როგორც მოვლენები აჩვენებს, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი იქნება პოლიტიკური ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პროპაგანდის მთავარი თემა. ამასვე ადასტურებს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
კალანდაძე აცხადებს, რომ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო. შემდეგ საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ.
კალანდაძის ინფორმაცით, სამხედროებმა მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
თავად ტრისტან წითელაშვილი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს და ტელეკომპანიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. წითელაშვილის თქმით ობიექტი, რომელზეც ის იმყოფებოდა არ წარმოადგენდა საიდუმლო სამხედრო ობიექტს.
„მინდია ჯანელიძესთან მე კომუნიკაცია გენინსპექციის საშუალებით მქონდა. ამ ობიექტზე სპეციალური დაშვება საჭირო არ იყო. სიტყვიერი შეთანხმება იყო ჩემსა და ხორბალაძეს შორის, რომ შეგვემოწმებინა ის გადამალული და მოპარული საინჟინრო ტექნიკა, რომელიც თელეთის მთაზე ქონდა მოპარული კალანდაძეს. ეს არ იყო სამხედრო ობიექტი“, - აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხდებით, ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.
„არ ვიცი ამ საქმის შესახებ არაფერი, გარდა იმისა, რაც გუშინ ეთერში იყო. არ ვიცი ვინ ვის რას უგზავნიდა. ვიცი ის, რომ მოხდა კანონის დარღვევა. ამ ადამიანმა, გოდერძი ორმოცაძემ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა სამსახურებრივი ან ნებისმიერი მანქანით სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის. საერთოდ არ მაინტერესებს იმ პირის სახელი და გვარი.
თავდაცვის სამინისტროში მისვლისთანავე, როგორც კი გავიგე ამ ფაქტის შესახებ, გოდერძი ორმოცაძე მე გავანთავისუფლე.
არ ვიცი იცოდა თუ არა მაშინდელმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, თუმცა ის ამბობს, რომ მინისტრის დავალება ჰქოდა. ჩემი აზრით, გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. ეს ამბავი ახალი არ არის, თქვენ გაიგეთ გუშინ, თორემ ამის შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე ძალიან დიდი ხანია იციან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება თინა ხიდაშელის განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში მასალები გადაიგზავნა. როგორც პროკურატურაში ამბობენ, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროდან არ მიუღიათ. ირაკლი შოთაძემ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა.
წითელაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იცოდა გენერალური შტაბის უფროსმა. როგორც ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, აღნიშნული შემთხვევა ცნობილი იყო მისთვის და თავის დროზე კომპეტენტური ორგანოები სწავლობდნენ ამ საკითხს.
„მე მეხება მხოლოდ შეიარაღებული ძალების მართვა, აღნიშნული დარღვევების თუ არდარღვევების შესახებ, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან და ალბათ, უნდა დაიდოს დასკვნა და გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენად მოხდა ან არ მოხდა ეს ფაქტი, როგორ მოხდა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებული საკითხი იმ კამპანიის გაგრძელებაა, როცა რაღაცას დაგაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გასცე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის დაინტერესდა გავრცელებული ინფორმაციით და გუშინ საღამოს მთავარ პროკურორს ესაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ თავდაცვის უწყებიდან ამასთან დაკავშირებით არც ერთი მიმართვა არ მიუღია.
„რაც შეეხება თავად საკითხს, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ პასუხი გავცეთ საზოგადოებას, თუმცა არა იმ ადამიანებს და განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს არაერთი გაუაზრებელი ქმედებით. რა თქმა უნდა, სამხედროებს არ ვგულისხმობ. თუკი გავრცელებული ინფორმაცია გამოსაძიებელი იქნება და თუკი იარსებებს გამოსაძიებლად საკმარისი მასალა, ასეც მოხდება. იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს, ძალიან უსამართლოა ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება განვახორციელეთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ექსპერტების განცხადებით, თუკი თავდაცვის მინისტრს ჰქონდა ინფორმაცია, რატომ არ მიმართა პროკურატურას როგორც მინისტრმა და რატომ არ მოითხოვა გამოძიების დაწყება. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიაში თავდაცვის უწყების ჩართვა ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრხოებას.
„ის, რომ ასეთ თემატიკას დახურული გამოძიება ესადაგება, ეს ხომ ნიშნავს, რომ უნდა გაჩუმდე და მინიმუმ ამ მოტივით საჯარო განცხადებები არ გააკეთო?! უშიროება, თავდაცვა, ფინანსური და ენერგეტიკული საკითხები არ არის საჯარო განხილვის საკითხი. ამ შემთხვევაში კი, პირიქით ხდება. როგორც ჩანს, ქართველებს დიდი პატრიოტიზმი მხოლოდ სუფრაზე გვახსოვს. სუფრის გარეთ ხშირად ვგდამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელსაც ქვეყნისთვის რა მოჰყვება, არც კი ვფიქრობთ.
იგივე ხიდაშელისგან გვახსოვს თავმოწონება იმ მიმართულებით, რომ ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციას მივაღწიეთო. თუ მაშინ მოსაწონი იყო ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, ახლა რა ხდება? ე.ი. იციან, რომ რაღაცა ცუდს აკეთებენ, მაგრამ მაინც აკეთებენ. ისევ და ისევ კავკასიური ცარცის წრე“, - ამბობა რამაზ საყვარელიძე.
სასწრაფოდ ნდობის ჯგუფის შემქნას, შემდეგ კი საკითხის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლას ითხოვს იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომლის განცხადებით, სწორედ გამოძიებამ უნდა გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები. მისივე თქმით, წესით, სახელმწიფოს მეთაურმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა დასვას კითხვები.
„ნდობის ჯგუფის, საგამოძიებო კომისიის და უშიშროების საბჭოს ფორმატში უნდა შეისწავლონ და განიხილონ ეს საქმე. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ჩიხი შეიქმნა. პრემიერი ფაქტის არსებობას საეჭვოდ მიიჩნევს, თავდაცვის მინისტრი და მოქმედი გენშტაბის უფროსი კი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ. თუკი პრემიერი და პროკურატურა ფაქტის არარსებობის ვერსიას განავითარებენ, გამოდის ექსთავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ან ტყუიან ან დანაშაულს ჩადიან და ისინი მისცენ პასუხისგებაში. ეს არ არის სახრლმწიფოებრივად სწორი საქციელი“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.