„პოლიტიკოსებმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის რეგულირებაზე ინფორმაცია ან არ იციან, ან მიზანმიმართულად საუბრობენ“

„პოლიტიკოსებმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის რეგულირებაზე ინფორმაცია ან არ იციან, ან მიზანმიმართულად საუბრობენ“

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პროექტების დაფინანსება პრიორიტეტების შესაბამისად ხდება. მათი ცნობით, სარეზერვო ფონდიდან ისეთი ტიპის პროექტები ფინანსდება, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიის გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, უმცირესობების უფლებების დაცვას, სასამართლოს მხარდაჭერას და განათლებას.

გასულ კვირას, for.ge-მ სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თაობაზე დოკუმენტები მოიპოვა, რომლის თაობაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი აბაშიშვილს ვესაუბრეთ:

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მილიონი ლარით ფინანსდება და შეგიძლიათ, განმარტოთ, ფონდი რა პრინციპით იხარჯება? კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ სარეზერვო ფონდის მიერ გადაუდებელ ღონისძიებები უნდა ფინანსდებოდეს...

- თქვენი სტატიის გამო მადლობას გიხდით, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტები კარგად იყოს გაშუქებული და საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს. თქვენს სტატიაში ნახსენები იყო პანკისის ხეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, სადაც მედია-ტურიც კი გავაკეთეთ, რომ ჟურნალისტები სიტუაციას ადგილზე გაცნობოდნენ. მოხარული ვარ, რომ ამ თემით თქვენც დაინტერსდით და საზოგადოებას ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეთ.

რაც შეეხება პოლიტიკოსთა შეფასებებს, საქმე გვაქვს ალბათ, არცოდნასთან, კომპეტენციის ნაკლებობასთან, ან მიზანმიმართულ ქმედებასთან. სამწუხაროდ, ალბათ, ორივესთან, რასაც ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, რეალურად არანაირი ვალდებულება არ არსებობს, რომ სარეზერვო ფონდიდან სტიქიური მოვლენები ან მსგავსი ტიპის ფაქტები ფინანსდებოდეს. კანონმდებლობიდან ეს ჩანაწერი ძალიან ადრე არის ამოღებული. უფრო მეტსაც გეტყვით, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2012 წელს, სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარით იყო დაფინანსებული და ამის მიუხედავად, საუბარი სტიქიურ უბედურებებსა და მსგავსი ტიპის ხარჯებზე არ იყო. პრეზიდენტ მარგველაშვილის პერიოდში, ეს ფონდი ათჯერ შემცირდა და 5 მილიონი ლარი შეადგინა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კანონმდებლობაში არანაირი ჩანაწერი და ვალდებულება არ არსებობს, რომ სტიქიური მოვლენები დაფინანსდეს. შესაბამისად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ფონდის ხარჯვის პრიორიტეტები განისაზღვრა. ისეთი ტიპის პროექტები ფინანსდება, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიის გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, უმცირესობების უფლებების დაცვას, სასამართლოს მხარდაჭერას და განათლებას. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მიზნობრივი ჯგუფების მხარდაჭერას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა სტიქიურ უბედურებას არ არეგულიებს, 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თუკი საჭირო იქნებოდა, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოეყო. მაშინ, კომუნიკაცია როგორც მთავრობასთან, ასევე თბილისის მერიასთან მქონდა და შევთანხმდით, რომ გარკვეული თანხა გამოყოფილიყო. ეს ასეც მოხდა და ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. როგორც ჩანს, სარეზერვო ფონდის ხარჯების საკანონმდებლო რეგულირებაზე ინფორმაცია პოლიტიკოსებმა ან არ იციან, ან მიზანმიმართულად საუბრობენ და სჯობს, რომ რეგულირების საკითხებში უფრო მეტად ჩაიხედონ.

თქვენ ფიქრობთ, რომ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ კანონმდებლობაში არსებული რეგულირება არ იცის, როცა for.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ უმჯობესია, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადაუდებელი ღონისძიებები ფინანსდებოდეს?

- საუბარია იმაზე, რა არის უმჯობესი, რასაც ვერც ერთი ცალკეული ადამიანი ვერ განსაზღვრავს და ეს გათვალისწინებულია პრიორიტეტებიდან გამომდინარე. უფრო უმჯობესია, რომ ეს თანხები ისე იხარჯებოდეს, როგორც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან იხარჯება და კითხვის ნიშნები არ არსებობს. სარეზერვო ფონდიდან ხარჯვის თაობაზე ანგარიშებს ვაქვეყნებთ და პიდაპირ გეტყვით, რომ არაერთ ორგანიზაციას მოუმართავს იმის თაობაზე, თანხები როგორ იხარჯება.

