცხადებაში ამას პოლიტიკური კონტექსტის საქმეები უწოდეს, იმდენად, რამდენადაც მასში დიდი რაოდენობით პოლიტიკოსები მონაწილეობენ და გამოთქვამენ აზრებს. ასეთ ვითარებაში პროცესის წინა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, რა თქმა უნდა, ეს ხელს უშლის პროცესის ჩატარებას.
რას ეფუძნებოდა პაპუაშვილის განცხადება?
- არ ვიცი. მიმდინარეობს გამოძიება და თუ რაიმე საფუძველი ჰქონდა, ალბათ, გაირკვევა.
რაც შეეხება უკვე დარეგისტრირებული სარჩელის შეცვლას, ამ საქმის ადვოკატები ამბობენ, რომ წარმოუდგენელ განცხადებას აკეთებს ტურავა, რომ სარჩელი არ იყო კვალიფიციურად დაწერილი. ბატონო მერაბ, ქრონოლოგურად რომ მივყვეთ, რა მოხდა რეალურად 3 ივნისს?
- მოხდა ის, რომ პარასკევს შემოსული სარჩელი ვერ აკმაყოფილებდა სარჩელისთვის წაყენებულ მოთხოვნას. კერძოდ, მასში არ იყო კონსტიტუციის ის მუხლი დასაბუთებული, რომელიც მოსარჩელეების აზრით დაირღვა. შესაბამისად, მოხდა სარჩელის შეცვლა იმ მიზნით, რომ ხარვეზი გამოსწორებულიყო, რაც მოითხოვს შესაბამის მოკვლევას, თუ ვისი მხრიდან მოხდა სარჩელის გამოცვლა.
ანუ არაკვალიფიციურად იყო სარჩელი შემოსული?
- ბუნებრივია, სარჩელი იყო არაკვალიფიციური, მოთხოვნა არ იყო დაყენებული და დასაბუთებული. მე მაქვს ორივე სარჩელი, ორივეს ერთი ნომერი - 764 აქვს მინიჭებული. პირველი ვერსია მივიღე 3 ივნისს, პარასკევს. მას მოჰყვა ინფორმაცია, რომ ამ სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა ტარდებოდა ორშაბათს, 6 ივნისს. შაბათს მომივიდა იგივე ნომრით იგივე სარჩელი. თარიღად ისევ 3 ივნისი იყო მითითებული. თუმცა, პირველი სარჩელი გვერდების რაოდენობით უფრო მცირე იყო. თანაც იქ არ იყო დაყენებული მოთხოვნა ისე, როგორც ეს საკონსიტუციო სასამართლოში შემოტანილი სარჩელების შემთხვევაში ხდება. მეორეს სამი გვერდი ჰქონდა დამატებული. სწორედ ამ ვერსიაში დამატებულ გვერდებში ცვლიდა თავის მოთხოვნას და უშვებდა კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც, მისი აზრით, იყო დარღვეული.
უკვე დარეგისტირებული სარჩელის შეცვლა პაპუაშვილთან შეთანხმების გარეშე შესაძლებელი იყო?
- თავს შევიკავებ კონკრეტული გვარებისა და სახელის დასახელებისგან, მაგრამ ფაქტია, რომ რიგითი ჩვეულებრივი მუშაკი ამას ვერ გაბედავდა. ცხადია, რომ ვიღაცა საქმის მცოდნემ ჩაიხედა შიგნით, ნახა რომ არ იყო წესრიგში და გადაწყვიტა სარჩელი შეეცვალა, რომ მესამე დღეს სარჩელი წამოებაში ყოფილყო მიღებული.
ეს კვალიფიცრდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული?
- ჩემს განცხდებაში, რომელიც გამოქვეყნდა, იყო ამაზე მითითება. მკითხეს კიდევაც პროკურატურაში, ვადასტურებდი თუ არა ამ ფაქტს. რაზეც განვუცხადე, რომ განცხადებაში მოცემულ ყველა ფაქტს და მათ შორის ამასაც ვადასტურებდი. ეს საქმე მოითხოვს მოკვლევა-გამოძიებას. დღეს ამ საქმის განხილვა შეცვლილი სარჩელით მიმდინარეობს.
„კაბელების საქმე“ ერთადერთი შემთხვევაა?
- ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ყველა სარჩელი მაქვს ამობეჭდილი და ახლახან, მათი თვალიერების დროს აღმოვაჩინე კიდევ ერთი, რომლისთვისაც თავის დროზე ყურადღება არ მიმიქცევია. ეს სარჩელი ეხება „რუსთავი 2“-სა და ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელს. იქაც ანალოგიური შემთხვევა იყო. მისი რეგისტრაციის ნომერი გახლდათ 681. მაშინაც, როცა თავდაპირველი ვერსია გამოიგზავნა, იყო 23 გვერდი, მერე შეიცვალა და გახდა 42 გვერდი. მაშინაც ორივეს რეგისტრაციის ერთი და იგივე ნომერი ჰქონდა, სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივი მოქალაქეების სარჩელებზე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.
რატომ არის დაინტერესებული პაპაუაშვილი ამ საქმეების დაჩქარებული წესით განხილვით, თუკი არ არის პოლიტიკური ნაწილი ჩადებული, მით უფრო, რომ ვადები არ ირღვევა?
- ვფიქრობ, რომ ამ საქმეების გარშემო ასეთი დაჩქარება და აჟიოტაჟი, გარკვეულ დაინტერესებაზე მიუთითებს. ეს დაინტერესება რომ მოგვესპო და დავრჩენილიყავით ობიექტურობის სივრცეში, სწორედ ამიტომ გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი და განცხადება.
როგორ ფიქრობთ, პაპაუაშვილის თავმჯდომარეობის პირობებში მოესწრება ამ სამი გახმაურებული საქმის განხილვა?
- თეორიულად, ამ დროში მოესწრება ამ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, თუ სხვა საქმეების განხილვის პრაქტიკას გადავხედავთ, არის შემთხვევა, როდესაც საქმეთა განხილვა უფრო დიდხანს გაგრძელებულა. მთავარია, რომ საპროცესო ვადები არ დაირღვეს.