გასაგებია, რომ პრეზიდენტი პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებს და ხელს სხვადასხვა სფეროს უწყობს, მაგრამ სარეზერვო ფონდიდან შეწყალების კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება რატომ იფარება?

- სხვათა შორის, შეწყალების კომისიის თემა ძალიან საინტერესოა. შეუძლებელია, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყოს. თუ არა, მაშინ როგორ ფინანსდება? მას გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დამოუკიდებლობა და მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება. ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ ის ადმინისტრაციის რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს არ უნდა ექვემდებარებოდეს, რათა მას დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი ჰქონდეს.

შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის დამოუკიდებლობის ხარიხს ხელფასი განსაზღვრავს? თუკი პრეზიდენტს თავმჯდომარის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა სურს, ამას მხოლოდ იმიტომ ვერ მოახერხებს, რომ ის შრომით ანაზღაურებას სარეზერვო ფონდიდან იღებს?

- თქვენს აზრს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტუაცია ისეთია, რომ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ბიუჯეტია. ერთ შემთხვევაში, ადმინისტრაციის ბიუჯეტს ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მართავს, მეორე შემთხვევაში, გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს. მგონი, ხვდებით, რომ ამ შემთხვევებში, დიდი განსხვავებაა. რაც კი შეწყალების კომისია არსებობს, ეს სულ ასე იყო და შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის ანაზღაურება ასე ფინანსდებოდა. ბუნებრივია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ახალი არაფერი მოუგონია. ასეთი დამოკიდებულება რომ არ ყოფილიყო, პრეზიდენტის მიმართ ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ეს ასე უნდა გაკეთებულიყო.

for.ge- მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია ადმინისტრაციის ინტერენეტით უზრუნველყოფა. ის, რაც ადმინისტრაციის ხარჯში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, სარეზერვო ფონდიდან რატომ არის დაფინანსებული? ეს ხომ უშუალოდ ადმინისტრაციის ხარჯია?

- ჩვენ ბევრი პროექტის დეტალებში მივდივართ. ამიტომ, თხოვნა მექნებოდა, რომ ჩვენ მოგვმართოთ და თითოეულ თეთრთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვოთ, რომელიც ადმინისტრაციის მიერ გაწეულია. ამ ინფორმაციას გამოგიგზავნით. მათ შორის, თქვენს მიერ ნახსენებ ხარჯებთან დაკავშირებით. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, რადგან ბევრ დეტალს მოიცავს.

კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხის გაცემა შეგიძლიათ...

- მზად ვარ, რომ ამ თემაზე ძალიან დეტალურად გესაუბროთ, მაგრამ თქვენ ეს ინფორმაცია გამოითხოვეთ.

შესაბამისი ინფორმაცია მაქვს და თქვენგან მხოლოდ კითხვაზე პასუხის გაცემას ვითხოვ...

- მას შემდეგ, რაც ინფორმაციას გამოითხოვთ, ამ საკითხზე დეტალურად გესაუბრებით.

რაც შეეხება სარეზერვო ფონდიდან GIPA- დაფინანსებას, ეს ინსტიტუტი პრეზიდენტის სახელთან ასოცირდება და რა ნიშნით შეირჩა, ეს ინსტიტუტი?

- საგანმანათლებლო ინსტიტუტები დაფინანსების საკითხი საინტერესოა. GIPA-ს ერთ-ერთია და არა ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც სარეზერვო ფონდი აფინანსებს. სარეზერვო ფონდიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებზე გამოყოფილი თანხა ორ მილიონ ლარს სცდება. ასევე, პროექტები გვაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ქუთაისის, ბათუმის, გორის უნივერსიტეტებთან. სარეზერვო ფონდიდან თსუ-ს მინიმუმ ორჯერ მეტი დაფინანსება აქვს მიღებული, ვიდრე GIPA-ს.

სარეზერვო ფონდიდან 54 ათასი ლარით დაფინანსებულია საბერძნეთში მყოფი ქართველების ჯანდაცვა. ვინაიდან, საბერძნეთში ათასობით ქართველი იმყოფება, ობიექტები როგორ შეარჩიეთ და დაფინანსების გამოყოფა სუბიექტურად ხომ არ მოხდა?

- კონკრეტული პროექტების დეტალებში არ შევიდივარ, მაგრამ ეს ერთ-ერთი პროექტია, რომლითაც ვამაყობთ. ეს ის პროექტია, რომლითაც ადამიანებს დიდი დახმარება გავუწიეთ.

ემიგრანტების დახმარება საამაყოა, მაგრამ საინტერესოა, მათი დახმარება სუბიექტურად ხომ არ მოხდა?

- ეს პროექტი საამაყოა და სუბიექტივიზმზე საუბარი არ არის. პრეზიდენტი მსგავსი ტიპის პროექტებს მომავალშიც განახორციელებს.